დღიურებში გაცხადებული ცხოვრება

დღიურებში გაცხადებული ცხოვრება

 

დღიური რომ ყველაზე მოქნილი, მოსახერხებელი ჟანრია მყისიერ შთაბეჭდილებათა გადმოსაცემად, ამა თუ იმ საგულისხმო მოვლენაზე აზრის უშუალო გამოსათქმელად, ეს კარგა ხანია დადასტურებულია. უჩვეულოდ გაფართოვდა დღიურის არეალი ჩვენს დარგში, როდესაც ასეთი გასაქანი მიეცა დოკუმენტურ პროზას. იგი მკვეთრად ავლენს ავტორის ხასიათს, ინდივიდუალურ ხელწერას და ამითაც იქცევს მკითხველის ყურადღებას.

 

 

ბევრჯერ განმიცდია სიამოვნება ჩვენი გამოჩენილი არქიტექტორის, მრავალმხრივი ხელოვანის, ვახტანგ დავითაიას დღიურების კითხვისას, ვინც ძალზე მარჯვედ, ლაღად ფლობს ხსენებულ ფორმას და თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეპოქის მთლიან მართალ სურათს ქმნის. სურვილი დამებადა, ამჯერად „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ მის „ჩანაწერებზე“ (2017) მეთქვა ზოგი რამ, ავტორივით უბრალოდ, შეულამაზებლად.

 

 

იგი წლობით იღწვოდა ელგუჯა ამაშუკელთან ტონდემში, შეცნობილი ჰქონდა მისი ყველასაგან გამორჩეული ნიჭი, გაქანება და არ გამკვირვებია, რასაც ერთ ადრინდელ (1967) ჩანაწერში ხაზგასმულად ამბობს:

 

„ელგუჯა ამაშუკელის გორგასალმა ძველ თბილისს დაადგა გვირგვინი. მე არ მეგულება მსოფლიოში მხატვრულად უფრო სრულყოფილი კადრი, როგორიცაა მეტეხის ტაძარი, კლდე და გორგასალი უნიკალურ ისტორიულ არქიტექტურულ ფონზე. ეს სიმბიოზი ქმნის სრულყოფას“.

 

ყოველ ჭეშმარიტ ქმნილებაში უნდა იგრძნობოდეს „ორგემაგეობა“, მეორე პლანი. დიდი აკაკი თავის პოეზიაზე ამბობდა: „ორაზროვანი, ორკილო...“ და ამდენად, ვახტანგ დავითაია სავსებით მართალია, როდესაც წერს:

 

„ნაწარმოებში (ლექსი, სპექტაკლი, მუსიკა, არქიტექტურა), სადაც არ არის ორაზროვნება, დაეჭვება და ყველაფერი სწორხაზოვნად და კატეგორიულადაა ნათქვამი, ნაკლებად საინტერესოა“.

 

ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გამხდარან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნებში დაგვიანებული აღიარების მომსწრენი და ამის გამო სინანულის აღმძვრელია ეს სევდინი ნათქვამი:

 

„მას სიყვარულმა და დიდებამ საფლავთან მიუსწრო, უკვე გვიან იყო, კუბო ჩაუშვეს“.

 

ბევრჯერ მიფიქრია, ჩვენისთანა არეულ და მოუწესრიგებელ ქვეყანაში, არა მგონია გამართლებული იყოს მკვლელის ცოცხლად დატოვება. ამის გამოძახილია ეს მცირე ჩანაწერი:

 

„დაუსჯელობა გეომეტრიული პროგრესიით ამრავლებს ბოროტებას“.

 

გულზე მომხვა რამდენიმე სტრიქონი, ვახტანგ დავითაიას სეხნიაზე, თავის საამაყო მეზობელზე, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოჭიდავესა და უღირსეულეს მოქალაქეზე, ვახტანგ ბალავაძეზე რომ დაწერა:

 

„გასაოცარი კაცია ვახტანგ ბალავაძე. არა მაქვს მხედველობაში მისი დიდი სპორტული ბიოგრაფია... ჩვენი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ არ დატოვა არც ერთი მტკაველი მიწა, ყველგან ვაზი გააშენა, სხლავს, წყალს უსხამს. ასე რომ იქცეოდეს ყოველი თბილისელი, სულ მალე მთელი ქალაქი წალკოტად იქცეოდა“.

 

წუხილი, რომელიც დაუფარავი გულისტკივილით გამოუხატავს ვახტანგ დავითაიას, მხოლოდ არქიტექტურის ჭირი და უბედურება როდია. დავაკვირდეთ და უმალ მივხვდებით, რომ იგივე მოვლენა ლიტერატურათმცოდნეობის, აგრეთვე, სხვა დარგების სიმახინჯეცაა:

 

„მოზღვავდა რთული არქიტექტურული ტერმინოლოგია, არის მისწრაფება უბრალო, მარტივი აზრი გამოითქვას „მეცნიერულად“. უმეტესად ამ რახარუხის უკან იმალება ბანალური შინაარსი“.

 

სამწუხაროდ ბევრი დიდი რუსი შემოქმედის პიროვნებაში შეიმჩნეოდა და ამჟამად შეიმჩნევა (ამ მხრივ აშკარად სცოდავს უნიჭიერესი პროზაიკოსი ზახარ პრილეპინიც) იმპერიული ზრახვები, მსოფლიო ბატონობისკენ მიდრეკილება. ამის ერთ-ერთ მაგალითად ვახტანგ დავითაიას კაცთმოყვარეობით ცნობილი თვით ტოლსტოი მოაქვს:

 

„ლევ ტოლსტოის 1852 წლის დღიურში ჩაუწერია: „მთელი დღე კავკასიაზე და მის დაპყრობაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი“. ესეც შენი გენიალური ტოლსტოი. ის რომ ასე ფიქრობს და ოცნებობს, რა უნდა მოჰკითხო პუტინს?!“

 

ცნობილია, პატარა, ბოროტი არსებები როგორ უმწარებენ ადამიანებს სიცოცხლეს, ყველაფრის ხალისს დაგიკარგავენ და ეს აზრი „ჩანაწერების“ ავტორს შესაშური მოქნილობით გამოუთქვამს:

 

„ჯუჯა შეიძლება ისე აგეფაროს, რომ მთელი სამყარო დაგიბნელოს“.

 

რამაზ ჩხიკვაძის ზღვარდაუდებელ, ფანტასტიურ ნიჭს ვახტანგ დავითაია ყოველთვის ეთაყვანებოდა. დიდი მსახიობის ხალასი იუმორი სჩანს ყველგან. მას მოუყოლია (1988 წლის ზაფხული), რომელიღაც რუს კინორეჟისორს რამაზი თორმეტი დღით გადაღებაზე მიუწვევია. ამას უარი უთქვამს, ამდენი არ მცალიაო. მაშინ რეჟისორი დამჯდარა სცენარისტებთან ერთად და როლი გაუნახევრებია, ექვს დღეზე დაუყვანია. როდესაც რეჟისორს რამაზ ჩხიკვაძესათვის მეორედ დაურეკავს, გაუგია, რომ გადაღება რომში მოხდებოდა, შემკვეთისათვის მისებურად შეუკურთხებია: „... - შე კაცო. აქედან დაგეწყო, რაღა სცენარის გადაკეთებაზე კარგავდი დროს, თანახმა ვარ, გადავიღოთ პირველი ვარიანტით. დრო თავზე საყრელი მაქვს, საერთოდაც უმუშევარი ვარ და ველოდები, იქნებ ვინმემ რაიმე შემომთავაზოს-მეთქი. მაშ ასე. ამ დღეებში რომში მივფრინავ. არივედერჩი!..“

 

ბუნებრივია, ვახტანგ დავითაია, მეტწილად მის პროფესიას დასტრიალებს. იგი ფრიად შეწუხებულია, რომ ქართველ არქიტექტორთა შესაძლებლობები დაქუცმაცებულია და ძალისხმევა ერთ სადინარზე არაა მიშვებული:

 

„ჩვენი არქიტექტურული პოტენციალი უზარმაზარ ქაშხალს ჰგავს, რომლის მრავალრიცხოვანი წვრილ-წვრილი ხვრელებიდან გადმოედინებიან წყლის ნაკადები. ეს წვრილ-წვრილი ნაკადები ვერავითარ ღირებულებას ვერ ქმნიან, რის გამოც პოტენციალური ენერგია კარგავს თავის ძალას“.

 

საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც გენიალურ შემოქმედს თავიანთ სამშობლოში არ აფასებდნენ, კიდევაც დასცინოდნენ, აგდებულად ეპყრობოდნენ. ვახტანგ დავითაია ამგვარ სავალალო შეუსაბამობაზე მძაფრი ირონიით შენიშნავს:

 

„მხოლოდ დროა ობიექტური მსაჯული. ახალგაზრდა ვერდის აქილიქებდნენ, „მეარღნეს“ უწოდებდნენ. როგორი მეარღნეა, დრომ გვიჩვენა“.

 

აქვე შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ „კარმენის“ წარმოდგენის შემდეგ ბიზეს ერთმა მისმა თანამედროვე მუსიკათმცოდნემ მელოდიების სიღარიბე უსაყვედურა. ასეთი მაგალითების მოხმობა მრავლად შეიძლება.

 

ყველაზე დამთრგუნველად ჩემზე, როგორც მრავალი უბედურების გადამტანზე, ერთმა ჩანაწერმა იმოქმედა. აქ ჩანს ვახტანგ დავითაიას ჭეშმარიტი შემოქმედის მახვილი თვალი და ადამიანური თანაგრძნობის იშვიათი უნარი. შემთხვევის ადგილი (სენაკის სასაფლაო) და დრო (8.IV.1982). ზუსტად არის აღნიშნული, მაგრამ ძუნწად მოწოდებული სტრიქონების მიღმა უზარმაზარი ტრაგედია იკითხება. კინოკადრის სიცხადითაა ნაჩვენები, როგორი თავგადაკლული გლოვა იციან სამეგრელოში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში.

 

„დღეს ბიძაჩემის სიმონ ნიკურაძის წლისთავია, მთელი ნათესაობა შეიკრიბა. სასაფლაოდან უკან რომ ვბრუნდებოდით, თავდაღმართზე ძაძებით მოსილი სამი გოგონა შევნიშნე, თითო წელი თუ იქნებოდა განსხვავება ასაკში, ერთმანეთს მისდევდნენ კვალში, მხოლოდ სახე მოუჩანდათ, თეთრი-თეთრი, ქათქათა, სამი ერთნაირი სახე, ნამდვილად დები იყვნენ, დიდი შავი თავსაბური ნიკაპთან ხელით ჰქონდათ ჩაბღუჯული, შავი ჯვალოსაგან შეკერილი უსაშველოდ გრძელი კაბები, გვერდები ხელით რომ ამოელამბათ, რაღაც შემზარავი სილამაზე იყო, შეუცნობი დიდებულება! ნეტა ვის გლოვობენ? ალბათ დედას“.

 

„ჩანაწერების“ ენა უაღრესად მომჭირნეა. აქ ზედმეტი არაფერია. ავტორი მინიშნებას ჯერდება, როცა ხაზს უსვამს გემოვნების უპირატესობას, რაც უმაღლესი კულტურის მაჩვენებელია და გულისხმობს, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სხვა, ალბათ, მოზრდილ ტრაქტატს დაწერდა, რაც ვახტანგ დავითაიამ რამოდენიმე წინადადებაში მოაქცია. იგი დელიკატურად უპირისპირდება ქაოსს, თითქმის ყოველ ნაბიჯზე რომ იგრძნობა, თუნდაც ჩვენს დედაქალაქში:

 

„არსებობს ცნება „არქიტექტურული ლოგიკა“, რომელიც გულისხმობს ესთეტიკურ კატეგორიასაც. მაგალითად, გიბერტის ბაფტისტერიუმის კარები ულამაზესია, ისევე როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კარები, მაგრამ არ შეიძლება ეს კარები დავკიდოთ საძილე ოთახში“.

 

ყველას კარგად მოეხსენიება - ძველი ოსტატები უამრავ დროს ხარჯავდნენ მათი ნაკეთობა უნაკლო, სრულყოფილი რომ გამოსულიყო. ამდენად გასაკვირი არაა, ანტიკურობიდან მოყოლებული, შუა საუკუნეების ჩათვლით, „ხელოვნება“ და „ხელობა“, სინომიმებად რომ აღიქმებოდა. შემდგომში მანქანურმა წარმოებამ, ნივთების სერიულად გამოშვებამ ოსტატობის დონე და ხარისხი მკვეთრად დასცა.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოხსენიებული ბაფტისტერიუმის კარების დამზადებას გიბერტმა 40 წელიწადი მოანდომა. ეს ცნობა მოტანილია დიდი რუსი ფილოსოფოსის ალექსეი ლოსევის წიგნში „მითის დიალექტიკა“, რომელიც ახლახან (2017) ჩემმა მეგობარმა ვიქტორ რცხილაძემ თარგმნა.

 

შეუძლებელია, „ჩანაწერების“ ავტორი მწარედ არ დაფიქრებულიყო ერთ ავბედით გარემოებაზე, რაც ჩვენისთანა მცირე ერისათვის დამღუპველია და არც ისე შორეულ მომავალში გადაშენებას გვიქადის. ყველანი ვხედავთ, მრავალი ქართველი - ქალი და კაცი - დაუოჯახებელი რჩება და უშვილძიროდ მიდის ამ ქვეყნიდან. ჩვენი საგანგაშო დემოგრაფიული მონაცემები დიდი გულისტკივილით გვამცნო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წლევანდელ სააღდგომი ეპისტოლეში. ცხადია, ბრალი მეტწილად მამაკაცებს მიუძღვით, მაგრამ მიზეზთა დასახელება საქმეს ვერ უშველის. ვახტანგ დავითაიას ფხიზელი, გონითი განსჯაც ასეთ უაღრესად მტკივნეულ პრობლემაზე შეუსმენელ ღაღადისად არ უნდა დარჩეს, იგი მთელმა საქართველომ უნდა გაითავისოს:

 

„როდესაც იღუპება ერთი ადამიანი, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმ ერთის დაღუპვას. პოტენციაში იღუპებიან ათეულები და ათასეულები. უცოლობა და გაუთხოვლობაც მოკვდინებაა ათეულებით და ასეულებით ადამიანებისა, უდიდესი დანაშაულია, რომელიც არ ისჯება“.

 

ვახტანგ დავითაიას შესწევს სანაქებო უნარი, ერთადერთ აბზაცში დაგვიხატოს ადამიანის სახე, მისი შინაგანი ბუნება. ვნახოთ რა თვალით უმზერს იგი ქართული ხალხური სიმღერის ფასდაუდებელ ამაგდარს ანზორ ერქომაიშვილს, ვინც გასაჭირში ჩავარდნილი მოყვარისათვის სულსაც არ დაიშურებს, ერთ თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტშია წარმოჩენილი, ერქომაიშვილთა დიდი ოჯახის ნაშიერის, უზომო სიკეთე, ზემგრძნობიარე პოეტურობა და ამას განზოგადების ძალა ეძლევა, სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს:

 

„ხელოვნება, უპირველესად ყოვლისა, დანახვის ნიჭია. ხელოვანი ჩვეულებრივში, უბრალოში, სხვისთვის შეუმჩნეველში, ულამაზოშიც კი აღმოაჩენს მშვენიერსა და მნიშვნელოვანს. აი ვზივარ თბილისი-მოსკოვის თვითმფრინავში და ვკითხულობ ანზორ ერქომაიშვილის წერილს - „სამი გახსენება“, რომელიც ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ერთ-ერთში იგი აღწერს გორის ბაზარში ნანახს, თუ როგორ აჩუქა ჯარისკაცის დედამ უცნობ ჯარისკაცს ვაშლები. ყვება საოცარი სითბოთი, ემოციურად. აბა მითხარით, რამდენი ადამიანი შეესწრო იმ დღეს ამ ამბავს, მაგრამ მხოლოდ ერთმა „შენიშნა“ ეს კეთილშობილება“.

 

ბევრი წამიკითხავს ადამიანთა გამაოგნებელ გულქვაობაზე, ბოროტებაზე. ეს სახეწაშლილი, ყველანაირი სიგლახის ჩამდენი პირუტყვები ადამიანებად არც უნდა იხსენიებოდნენ. აქ უნდა მოვიხმო წინამდებარე წიგნის ერთი, მღელვარებითა აღშფოთებით აღსავსე ჩანაწერი (2.I.1986):

 

„გაუგონარი ბოროტება მოხდა ახალი წლის წინა ღამით. ვიღაც ვიგინდარამ, არქიტექტორთა კავშირის ეზოში, თავები წააჭრა სამ უნიკალურ ვერცხლისფერ ნაძვს. შემზარავი სანახავია უთავო ნაძვები. სანამდის მიდის ადამიანის სიმხეცე. ნეტა რა უთხრა ამ არაკაცმა თავის ბავშვებს ასეთი “დიდებული” საჩუქარი რომ მიართვა?“

 

ამ ნაღვლიანმა სტრიქონებმა, დიდი ხნის წინანდელი, ბევრად უფრო თავზარდამცემი, მსგავსი და საშინელი ამბავი გამახსენა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ჩვეულებრივზე მეტად დამწუხრებული ნოდარ დუმბაძე შემხვდა. ყველამ ვიცოდით რა შეუხორცებელ ჭრილობას ატარებდა ერთადერთი ვაჟის დამკარგავი. ჩემს უფროს მეგობარს თვალზე ცრემლი ადგა, კაცის ფერი არ ედო. შვილის საფლავზე, ვაკეში, სწორედ ვერცხლისფერი ნაძვი ჰქონდა დარგული. მეხუთე წელს (მისი ბიჭი ხუთი წლისა დაიღუპა) იმ ნაძვმა ხუთი გირჩა გამოიტანა და ნოდარი შვილივით უვლიდა, ელოლიავებოდა ულამაზეს მცენარეს. ახალი წლის წინა ღამეს, რომელიღაც გადაჯიშებულსა და უსისხლოს, ძირში მოეჭრა ის ნაძვი. ადევილი წარმოსადგენია, რა დაემართებოდა ამის შემხედვარე, შვილის საფლავზე მისულ, მამას. ისეთი განცდა მქონდა, ჩემი ზაზა მეორედ მომიკვდაო. ამის ჩამდენი ხატზე გადავეციო, ესეც დაატანა. ხატზე გადაცემა კი არა, ნოდარის ადგილას, უკან არ დავიხევდი, იმ უწმინდურისთვის ორივე ხელი მოეკვეთათ.

 

წინაპრის ღვაწლის დაფასება ნამდვილ ხელოვანს არ უნდა ეშლებოდეს და სწორედ ამას გულისხმობს გადაკრული, მეტაფორული საყვედური:

 

„თუ ახალი შენობა ვერ „ამჩნევს“ მის გვერდით მდგომ ძველს, მაშინ ის უტაქტო და უზრდელია“.

 

შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი ავტორმა დაუვიწყარი ამაგისა და მადლის საპასუხოდ უკეთილშობილესი პიროვნების, დიდი ხუროთმოძღვარის, ივანე ჩხენკელის ხსოვნას უძღვნა.

 

ვახტანგ დავითაია მუდამ ნათლად და პირუთვნელად გამოხატავდა ცხოვრებისეულ მრწამსს, რაც ამავე დროს ყველა ნამდვილი ადამიანისათვის სავალდებულოა. ზნედაცემულთა, უთავმოყვაროთა გასაკიცხად და დასაგმობად კი ასეთ რამეს ამბობს:

 

„ღმერთმა ადამიანი ორ ფეხზე იმიტომ შეაყენა, რომ არ იხოხოს“.

 

ვახტანგ დავითაია მსოფლიოს მრავალ ქალაქში ესწრებოდა არქიტექტურულ სიმპოზიუმებს და ყოველთვის ცდილობდა საქართველოს სახელი გაეტანა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც არაერთხელ დიდი წარმატებით დაგვირგვინდა. აქ არ შევეხები მის ცალკეულ მეგობრულ შეხვედრებს პლანეტის უდიდეს არქიტექტორებთან, რასაც თვითონ ძალზე შთამბეჭდავად ყვება.

 

„ჩანაწერების“ ავტორს რომ ბელეტრისტის ძალზე თავისებური ნიჭი აქვს, ეს არაერთხელ გამოვლინდა და აქ მხოლოდ ის აბზაცი მინდა მოვიტანო, სადაც მისი უერთგულესი მეუღლის, ქალბატონ ნათელა გაჩეჩილაძის მშობლირ სოფელ წევაში ნანახს გვისურათხატებს; აქ ისეთი სიცხადეა, თითქოსდა ჩვენც ვადევნებდეთ თვალს ულმობელ შერკინებას, გულსაკვალად რომ თავდება:

 

„ფერიცვალების შემდეგ საგრძნობლად აგრილდა. დილით, ჩვენს ჭიშკართან ხარების ჩხუბს შევესწარით. ეს იყო ბრძოლა სისხლის უკანასკვნელ წვეთამდე. საოცარ ხმას გამოსცემდნენ, რაღაც რიტუალურს. ბრძოლა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა, ვერაფრით გავაშველეთ მე და რეზომ. ნეტავ, რა ვერ გაიყვეს? ბრძოლა მანამდე არ შეწყდა, სანამ ერთ-ერთს რქა არ მოტყდა. სისხლმა მთელი სახე დაუფარა. გამარჯვებულმა საჩქაროდ დატოვა ბრძოლის ველი. დამარცხებულს ვედროებით წყალი ვასხით, მოვბანეთ ჭრილობა, ტყავზე ჩამიკოწნიალებული რქა მოვხსენით. ეს რაღაც მისტიკა იყო, ამოუხსნელი რამ“.

 

ზოგჯერ ვახტანგ დავითაია შენობის ერთ დეტალზე აგებს თავისებურ, მწყობრ მსჯელობას, ცალკეული რგოლებისგან თანდათან იქმნება აზრთა მშვენიერი ჯაჭვი და იგი გაშლილი მეტაფორის სახეს იღებს, ფართო განზოგადებამდე ადის. ნათქვამის ნათელსაყოფად უმჯობესია დავაკვირდეთ ამ „ჩანაწერს“:

 

„საინტერესო ელემენტია კარი. კარი ემსახურება ორი სივრცის როგორც გამიჯვნას, ასევე მათ შეერთებას. კარის მეშვეობით შიდა და გარე სამყარო, შეცნობილი და შეუცნობადი - ხვდებიან ერთმანეთს. კარი ეს უსაფრთხოებაა. კარი ეს საფრთხეა. კარი ეს არის ზღვარი, კარი ეს არის გასასვლელი უსაზღვროებაში. კარი ფსიქოლოგიური საზღვარია. კარი ფიზიკური საზღვარია. კარი გვაახლოებს. კარი გვაშორებს. კარი თავისუფლებაა, კარი საპყრობილეა. თუ ფილოსოფიური სიმაღლეებიდან შევხედავთ, დედის საშოც კარია, იქიდან იბადება სიცოცხლე“.

 

ზედმეტია იმის თქმა, თუ რა ღრმად არის ჩახედული ვახტანგ დავითაია არქიტექტურის პრობლემებში. შეუძლებელია, თვით ჩემისთანა დილეტანტმაც არ ირწმუნოს მისი ნააზრევი, ერთადერთ წინადადებაში რომ არის ჩატეული:

 

„მომავლის არქიტექტურა არ იქნება სტილების არქიტექტურა, არამედ იქნება ფილოსოფიის არქიტექტურა, ინდივიდების არქიტექტურა“.

 

მან ისიც მშვენივრად იცის - ნიჭიერ პიროვნებას ხელი თუ არ შეუწყვე, საქმეს არაფერი ეშველება. ამის გამოძახილია ეს გულისწყრომა:

 

„რად გინდა გყავდეს გუნდში პელე თუ აუკრძალავ საჯარიმოს იქით გასვლას. რად გინდა ნიჭიერი არქიტექტორი, თუ კი საქმეს მხოლოდ უცხოელებს ანდობ“.

 

სხვაგან ეს აზრი უფრო დამაჯერებლად არის გაშლილი, რაც ვახტანგ დავითაიას ურყევ პრინციპებზე, მის მოქალაქეობრივ გამბედაობაზე მეტყველებს. ასეთი რამ, თანაც ასე ხატოვნად და გამჭვირვალედ, არავის უთქვამს:

 

„დღეს მერიის არქიტექტურის სამსახური არქიფო სეთურივით ისეთ გვირაბს გვათხვრევინებს, რომელსაც მეორე მხარე არა აქვს. მთავარია თხარო, თხარო და თხარო. მთელი პროცესი ყალბ, მოჩვენებით კრიტერიუმებზეა აგებული და არა არქიტექტურული ხარისხის გაუმჯობესებაზე. მე მივმართავ ჩემს კოლეგებს, იმათ, ვინც დათანხმდა ასეთ ღირსებააყრილ სამსახურზე თუთაშხიას სიტყვებით: „ვერ ხედავთ, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა“.

 

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ვახტანგ დავითაიას სანაქებო უნარი აზრის მოკლედ, შეკუმშულად გამოთქმისა, რის მეშვეობითაც ნათქვამი იოლად გამახსოვრდება და ზემოქმედების ძალაც მეტია. ასეთი მაქსიმები უხვადაა გაბნეული მის ჩანაწერებში, დღიურებში. მოვიხმობ ზოგიერთ მათგანს:

 

„უსამართლო ქვეყანაში „კანონი“ სხვა არაფერია თუ არა ობობის ქსელი, სადაც მხოლოდ სუსტები ებმებიან“.

 

„სიტყვის თავისუფლება და სიტყვის აღვირახსნილობა სხვადასხვაა“.

 

„უკულტურო დემოკრატიას ჯობია კულტურული დიქტატურა“.

 

„რად გინდა იყო ღმერთი ურწმუნოთა ქვეყანაში“.

 

„არსებობს არა მხოლოდ დანაშაულებრივი მოქმედება, არამედ დანაშაულებრივი უმოქმედობაც“.

 

„უზნეობა არ შეიძლება იყოს დიდი და პატარა“.

 

„ქართული ასოებით წერა არ ნიშნავს ქართულ ნაწარმოებს“.

 

„ფორმისა და შინაარსის მთლიანობის გენიალური მაგალითია ყვავი და მისი ყრანტალი“.

 

„დონ ჟუანის იმპოტენტობას უფრო დავიჯერებ, ვინემ სააკაშვილის დემოკრატიას“.

 

„ქართულ ტელეჟურნალისტიკაში, თოქშოუებში, გამეფებულია ინგაიზმი - ილაპარაკო თვითონ და არ ალაპარაკო მიწვეული სტუმარი“.

 

„ეს მაიმუნი იმდენად ხანდაზმულია, ვეჭვობ, რომ მოასწროს ადამიანად გახდომა“.

 

ერთმა მცირე ჩანაწერმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ძალმემომრეობის წინააღმდეგ მიმართულმა. აქაც ჩვეული ლაკონურობა ჩანს და რამდენიმე ხალხურ სიბრძნესთან უნდა იყოს წილნაყარი:

 

„ძალა აღმართს ხნავს - ამბობენ ძველები. ძალას ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ არა ყველაფერი. მიწისძვრას შეუძლია დაანგრიოს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გაუყაროს ნემსში ძაფი“.

 

ამ სტრიქონებმა უნებურად გამახსენა დიდი ფრანგი პოეტისა და ესეისტის პოლ ვალერის მსგავსი გამონათქვამი. ვალერიც ლაპარაკობს გრიგალზე, რომელმაც ძალუძს ძირფესვიანად ამოთხაროს ხეები, დაანგრიოს შენობები, მაგრამ არ ხელეწიფება უბრალო რამ - გახსნას კონვერტი.

 

ცალკეა გამოსაყოფი ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან ვახტნგ დავითაიას, როგორც პედაგოგის, უგულითადესი დამოკიდებულება. ყოველ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და მუდამ ცდილობს, თვითეულის თავისებურება გაითვალისწინოს. მრავალთაგან მისი გულისხმიერების ერთ მაგალითს მოვიტან, თუ როგორ ესწრაფვის, აღსაზრდელები ჩვენს ქაოტურ, გაუკუღმართებულ დროში სწორ გზაზე დააყენოს, პატიოსნობას, შრომას შეაჩვიოს. ეს რჩევა ბევრს გამოადგება:

 

„ხშირად შევახსენებ სტუდენტებს - თითები არა თუ გრძნობენ, არამედ აზროვნებენ. აბა დააკვირდით პიანისტის თითების ფორიაქს, მოქანდაკის თითებს ძერწვისას ან მექოთნისას, როდესაც მას ფორმა გამოჰყავს. აკეთეთ ესკიზები ხელით, კომპიუტერი ვერ ცვლის თითებს“.

 

„ჩანაწერებში“ არაერთგან არის ნათქვამი უმაღლეს ხელისუფალთა გულქვაობაზე და მათ დანაშაულებრივ ამბიციებზე, მათზე, რომელთაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ, ვითომდა სახელმწიფოს პრესტიჟისა და სამხედრო საიდუმლოების დასაცავად. ამ ძალაუფლების მანიაკებს შეუძლიათ უყოყმანოდ გასწირონ ასეულობით ადამიანი ისე, რომ პასუხს ვერავინ მოსთხოვს. სწორედ ასეთი სისასტიკის განუკითხაობის მაუწყებელია შემდეგი მცირე აბზაცი:

 

„პუტინის ნამუსზეა ბარენცის ზღვაში დაღუპული (წყალქვეშა გემზე) ასზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე, ბესლანი და საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტრაგედიები. ყველა მათგანი შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები მსხვერპლით დამთავრებულიყო“.

 

ყველას გვახსოვს ის თავზარდამცემი საშინელება რუსეთის წყალქვეშა გემს რომ შეემთხვა. დაღუპულთაგან ერთი მეზღვაური ქართველი იყო. მათ სიახლოვეს მყოფ უცხო სახელმწიფოების ზღვაოსნებს შეეძლოთ განწირული ეკიპაჟის გადარჩენა, მაგრამ ყოვლად გაუმართლებელ მიზეზთა გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ეს არავის დაანება. დანარჩენ ფაქტებზე არაფერს ვამბობ.

 

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ოდითგანვე სახელმწიფო ცდილობდა და ცდილობს - კულტურის, მეცნიერების წინსვლისა და განვითარების ხელსაყრელი პირობები შეუქმნას. ჩვენთან კი ასეთი ყურადღების ნასახს ვერ ვხედავთ, რის შედეგადაც სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ვახტანგ დავითაიამ ამის გამო არაერთხელ აღიმაღლა ხმა, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. მომავალსაც სასიკეთო პირი არ უჩანს.

 

ვახტანგ დავითაია მეტისმეტად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, რაც მის პროფესიასთანაა დაკავშირებული. ეს თვალნათლივ გამოჩნდა ერთ სევდისმომგვრელ ჩანაწერში, სადაც ორი რამის შესადარებლად, მათი ხვედრის თანამოაზრობის მაჩვენებელი ტრაგიკული მსგავსება ზუსტად არის მოძენილი:

 

„გინახავთ დასანგრევად „გამზადებული“ შენობა, ცარიელი, ფანჯრებამოყრილი. შემზარავია. სახრჩობელაზე გაყვანილ ადამიანს გავს“.

 

სასიამოვნოა იმის აღვნიშვნაც, რომ ამ კაცმა ბევრ ლიტარატორზე არანაკლებ იცის ქართული პოეზიის ფასი. რუსთაველის მზიური გენიის გარდა, იგი ეთაყვანება მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის კორიფეებს - გალაქტიონს, გიორგი ლეონიძეს... გამიხარდა რომ გულთბილად ჰყავს მოხსენიებული განსვენებული გივი ძნელაძე და მორის ფოცხიშვილი. აღტაცებას გამოთქვამს, რომ თამაზ ჭილაძე ხანდაზმულობაშიც საუკეთესო ლირიკოსად რჩება. ასევე დიდ პატივს მიაგებს ოთარ ჭილაძესა და ზაურ ბოლქვაძეს. შედარებით უმცროსი თაობის პოეტებიდან საინტერესო დაკვირვებები აქვს გამოთქმული ვანო ჩხიკვაძის ლექსებზე და მოთხრობებზე.

 

არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ითქვას ასევე დღიურებად დაწერილ ორტომეულზე (ერთად ათას გვერდს მოიცავს) „ცხოვრების ფურცლები“, რომელიც წლეულს „ივერიონს“ გამოუცია (რედაქტორები: ელენე კალანდაძე, ზაურ ნაჭყებია), ავტორმა მარად დაუვიწყარი მშობლების - ლოლა ნიკურაძისა და ლადო დავითაიას ხსოვნას რომ მიუძღვნა.

 

აქ უფრო ფართოდ, პანორამულად არის წარმოდგენილი ხელხვავიანი არქიტექტურის, დაუცხრომელი შემოქმედის გარჯა, ყოველდღიურობა. 50 წლის განმავლობაში ხელისგულზე გვიდევს უკეთურობასთან, სიძნელეებთან შეუდირეკლად მებრძოლი მართალი კაცის ალალი ცხოვრება. შინაგანი კმაყოფილება გვეუფლება იმის გამო, რომ ვახტანგ დავითაია პასუხგაუცემლად არ ტოვებს ყველა ამ უმსგავსობას, სადაც უნიჭო, თავხედ პოლიტიკანთა მიერ ცინიკურადაა დამცირებული, აგდებული, ჩვენი წინაპრები, საამაყო წარსული. ყოველგვარი თვითრეკლამის გარეშე მოჩანს ამ სამაგალითო პიროვნების შეუპოვარი, თავდაუზოგავი შრომა უკეთესი მომავლის დასამკვიდრებლად. აღტაცებასა დ განცვიფრებას იწვევს მისი ნაყოფიერება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეთა დამამშვენებელი მარტო არქიტექტურული შედევრები რომ ჩამოვთვალოთ, გაკვირვებული დავრჩებით - ერთმა ადამიანმა როგორ შესძლო ამდენის მოსწრება.

 

დიდად სასიამოვმნოა, რომ ორივე რედაქტორს ბოლომდე აქვს შეცნობილი „ცხოვრების ფურცლების“ ავტორის ვეება თვალსაწიერი, მისი საშვილიშვილო ღვაწლი. ქალბატონი ელენე კალანდაძე - არქიტქტორთა მრავალი თაობის აღმზრდელი, გულისხმიერი და კეთილშობილი ქალბატონი, მრავალ საინტერესო მომენტთან ერთად, საგანგებოდ აღნიშნავს „წევის ეპოპეას“, სადაც ასე რელიეფურად გამოვლინდა ვახტანგ დავითაიას სიახლოვე ყოფით გარემოსთან, მეზობლებთან, გამარჯე ადამიანებთან.

 

ბატონ ზაურ ნაჭყებიას - ცნობილ, ტემპერამენტიან, ძალზე ენამახვილ ჟურნალისტს და რედაქტორ-გამომცემელს, კარგად ვიცნობ. რამდენიმე წლის წინ სრულიად უანგაროდ გამომიცა საყმაწვილო ლექსებისა და პოემების მოზრდილი კრებული („პატარა ზღარბის თავგადასავალი“), რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვრჩები. ვახტანგ დავითაიას მოგონებებზე დართულ ბოლოთქმაში, იგი მოწიწებას გამოხატავს უფროსი მეგობრისადმი. დიდად მოსწონს მისი აზროვნების მასშტაბურობა, პირუთვნელობა, მისი პიროვნული თვისებები და მოკლედ გვამცნობს თავის უშუალო შთაბეჭდილებებს მის მიერ გულისყურით რედაქტირებულ და მიმზიდველად გამოცემულ წიგნზე:

 

„...მისთვის არ არსებობს ავტორიტეტი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, თუ თემა ქვეყნის ინტერესებს ეხება. ნიშანდობლივია, რომ იგი სიღრმითა და პროფესიონალიზმით საუბრობს როგორც არქიტექტურისა და ურბანიზაციის პრობლემებზე, ასევე, არსებული სახელმწიფო სისტემის ხარვეზებზე. ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მტკივნეული პრობლემა, რაც ხელს უშლის სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანობას“.

 

ორივე წიგნის სანიმუშო დიზაინი, ტატა ნაცვლიშვილთან ერთად, ეკუთვნის ავტორს და გარეკანებიც მისივე ქმნილებების ფერადი ფოტოებითაა დამშვენებული. ყველაფერში საჭირო სისადავე და უზადო გემოვნება იგრძნობა.

 

დასასრულს, უმთავრესსა და არსებითზე, გარემოებათა გამო, კიდევ უფრო მოკლედ, შემოსაზღვრულად უნდა ვთქვა. ფორმით, შინაარსით, აღნაგობითაც სრულიად უნიკალური, ჭეშმარიტად „ხელისხელსაგოგმანები“, ყველასგან განსხვავებულია „მაგთის“, ბატონ გია ჯოხთაბერიძის ხელდასხმით და კეთილი ნებით გამოცემული დიდი ალბომი „ვახტანგ დავითაია - არქიტექტურა, ფერწერა, გრაფიკა“ (2015), რომელმაც უკვე ორი საერთაშორისო პრემია დაიმსახურა. მთელი სიგრძე-სიგანითა და მრავალფეროვნებით, არის წარმოდგენილი ოთხმოცი წლის სახელოვანი არქიტექტორის ძნელად აღსანუსხი ღვაწლი. მისი უბრალო, ზერელე გადათვალიერებაც კი გულს გადაგინათებს, იმდენად მდიდარ, განუმეორებელ, ზღაპრულ სამყაროში მოხვდებით. აქ სათქმელი ბევრზე ბევრია, მაგრამ განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რა იშვიათი ნაყოფი გამოიღო თანამედროვეობის ორ უდიდეს მოქანდაკესთან - ელგუჯა ამაშუკელთან და მერაბ ბერძენიშვილთან ვახტანგ დავითაიას შემოქმედებითმა თანამშრომლობამ, ახლო მეგობრობამ, სულისკვეთებათა, ხასიათთა, რა ბედნიერი შერწყმა მოხდა. ყოველივე ეს საქვეყნოდაა ცნობილი.

 

პირადად მე, ვახტანგ დავითაიას წინაშე ვალში ვარ. დიდი ხნის მეგობრობის მიუხედავად, დღემდე არაფერი დამიწერია მასზე და ამჟამად შევეცადე, ნაწილობრივ მაინც გამომესწორებინა ჩემი უნებლიე უყურადღებობა. მისგან იმდენი სითბო და თანადგომა მახსოვს, ჩამოთვლა გამიჭირდება. რაც არ უნდა სთხოვო, უკან არ დაიხევს, უარის თქმა მის ბუნებასთან შეუთავსებელია. არც იმას ჩამოვთვლი, რამდენ ღირსეულ გარდაცვლილ ქართველ მოღვაწეს, შთაგონებით ანთებულმა, გაუკეთა სამუდამო განსასვენებელი. აქაც წარმოჩინდა, როგორც მკვეთრად ინდივიდუალური ხელნაწერის ხელოვანი.

 

ემზარ კვიტიაშვილი,

მწერალი

IV.2018

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: