Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
24-11-2017, 16:39
ნანახია: 1370

დავით ფერაძე: მე თურმე განათლების მინისტრობა მინდა!

დიალოგი კოლეგასთან

 

_ ბატონო დავით, როგორ მინდა თქვენთან საუბარი. მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი -  მიხარია, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, ბრძოლის უნარი არ დაგიკარგავთ. სკოლაში ვმუშაობ. ჩვენთან ორი-სამი დღე მაინც ეძღვება ხოლმე თქვენზე საუბარს.

 

ის შუახანს გადაცილებული ქალბატონია და როგორც ამ ასაკის პედაგოგებს სჩვევიათ, მოხდენილდ და კოპწიადაა ჩაცმული.

 

_ მადლობა, ქალბატონო! მიხარია, თუ ასეა.

 

ის პირდაპირ იწყებს:

 

_ იცით, თქვენ შეიძლება გგონიათ, რომ საქართველოში პედაგოგები უმადურები არიან და ვერ ამჩნევენ თქვენ...

 

_ ალბათ, მეუბნებით, „ჩემს ბრძოლას“... ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე არ მინდა ჩამითვალოს ვინმემ, რომ ამას „შემჩნევისთვის“ ვაკეთებ... ან რას ვაკეთებ? ნუ, ისიც არ მინდა იფიქროთ, რომ თავმდაბლობას ვთამაშობ....

 

_ არა, თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ და ყველამ ვიცით, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით. სხვათა შორის, არის ხოლმე მცდელობა, რომ უცხო ორგანიზაციებისგან დაფინანსებულად წარმოგაჩინონ. იცით, ბევრი შურიანია, ბევრი შეგნებულად გივრცელებთ ჭორებს. მე ყოველთვის ვეცნობი თქვენს ყველა პუბლიკაციას და ინტერვიუს. ყველა გადაცემას ვუყურებ თქვენზე. წარმოიდგინეთ, თქვენი ინტერვიუ თუ არის გამოქვეყნებული, ორლარიანი გაზეთის ყიდვაც კი არ მენანება. ვწუხვარ, რომ საჯაროდ ვერ ვაფიქსირებ პოზიციას და ასეა ბევრი. დირექტორმა რამდენჯერმე ნახა ჩემი თანამშრომლების „ლაიკი“ თქვენს სტატიებზე და შეგვახსენა: პრობლემებს ნუ შემიქმნითო.

 

„ლაიკებზე“ გამოდევნება ყოველთვის საოცრებათა კატეგორიაში მაქვს შეტანილი. „ლაიკებით“ შეშინებული „უფროსები“ და „უმცროსები“ ხომ საერთოდ... კოლეგას მაინც ვპასუხობ და ვცდილობ ვუთანაგრძნო შეშინებულებს:

 

ხო, ეს მესმის, მაგრამ, როგორც ვიცი, სანიკიძის მერე „ლაიკების“ პრობლემები წარსულს ჩაბარდა. თუმცა, მე მესმის და ვერავის გავკიცხავ საჯარო მხარდაჭერა თუ არ არის!

 

_ შეიძლება, მაგრამ ძველი შიში მოყვებათ. რა ვუყოთ, მათაც სამსახურიდან გაშვების ეშინიათ. აი, მე საჯაროდ რატომ ვერ გემხრობით? ჩემს საქმეში ვერაფერსაც ვერ იპოვიან და რომც იპოვონ, ჩემ თავს ვინ დაეძებს? -  ქმარ-შვილი შეიძლება დამიტოვონ უსამსახუროდ!

 

_ არა მგონია, ასე საგანგაშოდ იყოს საქმე. უბრალოდ, ეს შიში ბევრს აძლევს ხელს. თუ არ დავძლიეთ ეს უსაფუძვლო სტიგმა, მაშინ საფუძვლიანს რაღას ვუზამთ? ჩვენ ხომ თაობების ბედში ვერევით და მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს, რომ დაშინებულ თაობას ვზრდით.

 

_ კი, ვიცი, არაერთხელ გამიგია თქვენგან ეს და ეს ასეცაა. ამიტომაც ვიმკით დათესილს. სამასწავლებლოში რომ შევიკრიბებით, სულ ამას ვლაპარაკობთ. ვბრაზობთ და ვიძახით, რომ ერთხელაც გავიდეთ და შევუერთდეთ ამ ადამიანსო - თქვენზე ვამბობთ .მაგრამ, რად გინდა. რომ დავცხრებით, ისევ ვუბრუნდებით ყოველდღიურ რუტინას... პრობლემას იცით, კიდევ რაში ვხედავ? ზოგიერთი პედაგოგი არის ყოჩაღი, ახალგაზრდა, აქტიური, თითქოს მებრძოლიც, მაგრამ თქვენდამი შურს და გაგულისებას ვხედავ ასეთებში. თითქოსდა, იმიტომ არ გიდგანან მხარში, ზედმეტები მოსდისო, რომ თავად უნდა მინისტრობაო, თანამდებობაო...

 

_ კოლეგა გამჭოლად მიყურებს. ალბათ, აინტერესებს, მართლა მინისტრობა ხომ არ მსურს. არადა, რა ძნელი მიხვედრა უნდა იმას, რომ მინისტრობის მსურველები ჩვენ ქვეყანაში ჩემნაირ გზებს არ ირჩევენ!

 

_ კი, ესენი მეც მსმენია. წეღან „ლაიკები“ ახსენეთ. მე მაქვს ზოგი პოსტის გავრცელებაზე საანალიზო წვდომა. ვიცი, რომ ჩემი ფეისბუქის „მეგობრები“, მათ შორის პედაგოგები კითხულობენ, ვიცი, რომ მათაც ასეთი აზრი აქვთ, მაგრამ, რატომღაც, თითქოს ბოღმიანად არ გიწონებენ. ვიცი, ასეთები, რას ლაპარაკობენ ზურგსუკან, თავიანთ კოლეგებთან...მაგრამ, ასეთ წვრილმანებს ამ სნობისტურ საზოგადოებაში ვერ გამოვეკიდებით. მთავარია, გულში რას ფიქრობს ხალხი.

 

_ ბატონო დავით, ყველაზე მეტად მაშინ გავმწარდი, როდესაც მინისტრმა სანიკიძემ პირადად გაგათავისუფლათ. მე მყავდა ვიღაც ნაცნობები სამინისტროში და ვიცი, რომ, თურმე სანიკიძე წარამარა ამოწმებდა, ახერხებდნენ თუ არა თქვენს გაშვებას. ცალკე ამაზე გავმწარდი, რომ ვერ გაფრთხილებდით. ან რას შეცვლიდა ჩემი გაფრთხილება, ეს თქვენც ხომ იცოდით. ყველაზე მეტად კი ჩვენი კოლეგების, ჩვენი ამხელა საზოგადოების დუმილმა გამაცოფა... დამიჯერეთ, თვეობით ვფიქრობდი ამაზე. თქვენი ყოფილი სკოლიდანაც რომ ვერ გაბედეს გამოსვლა, ამან უფრო დათრგუნა დანარჩენი სკოლების პედაგოგები. ისე, როგორ შეურიგდით საკუთარი სკოლის თანამშრომლებისგან ღალატს?

 

_ იცით, ქალბატონო. ეს სკოლაც ხომ სხვების მსგავსია. იქ მხოლოდ ორიოდე მოღალატე იყო. ცხადია, ამან გული მატკინა, მაგრამ ღმერთმა აპატიოს. უმრავლესობამ ვერ შეძლო... იქ სანიკიძემ მაშინ საშინელება დაატრიალა... არ მინდა ამის გახსენება. უმრავლესობასთან ახლაც ვმეგობრობ.

 

_ ახლა სადაც მუშაობთ, იქ რა ხდება?

 

_ კარგები არიან. რა გითხრათ? ადამიანურები, თბილები, გამტანობის მაღალი დონეა. დანარჩენს ვერავის ვერ მოვთხოვ.

 

_ ალბათ, რამხელა საჩუქარია სკოლისთვის თქვენნაირი კადრი. მე რომ დირექტორი ვიყო, ერთი წუთითაც არ ვიფიქრებდი, ისე მიგიღებდით. მსმენია, რომ მოსწავლეებისთვისაც სასურველი პედაგოგი ხართ.

 

ამაზე მეღიმება. ხო ვიცი, რომ, დირექტორი რომ იყოს, მას არავინ შეეკითხებოდა ჩემს მიღებას.

 

_ მოსწავლეები მე მიყვარს, თან ძალიან, ქალბატონო. ამ საქმეში, დამეთანხმებით, ეგ არის მთავარი. მაგრამ, დირექტორი რომ ყოფილიყავით ყოფილი მინისტრის, სანიკიძის დროს, ალბათ, მე თავად არ ჩაგაგდებდით უხერულ მდგომარეობაში. როდესაც სანიკიძე და მისი დამქაშები დამდევდნენ, მაშინაც მხვდებოდნენ დირექტორები და მითანაგრძნობდნენ, მაგრამ, რა ექნათ? მაშინ ჩემი მიღება და მათი სამსახურიდან გაშვება ერთი და იგივე იყო. ახლა შეიცვალა სიტუაცია.

 

_ იცით, ბატონო დავით, რაღაც პიარი მეტია საჭირო. ცოტამ თუ იცის, რომ ყოფილი მინისტრი თქვენ გადააყენებინეთ პრემიერ-მინისტრს. მე ვადევნებდი თვალს, ორმა კაცმა როგორ მოაწყვეთ მარში და იმავე საღამოს გადაწყვიტა კვირიკაშვილმა სანიკიძის გადაყენება. მაგრამ, ამაზე მედიამ ყურადღება არ გაამახვილა.

 

_ კი, ასეა. მედია ხომ მაინც კონტროლირებადია. თუმცა, პრემიერმა ჩემი აქციებით სანიკიძის სახე დაინახა და მიხვდა, რომ მომავალ არჩევნებს სანიკიძე ვერ მოაგებინებდა. მიზეზი მე ვიყავი მისი გადაყენების მაგრამ, მიზანი სხვა იყო. ფაქტობრივად, ჩვენ სიტუაციის რეალურ შეცვლას მაშინ მივაღწევთ, როდესაც პედაგოგთა რაღაც ჯგუფი მაინც გადმოვა ბრძოლაზე. პირადად არ მაქვს პრეტენზია მე ვუხელმძღვანელო ამ პროცესს. რაღაც საფუძველი გვაქვს, კი ბატონო, აირჩიონ სკოლებმა აქტივისტები და მეც შევუერთდები. მერე აირჩიონ ახალი ხელმძღვანელი. მთავარია საქმეს ეშველოს!

 

_ არა, თქვენზე უკეთ ვინ უხელმძღვანელებს ამ ბრძოლას?!

 

_ ეს პედაგოგებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ, ვწუხვარ, რომ ასეთი ერთობა ვერ იქმნება. აი, თქვენ, მშვენივრად საუბრობთ, ქალბატონო, განიცდით განათლების დანგრევას, მაგრამ, თქვენ გახდებით პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ღია აქტივისტი? ცხადაი ვერა. ანუ, მთავარია შიში მოვიხსნათ კოლეგებმა და ღიად გამოვჩნდეთ. სიმართლე გითხრათ, ვინმე რომ მაფინანსებდეს და აქტივისტებს ანაზღაურება შევთავაზო, მერე ბევრი „გმირი“ გამოჩნდება. მაგრამ როდესაც შენი და საერთო საქმისთვის ენთუზიაზმით იბრძვი, ერთიანდები რაღაც ორგანიზაციაში, მაშინ ექნება შედეგი ბრძოლას. უცხოეთში ასეთ ორგანიზაციებში ნებაყოფლობით ერთიანდებიან და აქეთ უხდიან საწევროს, რომ ბრძოლას ფუნდამენტური და ორგანიზებული სახე ჰქონდეს. აქ, კი საკუთარი პერსპექტივისთვისაც ვერ ვბედავთ.

 

_ მართალი ბრძანდებით, ბატონო დავით და ეს სამწუხარო სიმართლეა. ილიას სიტყვები მახსენდება, როსღა გვეღირსოს გაღვიძებაო.