რას ჭიკჭიკებენ "საყდრის ჩიტები"?!

რას ჭიკჭიკებენ "საყდრის ჩიტები"?!

 

 ზეინაბ მეტრეველის შემოქმედება მკითხველმა სოციალური ქსელიდან გაიცნო. იგი მოულოდნელად შემოიჭრა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში და თავისი ემოციური, გულწრფელი სტრიქონებით მკითხველთა გულები დაიპყრო. 

 

ლექსები, რომლებიც სავსეა შთაბეჭდილებებით, ღრმა გრძნობებითა და განცდებით, ბნელისა და ნათელის მარადიული ბრძოლის ასპარეზი გამხდარა თითქოს. ისინი

თავისებურად, სევდაინად უმღერიან სიცოცხლეს და სიკვდისიმშვიდით ამარცხებენ. ზეინაბ მეტრეველის  პოეზიასთან ზიარებისას მუდმივად იცვლება შთაბეჭდილებები - სინათლეს სიბნელე ცვლის, სიყვარულს - მონატრება, თამაშობენ შუქჩრდილები, მძფრდება ფერი, ემოცია, მაგრამ ისეთი მარადიული ღირებულებანი, როგორიცაა: სიყვარული, ერთგულება, მამულიშვილობა უცვლელი რჩება. დრო კი მიდის - მიდის დაუსრულებლად!

 

მისი ანკარა პოეზიით აღფრთოვანებულმა შევიტყვე, რომ ქალბატონი ზეინაბი მხოლოდ პოეზიას არ  უხდის ხარკს. მის კალამს ეკუთვნის თანამედროვე რომანი "საყდრის  ჩიტები", რომელიც ძალიან საინტერესოდ იკითხება. მასში განსაკუთრებით მძაფრადაა წარმოჩენილი ავტორის გულისტკივილი დაკარგული, მტრისგან წართმეული  მშობლიური მიწისადმი.

 

რომანი სამაჩაბლოს მოვლენებს ეძღვნება. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია აღქმული და შეფასებული ფხიზელი თვალით. მოსიყვარულე გულითა და ნათელი გონებით. მასში განხილულია პატარა ერების მარადიული პრობლემა - გაუმკლავდნენ დიდი ერების მოხარბებულ ამბიციებს და თავი გადაირჩინონ ისტორიის ჩარხის წაღმა-უკუღმა ტრიალში.

 

რომანში მიმდინარე მოვლენები მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდს მოიცავს. ეს სწორედ ის საუკუნეა, რომელმაც დაკარგა რწმენა და სიმშვიდე და გამუდმებული ომების, ღალატის, მერყეობის, ეჭვების საუკუნედ იქცა. დიახ, ადამიანებმა დაკარგეს ღმერთი, დაკარგეს გზა ჭეშმარიტებისკენ და ნათელისა და ბნელის საზღვარზე განუწყვეტლივ უპირისპირდებიან ერთმანეთს!

 

კიდევ ვიმეორებ,  "საყდრის ჩიტებში" აღწერილი ამბები საქართველოს ძირძველი მიწის - სამაჩაბლოს დაკარგვაზე მოგითხრობს. ავტორი მძაფრი განცდებით გვესაუბრება ძმათამკვლელ ომზე, მისი დაწყების საბაბზე და გამოუსწორებელ შედეგებზე... სოფელი, სადაც მოქმედება მიმდინარეობს დიდი ხანია მტრის "ლუკმა" გამხდარა - მოსახლეობა აყრილია, სახლები გადამწვარი, სოფელი გაპარტახებული... მიტოვებულ მიდამოს სიჩუმე და სიკვდილი დაპატრონებია. თუმცა, სიჩუმეში მაინც ბოგინობს სიცოცხლე უცნაური კაცის - მესაფლავე იოსებას სახით, რომელიც სასაფლაოზე დამკვიდრებულა და ქართულ მიწას უნახავს მომავალს!

 

სევდიანად იწყება ნაწარმოები - ძველი ე.წ.  "მარშრუტკა" ხალხითაა გატენილი. დამფრთხალი და  დაბნეული, მგზავრები ერთმანეთს აწყდებიან თავზეხელაღებული მძღოლი თითქოს შეჩვეულია არაბუნებრივ გარემოს და ხალხს უემოციოდ მიაქანებს წარსულში...

 

ახლოვდება პირობითი საზღვარი და მატულობს მღელვარება, ნელ-ნელა იცლება "მარშრუტკა". ბოლო გაჩერებაზე სულ ორიოდე მგზავრი ჩამოდის. მათ შორის ერთი პატივცემული მეცნიერი თეიმურაზ ხეითელია - ცნობილი საზოგადო მოღვაწე. გაფრთხილების მიუხედავად,  "იქით არ შეიძლება, იქ მტერი ბატონობსო" , მეცნიერი ჯიუტად გაუდგება ტალახიან გზას მშობლიური სანახებისკენ. მღელვარება იპყრობს მკითხველის გულებს. რა გასაჭირი ადგას პატივცემულ მეცნიერს. რა ტკივილმა მოიყვანა აქ. რატომ გახდა იძულებული გამოქცეოდა ქალაქურ  ცივილიზაციას  და თავი მშობლიური მიწისთვის შეეფარებინა - იმ მიწისთვის უდაბურ ადგილად რომ უქცევია მტერს, იმ მიწისთვის, კაცის ჭაჭანება რომ აღარსადაა, იმ მიწისთვის, ველური ცხოველებიც რომ გარიდებიან... მხოლოდ ზიზღითა და ცინიზმით სავსე მტრის ჯარისკაცები რომ აკითხავენ კვირაში ერთხელ, რათა შემთხვევით  ნახარები სიცოცხლის ყოველი ახალი  კვირტი სიცოცხლეშივე მოსპონ და გაანადგურონ! 

 

სასაფლაოს მიაშურებს შინ მიბრუნებული  უძღები შვილი - იქ საყდარი ეგულება, ღმერთი ეგულება, დედ-მამის აჩრდილი ეგულება. სასაფლაოზე კი კაცი ხვდება: მესაფლავე იოსება. იქნებ არც არის კაცი იოსება.  იქნებ ღმერთია მიწაზე ჩამოსული, თავისი გზააბნეული შვილების დასაცავად, განკაცებული ღმერთი, რომელიც ხედავს ცოდვათა სიმძიმე დაუძლეველ ტვირთად რომ ქცევიათ ამ პატარა კუთხის შვილებს! 

 

იოსება შვილივით მიიღებს ცოცხალ-მკვდარ თეიმურაზს და ამ სოფლად მობრუნებაში ეხმარება. თან გზადაგზა თავის ამბავს უყვება: მესაფლავედ შემოვრჩი ადამიანებისგან დაცლილ სოფელს - უპატრონო საფლავების მესაფლავედ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მტერს, მომადგნენ... ავად, კუშტად მიყურებდა იარაღიანი ჯალათი, მთარგმნელად ალანი ჰყავდა, ჩემი ყოფილი მეგობარი და მოყვარე. ვის უთხრიო ამ საფლავებს, რისხვით მკითხა. მიცვალებულებს ვუთხარი-თქო ვუპასუხე,  ჩემს და შენს მკვდრებს, რადგან მკვდარი მტერიც ცოდვაა, მასაც სჭირდება დამარხვა-მეთქი! შემეშვნენ, გიჟიაო იფიქრეს...

 

სიკვდილს სიკვდილით ვემუქრები - რომ შემეძლოს მთელ საქართველოს გადავთხრიდიო, ასე იქნებ მისი დაცვა შევძლოო. დრო თავზესაყრელი აქვთ სასაფლაოს ბინადართ, ფიქრი უზღვავი. თავზე თუ ქვეყანაზე, ცოდვაზე თუ სამართალზე.

 

თავისებურად სჯის იოსება, უცნაურად, მაგრამ სამართლიანად.  იგი შეწუხებულია, რომ შეიცვალნენ ადამიანები: ერთმანეთს დაშორდა ქალაქი და სოფელი. არ აწუხებთ ერთმანეთის უბედურება. ქალაქი სავსეა ყალბი ბრწყინვალებით, უზნეო მილიონერებით, შებილწული გრძნობებით. აქეთ კი სისხლისგან იცლება გადამწვარი, მიტოვებული სოფელი. გამოსავალს ყველა იქ ეძებს, სადაც არაა გამოსავალი. ზოგი ევროპას ეხვეწება შველას, ზოგი რუსეთს.  ზოგი წარსულში ეძებს შვებას. არადა მარტივია გამოსავალი - ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ... უნდა შევძლოთ და ვზიდოთ ჩვენი ცოდვების სიმძიმე, მხოლოდ მონანიე და მართალი გულით არის შესაძლებელი ახლის შენება. 

 

დიახ, სიბრძნე იფრქვევა იოსებას პირიდან - არეული, დაუწმინდავი, გაუწაფავი ენით ნათქვამი სიბრძნე.   ხალხურია ეს სიბრძნე ხალხის გულიდან წამოსული.  საუკუნეებს გამოვლილი. ტრადიციებით გამობრძმედილი. ხვდება თეიმურაზი, რომ ბრძენია ხალხი. თუმცა უკვირს კიდეც , რომ მას - მეცნიერს, განსწავლულ ადამიანს, ვერაფრით ვერ მიუგნია იმ ჭეშმარიტებისთვის, რომელიც ასეთი მარტივი საპოვნელი ყოფილა თურმე!

 

დანაშაულშიც თანამონაწილენი ვყოფილვართ თურმე. ჩვენი გულგრილობა, ჩვენი დაუდევრობა ყოფილა ჩვენი უბედურების მიზეზი.  ნიადაგ ფიქრი იმისა, რომ ტოლერანტი ერი ვართ, რომ მთავარია, რას იფიქრებს სხვა. მაგრამ დრო მოსულა უკვე -გამოფხიზლების  დრო.  ახალი ნერგი უნდა ჩაიყაროს, ახალ ურთიერთობებს დაედოს საფუძველი. ეს ყველაფერი თანამიმდევრულად უნდა მოხდეს. დროა პასუხი გაეცეს კითხვებს: ვის  რატომ, რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. როგორ მოხდა, რომ საუკუნეების მანძილზე ძმურად მცხოვრები ორი ერი უეცრად მოსისხლე მტერი შეიქმნა?

 

რომანის კითხვისას ისეთი განცდა გიჩნდება, თითქოს ეს ამბები მანამდეც წაგიკითხავს და მოგისმენია - უსმენ იოსებას და თეიმურაზს და ფიქრობ: ღმერთო ჩემო, მსგავსი ამბავი ხომ ერთხელ ჭაბუამ მოგვითხრო მიწაზე მოსულ ღმერთკაცზე. თავისი ჯიშის უნიკალურობით მოწამლული მოარული მემატიანის  ვნებათაღელვანი ხომ გრიგოლ რობაქიძემაც აღწერა, მკვდარი რომ უდანაშაულოა და პატივით უნდა მოვეპყროთ, ხომ გვითხრა უკვე აკაკიმ. ცუდი კაცის საფლავზე ბალახი არ ამოდისო, ხომ ჩამოგვძახა მთებიდან ვაჟამ, თან იქვე ისიც დაამატა, ადამიანი და ბუნება ერთი მთელის განუყოფელი ნაწილია, ცოცხალ და არაცოცხალ საგნებში თანაბრადაა  განსხეულებული ღმერთიო.

 

მაშ, რაშია საქმე? 

 

საქმე იმაშია, რომ ეს მთავარი გმირი იოსებაა "მოწამლული" კლასიკური ქართული ლიტერქტურით, ეს მისი მსოფლმხედველობაა დაფუძნებული ქართველი კლასიკოსების იდეებზე და იდეალებზე.  მას გაურანდავად მოაქვს სათქმელი მკითხველამდე,  ამიტომ იწვევს მისი მსჯელობანი თეიმურაზის შემწყნარებლურ ღიმილს.

 

თუმცა ასეთ თეიმურაზსაც ხომ ვიცნობთ უკვე - ხომ გაგვითელა ერთხელ ასეთი თეიმურაზი ჯაყომ. საქმეც ისაა, რომ ვიცნობთ და არც ვიცნობთ. ეს თითქოს ის თეიმურაზია, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვაა - ღირსებით სავსე, ფესვმაგარი, გონიერი  -  მას შესწევს ძალა შეებრძოლოს სიყალბეს და ღალატს, განაჩენი გამოუტანოს ორგულობას,  გაასამართლოს ცოდვა და გაანადგუროს  ისინი. ამ თეიმურაზს იმისი ძალაც შესწევს თავის სულში ატაროს სასჯელი და განაჩენი, სიკვდილის გარეშე ამაღლდეს სიკვდილზე და განწმენდილმა და ამაღლებულმა ახალ, ძლიერ, უკვდავ საქართველოს ჩაუყაროს საძირკველი...

 

მწერლის ენა მარტივია და ადვილად გასაგები, თხრობა დინამიური, სიუჟეტი მკაფიო. ნაწარმოების გმირები ღრმა ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. ავტორი გვაოცებს გმირების სულიერი სამყაროს სიღრმით, მათი მსოფლმხედველობით. თითოეული მათგანი ჩამოყალიბებული პიროვნებაა - ფაქიზი  აზროვნებით და  მტკიცე ხასიათით.

 

ნიშანდობლივია, რომ ნაწარმოებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ტრადიციების თემას. ავტორის აზრით, ტრადიცია, რომელიც მრავალ საუკუნეშია გამოვლილი და რწმენისა და ზნეობის ყალიბში გამობრძმედილი, ქართული ჯიშის გადარჩენის მთავარი საშუალებაა! 

 

აინტერესოა ავტორის რელიგიური სამყაროც. აქ ღმერთი არ არის უცხო, მიუწვდომელი არსება, ამიტომ ადამიანებთან დასაახლოებლად მას უცხო შუამავალი არ სჭირდება. ავტორის აზრით, უფალი თვითოეული ჩვენგანის გულში ცოცხლობს. საკმარისია გულში ჩავიხედოთ, გულის ხმას მოვუსმინოთ და უფალს ვიპოვით. ნაწარმოებში  ჰუმანიზმი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ავტორი ფიქრობს, რომ მხოლოდ მიტევებაშია ხსნა. 

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ზოგჯერ ამბავი ცდება ცნობიერების საზღვარს და არაცნობიერში იწყებს მოგზაურობას, მაგრამ აქ ხომ არაფერი არ არის ახალი. არაცნობიერი სამყარო ხომ ასეთი მახლობელია ქართული რეალობისთვის. ჩვენ ხომ ოდითგანვე ვუხდით ხარკს საკრალურ ნიშნებს. ვაღმერთებთ ზებუნებრივს. 

 

ვფიქრობ, "საყდრის ჩიტები"  როგორც ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუში შედგა და იგი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში!

 

და ბოლოს, ქალბატონ ზეინაბს შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, იგი უახლოეს მომავალშიც გაგვანებივრებს თავისი არაორდინარული შემოქმედებით. 

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ლექსების ავტორია, მაინც გამორჩეულ თანამედროვე პროზაიკოსად მესახება. წაიკითხეთ მისი რომანი

 თავად დარწმუნდებით

 

თამარ სვანიძე 

ლიტერატორი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: