რეტროგრადული და რეაქციული „კრეატულობა“

რეტროგრადული და რეაქციული  „კრეატულობა“

რეპლიკა:

 

(თბილისში რესტორან  „ანდროპოვის ყურების“ გახსნასთან დაკავშირებით)

 

თბილისში წინასაახალწლო დღეებში ახალი რესტორანის პრეზენტაცია შედგა, რომელიც  კლიენტებს 15 იანვრიდან მიიღებს... 

 

დღევანდელ პირობებში ვის უნდა უკვირდეს რესტორნის გახსნა, მით უფრო - თბილისში, სადაც ისედაც უამრავია და ცენტრალურ თუ არაცენტრალურ ქუჩებზე თითქმის მიჯრით არიან მიწყობილნი. თმცა, ჩვენი ყურადღება არა თავად აღნიშნულმა ფაქტმა, არამედ რესტორნის სახელწოდებამ  მიიპყრო. რესტორანს... „ანდროპოვის ყურები“ უწოდეს. - ეს თიკუნი რესპუბლიკის მოედანზე (ახლა რომ „ვარდების მოედანი“ ჰქვია...) მდებარე ტრიბუნის უკან აღმართული ოვალური სვეტების სკკპ გენერალური მდივნის (მანამდე კი 15 წლის მანძილზე საბჭოთა უშიშროების სამსახურის - კგბ-ის შეფის) იური ანდროპოვის ყურებთან მიმსგავსების გამო ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში შეარქვეს ენასხარტულა თბილისელებმა. - თვალშისაცემი  მასშტაბურობა  და ანდროპოვის ყურებთან გარეგნული მსგავსება ღიად მიანიშნებდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის განუზომელ შესაძლებლობას და ამ უწყების მიერ ქვეყნის მოქალაქეების ტოტალური (არა მხოლოდ სატელეფონო!) მოსმენის პრაქტიკას. 

 

უკვე კარგა ხანია, იმ ადგილზე აღარც ტრიბუნაა და აღარც შესაბამისად, მის უკან აღმართული „ყურები“, მაგრამ ეტყობა იმდენად მძლავრობს მავანთა სულებში წარსულის ნოსტალგია, რომ იმ პერიოდის „უკვდავყოფა“ ხსენებული თიკუნის რესტორნის სახელწოდებაში გამოტანით გადაწყვიტეს.

 

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება უკბილო ხუმრობამდეც კი ვერ ქაჩავს და თუ კარგად დავაკვირდებით, რეაქციულობის ელემენტების შემცველია. -  დღევანდელი გადასახედიდან, დამოუკიდებელ საქართველოში, რესტორნის სახელწოდებად  „ანდროპოვის ყურების“ გამოყენება  ირონიისა და სარკაზმის გამოხატულებად კი არ აღიქმება, არამედ ფაქტობრივად  ტოტალიტარული სისტემის გაიდეალებისა და  რეაბილიტაციის, გამართლების ლატენტურ ფორმას წარმოადგენს. ამიტომაც, ამ სახელწოდებით რესტორნის არსებობა თბილისში მიუღებელია  ესთეტიკისა და მორალის, ეროვნული და პატრიოტული ასპექტებით, და უბრალოდ - საღი აზრის მხრივ.  

 

თბილისი ბოლო წლებში საოცრად ეკლექტიკურ, მათ შორის მრავალეროვნულიდან მრავალრასობრივ ქალაქად იქცა და მისი ასეთი ტოლერანტობა და კოსმოპოლიტურობა მომრავლებული რესტორნების პროფილსაც დაეტყო. თუმცა ვერავითარ კონტექსტსა და ტოლერანტობაში  ვერ ჯდება ის გარემოება, რომ ქალაქის ცენტრში რესტორანი ატარებდეს (თუნდაც, ვითომდა ირონიულ კონტექსტში) საბჭოთა უშიშროების სამსახურის იმ ხელმძღვანელის სმენითი ორგანოს სახელს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით  ხორციელდებოდა რეპრესიები თავისუფალი აზრის გამომხატველი პირების, დისიდენტური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების მიმართ იმ დროს, როდესაც ამ რესტორნიდან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში მთაწმინდაზე განისვენებენ ასეთი მოძრაობის ანდროპოვისეული  სისტემის მიერ რეპრესირებული ხელმძღვანელები...  

 

იქნებ, ამ ახალი რესტორნის სახელწოდების ხათრით, საერთოდ აგვეკრძალა 1983 წლის ნოემბერში თბილისის აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მონაწილე ბიჭებზე, და ზოგადად, სისტემის მსხვერპლ ახალგაზრდებზე, სპექტაკლი თავისუფალ თეატრში?! 

 

ჩვენს ქალაქში, მართალია, „ყველაფერი მოსულა“, მაგრამ ვერავითარ მორალში ვერ ჯდება, რომ თბილისელებს ერთდროულად ეპატიჟებოდნენ რუსთაველის გამზირის დასაწყისში  - „ჯინსების თაობაზე“,  ბოლოში კი - „ანდროპოვის ყურებში“ „საგრიალოდ“. ეს ისეთივე ალოგიკურია, თავისუფალ თეატრში ხსენებული სპექტაკლის ნახვის შემდეგ გულაჩუყებულმა მაყურებელმა „ანდროპოვის ყურებს“ რომ მიაშუროს და წარმოდგენიდან გამოყოლილი ემოციური მუხტისაგან დაცლა რუსული არყითა და  ქაშაყით სცადოს...

 

რას ფიქრობდნენ ამ რესტორნის დამფუძნებლები სახელწოდების შერჩევისას? იქნებ ვარაუდობენ, რომ ეს რესტორანი, სახელწოდების „საკრალურობიდან“ გამომდინარე,  თბილისში სხვადასხვა ქვეყნებიდან   (და არა მარტო რუსეთიდან)  შემოსული ჯაშუშების  საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდება?! 

 

ამგვარი ლოგიკით, სადაც ასეთ საარაკო ნოსტალგიას ამჟღავნებენ ანდროპოვისა და მისი ეპოქისადმი, ამ რესტორნის მომსახურე პერსონალმა - ადმინისტრატორიდან დაწყებული და ოფიციანტებით დამთავრებული, წესით, ანდროპოვის გამოსახულებიანი და მისი ყურის პროფილის მქონე საფირმო სამკერდე ნიშნები უნდა იქონიონ, სლოგანით «Застойные-достойные годы!». რესტორან „ანდროპოვის ყურების“ მეპატრონეებს იქნებ ეცადათ და მარკეტინგულ ხერხად გამოეყენებინათ კალამბურები, რომელთა  შინაარსი განსაკუთრებით კარგად იციან უფროსი თაობის წარმომადგენლებმა: ნახეთ, როგორ „მოუხდებოდა“ რესტორნის შესასვლელს პუშკინისეული სიტყვები: «Души прекрасные порывы!», ხოლო გამოსასვლელს - ხატოვანი ფრაზა-გაფრთხილება: «Скорость стука распространяется быстрее скорости звука!»... 

 

ეეჰ, რომ იტყვიან, თქვენი კრეატულობის  სახელმძღვანელო დავხიე, რა. - რესტორნის დამფუძნებლებმა ხომ საზოგადოებას თავზე უკვე „გადაახიეს“ საქართველოს პარლამენტის მიერ თავის დროზე მიღებული კანონი („თავისუფლების ქარტია“), რომელიც პირდაპირ ზღუდავს ტოტალიტარულ რეჟიმებთან ასოცირებული სიმბოლოებისა და პირების არსებობას საჯარო სივრცეში, პოლიტიკასა და სახელმწიფო დაწესებულებებში... 

 

თუ რასთან გვაქვს საქმე - ბანალურ სიბრიყვესთან, „კრეატულ“ რეაქციონერობასთან თუ ლატენტურ რეტროგრადობასთან, ამის შეფასება მკითხველისთვის მომინდვია... 

 

იოსებ არჩვაძე

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: