ყულფში თავგაყოფილი ინტელიგენცია!

ყულფში თავგაყოფილი ინტელიგენცია!

 გუშინ ჩემმა მეგობარმა (სხვათაშორის, ჯანსაღად მოაზროვნე პროფესორმა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობის გამო საკუთარ პოზიციებს ღიად ვერ აფიქსირებს) ნიშნისმოგებით მკითხა:რატომ დუმს ქართული ინტელიგენცია, რატომ აქვთ პირში წყალი ჩაგუბებული ქართველ მწერლებსა და პოეტებს-, რატომ არ იღებენ ისინი ხმას, ქვეყანა რომ იღუპებაო!

 

ეტყობა , ასეთი ემოციები "ივერიონში" გამოქვეყნებულმა ჩემმა გუშინდელმა სტატიამ: "რატომ დუმს საპატრიარქო და როდის დავარისხოთ დედოზარები?"აღუძრა.

ვერაფრით ვანუგეშე...

 

მსგავსი პრეტენზიები ქართული ინტელიგენციის მისამართით მრავალგზის მომისმენია.ვფიქრობ, ამაზე არგუმენტირებული პასუხი ჩემსავე სტატიაში "როგორ მოისყიდა ივანიშვილმა ქართული ინტელიგენცია " გავეცი, რომელიც პუბლიცისტურ კრებულშიც "სამართებლის პირზე" შევიტანე.

 

ართული ინტელიგენციის დიდ ნაწილზე განსაკუთრებული წარმოდგენის არც ადრე ვყოფილვარ, მაგრამ, რა პოზიციაც მათ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიკავეს(პირში წყალი ჩაიგუბეს), საერთოდ ყოველგვარი სიმპათიები გამიქრა.

 

სხვათაშორის, არც მაშინ გამჩენია პროტესტის გრძნობა, როცა მიხეილ სააკაშვილმა ინტელიგენციის ელიტარული ნაწილი ჩარეცხილად გამოაცხადა.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ, იგი თავისი ინერტულობით თვითონვე უწყობდა ხელს ასეთი განაჩენი გამოეტანა სააკაშვილის რეჟიმს.მეტიც, იგი აღტკინებით შეხვდა კიდეც ვარდების რევოლუციას და სააკაშვილში ახალი მესია დაინახა!

 

ახლა არ დავიწყებ იმის განმარტებას, თუ რას ნიშნავს კლასიკური გაგებით ცნება "ინტელიგენცია", მაგრამ, მარტივად ვიტყვი-ის ერის გონიერი ნაწილია, რომელიც სულიერ საზრდოს აძლევს საზოგადოებას და ვალდებულია სახელმწიფოს პულსზე ეჭიროს ხელი...

 

როგორც წესი, ქართული ინტელიგენცია არასდროს ყოფილა ბარიკადების(რევოლუციების) მოთავე, მაგრამ, მისი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულია გზამკვლევის ფუნქცია იტვირთოს და ხალხს თეთრისა და შავის გარჩევაში დაეხმაროს.

 

რას აკეთებს თანამედროვე ქართული ინტრელიგენცია? დღეს იგი ჩირგვშია დამალული(რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება-აქ უფრო ივანიშვილის ფულით გაბრუებული და პირში წყალჩაგუბებული ნაწილი იგულისხმება)და თავის "პატრონს" ცივ ნიავს არ აკარებს!

 

ვიქნები ობიექტური და ვიტყვი:ქართული გაგებით, ისინი სწორადაც იქცევიან, რადგან, სიკეთეს უმადურობით ( ივანიშვილის ხელისუფლების ოპონირებას და რეალობის ობიექტურად შეფასებას ვგულისხმობ)არ პასუხობენ, მაგრამ, სახელმწიფოს გადასახედიდან კურდღლებივით ბუჩქებში იმალებიან და იობის სიმშვიდით ელოდებიან, როდის დაგვემხობა თავზე ქვეყანა!

 

დასკვნა მარტივია:ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დამსახურებულ "პენსიაზეა " გასული და მას არც ქართული მიწების მასობრივად უცხოელებზე გასხვისება ადარდებს და არც თანამოქალაქეებისგან დაცლილი საქართველო, რომლის მთავარი მიზეზი სწორედ ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილის ყველაფრისადმი შემგუებლური დამოკიდებულებაა- დიახ, ვინც ხელისუფლების არაქართული, ანტიეროვნული პოზიცია უნდა ამხილოს, არ ამხელს, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას უნდა ახდენდეს,ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებს!

 

რაც შეეხება შემოქმედებით ინტელიგენციას, საკუთრივ, ქართულ მწერლობას, მას საღათას ძილით სძინავს და საკუთარი უსუსურობით ტკბება-თანამედროვე ქართული ლიტერატურა არათუ ასრულებს ერის მაცოცხლებელ სულიერ მისიას, არამედ, სრულ ნირვანაშია და თავისი ნაცოდვილარით ყელყელაობს!

 

სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია- თანამედროვე ქართული ლიტერატურა მეოცე საუკუნის ლიტერატურის ჩრდილიც არ არის(ეს თანაბრად ეხება როგორც პროზას , ისე პოეზიას)-მათ ნაცოდვილარში არც პატრიოტული მუხტი იგრძნობა და არც ზოგადსაკაცობრიო იდეებით გვაოცებს-იგი მხოლოდ ხარკს უხდის ეპოქას და მის შესატყვისად "გვანებივრებს"....რომ არაფერი ვთქვათ სულიერებისგან დაცლილ შემოქმედებაზე, თანამედროვე პროზა და პოეზია(განსაკუთრებით , პოეზია)პლაგიატიზმის ჩინებული ნიმუშია.ეტყობა, ტექნიკურმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაამარტივა ლიტერატურისადმი დამოკიდებულება და ვისაც არ ეზარება, ხელში კალამი (უკაცრავად, კლავიშები)ააღებინა.შედეგი არამარტო დამაფიქრებელია!

 

თუმცა, ერთია ლიტერატურული დონე და მეორეა საკუთარი მისიის უგულებელყოფა-დღეს ქართველ მწერალთა "ლაშქარს" არათუ საქართველოს პულსზე უჭირავს ხელი და ერის სულიერად გამდიდრების ფუნქციას ასრულებს, არამედ, "ფერად-ფერადი" პრეზენტაციებით ერთობა და საკუთარ უსუსურობას გულისამრევი შოუებით ფუთავს

!არიან გამონაკლისებიც, მაგრამ, ისინი სასურველ ფონს ვერ ქმნიან, მითუმეტეს, მათი მხრიდანაც ქართველი მწერლის ტრადიციული ომახიანი ხმა არ ისმის!

 

სამწუხაროდ, მოიკოჭლებს ქართული პუბლიცისტიკაც-იშვიათად წაიკითხავ ანალიტიკურ (პროფესიონალურ) შეფასებებს ერის უმწვავეს პრობლემებზე.ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ თვალსაზრისით გამორჩეულ პუბლიკაციებსაც ობიექტურობა(რეალობის ობიექტურად შეფასება)და გამბედაობა აკლია...

 

ასე, რომ, კითხვაზე: სად არის დღევანდელი ინტელიგენციის მნიშვნელოვანი ნაწილი და რას აკეთებს ქართული მწერლობა, პასუხი ლაკონურია: ზოგადად , ინტელიგენცია დაჩმორებულია, ქართული მწერლობა კი მომწერლო-მოპოეტო ელემენტებს ითვლის და სრულ ნირვანაშია!

 

P.S.მახსენდება სტენლი კრამერის ფილმი "დალოცეთ ბავშვები და ცხოველები"სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხოცავენ მილიონერები უმოწყალოდ რეზერვაციაში 

გამომწყვდეულ ბიზონებს და ამავე დროს მათი შვილები როგორ ათავისუფლებენ ცხოველებს. .ბიზონები კი იმდენად არიან შეგუებული თავიანთ მდგომარეობას, რომ ნაბიჯის წინ გადადგმასაც ვერ ახერხებენ.სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ქართული ინტელიგენციის უმეტესობა დღეს!

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: