გოჩა ძასოხოვი: მიტევებას და მონანიებას, შერიგებას და ერთიანი მომავლის აშენებას, ალტერნატივა არ გააჩნია!

გოჩა ძასოხოვი: მიტევებას და მონანიებას, შერიგებას და ერთიანი მომავლის აშენებას, ალტერნატივა არ გააჩნია!

ნამდვილი ოსისა და ნამდვილი ქართველის გადაძახილი.

 

2011 წელს დიდმა ქართველმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა მიმართა ოს ხალხს „ძმებო ოსებო“! გულიდან წამოსულმა ამ მიმართვამ დიდი გამოძახილი ჰპოვა ქართველებისა და ოსების გულებში.

 

ძმებო, ოსებო!

 

მეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასდროს ააგლეჯენ გულიდან თქვენს სიყვარულსა და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია. უცოდველი ღმერთია მხოლოდ!

 

სამი შვილთაშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე  ვუნერგავ თქვენდამი ძმობას!

 

– დიახ, ალანი ვარ და ის ქართველი, ვისაც ძარღვში დედოფალ ბორდუხანის სისხლი დამიდის, ვინც ამაყია დავით სოსლანით!

 

ჩვენ ყველანი, დიდი კაცების, სიტყვის კაცების შთამომავლები ვართ, ამიტომაც დავდოთ ალალი სიტყვა და ვუერთგულოთ ბოლომდე ჩვენსავე ნათქვამს!

 

გილოცავთ ამ დღეებს! ცრემლი მდის და გულწრფელი ვარ მე ამ ცრემლებში! სხვა რომ არაფერი ვთქვა, ღარიბი იქნებოდა მსოფლიო კულტურა, „სიმდის“ გარეშე! ამ ცეკვის პატრონი ერი დახვეწილია და კეთილშობილი!

 

მე დამანგრია და დამღალა ამ ამღვრეულმა დრომ.  თუ უფალი წამიყვანს, ერთი სანთელი თქვენც ამინთეთ, რამეთუ გულით მიყვარხართ და იმედი მაქვს, ერთად ვიქნებით!“

 

ალბათ განგების ნება იყო, რომ წელს, დიდგორობას, დიდგორზე, „ქართული ერთობის დარბაზის“ დიდმა დელეგაციამ მიიღო ოსი კაცის, საქართველოს ღირსეული  შვილის, გოჩა ძასოხოვის წერილი:

 

 

“მიტევებას და მონანიებას, შერიგებას და ერთიანი მომავლის აშენებას,

ალტერნატივა არ გააჩნია!”

 

მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, ვის ძარღვებშიც იმ 500 ალანის  სისხლი ჩქეფს, რომლებიც დიდგორის ველზე დიდი დავით აღმაშენებლის გვერდით იდგნენ და უმრავლესობამ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი…

 

რომ გადავხედოთ ჩვენი, ამ ორი ერის ისტორიას, ქართველები და ოსები მყავს მხედველობაში, სიყვარული და ძმობა ჭეშმარიტად მეტი საპირწონეა, ვინემ წყენა და სინანული!ქართული სახელმწიფოს საძირკველშია ოსური სისხლი და ჩვენი დიდი წინაპრების ძვლები…. ასევე ვერ წარმომიდგენია ოსი ხალხის მომავალი,  ქართული სულისა და კულტურის გარეშე….

 

ქედს ვიხრი ჩვენი დიდი წინაპრების ხსოვნისა და საფლავების წინაშე, იმ წინაპრებისა, რომლებმაც ანდერძის სახით დაგვიტოვეს ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა.  მიუხედავად დიდი ტკივილისა, დაღვრილი სისხლისა,  მიტევებასა და მონანიებას,  შერიგებასა და ერთიანი მომავლის აშენებას ალტერნატივა არ გააჩნია!!!

 

მკერდმოჭრილი ამორძალია ჩემი საქართველო აფხაზებისა და ოსების გარეშე! დღეს უნდა ვუთხრათ სასტიკი  “არა”  პოლიტიკურ ფარიკაობას და მივეფეროთ ერთმანეთის სიყვარულში აფეთქებულ “სიმდსა” და “დაისს”! კიდევ ვიმეორებ, მე ოსი ვარ და ამავდროულად, ბედკრული საქართველოს შვილი და სანამ პირში სული მიდგას, ჩემი ხუთი შვილით მეგობრებისა და თანამოაზრეების დიდი არმიით, ჩვენი დიდი შერიგებისა და თანაცხოვრებისთვის ვიბრძოლებ!

 

თქვენც ამასვე მოგიწოდებთ ჩემო ქართველო და ოსო ძმებო და დებო!

 

მერწმუნეთ, სიკეთის და სიყვარულის გზა ღმერთისგან კურთხეულია… უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”

 

გოჩა ძასოხოვის  ეს მიმართვა ადასტურებს, რომ ქართველ და ოს ხალხს არაფერი აქვთ ერთმანეთთან გასაყოფი.  დიახ, ქართველები და ოსები, ალბათ, მალე მივალთ იმ დასკვნამდე, რომ კავკასიაში  სიმშვიდის საწინდარი,  სწორედ ქართველთა და ოსთა მეგობრობაშია და რომ ურთიერთშენდობა არის დიდი შერიგებისკენ მიმავალი გზა!

 

ჩვენ, ყველამ  ერთად უნდა გამოვტაცოთ ქართველი და ოსი კაცის განწყობა  უზნეო პოლიტიკოსებს, ვინც სკამისთვის ბრძოლას გადააყოლა ქართველ და ოს ხალხთა ინტერესები!

 

ნიშანდობლივია, რომ ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსი, სერგეი შამბა არსებული რეალობის გაცნობიერებამ  მიიყვანა ამ განცხადებამდე: “საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ”,  რაც დასტურია იმისა, რომ წლებმა, მძიმე გამოცდილებამ აფხაზთა შორისაც განამტკიცა აზრი: ჭეშმარიტად, ქართველ,  ოს და აფხაზ ხალხს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი!  

 

ძალიან ბევრს ნიშნავს და  ნიშანსვეტივით ჩანს მსოფლიოში ცნობილი დირიჟორის, ვალერი გერგიევის გამონათქვამი ვლადიკავკაზში, მისი მამის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე: “ვინც ჩვენში ფიქრობს, რომ ქართველებთან დიდი ურთიერთობის და ძმობის აღდგენის გარეშე გვაქვს მომავალი, 21-ე საუკუნეში არ ცხოვრობს!” 

 

დიდი მაესტრო მიიჩნევს, რომ  კავკასიაში მშვიდობის, ქართველთა და ოსთა დიდი ძმობის, აქ მცხოვრები ყველა ერის მომავალი,  მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და  რომ მშვიდობა კავკასიაში მთელი მსოფლიოს საზრუნავი უნდა გახდეს!

 

„ქართული ერთობის დარბაზი“

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: