Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (6)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
19-12-2018, 10:16
ნანახია: 359

რა დაგვპირდა ახალმა პრეზიდენტმა და რატომ დავრჩებით იმედგაცრუებულნი?!

საქართველოს ახალი პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შეფასებებში ძირითადად ემოციური ფონი სჭარბობდა, ემოცია კი მოვლენის ობიექტურად შეფასების საშუალებას არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ვეცდები ვიყო ობიექტური და მეტ-ნაკლებად მოზომილიც.

 

შეიძლება ყველაფერი აკრიტიკო, თუ თავს ამის უფლებას მისცემ, მაგრამ, ამ შემთხვევაში კრიტიკული განწყობა განზე უნდა გადავდო და მხოლოდ კეთილი რეკომენდაციებითა და შეფასებებით შემოვიფარგლო.

 

საკამათო არ არის, რომ ინაუგურაცია საკმაოდ მოკრძალებული და კარგად ორგანიზებული იყო. ერთი შეხედვით, საკმაოდ მიზანმიმართული და შთამბეჭდავი იყო ახლად არჩეული პრეზიდენტის სიტყვაც. მნიშვნელობა არა აქვს, მან დაწერა ის თუ სხვა ვიღაცამ უკარნახა! ყოველ შემთხვევაში, მისი მიმართვის  ტექსტი იყო მოზომილი, ამასთან, სახელმწიფოს ახლადარჩეული უუფლებო მეთაურისგან გაგზავნილი მესიჯი საქართველოს მოსახლეობისა და მსოფლიოსადმი.

 

დიახ, გარეგნულად ყველაფერი თავის ადგილზე იყო - პრეზიდენტის ჩაცმულობით დაწყებული და ინაუგურაციის პერიპეტიებით დამთავრებული. კიდევ ვიმეორებ: საკმაოდ შთამბეჭდავი იყო პრეზიდენტის სიტყვაც, რომელმაც მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების აღაფრთოვანებაც კი გამოიწვია. არც მე დავრჩენილვარ გულგრილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული გზავნილების მიმართ, თუმცა, დადებითი ემოციებისგან დაცლილს მაინც ობიექტურად შეფასების სურვილი გამიჩნდა.

 

პირველი და უმთავრესი: ასეთი გზავნილები პრეზიდენტობის კანდიდატს წინასაარჩევნო ბატალიების დროს რომ გაეგზავნა ამომრჩევლისთვის, დარწმუნებული ვარ, შეურაცხყოფების ნიაღვარს თავიდან აიცილებდა და პირველივე ტურშიც გაიმარჯვებდა (ნუ შემეკამათებით, როგორ)!

 

მეორეც, მისი საინაუგურაციო სიტყვა უმთავრესად აგებული იყო ემოციებზე, რადგან, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, ახლადარჩეულ პრეზიდენტს არა აქვს ის უფლებები, რომელიც (რომც მოინდომოს), საკუთარ საინაუგურაციო სიტყვაში ჩამოყალიბებულ ინიციატივებს აღასრულებინებს!

 

არ მინდა კრიტიკაში ჩამეთვალოს, მაგრამ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ყველაზე მეტად ჯეროვნად ვერ შეაფასა რუსეთის როლი ოკუპირებული ტერიტორიებისადმი დამოკიდებულებაში - მას ერთხელაც არ დასცდენია, რომ აუცილებელია იმპერიული სულისკვეთების რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, ურომლისოდაც საქართველოს გამთლიანება-გაერთიანება წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ანტიუსული ისტერია აპოგეას აღწევს, ამის უარყოფა რბილად რომ ვთქვათ, სიბეცე იქნება!

 

ვეთანხმები ქალბატონ სალომეს, რომ ეროვნული თანხმობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არაფერი უთქვამს, თუ როგორ მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას გაქანებული კოჰაბიტაციის პირობებში, როცა დესტრუქციული ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით მუდმივი მოჩვენებითი ქაოსისა და აგრესიის (დესტაბილიზაციის) რეჟიმში ამყოფებს ქვეყანას, ხოლო, ხელისუფლება, ჯერჯერობით, მხოლოდ „მოთმინების“ ვალდებულებით იფარგლება?!

 

ვინაიდან და რადგანაც, ქალბატონი სალომე საქართველოს რიგით მეხუთე - პირველი ქალი პრეზიდენტია, არ შევუდგები იმის განხილვას, თუ რა პირობებში გაპრეზიდენტდა იგი, მაგრამ, რაც არ უნდა მოკრძალებული მადლობით შემოიფარგლოს „ქართული ოცნების“ მიმართ და ხელისუფლების  მხარდაჭერა „დემოკრატიული ნაბიჯის“ გადადგმად შეფუთოს, იგი ადამიანურად მაინც დავალებულია დღევანდელი ხელისუფლებისგან, თუნდაც ფორმალური მხარდაჭერის გამო - სხვა ფაქტია, როგორ გააპრეზიდენტა ხალხმა ქალბატონი სალომე „ნაციონალების“ ჯიბრზე!

 

„მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი - მე დავიცავ მოქალაქის უფლებებს და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი“ - რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვებია, მაგრამ, არარეალური - დღევანდელი პრეზიდენტი ვერა და ვერ იქნება კანონის უზენაესობის გარანტი, რადგან მისი კომპეტენცია საშინაო ურთიერთობებში ძალიან შეზღუდულია.

 

ქ-ნი სალომე საკუთარ მიმართვაში მოგვიწოდებს, რომ „ევროპული მომავალი“ უნდა გახდეს შეუქცევადი, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ და უვიზო რეჟიმმა ხელ-ფეხი გაგვიხსნა ევროპასთან ურთიერთობის გამარტივების თვალსაზრისით, თუმცა, არაფერი უთქვამს, თუ როგორ შეუწყო ხელი იგივე უვიზო რეჟიმმა საქართველოს ქართველებისგან დაცლას და ათეულ ათასობით მოქალაქის ლუკმა პურის საშოვნელად ევროპაში გადახვეწას.

 

ასევე, კარგია მოსასმენად ახლადარჩეული პრეზიდენტისგან „შეუფერხებელი სვლის“ გამართლება ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე ევროკავშირი ნამდვილად არ არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რისკენაც უნდა ილტვოდეს საქართველო, მითუმეტეს, თვით სტაჟიანი სახელმწიფოები კარგა ხანია უარს აცხადებენ ევროკავშირის ოჯახის წევრობაზე. მეტიც, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებად ასაღებენ და თავს გვახვევენ, ის აშკარად საფრთხეს უქმნის ქართულ იდენტობას!

 

რაც შეეხება ნატოსკენ სწრაფვას, კარგად გვესმის, რომ ნატო არ იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანობის გარანტი - მითუმეტეს, იგი ოკუპირებულ ტერიტორიებს ვერ დაგვიბრუნებს. ამდენად, ახლადარჩეული პრეზიდენტის ოპტიმიზმი ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში მხოლოდ ფასადის შელამაზების ფუნქციას ასრულებს...

 

მე შინაგანად არ ვარ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების წინააღმდეგი (მაგრამ, ვინ მიგიღებს), მაგრამ, როგორ უნდა შევიდეთ საკუთარი „ღირებულებებით, იდენტობითა და კულტურით“, როცა  იგივე ღირებულებებს, იდენტობასა და კულტურას ევრო-ამერიკიდან მიღებული ინსტრუქციებით თავად ვანადგურებთ?!

 

ვეთანხმები ქ-ნ პრეზიდენტს, რომ ქართულ ცივილიზაციას „თამამად შეუძლია დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიოში“, მაგრამ, როგორღა დაიმკვიდრებს, თუ უარს ვიტყვით ყოველგვარ ეროვნულზე, თვითმყოფადზე და ფსევდოღირებულებებს დავუთმობთ ასპარეზს???

 

მე არ ვაპირებ იმის განქიქებას, თვითონ დაწერა ქ-ნმა სალომემ საინაუგურაციო გამოსვლის ტექსტი, თუ ვინმე დაეხმარა, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი სიტყვები (ინიციატივები) უფრო საზოგადოების ემოციაზე იყო გათვლილი!

 

ჯერ ერთი, მას როგორც უფლებაშეკვეცილ პრეზიდენტს, არანაირი ბერკეტი არა აქვს არსებითი გარდატეხა შეიტანოს დღევანდელ რეალობაში (დავიჯერებდი, რომ სააკაშვილივით უზურპირებუილი ჰქონდეს მთელი სახელიწუფლებო ვერტიკალი), მეორეც, ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ახლადარჩეული პრეზიდენტის ტერიტორიული პრობლემებისადმი ასეთი „ლაითი“ დამოკიდებულება, მთლად მოსაწონი ვერ იქნება. მითუმეტეს, არასწორია, ამ სასიცოცხლო პრობლემის ევრო-ამერიკაზე აკიდება და იმის ცრუ მოლოდინი, რომ ევროკავშირი და ნატო დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს - ეს დღემდე არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება!

 

ისე, რამდენი ხანია ნატოს კარი სანახევროდ „ღიაა“ საქართველოსთვის, მაგრამ მეორე ნახევრის გაღება რომ ვერ ხერხდება, ესეც ფაქტია! რაც შეეხება ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ მანდ მიგვიღებენ იგი ან დაიშლება, როგორც მარგინალიზებული და გაკოტრებული საერთაშორისო სტრუქტურა, ან ე,წ, „ევროდავალებებით “ იმდენს გაგვაკეთებინებენ, ჩვენგან, საქართველო, როგორც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე სახელმწიფო, არ დარჩება!

 

ვეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ქვეყანას დამშვიდება და განვითარება სჭირდება, ვეთანხმები იმაშიც, რომ ჩვენ ამისთვის გვაქვს ადამიანური რესურსი და ეკონომიკური პოტენციალიც, გვყავს შესანიშნავი, ნიჭიერი თაობაც, ამასთან, უნდა დავრწმუნდეთ საკუთარ თავში და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზე, მაგრამ, ეს მხოლოდ ლამაზი (ლიტონი) სიტყვებია, რომლის უკან უფლებაშეკვეცილი (უუფლებო) პრეზიდენტი დგას!

 

ერთი სიტყვით, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ჭეშმარიტად ჰქონდა თავისებური ხიბლი, რაც უპირველესად არაპომპეზურობაში გამოიხატა. ამასთან, თუ არ ჩავთვლით მის მინიმუმამდე შეკვეცილ უფლებებს, არც საინაუგურაციო სიტყვა იყო ფორმალურად დასაწუნი, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: რაც არ უნდა მოინდომოს, მისი ცდა (განსაკუთრებით საშინაო ურთიერთობებში) კეთილ სურვილებს ვერ გაცდება - ვერც კანონის უზენაესობის გარანტი გახდება და ვერც კოჰაბიტაციას დაუსვამს წერტილს, თუნდაც ივანიშვილს გაუსხლტეს და დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს.

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი