ზაურ ნაჭყებია: ვენდოთ თუ არა დავით მაღრაძეს?!

ზაურ ნაჭყებია: ვენდოთ თუ არა დავით მაღრაძეს?!

 

2011 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე, ვმუშაობდი საზოგადოებრივ პროექტზე, რომელსაც პირობითად „გზა ცივილიზებული საქართველოსკენ“ დავარქვი. პროექტი სულ სამ კითხვას მოიცავდა, რომელზეც პასუხის გაცემა 400-ზე მეტ პოლიტიკოსს (პოლიტოლოგს), მეცნიერს, მწერალს, ფსიქოლოგს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანს ვთხოვე. მათ შორის იყო ყოფილი კულტურის მინისტრი და ყოფილი პარლამენტარი, პოეტი დავით მაღრაძეც.

 

მახსოვს, პირადად ვესაუბრე ბატონ დავითს და ვთხოვე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია კითხვებში ჩამოყალიბებული აქტუალური პრობლემების მიმართ. თავიდან თავაზიანად შემპირდა, რომ უახლოეს დღეებში უპასუხებდა და ელექტონულ ფოსტაზე გადმომიგზავნიდა.

 

სამწუხაროდ, დაპირება დაპირებად დარჩა. როცა მეორედ შევეხმიანე, გამაოგნებელი პასუხი მივიღე: მე პოლიტიკოსი არ ვარ და პოლიტიკაში არ ვერევი, არ არის ეს ჩემი საქმეო. რა გაეწყობოდა, თემა დახურულად ჩავთვალე.

 

რამ გამახსენა ახლა ეს?

 

უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე (მაღრაძემ საჯაროდაც დაადასტურა), რომ „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული და გუნდიდან უკვე წასული და ე.წ. „ძველი გვარდიელები“, თურმე, „მესამე ძალას“ ქმნიან, რომელსაც სწორედ ბატონი დავით მაღრაძე ჩაუდგება სათავეში.

 

რას ნიშნავს ეს და რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ქვეყანას „ქართულ ოცნებაზე“ „განაწყენებულების“ და „ძველი გვარდიელების“ (ანუ 2012-იანელების) „გუნდურმა“ აღზევებამ დავით მაღრაძის დირიჟორობით? შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ მათი სახით პოლიტიკაში „გამობრძმედილი“ ძველი („ახალი“) ძალა ბრუნდება ისევ ქართულ პოლიტიკაში?

 

ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, მინდა პარალელი გავავლო 2003 წლის ნოემბრის ხავერდოვან რევოლუციასთან.

 

მახსოვს, ჩემგან განსხვავებით (რა თქმა უნდა, იყვნენ ცალკეული თანამოაზრეებიც), მაშინ ე.წ. „ახალგაზრდა რეფორმატორებს“ „ქვეყნის მხსნელად“ მიიჩნევდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო, მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნის მესიად აცხადებდა.

 

თუმცა, უბრალო ხალხს ვინ ჩივის, რატომღაც ინტელიგენციაც (მათ შორის ე.წ. პოლიტიკოსებიც, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილონი ოპოზიციაში გადაბარგდნენ) აყვა მითს ახალგაზრდა სააკაშვილის მესიანობაზე. სხვათაშორის, მაშინ ეფექტურად იმუშავა ლოზუნგმაც: „ოღონდ, შევარდნაძე არა!“.

 

სააკაშვილის ხელისუფლების სისასტიკით გაწბილებული საზოგადოება მერე თავს იმით იმართლებდა, რომ „შეცდნენ“, რომ მათ სჯეროდათ სააკაშვილის, მაგრამ მან არ გაამართლა მათი იმედები.

 

ანალოგიური დილემის წინაშე აღმოვჩნდით სააკაშვილის ზეობის პერიოდშიც - ლოზუნგმა: „ოღონდ სააკაშვილი არა“ მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოების ცნობიერებაში, რის შედეგადაც მივიღეთ 2012 წლის 1 ოქტომბერი, რომლის წყალობითაც, ფორმალურად კი მოვიშორეთ სააკაშვილის რეჟიმი (ივანიშვილის ძალისხმევით და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აქტიური თუ პასიური მხარდაჭერით), მაგრამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველა - ახლა (თუმცა რატომ ახლა) ისევ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს ივანიშილის მიმართაც. მას ე.წ. ფორმალურ მმართველობას, სააკაშვილის რეჟიმის ფაქტობრივ რეანიმაციას, საყდრისის აფეთქებას, ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ინიციატივებს (ანტიდისკრიმინაციული კანონი, ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე შეუზღუდავად გაყიდვა) და სოციალურ-ეკონომიკური პიროებების კიდევ უფრო გამწვავებას საყვედურობენ. ხალხი გაღიზიანებულია, რომ ივანიშვილმა 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებები მინიმალურადაც კი არ შეასრულა და გაურკვევლობისკენ მიჰყავს ქვეყანა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ოლიგარქმა საქართველო საკუთარ შპს-დ აქცია და როგორც მოეპრიანება, ისე ექცევა საკუთარ ხალხს და ქვეყანასაც!

 

რა თქმა უნდა, ეს ბოლო ბრალდება გადაჭარბებულია, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას მაინც სჯერა, რომ მის გარეშე ჩიტიც ვერ შემოფრინდება საქართველოში.

 

ახლა მოდით ისევ ხუხულასავით დაშლილ „ქართულ ოცნებას“ (ჯერ კიდევ 2012 წელს ვწერდი, რომ „ქართული ოცნება“ ეკლექტიკური გაერთიანება იყო და ასეც მოუვიდოდა), განაწყენებულ „ოცნებელებს“ და ე.წ. „ძველ გვარდიას“ დავუბრუნდეთ. ოღონდ, დავუბრუნდეთ დავით მაღრაძესთან მიმართებაში.

 

სხვათაშორის, ეს ის ხალხია, ვინც 2012 წელს ივანიშვილის გვერდით იდგა, მისი მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდა და გადააგდეს, ან უკვე ისარგებლა პრივილეგიებით „ოცნების“ ხელიფულებაში ყოფნისას, მაგრამ, ახლა, როცა გემი იძირება (ან პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, განგებ უნდათ ჩაძირონ), ფორმალურად ემიჯნებიან არსებულ რეჟიმს, რომ კიდევ ერთხელ ჩაგვიტარონ ფოკუსები და დაგვარწმუნონ: ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ივანიშვილმა გადაუხვია დაპირებულ პოლიტიკურ კურსს და ახლა თუ დავით მაღრაძე ჩაგვიდგება სათავეში, პოლიტიკურ ინტრიგებში იმდენად გამოწრთობილნი ვართ, 2020 წლის არჩევნებში დაშლილ-დანაწევრებულ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ თავისი კუდებითა თუ ნარჩენებით კუდით ქვას ვასრონილებთო!

 

დავუჯეროთ? რა თქმა უნდა, არ უნდა დავუჯეროთ - არ დაეჯერებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავის დროზე მზე და მთვარე ბიძინა ივანიშვილზე ამოსდიოდათ და ახლა, როცა საქმეს (ივანიშვილს) დასჭირდა, ვითომ გაემიჯნენ მის სახელთან ჯერ კიდევ ასოცირებულ მმართველ პარტიას!

 

მითუმეტეს, არ დაეჯერება დავით მაღრაძეს, რომელიც დღემდე კომფორტულად გრძნობდა თავს ივანიშვილის ნავში, ახლა კი აცხადებს, რომ „კერპები უნდა გაიწიონ პოლიტიკიდან“. კერპებში, ბუნებრივია, ივანიშვილიც იგულისხმება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამაში გულწრფელი არ არის ბატონი მაღრაძე?!

 

მოდით თავად მოვუსმინოთ:

 

„ხან სააკაშვილისგან ქმნიდნენ კერპს, ხან ივანიშვილისგან. დროა ეს კერპებიც გათავისუფლდნენ და საზოგადოებაც გათავისუფლდეს კერპთაყვანისმცემლობისგან“.

 

ტაშს დავუკრავდი, ბატონი დავით მაღრაძე გულწრფელი რომ იყოს თავის სიტყვებში. მითუმეტეს, იგი არაგულწრფელია, როცა ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის არ ესმის“. როდის ესმოდა „ქართულ ოცნებას“ ხალხის, ახლა რომ ესმოდეს?!

 

„თავის დროზე „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარწმუნებს, რომ ეროვნული თანხმობის მიღწევა აუცილებელია, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს, როგორ მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას, როცა საზოგადოება გახლეჩილია რამდენიმე ნაწილად და არავინ ჩანს ისეთი, მის გამთლიანებაზე იზრუნოს?!

 

მაღრაძე რომ არ იქნება ეროვნული თანხმობის გარანტი, ამას ჩემი დასტური არ სჭირდება. თუ მის პოლიტიკურ აქტიურობა-პასიურობას გავიხსენებთ, იგი ხშირად ჩანდა პოლიტიკურ ზედაპირზე  - ხან „მხედრიონთან“ (ჯაბა იოსელიანთან) დაახლოებული პირის სახით, ხან კულტურის მინისტრად (რომელიც საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა და დიდად ვერც დაგვამახსოვრა თავი), ხან პარლამენტის წევრად „მოქკავშირიდან“ (ისიც ხანმოკლე გამოდგა - პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტი), ხანაც ივანიშვილის არაოფიციალურ მრჩევლად, რომელიც კულისებიდან უწევდა კონსულტაციებს. როგორც ამბობენ, მაღრაძე ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლისთანავე მისი „ჭარბი“ ნდობით სარგებლობდა და ახლა, როცა სიტუაციას დასჭირდა, მზად არის დაგვარწმუნოს, რომ „საქართველო კერპებისგან უნდა განთავისუფლდეს“.

 

განსაკუთრებით საინტერესოა იგი, როგორც „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ძმებ გაჩეჩილაძეებთან ერთად. ესენი ის გაჩეჩილაძეები არიან, სააკაშვილის რეჟიმს რომ ებრძოდნენ: ხან „საკანი N5“-ით, ხან მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით, რომელიც გარკვეული ტემპერატურის „აწევის“ შემდეგ ადვილად იფუშებოდა!

 

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ რაღაცის ნაცვლად სააკაშვილის რეჟიმთან გარიგებაშიც კი ადანაშაულებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ძმებმა (უპირველესად ეს ლევანს ეხება) თავი ვერ დაგვამახსოვრეს როგორც თანმიმდევრულმა პოლიტიკოსებმა. მეტიც, მათ დღემდე ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოს დაცვა არა მარტო სააკაშვილის რეჟიმისგან, არამედ „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივი პოლიტიკისგანაც სჭირდება!

 

არადა, როგორც დავით მაღრაძის სატელევიზიო გამოსვლიდან ირკვევა, მას არა მარტო სურვილი, არამედ იმედიც აქვს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს მის ახალ გუნდშიც ვიხილავთ. სხვათაშორის, ახალ გუნდში მოიაზრება ოდიოზური ეკა ბესელიაც...

 

მოდით ახლა და თავად განსაჯეთ: ეს „ახალი ძალა“ იქნება, თუ მრავალ „ღობეზე“ გადამხტარი „ცირკაჩ“-პოლიტიკანების ხელოვნური ერთობა?!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: