Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
26-03-2018, 11:24
ნანახია: 386

ზაურ ნაჭყებია: რატომ არ ვუჭერ მხარს „გენდერულ კვოტირებას“ პარლამენტში?!

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი არ ვარ და არც კენჭისყრის უფლება მაქვს, ღიად ვაფიქსირებ: არ ვუჭერ მხარს გენდერულ კვოტირებას პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ეს ხელოვნურად შემოგდებული თემაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან!

 

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯეროვნად არ ვაფასებ (ვაკნინებ) მშვენიერი სქესის ინტელექტუალურ და ორგანიზაციულ რესურსებს.

 

ეპოქამ ახალ საფეხურზე აიყვანა ქალთა უფლებები - ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა დაცული არ არის და სქესობრივი ნიშნით მათი დისკრიმინაცია ხდება. ქალს სახელმწიფო იერარქიის ყველა საფეხურზე ვხვდებით: ქალი მინისტრი, ქალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალი პარლამენტის თავმჯდომარე (სააკაშვილის შეეშინდა, თორემ ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა შანსი, საქართველოს პრეზიდენტიც ყოფილიყო. თუმცა, სხვა საკითხია, როგორი პრეზიდენტი იქნებოდა!). ქალები წარმოდგენილნი არიან პარლამენტშიც...

 

აქედან გამომდინარე, არ მესმის, რა საჭიროა კვოტირება-თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ინტელექტუალური რესურსები გააჩნია და ამასთან ერთად კრეატიული აზროვნებაც აქვს, რაც აუცილებელია საკანონმდებლო საქმიანობისთვის, კეთილ ინებონ პოლიტიკურმა პარტიებმა და პარლამენტში საპატიო ადგილიც მიუჩინონ. მაგრამ, იმის მტკიცება, რომ ქალი უკეთესად გააკეთებს საქმეს, ვიდრე, მამაკაცი და ის თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, მე პირადად ხუმრობის ხასიათზე მაყენებს!

 

ამ ინიციატივის მიღმა სხვა, უფრო საჩოთირო ჩანაფიქრი იმალება - მავანს სურს ყირაზე დააყენოს კაცობრიობის არსებობისა და განვითარების პრაქტიკა და დღევანდელი პატრიარქატი მატრიარქატით შეცვალოს, რაც ბუნებრივი პროცესების (უფლის ნების) წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს!

 

ეპოქა ბევრ, ჩვენთვის უცხო და მიუღებელ სიურპრიზებს გვთავაზობს. დამოუკიდებელი საქართველოს მოკლევადიანმა ისტორიამ ქალთა და მამაკაცთა ტრადიციული როლები შეცვალა და ოდესღაც ოჯახის თავი, ანუ, მამაკაცი, პასიურ სიტუაციაში დატოვა - დღეს უმეტესწილად ოჯახის მარჩენლებად ქალები გვევლინებიან.

 

ამის ნათელი დასტურია თუნდაც ასეულათასობით საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად გახიზნული ქართველი ქალბატონები, რომლებიც წელზე ფეხს იდგამენ და შეურაცხყოფის ფასად არჩენენ მიტოვებულ ოჯახებს! თუმცა, გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ მათი ინიციატივა პერსპექტივაში ათჯერ მეტი ზიანის მომტანია საქართველოსთვის, ვიდრე, მათგან მიღებული დღევანდელი სარგებელია.

 

აქ მარტო ოჯახისა და შვილების დედის გარეშე წლობით დატოვება არ იგულისხმება. მათი იძულებითი გახიზვნა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობას, ანუ დემოგრაფიულ პრობლემებს, რომელიც კატასტროფულად იჩენს თავს უახლოეს მომავალში. არანაკლებ მტკივნეულია მათი საქართველოში დაბრუნების პრობლემაც...

 

მტკიცება არ უნდა, რომ ეს ყველაფერი მავანთა და მავანთა მხრიდან წინასწარ გათვლილ-გააზრებული იყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!

 

ახლა ისევ დავუბრუნდეთ გენდერული კვოტირების თემას პარლამენტში.კიდევ ვიმეორებ, ეს ხელოვნურად შემოგდებული ინიციატივაა და შორსგამიზნულ ავანტიურას ემსახურება!!!

 

ჩემის აზრით, საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის დაცვა იმდენად არ არის აუცილებელი, რამდენადაც პროფესიონალთა „არმიის“ ჩამოყალიბება - დიახ, პარლამენტში უნდა ისხდნენ პროფესიონალები და არა სქესობრივი ნიშნით შერჩეული (ისიც კანონის დონეზე) ინდივიდები... სხვა საკითხია, როგორ გამოიყურება დღევანდელი პარლამენტი გენდერული ბალანსის გარეშე. თუმცა, ეს სულაც არ გვაყენებს იმ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული აუცილებლობის წინაშე, რასაც ხელოვნურად შემოგდებული გენდერული თანასწორობა ჰქვია...

 

თუ დაგვარწმუნებენ, რომ ქალები უკეთესად გააკეთებენ საქმეს, ვიდრე მამაკაცები, საერთოდ, ქალთა პარლამენტი ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის?!

 

ერთი სიტყვით, ნუ მიწყენენ ქალბატონები, მაგრამ, მე კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს ქალთა კვოტირებას პარლამენტში.

 

P.S. ქალს ტრადიციულად განსაკუთრებული მისია აკისრია. არადა, სამწუხაროდ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ თავსმოხვეული ამბიციებით, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ღვთივ კურთხეულ მისიაზე (დედობა და ერის გამრავლება) ხელი ააღებინონ, რაც კატასტროფის წინაპირობააა!