გიორგი ტიგინაშვილი: სულიწმინდის შეწევნით მე არავისი და არაფრის მეშინია!

გიორგი ტიგინაშვილი: სულიწმინდის შეწევნით მე არავისი და არაფრის მეშინია!

ახალგაზრდა თეოლოგ, გიორგი ტიგინაშვილის წმინდა სინოდის მხრიდან ზიარებიდან განყენების თაობაზე „ივერიონი“ უკვე იუწყებოდა.

 

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მან სააგენტო GMTV-ის მისცა, სადაც ტიგინაშვილი უფრო ვრცლად საუბრობს ამ შესაძლო გადაწყვეტილების მიზეზებზე.

 

 

 –სოციალრ ქსელში თქვენ ისაუბრეთ ზიარებიდან უკანონო განყენების თაობაზე, თუმცა არსად გითქვამთ საიდან გაიგეთ ეს ინფორმაცია, ალბათ ამანაც გამოიწვია ამდენი კითხვა და საზოგადოებაში ეჭვის გაჩენაც კი. შეგიძლიათ გვითხრათ ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია?

 

–ზიარებიდან განყენების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მამა თეოდორე გიგნაძემ მომაწოდა, რომელმაც ჩემთან საუბარში არაერთგზის აღნიშნა გულდაწყვეტით, რომ საპატრიარქოს სამდივნოში შედგა ჩემი “სასამართლო პროცესი”, სადაც რამდენიმე მღვდელმთავართან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმყოფებოდა მოსაყდრეც. აღნიშნული ფაქტი უნებლიედ დაადასტურა კიდეც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე, სადაც აღიარა, რომ “მე ვესწრებოდი ამ თემაზე საუბარს”-ო. არადა თავდაპირველად მსგავსი საუბარი თუ შედგა ამას საპატრიარქოში კატეგორიულად უარყოფდნენ. აქედან განსაჯეთ თუ რასთან გვაქვს საქმე და როგორი დაბნეულობა და არარელევანტური მდგომარეობაა ადმინისტრაციაში.

 

საუბედუროდ ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია უმთავრესად მიტროპოლიტ შიოსა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის წინააღმდეგ, სწორედ მათი დისკრედიტაციისათვის და ცხადია ჩემი დამცირებისთვისაც, რაშიც ლომის წილი სამწუხაროდ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიუძღვის, რომელიც ანალოგიურად დესტრუქციულ და უსამართლო ქმედებებში არაერთხელაა შემჩნეული. ამასთან ცალკე უნდა აღინიშნოს იღუმენ მიქაელ ბრეგვაძის მიერ ჩემი მისამართით ნათქვამი მუქარა, სადაც ის სოციალურ ქსელში, კერძოდ კი ”ქრისტიანული მასალების” გვერდზე ჩემი ზიარების “უმართებულობასა და გადახედვა-გადამოწმებაზე” საჯაროდ, დაუფარავი აგრესიით საუბრობდა ცოტა ხნის წინ. სწორედ ეს ფაქტები მაფიქრებინებს შემდეგს, რომ ჩემი განეიტრალება ამ ფორმით თანდათან მწიფდებოდა, რადგან მათთვის, როგორც არაჯანსაღი სისტემისა და დაცემული რეჟიმის აქტორებისათვის, მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი მხრიდან პერმანენტულად გაჟღერებული მხილება და პუბლიცისტური საქმიანობა. ამიტომ მავანთა ბოღმა ვერ დაძლიეს და საკუთრივ მოსაყდრეც გამოუვალ უხერხულობაში ჩააყენეს მიუღებელი გადაწყვეტილებით. აქედან

 

აქვე დავძენ, რომ  ხსენებული სადამსჯელო ვერდიქტის შემდეგ, მამა თეოდორემ რამდენჯერმე მთხოვა, რომ მოსაყდრე შიოს შევხვედროდი და მის მეუფებასთან მთავარ საკითხად ჩემი ზიარების თემა წამომეჭრა, რაც ჩემთვისაც სავსებით საჭირო და მისაღები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ბრაზი, უნდობლობა და ემოციური ფონი ნამდვილად არ მაკლდა ღირსება შებღალულ გულზე.

 

–მამა თეოდორემ განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ამაზე რას გვეტყვით?

 

დეტალური განმარტებისათვის, ალბათ აჯობებს, რომ თავად მას მიმართოთ, თუ რა გარემოება იყო ჩემთან დაკავშირებით და იმედი მაქვს გულწრფელ პასუხს მიიღებთ. თუმცა რა დაგიმალოთ და ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მისი კომენტარი, მაგრამ იმ ტელევიზიაში, სადაც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესა და იღუმენ მიქაელ ბრეგვაძეს სამსახური, იდეოლოგიური საცეცები თუ პირადი კონტაქტები აქვთ, ცხადია, იოლი ვერ იქნებოდა სიმართლის პირდაპირ და ღიად თქმა. გმირობას ვერავის მოვთხოვთ პირქუშ სისტემასთან. კონიუქტურას თვით ისეთივე ძვირფასი პიროვნებებიც კი ვერ ერევიან, როგორიც მამა თეოდორეა. იგი რომ მათ წინააღმდეგ წასულიყო, დღეს უკვე ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარიც (სადაც მან არაჩვეულებრივი მისიონერული სკოლა ჩამოაყალიბა) აღარ იქნებოდა, ქადაგების უფლებაც აეკრძალებოდა და შესაძლოა ახლა ომალოში ან მუცოში რომელიმე მიტოვებული ტაძრის მღვდელმსახურად გაწვეული გვეხილა. ეს ხო ამჟამინდელი რეჟიმის რეპრესიათა სერიიდან, ტრადიციული მეთოდია. ამდენად, სამდივნოს დივერსანტებმა დახელოვნებულად იციან წესიერი მღვდლები თუ როგორ გაანადგურონ. პროცესი ბუებრივია და ამ ფონზე ისიც კი არ გამიკვირდება, საპატრიარქომ მამა თეოდორეს სულაც იმის თქმის მოთხოვნა წაუყენოს, რომ “გიორგი ტიგინაშვილს პირადად არ იცნობს, ან არც არასოდეს შეხვედრია” ან რაღაც მსგავსი.

 

–იმასაც ამბობთ, რომ საპატრიარქოს სურს დაგაპირისპიროთ მამა თეოდორე გაგნიძესთან, რა სარგებელს ნახავს ამით საპატრიარქო და ცოტა უხერხული ხომ არ არის ახლა ამის ლაპარაკი, როცა თქვენ მუდამ მამა თეოდორეს დასაცავად იბრძოდით?

 

არ დავიწყებ იმის მტკიცებას თუ როგორ მიყვარს მამა თეოდორე და როგორი სიახლოვე მაქვს მასთან. ყველა სიკეთესთან ერთად იგი ჩემი შვილის ნათლიაც ბრძანდება. წელიწადნახევარია რაც მის მრევლში გადავედი და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია მასზე. მისგან ბევრი სიკეთე და სითბო მახსოვს!

 

ვინც მიცნობს, იცის, რომ მე ჩემი მოკრძალებული პოეტური “შემოქმედებაც” მაქვს და ერთადერთი სასულიერო პირია მამა თეოდორე, რომელსაც ორი ლექსი და რამდენიმე ჩანახატიც მუვუძღვენი, და რომ არა შეუორგულებელი სიყვარული, მერწმუნეთ, ეს ვერ დაიწერებოდა. სხვა მხრივაც ყოველთვის ურყევად ვიდექი და ვდგავარ მისი საღვთისმეტყველო თუ ზნეობრივი პოზიციების მხარდამხარ, მაშინ განსაკუთრებით, როცა აპოლოგეტური პოლემიკა თუ დისპუტი ესაჭიროვებოდათ მის დაუძინებელ მტრებს, ანუ ექსტრემისტულ და ფანატიკურ ძალებს, რომელთაც სულ პირველად სწორედ მამა თეოდორეს სიყვარულში შევეჭიდე. ცხადია ჭეშმარიტებისთვის! შესაბამისად, რა არის გასაკვირი იმაში, რომ მაპატიეთ და ვინმე კარიერისტმა თუ მერკანტილისტმა მღვდლებმა ამ ჰარმონიისა და ერთობის დარღვევა განიზრახონ? არც არაფერი. პირიქით, რაც ხდება, სავსებით ლოგიკური და ნორმალურიც კია. დიდება და მადლობა უფალს ამ განსაცდელებისათვის! ტკივილში უნდა გვიხაროდეს, რომ იოტისოდენად მაინც ვემსგავსებით სწორედაც რომ იერარქიული ელიტის, ანუ მღვდელმთავრების მხრიდან ჯვარცმულ უფალ იესოს!  ნახეთ, როგორ გვაფხიზლებს და გვანუგეშებს პავლე მოციქული: “რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო! სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.”

 

აქვე სრული პასუხისმგებლოვით ვაცხადებ უფლისა და საზოგადოების წინაშე, რომ როცა კი რაღაცას ვწერ ან მედიით გამოვდივარ, არასდროს არ გამივლია კონსულტაცია ჩემ მოძღვართან არცერთ საკითხზე და ბოლომდე დამოუკიდებელი ვარ ხოლმე ყოველთვის, რაცყველაზე დიდი მონაპოვარია ჩემთვის.

 

–რას ელოდებით, რა იქნება ხვალ და ზეგ..?

 

-როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: “უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს!”  არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჩემი მოტივაცია და სურვილია, რომ უფალმა გვიხსნას და გაგვათავისფლოს ჩვენ – მისი საბრალო და მრავალტანჯული ეკლესია, უანგარო და კეთილშობილი სამწყსო, მსასოებელნი უკეთესი მომავლისა. მოგვცეს ისეთი სიხარული სადაც ადმინისტრაცია და იერარქიული დასი მისსავე სამწყსოს ზოოლოგიურ ცხვრებად კი არა, არამედ ქრისტეს შვილებად აღგვიქვამენ და სადაც ბიოორგანიზმად კი არა, არამედ ღვთის ხატად გვაღიარებენ და დაგვასვენებენ ჩვენც და თავიანთ ამღვრეულ სულებსაც.

 

ერთი რამის ღრმად მრწამს – ქრისტეს ვახსოვართ! სულიწმინდის შეწევნით მე არავისი და არაფრის მეშინია. ცხონებულმა მამაჩემმა სიმართლისა და სიკეთის მსახურება დამიბარა. ყოველთვის ვაჟა-ფშაველას სიტყვებით შთამაგონებდა: “გიო, ჩვენებურმა რაც თქვა, ეს გახსოვდეს – მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადაო!” ეს არის ჩემი მარადიული კრედო, ცხონების სურვილთან ერთად!

 

P.S. ზვიადაძეები, ჯაღმაიძეები და ბრეგვაძეები წავლენ და წამოვლენ, ხოლო მართალნი დარჩებიან და უფლის ტკივილებში ნაგემი ტკბილი უკვდავებით იზეიმებენ, ურევანშოდაც. ამინ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: