Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (10)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
25-03-2019, 13:25
ნანახია: 587

ზაურ ნაჭყებია: დროა დაფუძნდეს „პროფესიონალ ჟურნალისტთა გილდია“!

დაახლოებით წლინახევის წინ, ოფისში იურისტი დენის დავითაშვილი მესტუმრა. სტუმრობის მიზეზი ჩემთვის ერთობ საჩოთირო თემა გახლდათ - ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ბოლო ყრილობა, რომელიც სტუმრის მტკიცებით, საკმაოდ დიდი ხარვეზებით ჩატარდა თურმე...

 

როგორც სტუმარმა ამიხსნა, მას დაწყებული ჰქონდა სასამართლო დავა ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რითაც ყრილობის შედეგების ბათილად ცნობას და კავშირის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მათ შორის, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საოფისე ფართობის) კანონიერად ფლობის მიზანშეწონილობის დადგენას ითხოვდა.

 

თავიდანვე ჩანდა, რომ სტუმრობის მიზანი (მე და ბატონი დენისი ერთ დროს ერთად ვმუშაობდით საქართველოს პარლამენტში: მე - პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის აპარატის უფროსად, იგი - პარლამენტის ცენტრალური აპარატის უფროსის მოადგილედ) ჩემგან მხარდაჭერის მიღების სურვილი იყო, რაზეც თავაზიანი უარი ვუთხარი და მიზეზიც იქვე განვუმარტე - მე საჯაროდ ვერ დავუპირისპირდები იმ ადამიანს, ვისთანაც ვმეგობრობ, ვის მიმართაც კეთილგანწყობა მაკავშირებს-მეთქი!

 

ისიც ავუხსენი, რომ სასამართლოს მიერ, თუნდაც ყრილობის შედეგების ბათილად ცნობა და კავშირის სადავეების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა არ ღირს ამად, ნორმალურმა ადამიანმა ამაზე დრო დაკარგოს!

 

ერთი სიტყვით, სტუმარი თავაზიანი უარით გავისტუმრე. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა - მე იმ დღესვე დავუკავშირდი კავშირის მოქმედ თავმჯდომარეს, ქ-ნ მარინა თექთუმანიძეს, ჩავაყენე საქმის კურსში და ისიც ვუსაყვედურე, რატომ არ ვიყავი მიწვეული ყრილობაზე, როგორც კავშირის „სტაჟიანი“ წევრი. მისი პასუხისგან გაოცება ვერ დავმალე: თურმე ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების წევრად არ ვირიცხები! არადა, კარგად მახსოვს, რომ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრად 1993 წელს მიმიღეს (მაშინ გაზეთ „ბიზნეს-კურიერს“ ვრედაქტორობდი) და წლების მანძილზე მიწვევდნენ კავშირის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

 

დავუშვათ, ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ მე, როგორც „მეამბოხე“ ჟურნალისტი, „რეორგანიზებული“ შემოქმედებითი კავშირის წევრი არ ვყოფილიყავი (ავტომატურად არ გადასულიყო ჩემი წევრობა), მაგრამ, ამ საუბრის შემდეგ ნამდვილად მეგონა, ქალბატონი მარინა ამ შეცდომას თუ „უხერხულობას“ (მარინა სწორედ „ის ადამიანია“, ვისზეც ზემოთ ვსაუბრობდი) გამოასწორებდა!

 

თქვენც არ მომიკვდეთ - ისევ არასასურველ ჟურნალისტთა სიაში დავრჩენილვარ თურმე! ამას ნამდვილად ვერ შევიტყობდი, რომ არა 21 მარტს ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში გამართული საზეიმო შეკრება, სადაც, თურმე, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღუნიშნავთ და სიგელ-გუჯრებიც საკმაოდ დაურიგებიათ (ყველას გულწრფელად ვულოცავ). მე ამჯერად საპატიო სტუმრადაც კი არ მიმიწვიეს!

 

ინტრიგების ხლართვა ჩემი საქმე არ არის. არც იმაზე ავიშლი ნერვებს, რატომ არ მთვლიან „რეამინირებული“ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრობის ღირსად, მაგრამ ასე გაჩერებაც რომ არ შეიძლება, ფაქტია. ცუდია, რომ ერთ დროს საკმაო ავტორიტეტის მქონე საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი (იგივე ფედერაცია) უფუნქციო, უავტორიტეტო ფორმალურ გაერთიანებად იქცა, სადაც მავანი მხოლოდ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებს, ჟურნალისტთა პროფესიული ღირსების დასაცავად კი ელემენტარულსაც არ (ვერ) აკეთებს!

 

სამწუხაროა ისიც, რომ თუ არ ჩავთვლით ე.წ. ჟურნალისტთა „ძველ გვარდიას“ (რომელთაც არც პროფესიონალიზმი აკლდათ (აკლიათ) და არც საკუთარი პროფესიის სიყვარული), რომლებიც დღემდე იცავენ პროფესიულ ღირსებას, სამწუხაროდ, ახალგაზრდა თაობა ამ ესტაფეტას ვერ აგრძელებს! მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითმარქვია პოეტების, ასევე, თვითმარქვია ჟურნალისტების ცვენაა საქართველოში, ქართული ჟურნალისტიკა, როგორც ორგანიზებული პროფესიული გაერთიანება, თავისი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას - ის ოდნავადაც ვერ ასრულებს იმ საპატიო მისიას, რაც მას ევალება!

 

აქსიომაა: ვინც ლექსებს წერს, ყველა არ არის პოეტი. ასევეა, ჟურნალისტიკაშიც - ვინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა (წარმომიდგენია ახლა რას ასწავლიან და როგორ ასწავლიან), ან ვინც მიკროფონი დაიჭირა ხელში, ყველა არ არის და ვერც იქნება ჟურნალისტი. როცა მავანისთვის ჟურნალისტობა ორი თეთრის (ადრე ორ კაპიკს ვამბობდით) შოვნის საშუალებად იქცა და არა პროფესიული ღირსების საქმედ, იქ სერიოზულ ჟურნალისტიკაზე საუბარი ზედმეტია - დღეს ანალიტიკოსი (პროფესიონალი) ჟურნალისტებიც თითებზე ჩამოსათვლელნი დარჩნენ...

 

ცალკე საუბრის თემაა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვა - ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც დღეს საკუთარ თავს ჟურნალისტს უწოდებს, დესტრუქციული ძალების რუპორად იქცა და შავი პიარის აგორბებით არის დაკავებული, რასაც არაფერი აქვს საერთო ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან...

 

აქედან გამომდინარე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ფორმალური გაერთიანებაა, რომელსაც მხოლოდ მომხიბვლელი სახელიღა დარჩა („ნაშთი ძველი დიდებისა“)!

 

რა ვქნათ, იობის სიმშვიდით ველოდოთ როდის გადაიქცევა ქართული ჟურნალისტიკა ნამდვილ ჭურნალისტიკად (როგორც ამას ხშირად ამბობს დღევანდელი ჟურნალისტებისგან უზნეობათა და პროფესიონალიზმით გაბრაზებული საზოგადოება)?

 

როგორც წესი, პროფესიული გაერთიანებები მხოლოდ საპატიო სიგელებისა და „დამსახურებული“ წოდებების დასარიგებლად არ იქმნება - მას საკმაოდ ტევადი დატვირთვა აქვს - მთავარია, რამდენად მართებულად მიუდგები! დიახ, ამგვარი გაერთიანებები სწორედ ის მექანიზმია, რომელმაც პროფესიული ეთიკისა და ასევე, პროფესიული ღირსების დაცვაზე უნდა იზრუნოს. შესაბამისად, პროფესიონალთა არმია უნდა ჩამოაყალიბოს.

 

საკამათო არ არის, რომ დღევანდელი ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიული გაერთიანებისთვის არსებულ მოთხოვნებს ნამდვილად არ (ვერ) აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, არც იმის მზაობა იგრძნობა, რომ ვინმეს არსებული სტრუქტურის თვისობრივად გარდაქმნის სურვილი ჰქონდეს!

 

მე არანაირი სურვილი არა მაქვს  „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დავიწყო არსებული კავშირის ხელმძღვანელების წინააღმდეგ - არავის არაფერში ვეცილები, თუმცა, მაქვს იდეა, რომლის განხორციელებასაც დაინტერესებული კოლეგების დახმარებით უთუოდ შევეცდები.

 

რა მაქვს მხედველობაში?

 

წინადადება შემომაქვს დაფუძნდეს „საქართველოს პროფესიონალ ჟურნალისტთა გილდია“ (ხაზს გავუსვამ პროფესიონალ ჟურნალისტთა) როგორც არსებული ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ალტერნატივა.

 

„გილდია“ (ან „ლიგა“, ამაზე დისკუსია შეიძლება) იქნება სწორედ ის პროფესიული წარმონაქმნი, რომელიც მტკიცედ დაიცავს ჟურნალისტთა უფლებებს, ასევე იზრუნებს ჟურნალისტური ეთიკის დაცვაზე და ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. ახალი პროფესიული გაერთიანება ასევე ხელს შეუწყობს სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელებას, რომელიც ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

 

ასე რომ, დროა განვთავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან - არსებული სტრუქტურების სამართალმემკვიდრეობა თავისთავად არაფერს იძლევა, თუ პროფესიულ ორგანიზაციას რეალური ფუნქციური დატვირთვა არა აქვს და მხოლოდ ერთ ადგილს ტკეპნის!

 

ჯერი თქვენზეა, ძვირფასო კოლეგებო-საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ქართული ჟურნალისტიკა არ მომკვდარა. ეს არა ჩვენ, არამედ ქვეყანას სჭირდება.

 

P.S. ვინც მხარს უჭერს ამ ინიციატივას, შეგიძლიათ თქვენი სურვილები და პოზიცია დააფიქსიროთ კომენტარის სახით, ან მომწეროთ პირადში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ინიციატივაში მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა. თუ მოვინდომებთ, ჩვენ ქართველ ჟურნალისტთა პროფესიულ გილდიას ნამდვილად შევქმნით!

 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ჟურნალისტიკას, ისევე, როგორც ქართულ პუბლიცისტიკას (მარტო ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დასახელებაც კმარა) ღრმა ისტორიული ტრადიციები გააჩნია. მისი მოვალეობა ყოველთვის ერის საჭირბოროტო საკითხებზე და ერის ჯანსაღი ცნობიერების ფორმირებაზე ზრუნვა იყო. ისინი ყოველგვარი შელამაზების გარეშე ასახავდნენ რეალობას, მიუხედავად იმისა, ეს იმდროინდელ ხელისუფლებას მოსწონდა თუ არა. თუ ამ კუთხიდან შევხედავთ არსებულ რეალობას, ძალიან ჩამოვრჩით! არადა, მინიმალურის გაკეთება მაინც შეიძლება. მთავარი მონდომება და პროფესიონალთა ერთ მუშტად შეკვრაა.