Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
18-11-2019, 17:40
ნანახია: 690

მიხეილ ჯიბუტი: დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია

15 ნოემბერს თბილისი, პარლამენტის შენობის წინ, 14 ნოემბერს აღმოცენებული „საპროტესტო კარვების ქალაქით“ დახვდა.

 

უკვე ცნობილი იყო, რომ კვირას, 17 ნოემბერს 15 საათზე, პარლამენტის წინ მოეწყობოდა საპროტესტო აქცია სლოგანით „ერთად ერთის წინააღმდეგ“.

 

(ჩემი აზრით,  ძალიან მოუხერხებელი სლოგანია: ქართულ ცნობიერებაში „ერთადერთი“ არის მხოლოდ ერთი  სამშობლო, მხოლოდ ერთი  დედა, მხოლოდ ერთი უსაყვარლესი ვინმე..., „ერთად ერთი“ ტრანსფარანტზე მართალია გაყოფით წერია, მაგრამ მძიმე აკლია და წარმოთქმისას ძნელია მათი განსხვავება... ძნელია მისი აღქმა „მხოლოდ ერთის“ მნიშვნელობით. შესაბამისად, ძნელია პოზიტიური აღქმის საბრძოლო განწყობამდე ნეგატიურად ამოტრიალება).

 

ცნობილი იყო, აგრეთვე, რომ იმავე დროს, „პატრიოტთა ალიანსი“ რესპუბლიკის მოედანზე აწყობდა არა პარტიულ, არამედ ღია აქციას, სადაც იწვევდა ყველას. 16 ნოემბერს, საღამოს ამ აქციისადმი შეერთება გამოხატა  „ქართულმა მარშმა“. (https://civil.ge/ka/archives/326930).

 

ორივე აქციის ძირითადი მოთხოვნა ერთი და იგივე იყო - პროპორციული საარჩევნო სისტემა!

 

ამ ორი აქციის  შესახებ აზრი საზოგადოებაში გამოიხატა რადიკალურად განსხვავებული პოზიციითა და ფორმით:

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივა აკადემიური ფორმით გააკრიტიკა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა, რომელმაც მას  „ოპოზიციის ალტერნატიულობა“, „ალტერნატიული ოპოზიციონერობა“ უწოდა (https://www.interpressnews.ge/ka/article/573061-zaza-piralishvili-ubralod-ivanishvils-ver-carmoudgenia-rom-tavadac-zveli-xelisuplebis-msgavsi-shecdomebi-mosdis).

 

უფრო აგრესიული ფორმით განხოციელდა რუსთაველზე აქციის კრიტიკა (ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია: „...დაგმარხავთ“ https://for.ge/view/176241/xaTuna-xoferia-mag-kasrebiT-dagmarxavT-Tqveni-pornofailebiviT.html.

 

გავრცელდა ლევან ვასაძის მიმართვა ფეისბუკით, სადაც მან მწვავედ გააკრიტიკა რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქცია, სადაც მისი თქმით“... „ქართულ ოცნებას უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე“ და ისაუბრა „სახალხო რევოლუციის“ აუცილებლობაზე, სადაც ხალხმა „ერთი ლიდერის ნებაზე“ უნდა იმოქმედოს“. (!)(ლევან ვასაძე - ტელემიმართვა #52: ანტიოპოზიცია (15.11.2019) https://www.facebook.com/wcf10/videos/939192863119111/)

 

ასეთი კონტექსტის პირობებში, 15 ნოებერს ,ხელისუფლებისა და საზოგადოების აქტივობები წარიმართა კონტრასტულად:  ქართულმა საზოგადოებამ (ამ სიტყვის ფართო გაგებით) მთელი ძალისხმევა მიმართა 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ  კონსტიტუციური კანონპროექტის „ჩავარდნის“ გამოსწორების გზების მოსაძებნად, ხელისუფლებამ კი - უარი თქვა ამ ძიებაზე.

 

15 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კანონპროექტის ჩაგდება შეაფასა როგორც „სამწუხარო“ , თუმცა დაადასტურა, რომ  2020 წლისთვის არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება.  (https://www.facebook.com/netgazeti/videos/483868525556636/?notif_id=1573804766096502&notif_t=live_video_explicit;

https://civil.ge/ka/archives/326778).

 

 

ხელისუფლების ასეთი ხისტი პოლიტიკა გაუგებარი დარჩა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ყველა პირველმა პირმა მომხდარის გამო გამოთქვა წუხილი.

 

თუ გული გულობს, რატომ არ იჭმევა ქადა ამ შემთხვევაში ორი ხელით?

 

ხელისუფლების ხისტი პოლიტიკა გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მომხდარი ფაქტის გამოსწორების სამართლებრივი შესაძლებლობებსარ იძლევა კანონმდებლობა, ან თუ გამოხატული იქნებოდა უარყოფითი პოლიტიკური ნება მათ მიერ.

 

პირიქით,

 

მართალია  არა 14, არამედ 15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ „მეტად სამწუხაროა, რომ ასე ხმამაღლად გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ეხმიანებოდა და რომელიც მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა, ვერ (თუ - არ) იქნა ბოლომდე მიყვანილი. ეს იწვევს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ უარყოფით შეფასებებს, - სწორედ იმ დროს, როცა ყველა მიმართულებით აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება. ასეთი მხარდაჭერა აუცილებელია საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, - მით უმეტეს, როცა ჩვენი ღირსეული ექიმის დაპატიმრებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია“.

 

თუმცა, როგორც არ უნდა შეფასდეს პარლამენტში განვითარებული პროცესები, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ქვეყნისთვის დაუძლეველი სირთულე ან დემოკრატიის დასასრული - ჩვენმა დემოკრატიამ ბევრად რთული დღეები, ბევრად დიდი განსაცდელი გამოიარა, რასაც გავუმკლავდით.“ და მიმართა „ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.“ (https://www.president.gov.ge/geo/pressamsakhuri/siakhleebi/saqartvelos-prezidentis-ganckhadeba-(3).aspx).

 

პრემიერ -მინისტრს სპეციალური განცხადება არ გაუკეთებია, მან ამ საკითხთან დაკავშირებით (ასევე ერთი დღის შემდეგ), პოზიცია გამოთქვა 15 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში  უმრავლესობასთან საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრის დროს.

 

მისი პოზიცია დიპლომატიური ენითაა, სადაც არც მომხდარისადმი სინანული და არც საწინააღმდეგო მოსაზრება პირდაპირ არაა მოცემული. მან თქვა: „პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და  გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ  შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში, 2024 წლიდან".(http://government.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=520&info_id=74224).

 

 

ამ დროს, საზოგადოებაში წარმოიშვა სხვადასხვა განწყობები. ზოგიერთმა სიტუაცია მიიჩნია ჩიხურად, გამოსავლის გარეშე (დღეს ჩვენ აბსოლუტურად აფექტის მდგომარეობაში ვართ. მე პირადად გამოსავლის გზას ვერ ვხედავ“ (გია ხუხაშვილი) https://www.interpressnews.ge/ka/article/573064-kartuli-presis-mimoxilva-16112019). მათი მხრიდან ხდება ივანიშვილის სუბიექტის ზედმეტად ობიექტივიზირება.

 

არადა, რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უალტერნატივო მდგომარეობა არ არსებობს!

 

ასეცაა, უკვე შემოთავაზებულ იქნა მრავალი ვარიანტი სიტუაციის დასაძლევად.

 

რთი, ეს იყო ძებნა თვით არსებულ საკანონმდებლო სივრცეში.

 

14 ნოემბერსვე ითქვა, რომ კანონპროექტი არ ჩავარდნილა და საკმარისი იყო ხმები მისი პირველი მოსმენით მიღებისთვის (ზვიად კორძაძე - https://bm.ge/ka/article/kordzadze-sakonstitucio-cvlilebebi-ar-chavardnila-migebistvis-sachiro-kvorumi-23-ia-da-ara-34/43632/). საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა აღნიშნულს პასუხი და სწორად აღნიშნა, რომ ამ გზით კანონპროექტის განხილვა დროში სცდებოდა მიზანს -2020 წლის არჩევნებს, ხოლო, 2024 წლისთვის პროპორციული არჩევნების სისტემა ისედაც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით.თუმცა, კანონი უნდა აღსრულდეს ყველა შემთხვევაში პუნქტუალურად.

 

სენსაციური იყო და რჩება ვალერი გელბახიანისა და პაატა კოღუაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ ეს პროცედურები და „ამბები“ ზედმეტია და საქართველოს კონსტიტუცია ახალი რედაქციით არ იცნობს გარდა პროპორციული არჩევნებისა სხვა სისტემას, შესაბამისად, უკვე 2020 წლის არჩევნების ჩატარება კონსტიტუციური მოთხოვნაა (https://for.ge/view/176185/konstituciis-saboloo-redaqciiT-2020-wlis-arCevnebi-Catardeba-mxolod-proporciuli-wesiT-yovelgvari-daTqmisa-da-vadebis-miTiTebis-gareSe.html).

 

ამ აზრის საწინააღმდეგოდ იურისტები, რომელთანაც მქონა კონსულტაციები (მათ გვარებს არ ვასახელებ, საკითხის შეუთანხმობლობის გამო), ასახელებენ იმ ფაქტს, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებას და ამდენად, არ იყო სავალდებულო ერთჯერადი ნორმა მომხდარიყო კონსტიტუციის ტექსტში.

 

საკითხი, ჯერ ღიაა და უნდა მივიღოთ არგუმენტირებული ოფიციალური და პროფესიანალური პასუხები. სამწუხაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი გაუგებარია.

 

გაუგებრობას ბადებს ე.წ. 2018 წლის 24 ნოებრის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ლეგიტიმურობის საფუძვლები.

 

მეორე, შემოთავაზებულ იქნა არა კონსტიტუციური, არამედ ჩვეულებრივი კანონებით სიტუაციის გამოსწორების ალტერნატივა.

 

დავით უსუფაშვილი და სხვები ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ საუბრობენ (https://for.ge/view/176174/umravlesobam-SesaZloa-konstituciuri-proeqti-ganxilvaSi-daabrunos.html;

https://www.interpressnews.ge/ka/article/573113-davit-usupashvili-xelisupleba-sruliad-usapuzvlod-brzanebs-titkos-konstitucias-ecinaagmdegeba-ecgermanuli-modeli-ogond-aranair-arguments-ar-ambobs). ამ პოზიციის ნაკლოვანებებიდან, არასახელისუფლებო ოპონენტები , ხაზს უსვამენ ე.წ.გერმანული  საარჩევნო მოდელისთვის  პარლამენტში დეპუტატების შეუზღუდავი რაოდენობის არსებობის დაშვების აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც საქართველოში პარლამენტართა რიცხვი - 150 კონსტიტუციითა განსაზღვრული და შესაბამისად, საკითხი კვლავ კონსტიტუციურ ცვლილებამდე მიდის.

 

მესამე მიმართულება,  ესაა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემოთავაზება. 

 

ამ მიდგომის ქვეშ საინტერესო ვარიანტი შემუშავებული აქვს დავით ზარდიაშვილს ე.წ. პერსონალიზირებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის სახით (https://for.ge/view/176095/daviT-zardiaSvili--gamosavalia-konstituciuri-kanonis-proeqtis-Tavidan-inicireba-oRond-ukve-ara-igive-aramed-iseTi-SinaarsiT-rac-gonivruli-konsensusis-gamomxatveli-iqneba.html]).

 

საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, ჩემი აზრით, ყველაზე რეალური გზაა (პოლიტ - ეკონომიკური კლუბის ფარგლებში მისი მხარდაჭერა მეც გამოვხატე). თუმცა, ამ მიდგომის შიგნით უამრავი ვარიანტია შესაძლებელი.

 

მაგრამ ხელისუფლების ნებისა და მონაწილეობის  გარეშე ეს  ვერ მოხდება.

 

ხელისუფლების პოზიცია, რომ საარჩევნო სისტემა თავისთავად არაა მთავარი დემოკრატიისათვის, ფორმალურად სწორია, მაგრამ მოცემულ კონტექსტში ვერ წყვეტს მინიმუმ ორ ამოცანას:

 

1. ხელისუფლების მიერ,  როგორც დაპირებების არ შემსრულებლის (ჟარგონით „გადამგდების“) დაკარგული ნდობის გამო არჩევნებამდე ქვეყანაში სტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების უზრუნველყოფისა

 და 

2. მომხდარის გამოსწორების გარეშე ქვეყნის საერთსაშორისო ურთიერთობებში პარტნიორებთან შერყეული ნდობის აღდგენას.

 

საერთაშორისო რეზონანსი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ამის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. ესაა აშშ საელჩოს განცხადება, დიპლომატების განცხადებები, აშშ კონგრესმენმის ადამ კინზინგერმის (https://civil.ge/ka/archives/326731

https://kinzinger.house.gov/news/documentsingle.aspx?DocumentID=402198) განცხადება. ეს მომენტი ხაზგასმულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

საქართველოში პოლიტიკური პრაქტიკა გავლილი პიროვნებები უცხოელი პარტნიორების შენიშვნებს არ იღებენ იმ მოტივით, რომ (ა) ქართველი ხალხი პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის მხოლოდ 2024 წელს იქნება მზად (საინტერესოა როგორ გაზომეს ეს მზადყფნა?) და (ბ) ვინც შენიშვნას გვაძლევს იმათთან არსებობს მაჟორიტარული სისტემა და  ჩვენთან რატომ არ შეიძლება რომ იყოსო!

 

პირველი არგუმენტი ანტიისტორიული და ქართველი ხალხის შეურაცმყოფელია. ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 1919 წლის 14, 15, 16 თებერვალს  ჩაატარა არჩევნები პროპორციული სისტემით და არავის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საყვედური, თუ შენიშვნა არ გამოუთქვამს, მით უმეტეს, ელექტორატის მომზადებულობის კუთხით.

 

უცხოელი პარტნიორების შეშფოთება იმით კი არაა გამოწვეული,თუ რა პრინციპით ჩატარდება არჩევნები საქართველოში, არამედ იმით, რომ ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება დაირღვა და ამ ქცევაში ისინი ხედავენ რისკს, რომ  ამ დონის სიტყვის (შეიძლება ითქვას „ზეპირი საერთაშორისო ხელშეკრულების“) შეუსრულებლობის შემდეგ შეუსრულებელი შეიძლება დარჩეს სიტყვა დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულების შესახებ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამას მოჰყვეს საქართველოს  „მოლდოვიზაცია“(https://www.interpressnews.ge/ka/article/573061-zaza-piralishvili-ubralod-ivanishvils-ver-carmoudgenia-rom-tavadac-zveli-xelisuplebis-msgavsi-shecdomebi-mosdis).

 

17 ნოემბრის 14 საათისთვის რუსთაველის პროსპექტზე პოლიტიკურად დამუხტული და იქ  დავალებების შესასრულებლად მობილიზებული  ადამიანების  კულმინაციური მოძრაობა იყო. ადგილი ჰქონდა ადამიანთა ურთიერთშემხვედრ ნაკადებს. ერთნი მიემართებოდნენ რუსთაველისკენ, მეორენი რესპუბლიკის მოედნისკენ. ბევრი მათგანი ერთმანეთს ესალმებოდა, ბევრიც ცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ „ვერ ვხედავ“ პოზიციით უვლიდნენ ერთმანეთს გვერდს. დიდი შეკრების ადგილი იყო ოპერის თეატრის წინ მოედანი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულების „პოლიტიკური მრწამსი“ ქართულ ხასიათს ვერ ჯაბნიდა და ისინი ხან ერთ, ხან მეორე ჯგუფში ესალმებოდნენ ნაცნობებს - საქართველოს 30-იანი თავგადასავლის რომელიღაც მონაკვეთის გასახსენებლად.

 

მე - ოპერის თეატრთან ვიდექი იმ ხალხთან, ვისაც რუსთაველზე ამ დროს არ ყოფნა არ შეეძლოთ, მაგრამ არც  მარჯვნივ-რესპუბლიკის მოედნისკენ  და არც მარცხნივ-პარლამენტის შენობისკენ არ წავიდნენ.

 

რატომ?

 

ამის შესახებ და რა მოხდა 17 ნოემბრის 15 საათიდან დაწყებული, დაკვირვებები ძალიან მალე.

 

მაგრამ, 14 საათსა და 15 საათს შორის, ყველა იქ მყოფის გონება მოცული ჰქონდა ორ საერთო ფიქრს - ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის ციხეში ყოფნისა და საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებაზე ნაპოლეონის სიტყვების დარიგებად თქმას: „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“-„ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის“ (http://patriarchate.ge/geo/%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-114/).

 

დარწმუნებული ვარ, ეს ფიქრი სრულიად ქართული იყო და ის იგივე იყო რუსთაველზე არმყოფი ყველა ქართველისთვის.