Iverioni
«    იანვარი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
15-12-2017, 16:49
ნანახია: 637

რატომ ვკლავთ საკუთარი ხელით მომავალ თაობას?! ანუ, რეცენზია წიგნზე „მე, მეგობრები და ჰეროინი“

9 დეკემბერს კულტურის ცენტრ „მუზაში“ ჩატარდა წიგნის „მე, მეგობრები და ჰეროინი“ წარდგინება. შეიძლება ითქვას, წარდგინებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. რეცენზენტებმა და სიტყვით გამომსვლელებმა ერთდროულად ხაზი გაუსვეს აღნიშნული თემის აქტუალობას თანამედროვე საქართველოში  და დაასკვნეს, რომ „მე, მეგობრები და ჰეროინი“ ყველა მშობლისთვის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს, რადგან, ეს არის მკაცრი გაფრთხილება, თუ რა ტრაგიკული შედეგით მთავრდება მიზარდების მიმართ გამოჩენილი გულგრილობა და უყურადღებობა და რა მოსდევს ნარკოტიკებით გატაცებას.

 

წიგნი გადმოაქართულა სამართლის დოქტორმა, ნინო ჯიბუტმა. ნიშანდობლივია, რომ მან ტაბუ ახსნა აღნიშნულ თემას და საზოგადოებას (უპირველესად, მშობლებს) განგაშის ზარის დარისხვისკენ მოუწოდა!

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გთავაზობთ ფილოლოგ თამარ სვანიძის რეცენზიას.

 

 

წიგნი „მე, მეგობრები და ჰეროინი“ პრობლემატური ლიტერატურის ჟანრს განეკუთვნება და რეალურ ისტორიებს მოგვითხრობს.

 

ავტორები ჰერმან კაისა და რიკ ჰორსტი იმ მოვლენების შესახებ გვესაუბრებიან, რომლებიც დაატყდა თავს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში მყოფ 80-იანი წლების გერმანიას.

 

ისინი გულისტკივილით მოგვითხრობენ ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე - მათ არ ეშინიათ ფარდა ახადონ იმ სასტიკ სინამდვილეს, რაც იმდროინდელ საზოგადოებაშია დამკვიდრებული და ქვეყნის გენოფონდს განადგურებით ემუქრება!

 

როგორ მივედით აქამდე? რამ გამოიწვია ერის გადაგვარება, საზოგადოებრივი ფასეულობების ასეთი მყისიერი შეცვლა? - სვამენ ისინი კითხვებს და ცდილობენ მოვლენების მკაფიო და სწორი ანალიზით მიმდინარე პროცესების თანმდევი შედეგი გვიჩვენონ...

 

წიგნი პატარა გოგონას - „ქრისტიანეს“ ტრაგიკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის თითქოს ერთგვარი აღსარებაა - მოზარდი გულახდილად საუბრობს თავის ცხოვრებაზე, კერძოდ იმაზე, თუ რამ გამოიწვია მისი დაინტერესება ნარკოტიკებით, როგორ ჩაითრია ნარკოტიკმა პროსტიტუციაში და როგორ გახდნენ ის და მისი მეგობრები ამ საშინელი სენის მსხვერპლნი.

 

ვისმენთ მოზარდის ტრაგიკულ ისტორიას და ვხვდებით, რომ ამ მომაკვდინებელი ჩვეულებისგან თავის დაღწევა, თითქმის შეუძლებელია.

 

ბუნებრივია, ისმება კითხვა: რამ შეუწყო ხელი პატარა გოგონას დაინტერესებას ნარკოტიკებით?

 

ამ კითხვაზე პასუხს, მისსავე მონათხრობში ვპოულობთ. მიზეზი მრავალფეროვანია: ზოგჯერ ეს არის მიმბაძველობა, ოჯახში გამეფებული აგრესია და მშობლების უყურადღებობა, ზოგჯერ კი ოჯახში არსებული მძიმე სოციალური პრობლემები. 

 

ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ქვეყანაში მოშლილია განათლების სისტემა, რაც ხელს უწყობს პრობლემის გამწვავებას.

 

დიახ, სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას - მასწავლებლები არაფროფესიონალები და უუნარონი არიან. სოციალური მუშაკები კი, პირადი გამორჩენის მიზნით ხელს აფარებენ დანაშაულს. რაც შეეხებათ მშობლებს, ისინი ისე არიან გადართული ლუკმა-პურის მოპოვებაზე, ქანცგამოცლილებს არც კი სურთ თვალი გაუსწორონ სასტიკ რეალობას - ყურს იყრუებენ და თვალს იბრმავებენ!

 

სამწუხაროდ, საზოგადოებაც არ დგას თავისი მოწოდების სიმაღლეზე - შეიძლება ითქვას, რომ იგი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი საზოგადოების ის გადაგვარებული ნაწილია, ვინც ხელს უწყობს მოზარდთა დაღუპვას საკუთარი გამორჩენის მოპოვების მიზნით. მეორე ნაწილი კი, აბსოლუტურად გულგრილია პროცესების მიმართ - ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილები და არაფერზე არ რეაგირებენ...

 

მიუხედავად ყველაფრისა, წიგნის დასასრული მაინც იმედიანია - ქრისტიანე, რომელიც მრავალჯერ დაცემულა და აღმდგარა კიდეც, არ კარგავს ჯანსაღი განსჯის უნარს და ხვდება, რომ ადამიანის მთავარი დანიშნულება, საზოგადოებაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობისთვის ბრძოლაა.

 

მკითხველს, ბუნებრივია, ამოუტივტივდება რამდენიმე კითხვა: რა არის ნაწარმოების ღირსება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი გადმოქართულება და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ქართული საზოგადოებისთვის? ან, მასში აღწერილი ისტორია ხომ არ გახდება მოზარდების ნარკოტიკებით დაინტერესებისთვის გარკვეული სტიმული?

 

ვფიქრობ, პირიქით -  მას უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია ქართული საზოგადოებისთვის. საქმე ისაა, რომ ამ პროცესებმა  განსაკუთრებული სიმწვავით თავი იჩინა ქართულ სინამდვილეშიც.

 

წიგნი განსაკუთრებით სასარგებლოა მშობლებისა და პედაგოგებისთვის. თუმცა, მის მიმართ გულგრილნი რიგითი მკითხველებიც არ დარჩებიან, რადგან, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მომავალი თაობა გამოვსტაცოთ საშინელ სენს, რომელსაც ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება და პროსტიტუციაში ახალგაზრდობის მასობრივად ჩართვა ჰქვია.

 

დიახ, წიგნი „მე, მეგობრები და ჰეროინი“ მკაცრი გაფრთხილებაა, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს მოზარდი-ახალგაზრდობის მიმართ გულგრილობამ და უყურადღებობამ.

 

ნაწარმოები შთამბეჭდავია რეალობის ობიექტური განსჯის თვალსაზრისითაც. მთარგმნელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ნინო ჯიბუტმა ურთულესი ამოცანის ამოხსნას წარმატებით გაართვა თავი - მან პარალელი გაავლო დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, გადალახა ჩვენს ცნობიერებაში არსებული ბარიერი და ტაბუ ახსნა აკრძალულ თემასაც.

 

დიახ, მთარგმნელის დებიუტი შედგა. კარგი იქნება, თუ ქალბატონი ნინო გააგრძელებს მთარგმნელობით საქმიანობას და ქართულ საზოგადოებას აქტუალური და საინტერესო თარგმანებით გაანებივრებს.

 

გამომდინარე აქედან, სასურველია წიგნმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს ქართულ სკოლებში, ისევე, როგორც ეს მაშინდელი გერმანიის პრაქტიკაში მოხდა.

 

 

თამარ სვანიძე