ოქროა თუ არა საქართველოს ეკლესიის დუმილი?!

ოქროა თუ არა საქართველოს ეკლესიის დუმილი?!

 

დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, თუ რატომ არ უჭერს მხარს საქართველოს ეკლესია (იგულისხმება, საქართველოს საპატრიარქო და წმინდა სინოდი) სრულიად უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, რომელიც მსოფლიო პატრიარქის ერთპიროვნული ძალისხმევით განხორციელდა.

 

სხვათაშორის, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არც საქართველოს ხელისუფლებას გაუკეთებია.

 

მე არ მაქვს პრეტენზია არსებითად შევაფასო შექმნილი ვითარება და კატეგორიული ვერდიქტი გამოვიტანო, თუ რატომ დუმს საქართველოს ეკლესია და ოფიციალური ხელისუფლება, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია: ამ დუმილის მიღმა უფრო დიდი საშიშროება იმალება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია!!!

 

როგორც ტერიტორიული (სახელმწიფოებრივი), ასევე საეკლესიო დამოუკიდებლობა, ნებისმიერი ერის საუკეთესო მონაპოვარია, თუ რა თქმა უნდა, რეალურად მაღალია დამოუკიდებლობის ხარისხი, თუ იგი მოჩვენებით ხასიათს არ ატარებს და ხელს არ უწყობს ამა თუ იმ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დასუსტებას.

 

ის, რომ თანამედროვე პირობებში რელიგია მიბმულია პოლიტიკაზე და პირიქით, საკამათო არ არის. თუ ამ პრიზმიდან შევხედავთ, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ და უკრაინის „ამერიკანიზაციის“ შემდეგ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი ეკლესიის რუსული ეკლესიის გავლენის სფეროდან „გაქცევა“ _ სწორედ იმ ძალებმა, ვინც ადვილად მოახერხა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს რუსული ორბიტიდან გამოყვანა (რომელსაც ქვეყნის მარტივ-მამრავლებად დაშლა და გარკვეულ ტერიტორიებზე იურისდიქციის დაკარგვა მოჰყვა), ე.წ. დასავლური ულტრალიბერალიზმით დაბანგულმა საზოგადოებამ აქამდე ვერ გააცნობიერა, თუ რა „შავი ჭირი“ აიკიდა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ სახით და როგორი საშიშროების წინაშე დააყენა მრავალმილიონიანი, საბჭოთა კავშირის პირობებში ერთ დროს ანგარიშგასაწევი უკრაინა!

 

მოკლედ რომ ვთქვათ (როგორც ხდება ხოლმე), ამ შემთხვევაშიც ეკლესია პოლიტიკის მძევლად იქცა - არც თუ ძნელი წარმოსადგენია, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რა „ბედნიერებას“ მოუტანს რელიგიური დამოუკიდებლობა, ანუ ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება თავად უკრაინის მართლმადიდებელ საზოგადოებას და რა გავლენას მოახდენს იგი უკრაინის, როგორც სახელმწიფოს შემდგომ არსებობაზე!

 

თუ დავაკვირდებით, ქართველ კრიტიკოსებში, რომლებიც საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარებას საყვედურობენ, აშკარად გამოკვეთილი ლიბერალები (დასავლური და პროამერიკული განწყობის ინდივიდები) და მათ ხმას აყოლილები სჭარბობენ. მათი ბრალდების მახვილი მიმართულია საქართველოს ეკლესიის პრორუსულობაზე, რის გამოც (მათი აზრით), საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად ვერ აფიქსირებს უკრაინის ეკლესიისადმი მხარდაჭერას. ისინი განსაკუთრებით გაღიზიანებულნი არიან საქართველოს ეკლესიის ნეიტრალიტეტით და კატეგორიულად მოითხოვენ მისგან პოზიციის დაფიქსირებას.

 

ჩემთვის ნამდვილად ძნელია, ობიექტურად შევაფასო, თუ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტი, მაგრამ, იმის გაცნობიერება კი შემიძლია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით ჩვენ დარტყმის ქვეშ დავაყენებთ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ ჯერ კიდევ არსებულ სეპარატისტულ რეგიონებს, „ურჩობისთვის“ დამახასიათებელი ნეგატიური შედეგებით.

 

შეიძლება, საერო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები შევაფასოთ მწვავედ და კრიტიკულად და იგი ქვეყნის ინტერესების ღალატში ან სრულ უმოქმედობაში დავადანაშაულოთ, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს უსაყვედურო, თუ რატომ არ უჭერს მხარს ცალსახად უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, სრული აბსურდი მგონია.

 

ვაცალოთ ბატონებო - იქნებ ამ დუმილში იმალება სწორედ ის მოსალოდნელი საშიშროება, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ.

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: