Iverioni
«    მარტი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მარტი 2019 (8)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
18-02-2019, 16:05
ნანახია: 280

ქუჩა ჩვენი გადარჩენისა, ანუ, დროზე დავარისხოთ დედოზარი!

რამდენადაც ვიცი, მზადდება კანონპროექტი, რომელიც „ქუჩის გარჩევებისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

 

ზოგადად, უაზრო აკრძალვების მომხრე არ ვარ, რადგან, აკრძალვა არასდროს ყოფილა პრობლემის გადაჭრის უალტერნატივო საშუალება - აქსიომაა: თუ გვინდა საქმე გამოსწორდეს, მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და არა შედეგებს!

 

ამ შემთხვევაში ცოტა ლოიალური ვიქნები ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიმართ, რადგან, არასდროს მხიბლავდა ე.წ. „ქუჩის გარჩევები“, რომელიც ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდებოდა ხოლმე.

 

დიახ, ქუჩა არც ბავშვობაში მხიბლავდა და არც მოწიფულ ასაკში, სხვათაშორის, არც დღეს იწვევს ჩემში ე.წ. „ქუჩის აკადემია“ დიდ აღფრთოვანებას!

 

ისე არავინ გამიგოს, თითქოს, ეზოში თამაშს და თანატოლებთან დროის ტარებას გავურბოდი, მაგრამ არ მიყვარდა „ქუჩა“, როგორც ასეთი...

 

ასევე, ჩემთვის ყოველთვის ამოუხსნელი განტოლება იყო ე.წ. „ქუჩის აქციები“, რომელიც ხშირად უმანკო სისხლთან, ქაოსთან და ხელისუფლების ძალადობრივ ცვლასთან ასოცირდებოდა!

 

დიახ, ქუჩამ მოიტანა 9 აპრილი, რომელიც საქართველოს რუსეთის კლანჭებისგან განთავისუფლების ლოზუნგით დაიწყო და სისხლიანი ტრაგედიით დამთავრდა. სამწუხაროდ, დღემდე ვარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ 9 აპრილის აქციებმა დაანგრიეს საბჭოთა კავშირი. არადა, სინამდვილეში, სისტემა ისედაც დანგრეული იყო და სადაც ჯერ არს, საბჭოეთის ბედიც გადაწყვეტილი ჰქონდათ.

 

ქუჩის აქციებმა დაამხეს გამსახურდიას ხელისუფლებაც და ქვეყანა დაპირისპირებულ ჯგუფებად აქციეს (რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით...). არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო დამკვეთი და შემსრულებელი - ერთი რამ ფაქტია: სიგუა, კიტოვან-იოსელიანის ტრიუმვირატი მხოლოდ „ჭანჭიკის“ როლს ასრულებდა!

 

მთელი უბედურება იმაში იყო, რომ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს მდგარი ქართველები ერთმანეთს ესროდნენ, რაც „დიქტატორი“ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით, ქვეყნის წყვდიადში ჩაძირვით და „მხედრიონის“ გააფთრებული თარეშით დასრულდა.

 

ქუჩამ მოიყვანა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც, რომლის 9-წლიანმა რეჟიმმა სიქა გააძრო ქართველ ერს და ქვეყანაში შიშისა და სრული განუკითხაობის ატმოსფეროს დამკვიდრებას შეუწყო ხელი!

 

ერთადერთი პოზიტივი, რაც ჩვენს სინამდვილეში ქუჩას შეიძლება მიეწეროს, 2012 წლის მრავალათასიანი მშიდობიანი აქციები იყო, რომელმაც ბოლომდე შეარყია სააკაშვილის რეჟიმი და „ქართული ოცნებით“ ჩაანაცვლა იგი.

 

სამწუხაროდ, არც მშვიდობიანი გზით, არჩევნებით მოსულმა ხელისუფლებამ გაამართლა ჩვენი იმედები - დღეს უმძიმესი დილემის წინაშე დგას ქვეყანა: არა მარტო საქართველოს ქართველებისგან დაცლის, არამედ, ზოგადად ქართული ფენომენის, ქართული იდენტობის გაქრობის რეალური საფრთხეც გამოიკვეთა. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივები გვაფიქრებინებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ერის ღირსეული ტრადიციების ამოსაძირკვად. ამის დასტური საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში დამკვიდრებული და დღეს დასამკვიდრებლად გამიზნული (პარლამენტში ინიცირებული) კანონპროექტებია, რომელიც ქართულ სულს, ქართულ ცნობიერებას წალეკვით ემუქრება!!!

 

ამ ფონზე თუ არ გამოვაკლებთ „გაეროს მიგრაციის პაქტზე“ ხელმოწერას, რომელიც აფრიკა-აზიელების შეუზღუდავად შემოსახლებას ითვალისწინებს, უმნიშვნელო დეტალად შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისა და „თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებული ვარიაციები.

 

თუმცა, მთლიანობაში, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას ხალხის ამბოხების არ ეშინია (ხალხი ყველაფერს ეგუება და რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოასწროს მისი (ხალხის) საბოლოო დაჩმორება, რომ ბნელი ძალებისგან მიღებული დავალებები ვადაზე ადრე შეასრულოს), რომ საკუთარი ხალხი მისთვის მხოლოდ საშუალებაა მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

 

ვფიქრობ, ამ რეალობაში ილუზიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და „ახალი ძალის“ გააქტიურებაზე იმედების დამყარება (თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი იქითკენ მიდის) - 2020 წლის არჩევნებს არანაირი აზრი არ ექნება საქართველოსთვის. არც საარჩევნო გარემო შეიცვლება და ფორმალურ არჩევნებსაც ისე ჩაატარებენ, როგორც მოეპრიანებათ! მერე კი, არჩევნები საერთოდ არც დასჭირდებათ, ყველაფერი ისედაც მომთავრებული იქნება.

 

არ ვაჭარბებ, ასეთია უახლოესი წლების საქართველოს პერსპექტივა.

 

ჩვენ, ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?

 

არც არაფერს, ვზივართ კომპიუტერებთან და მეასეხარისხოვანი საკითხების განქიქებით ვართ დაკავებული. ერთმანეთს ვჯიჯგნით და კიდევ უფრო ვასუსტებთ ჩვენს თავსაც და ქვეყანასაც, ხოლო, თუ ჩვენს შორის ვინმე გულანთებული გამოჩნდა, იმასაც ეჭვის თვალით ვუყურებთ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ „მასაც“ უჭირს გამაერთიანებლის მისია იკისროს - თანმიმდევრულობა აკლია... სამი-ოთხი კაცი, ვინც სიმართლეს გვეუბნება: რა დღეში ვართ და რა მოგველის, მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა-გინებით იოხებს გულს და უკიდურესი ზომების მიღების აუცილებლობის მოწოდებისგან თავს იკავებს - პირდაპირ არ გვეუბნება, რომ თუ ახლავე არ დადგა ფეხზე სრულიად საქართველო და საკუთარი იდენტობა არ დაიცვა, ხვალ ძალიან გვაინი იქნება!

 

მაპატიეთ, მაგრამ არ მწამს უკვე ორთქლის გამოსაშვებად მოწყობილი არათანმიმდევრული აქციების და „ლაივში“ მოკეკლუცე პატრიოტების!

 

ეს მხოლოდ დროის უაზროდ დაკარგვისა და სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმებისკენ მიმართული გზაა.

 

მე არ მიყვარს ქუჩა, არც ქუჩის აქციებით მიღებული სიკეთის მჯერა, რომელიც დღემდე მხოლოდ ხელისუფლების უფრო უარესი ხელისუფლებით ჩანაცვლებას და ქვეყნის კიდევ უფრო ჩიხში შეყვანას ემსახურებოდა. თუმცა, დღეს ქუჩაში ერთიანად გამოსვლის, დედოზარის ერთად დარისხების გარეშე ვერ გადავრჩებით.

 

ამას არც ლიდერი სჭირდება და არც საგანგებო მომზადება - მთავარია, გავაცნობიეროთ: რა ხდება ჩვენს თავს და ღირსების დაბრუნებაზე დროულად ვიზრუნოთ, რომელიც ჩვენივე უმოქმედობით წაგვართვეს და ურომლისოდაც ქვეყანას კატასტროფისკენ მივაქანებთ!!!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი