Iverioni
«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2018 (8)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
19-07-2018, 14:27
ნანახია: 774

რას

საზოგადოება მოუთმენლად ელოდება,  ვის დაასახელებს მმართველი პარტია და მისი ერთპიროვნული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად.

 

ზოგიერთები ხმამაღლა მსჯელობდნენ იმაზე, რომ თავად ივანიშვილი აიღებდა საკუთარ თავზე პრეზიდენტის ტვირთს და ამით პასუხისმგებლობასაც ოფიციალურად გაიფორმებდა, რადგან, მმართველი პარტიის ლიდერობა  კომპარტიის  ლიდერისგან განსხვავებით, დღეს უკვე არ ნიშნავს, პასუხისმგებლობის აღებას სახელმწიფოს მართვაზე.

 

 ეს რომ ნამდვილად ასეა, "ძველი" ახალი მთავრობის ფორმირებამაც დაადასტურა, როცა  მთავრობის წევრებად  უღიმღამო, საზოგადოებისთვის მოულოდნელი ფიგურები მოგვევლინენ!

  

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ჩემი მიზანი,  ძველი  "ახალი" მთავრობის განქიქება არ არის, მოკლედ ჩამოვყალიბდები: იქ, სადაც მთავრობის მეთაურად მამუკა ბახტაძე მოგვევლინა და ძველი ოდიოზური (ზოგიც მორალურად გაკოტრებული) მინისტრები ისევ "ცვეტში" არიან, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება სამი ახალი მინისტრი. საქმე ისაა, რომ მთავრობის პოლიტიკა არ იცვლება და იგი ისეთივე ინერციით გააგრძელებს საქმიანობას, როგორც აქამდე იყო. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრებიც ისე გარბიან სარბიელიდან, საზოგადოებამ არ იცის, რა  დამსახურებით მოგვევლინენ ისინი  მთავრობის მეთაურებად, ან რატომ უჩინარდებიან  პოლიტიკურ მოუსავლეთში.

 

ჯერჯერობით ვერაფერს  ვიტყვით ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური კარიერა ფაქტიურად დასრულებულია.

 

თუმცა, დამსახურებულ ""პენსიაზე" გასვლა არ ნიშნავს, რომ მათ საკუთარი ვალდებულება პირნათლად შეასრულეს. თუ კულუარულ ინფორმაციებს არ მივიღებთ მხედველობაში, საზოგადოებამ ბოლომდე არ იცის, რა ზიანი, ან რა სარგებლობა  მოუტანეს მათ ქვეყანას. ჩვენ არ ვითხოვთ - ხელისუფლება კი თავს ვალდებულად   არ თვლის ამ თვალსაზრისით საზოგადოების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს.

  

მოდით, აქ დავსვათ წერტილი და დავუბრუნდეთ მთავარ თემას: ვინ შეიძლება იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი მმართველი პარტიიდან და საერთოდ, აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი?!

  

ალბათ მართებული იქნება, პასუხის გაცემა მეორე კითხვიდან დავიწყოთ: აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ვინ იქნება  მომავალი პრეზიდენტი?!

 

რა თქმა უნდა, არა! იმდენად დაკნინებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი, საპარლამენტო (კონსტიტუციური) უმრავლესობის პირობებში. ვინც უნდა დაჯდეს პრეზიდენტის ტახტზე, ერთი კაცის (სახელს და გვარს ალბათ არ შემეკითხებით),  ფორმალურად კი, საპარლამენტო უმრავლესობის მძევალი იქნება ან, მარველაშვილივით სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს და აიწონა-დაიწონას  პრინციპით გადააგორებს საპრეზიდენტო ვადას...

 

მე ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად მმართველი პარტიის კანდიდატი იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ივანიშვილმა ტაქტიკა შეცვალოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს და ამას დემოკრატიის ზეიმი დაარქვას! 

 

ამ ორიოდე კვირის წინ სოციალურ ქსელში ვწერდი:  კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ლადო ჭანტურიას თუ დაასახელებს-მეთქი.. ამ შემთხვევაში ბ-ნ ლადოს საერთაშორისო აღიარებას ვუსვამდი ხაზს, რომელიც პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს იმიჯს გაამყარებდა, თორემ, დღევანდელი შეკვეცილი უფლებების და პოლიტიკური რეალობის პირობებში, ვერც ლადო ჭანტურიას ავტორიტეტი და გამოცდილება უშველის საქმეს!

 

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ საქართველო კოლექტიური მმართველობის ქვეყანა არ არის. ისიც, რომ მართვის ე.წ. დემოკრატიული სისტემა მიუღებელია ქართული მენტალობისთვის. ამაში ლომის წილი დღემდე არსებული ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხია - როცა ყველა პასუხისმგებელია და არავინ  აგებს პასუხს, როცა ყველა დამნაშავეა და არავინ  გრძნობს თავს დამნაშავედ.

 

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე ფორმალურად ყველაფერზე იღებდა პასუხისმგებლობას, ეს ტვირთი საკუთარ თავზე არასოდეს აუღია. რაც შეეხება სააკაშვილს, რომლის ხელშიც თავი მოიყარა აბსოლუტურმა ძალაუფლებამ (რამაც საბოლოოდ ხელისუფლების უზურპაცია გამოიწვია), ისე წავიდა ხელისუფლებიდან, არანაირი პასუხისმგებლობა არ უგრძვნია საკუთარ და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. საქართველოდან გაქცეული სააკაშვილის დაუსწრებლად გასამართლება კი  საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა და მხოლოდ უკან მიყოლებული ლამპარია!

  

საქართველოში პასუხისმგებლობის ხარისხი რომ დაბალზე დაბალია, ეს "ნაციონალური მოძრაობის" კუნტრუშიდანაც ჩანს - ყოფილი მმართველი პარტია, რომლის სინდისზეც უამრავი გამწარებული ოჯახი და ათასობით უდანაშაულოდ დასჯილი  ადამიანები არიან, რომლის არაადამიანურ მეთოდებზე ლეგენდები  დადის საქართველოში, თავს დღესაც კომფორტულად გრძნობს და ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრება!

 

თუმცა ის, რომ სააკაშვილმა მაქსიმალური ძალაუფლება  ჩაიგდო ხელში და ბოროტად გამოიყენა, არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავაკნინოთ და ბუტაფორიად ვაქციოთ...

 

ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ სტატიაში "რატომ მეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის?!"  გარკვევით ვწერდი, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში, (მითუმეტეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე), არ შეიძლება აბსოლუტური ძალაუფლება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების ხელში იყოს თავმოყრილი. მითუმეტეს, არ შეიძლება, როცა პრეზიდენტის ინსტიტუტი მხოლოდ სიმბოლურ ფუნქციას ასრულებს და მას არანაირი ბერკეტი არ აქვს დააბალანსოს სახელისუფლებო შტოები, არ შეიძლება, როცა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების  ჩანასახიც არ არის და ოფიციალური ოპონენტის როლს მხოლოდ დანაშაულებრივი პოლიტიკური დაჯგუფება ასრულებს.

 

აქედან გამომდინარე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი - ვინც არ უნდა იყოს, თუ სახელმწიფო მართვის არსებული  პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა, იგი ფასადის გალამაზების , ანუ ბუტაფორიის ფუნქციას შეასრულებს და მარგველაშვილის არ იყოს,  მხოლოდ ფორმალური ვეტოებით თუ დაგვამახსოვრებს თავს.

სასაცილოდ მეჩვენება "ნაცებისა" და ბოლომდე გაკოტრებული 9 პოლიტიკური პარტიის მხრიდან გრიგოლ ვაშაძის პომპეზურად წარდგინება პრეზიდენტობის კანდიდატად ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჯერ ერთი, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ის ისე გახდება პრეზიდენტი, როგორც მე ჩინეთის მომავალი იმპერატორი.

 

მეორეც, საზოგადოება ვერ ხვდება, რომ ასეთ სისულელეზე დროს და ენერგიას არ უნდა ხარჯავდეს. 

ასევე უვიცობა მგონია თაკო ჩარკვიანისა და პაატა ბურჭულაძის აგრსიულ თუ ცინიკურ ფორმაში, სხვადასხვა კონტექსტში მოხსენიებაც

 

სხვათა შორის, ამ ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენებაზე.ბევრი იქამდეც მივიდა, რომ მას მესიის მისიასაც აკისრებს - დასავლეთთან ჩახუტების" და რუსეთთან ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევის  ერთადერთ პერსონად მოიაზრებს და ბიძინა ივანიშვილს ურჩევს: დაასახელოს ან მხარი დაუჭიროს, როგორც დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს.

 

მიუხედავად ქ-ნ სალომესადმი ჯანსაღი პიროვნული ურთიერთობისა, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ მისი მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად  დასახელება, ან თუნდაც ღია მახრდაჭერა კიდევ ერთი შეცდომა იქნება - მთავარი ფაქტორი სწორედ რუსეთისადმი მისი ხისტი დამოკიდებულებაა, რომლის მიღმა სხვა ინტერესები იმალება. არც იმას გამოვრიცხავ, ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი გავიდეს კონტროლიდან (დამოუკიდებელი სააგრეო პოლიტიკა წამოიწყოს) და ივანიშვილის თავის ტკივილადაც იქცეს! ამჯერად უფრო შორს არ წავალ.

 

რეზიუმე: ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით,  პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ვინ  დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინც არ უნდა იყოს, ის ვერ გახდება წონადი ფიგურა, რომელიც არსებული პოლიტიკური სისტემის პირობებში საშინაო პოლიტიკაში  სერიოზულ გარდატეხას შეიტანს.

  

დიახ, მომავალი პრეზიდენტი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების  (შეკვეცილი უფლებების) გამო ვერ დააბალანსებს  სახელისუფლებო შტოებს და საპარლამენტო უმრავლესობის გაძლიერებული მადის  მოთოკვას ვერ შეძლებს!

აქედან გამომდინარე, სასურველია  მომავალი პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე წონად ფიგურად მაინც წარმოჩინდეს. ამ თვალსაზრისით, ყველაზე რეალური ლადო ჭანტურიას კანდიდატურაა, თუ რა თქმა უნდა, პირადად მას ამის სურვილი ექნება.

 

ჩვენი, საზოგადოების ძალისხმევა კი უნდა მივმართოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისკენ და ყველანაირად შევუწყოთ ხელი, თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური დაჯგუფების ფორმირებას. რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალ რეალობას და ქართული მენტალობისთვის მიუღებელ კოლექტიურ მმართველობას საზოგადოების კონტროლს დაქვემდებარებული, მაღალი პასუხისმგებლობითა და ფუნქციებით შეიარაღებული პრეზიდენტის ინსტიტუტით ჩაანაცვლებს.

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი