Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (8)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
29-01-2018, 10:57
ნანახია: 1027

უნივერსალური შიფრი

(რეცენზია წიგნზე: ქრისტიანე ფ. „მე, მეგობრები და ჰეროინი“ /ნინო ჯიბუტის სადებიუტო თარგმანი/)

 

ეს თარგმანი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ტექსტის უნივერსალურობა. არანაირი ინფორმაცია წიგნის ავტორზე _ ბუნებრივია, ქრისტიანე ფ. არაფერს გვეუბნება, მინიმალური ინფორმაცია თარგმანის ავტორზეც, მაგრამ ლიტერატურა, ნამდვილად, არის ის შიფრი, ერთგვარი მხატვრული კოდი, რომელიც გასაგებია ამ ინფორმაციის გარშეც...

 

ინფორმაციის უნივერსლური წყარო, ამ შემთხვევაში, თავად ტექსტია, კონკრეტული ქრონოტოპოსით _ მეოცე საუკუნის 70-იანი წლების გერმანია, როდესაც ბერლინის კედელი ჯერ კიდევ ორ ნაწილად ჰყოფს ქვეყანას, მძიმე სოციალური ფონი სწორედ იმგვარ პრობლემებს აჩენს, რაც ჩვენთვის ასე გასაგები და ახლობელია 21-ე საუკუნის დასაწყისშიც. ავტორ-ნარატორის მიზანი არ ყოფილა ამ ქრონოტოპოსის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების წარმოჩენა, მაგრამ სინამდვილე, ხშირად, მწერლის ნებართვის გარეშეც, თავისთავად, აღმოჩნდება ტექსტში, განსაკუთრებით კი, ამგვარ ტექსტებში.

   

ვერაფერს ვიტყვი ორიგინალის მხატვრულ ღირსებებსა და ნაკლზე _ მხოლოდ თარგმანის ავ-კარგის შეფასება შემიძლია. თუმცა, ბევრი რამე, რა თქმა უნდა, თავად დედნიდან მომდინარეობს. ეს არის კლასიკური „ნონ ფიქშენი“ _ დოკუმენტური პროზის ნიმუში, რომელიც ემყარება აუდიო ჩანაწერებს. დოკუმენტური პროზა სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. 

 

„მე, მეგობრები და ჰეროინი“ ავთენტური ტექსტია, მინიმალისტური მხატვრული და გამომსახველობითი საშუალებებით, მაგრამ სრულიად კონკრეტული პრობლემატიკით. ნარატორის _ ქრისტიანეს გარდა, ამბავს გვიყვებიან ქრისტიანეს დედა _ რამდენჯერმე, იურგენ ქუანდტი _ ახალგაზრდული წრის ევანგელისტი პასტორი, ბერჰარდ იულბერგი _ პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, რენატე შიპკე _ ნარკოდამოკიდებულებთან მუშაობის განყოფილების საქმის მწარმოებელი. ერთი ამბავი, ქრისტიანეს თავგადასავალი, რამდენიმე ადამიანის მონათხრობით ყალიბდება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის წმინდა სახარებისეული კომპოზიცია, რომელსაც არაერთი დიდი მწერალი იმეორებს, მაგალითად, უილიამ ფოკლკნერი თავის ცნობილ რომანში „ხმაური და მძვინვარება“, თუმცა მიახლოებულია მასთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ძალიან მძიმეა და თანამედროვე ეპოქის  მომაკვდინებელ ცოდვებს _ ნარკომანიასა და პროსტიტუციას ეხება, სიუჟეტი იმდენად ექსპრესიულადაა აგებული, თხრობა კი ისეთი საინტერესო, სულისშემძვრელია, რომ შეუძლებელია ტექსტი შუა გზაზე მიატოვო, შეწყვიტო კითხვა. ქრისტიანე, დაახლოებით, 1962 წელს დაიბადა, 1968 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადადის ბერლინში _ ერთგვარი გერმანული ოცნების ასასრულებლად და სწორედ აქიდან იწყება ქრისტიანეს პრობლემები. 

 

ნაწარმოები აღსავსეა სოფლისა და ქალაქის დაპირისპირებით, ანტითეზით. სოფლის უშუალობას, გულწრფელობას, ბუნებასთან სიახლოვეს, ცხოველების სიყვარულს _ ქალაქის აკრძალვები, სისასტიკე, ბუნებასთან გაუცხოება, ბეტონის სამყარო უპირისპირდება. ყველაფერი მძაფრდება ბერლინის ცენტრიდან გროპისშტადტში გადასახლების შემდეგ - ეს არის მუშათა დასახლება, ე.წ. საძილე რაიონი, სადაც სოციალური ფონი გამძაფრებულია. მშობლები ძირითადად ლუკმა-პურის საშოვნელად არიან გადაგებული, ყველგან ძალადობა მძვინვარებს, თითქმის ყველა ოჯახი ერთმანეთს ჰგავს _ ბავშვებთან გაუცხოებით, დიალოგის დეფიციტით. მთავარია მინიმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნან შვილებს და მინიმალური განათლება მისცენ. განსაკუთრებით უჭირთ მამებს, რომლებსაც არ შესწევთ ახალ გარემოში თვითდამკვიდრების უნარი. ამიტომაც ძალადობენ ოჯახის წევრებზე, ცოლებსა და შვილებზე. ქრისტიანეს მამა მხოლოდ ძაღლს არ აკარებს ხელს. სწორედ ამ დროს უყალიბდება გოგონას თავდაცვის ამგვარი წესი _ სცემე ან იცემები. 

 

სამყაროსთან, მის გამოწვევებთან პირისპირ დარჩენილი ქრისტიანე, რომელიც დაღალა მამის ძალადობამ, დედის მონობასთან არეულმა მორჩილებამ, გაუთავებელმა აკრძალვებმა _ ამ გამოწვევებს ნარკოტიკებით, გაქცევით „უმკლავდება!“

 

 ჰეროინამდე საკმაო გზას გაივლის ჰაშიშით, ვალიუმით, ათასგვარი გამაბრუებელი საშუალებით. 13-14 წლის ასაკში ჯერ ჰეროინის ყნოსვას იწყებს, შემდეგ კი „გაჩხირვას.“ თავიდან ძალიან მოსწონს ნარკომანთა „საძმო“, ბევრ საერთოს პოულობს მათთან, გამორჩეულებს ბაძავს, მაგრამ თანდათან რწმუნდება, რომ მათი ნდობაც არ შეიძლება. შეყვარებული დეტლეფი ისე მიდის პარიზში, რომ ქრისტიანეს სიტყვასაც არ ეუბნება. თუმცა იგი თავისი გოგოსთვის, კარგა ხანს, პანელზე მუშაობდა, რაც ამ სამყაროსათვის ნამდვილი გმირობაა. „საძმოს“ წევრებს მყისიერად ავიწყდებათ მეგობრობაცა და ერთგულებაც, როცა საქმე ნარკოტიკის, განსაკუთრებით, ჰეროინის, გაყოფას ეხება. ისინი ცოტა ხანს „არსებობენ მშვენიერ და მათრობელ სამყაროში“, რადგან ნარკოტიკი, განსაკუთრებით ჰეროინი, ანგრევს ახალგაზრდა, ჯერაც ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს. მერე იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, ჰეპატიტი, სიყვითლე და ა.შ. მოზარდები ცოცხალ ლეშებს ემსგავსებიან!

 

ქრისტიანემ, მინიმუმ, ხუთჯერ სცადა „ლომკის“ მოხსნა, სხვადასხვა დაწესებულებაში მკურნალობა, ჰეროინის გარეშე გაძლება, მაგრამ რთული დღეების, ზოგჯერ, კვირებისა და თვეების გასვლის შემდეგაც პირველივე შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ ისეც „შეჯდეს“ ნარკოტიკზე. ქალაქიდან წასვლამაც არ უშველა ამ პატარა, ერთი შეხედვით, თავხედ და თავდაჯერებულ, გოგოს, რომელიც, 16 წლამდე, უკვე ქრონიკულ ნარკომანად ჩამოყალიბდა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ სოფელ _ ჰუსენში, ისევ ბავშვად იქცევა, რომელიც თამაშობს, ჯირითობს, ერთობა, თავის თავში ნარკომანს მაინც ვერ ამარცხებს. ეს იმის ბრალიცაა, რომ ნარკოტიკის შოვნა იმდროინდელ გერმანიაში, თითქმის ყველგან, მათ შორის პროვინციაშიც, შეიძლება. თითქოს ორი ადამიანი ცხოვრობს ერთდროულად გოგონას არსებაში _ ქრისტიანე და ვერა. პირველი წყალწაღებული ნარკომანია, ხან ქურდობს, ხან მათხოვრობს, ხან პანელზეა, ყველაფერზე მიდის _ ნარკოტიკის საშოვნელად და ვერა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვია, თამაში და მოფერება ენატრება, უყვარს ცხოველები და ზოოპარკში სიარული, სკოლა არ მოსწონს, მაგრამ საზოგადოებათმცოდნეობასა და გერმანულს მაინც ხალისით სწავლობს. 

 

ქრისტიანეს თხრობა უშუალო და გულწრფელია, მას მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვს თავისი ცხოვრება, ყოველგვარი შეგონების, მორალისა და ჭკუის სწავლების გარეშე. უამრავ მესიჯს გვიტოვებს _ აკრძალული საქმიანობით მიღებული სიამოვნება ხშირად ასეთ სავალალო შედეგებამდე მიდის, ვერასოდეს ვერავინ გაიძულებს ნარკომანობას _ ეს შენი არჩევანია. ადამიანი საკუთარი ნებით მიდის ჰეროინამდე და თითქმის ვერასოდეს ამბობს მასზე უარს. და ა.შ. 

 

თავისი სათქმელი აქვს ქრისტიანეს დედასაც _ მუშაობით დაღლილმა, ყოფის ჭაპანში ჩაბმულმა მშობლებმა არასოდეს უნდა დაივიწყონ შვილები, მათი პრობლემები და როცა საჭიროა, უკიდურესი სიმკაცრეც უნდა გამოიჩინონ, როგორც, მაგალითად, კესის დედა იქცევა.

 

ბავშვებზე უნდა მეზრუნა და არა გიჟივით მემუშავა, ჩემი საჩუქრები მხოლოდ სინდისის დამშვიდებას ემსახურებოდა - ასეთია ქრისტიანეს დედის აღსარება. „მუდმივი დაკავებები, სასჯელის შეფარდება და სასჯელის მოხდა არაფერს ცვლის“ - ეს ძალოვანთა პოზიციაა.

 

საინტერესოა ნაწარმოების ფინალიც, უფრო ღია ფინალს რომ ჰგავს ან მკითხველს უნდა ასეთად აღიქვას _ ქრისტიანე ოცნებობს, რომ თავის ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად, კირქვის მოპოვების კარიერის ფსკერზე ხის სახლებს ჩადგამენ, დიდ ბაღს გააშენებენ, ეყოლებათ ცხოველები. „გვექნებოდა ყველაფერი, რაც ადამიანს არსებობისთვის ესაჭიროება. სამტეხლოდან გასასვლელ ერთადერთ გზას ავაფეთქებდით... ალბათ, ზემოთ ამოსვლა არასდროს მოგვინდებოდა.“ ეს რეალური ცხოვრებისაგან, დაუნდობელი სამყაროსგან გაქცევის გზა და მარცხია, ქრისტიანე დამარცხდა წუთისოფელთან ჭიდილში.

 

წიგნი მხოლოდ შინაარსი არ არის, ის გამოცემის კულტურაცაა. „მე, მეგობრები და ჰეროინი“ გამომცემლობა „ივერიონმა“ დაბეჭდა 2017 წელს. ის კულტურული, საინტერესო გამოცემაა. მისი მთარგმნელის, ნინო ჯიბუტისთვის, ეს სადებიუტო ნამუშევარია. იგი სამართლის დოქტორია, განათლება გერმანიაში მიიღო. ამ წიგნის პოპულარობამ და პრობლემამ გადააწყვეტინა მისი ქართულად თარგმნა. იგი გერმანიაში პირველად 1978 წელს გამოიცა, თარგმნილია მრავალ ენაზე და ისწავლება გერმანულ სკოლებში. 2006 წელს წიგნმა ავსტრიული ლიტერატურული პრემია Der Buchliebling (კატეგორია _ საკითხავი ახალგაზრდებისთვის) მიიღო. 

 

„მე, მეგობრები და ჰეროინი“ კრიმინალური ქრონიკით იწყება, საინტერესოა, რომ თარგმანის ოფიციალური ქრონიკის ენა განსხვავდება ნარატორის, სხვა მთხრობელთა ენისგან. წიგნი, თითქმის, თავისუფალია კალკისა და ხელოვნური ფორმებისგან. თუ რამდენიმე სტილურ ხარვეზს და სინტაქსურ გადაცდომას არ ჩავთვლით, იგი გამართული ქართულითაა შესრულებული. 

 

ნინო ჯიბუტი იცავს თარგმანის სტილს და როგორც ჩანს, შედარებით სუსტ და ჩავარდნილ ადგილებს, სტაბილურობისთვის არ ასწორებს, რაც მე აბსოლუტურად სწორი მიდგომა მგონია. ამ თარგმანში ჩანს ახალგაზრდა ნინო ჯიბუტის შრომისმოყვარეობა,  განსწავლულობა და გემოვნება. ჩანს პროფესიული რედაქტორული ნამუშევარიც (თუმცა მის ვინაობას ვერსად წაიკითხავთ). ქართულ გამოცემას მხოლოდ მთარგმნელის მცირე წინასიტყვაობა უძღვის. ჩემი აზრით, მომდევნო გამოცემის შემთხვევაში, ურიგო არ იქნებოდა პროფესიული ანოტაციის დართვაც, რაც მკითხველს უფრო გაუმძაფრებდა მისი პრობლემატიკის, აქტუალობის აღქმას. „მე, მეგობრები და ჰერონი“ ჩვენი საზოგადოებისთვის მეტად საჭირო შენაძენია.   

 

იმ პირობებში, როცა საქართველოში თითქმის დავიწყებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნორების _ გერმანელების ენა და არსებობს საშიშროება, რომ ამ უმდიდრეს და უღრმეს ენაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მეტაფიზიკური და ფილოსოფიური მწერლობის  ქართული თარგამნების გარეშე დავრჩეთ, ნინო ჯიბუტი, ნამდვილად, კარგი შენაძენია ქართველ მთარგმნელთა მცირერიცხოვანი გერმანულენოვანი გილდიისთვის!       

 

მარინე ტურავა, ფილოლოგიის დოქტორი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 

ასოცირებული პროფესორი