Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
25-11-2019, 15:43
ნანახია: 577

მიხეილ ჯიბუტი: გიორგი გახარიას მთავრობაც აღიარებს „სამხრეთ ოსეთს“?!

 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად!

 

 

 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!

 

საქართველოს მთავრობის მიერ  საქართველოს პარლამენტში  წარდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში (შემდგომში: კანონპროექტი), რომელიც ამ უკანასკნელმა ორი მოსმენით  უკვე მიიღო,საქართველოს  სახელმწიფო   ბიუჯეტიდან   ასიგნებების ჩამონათვალში  საბიუჯეტო კლასიფიკაციის  კოდით 44 00 დასახელებულია „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“, 2020 წლისათვის 2 460 000 ლარის დაფინანსებითა და მომუშავეთა 85 კაციანი შტატით.

 

ყველაფერი ეს და მათ შორის „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს რეალურად  „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას და უფრო მეტიც,  ცნობს არა ზოგადად, აბსტრაქტულად, არამედ  მის „ადმინისტრაციასთან“ აქვს ოფიციალური, მატერიალური, ხელშესახები საფინანსო -საბიუჯეტო ურთიერთობა.

 

ასე იკითხება ის დღეს, ასე წაიკითხავენ მას მომავალში!

 

ეს საკითხი პრობლემურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს მიღებული ნორმატიული აქტების: 

 

 - 2007 წლის 13 აპრილის საქართველოს კანონი  „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“,  (https://matsne.gov.ge/ka/document/view/24280?publication=1).

 

- საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №153 დადგენილება "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/7480?publication=0).

 

- საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულება -„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ -გამოცემის დღიდან (matsne.gov.ge/ka/document/view/100630).

 

აქ პირველად იქნა ოფიციალურად  გახსენებული ე.წ . „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, მას შემდეგ რაც, 1990 წლის 11 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ხელმოწერით გამოცემულ იქნა საქართველოს კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“.

 

სხვათაშორის, “ბორდელიზაციის“, ანუ ოკუპაციის  საზღვრების  გავლებისას არგუმენტად  ე.წ . „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ საზღვრებს იშველიებენ.

 

ისტორიულად, საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს არავითარი „სამხრეთ ოსეთი“, გარკვეული დროიდან არსებობს ოსი მოსახლეობა , რომელთა სახლობა გამოყენებულ იქნა ბოლშევიკების მიერ  საქართველოს ისტორიული მხარეების - ქართლის, მთიულეთის, რაჭისა და  იმერეთის ტერიტორიების ჩამონაჭერთა გაერთიანებით შეექმნათ პლაცდარმი ხელისუფლებისთვის საბრძოლველად და მას უწოდეს „სამხრეთ ოსეთი“ (იმ დროისთვის „ჩრდილოეთ ოსეთი“ არც არსებობდა!).

 

საბჭოთა კავშირის პერიოდში დე-იურე ეს ტერიტორიები გაფორმდა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაუქმდა.

 

 ამის შემდეგ ეს ტერიტორიები რჩება  დაპყრობილი ტერიტორიებად. (რომელშიც შედის „საქართველოს ისტორიული მხარეების  ქართლის, მთიულეთის, რაჭისა და  იმერეთის ტერიტორიები“.  კარგი იქნება ამ რეალობის დაფიქსირება , ისევე როგორც სხვა შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს არა აფხაზეთის, არამედ საქართველოს ისტორიული მხარეების  აფხაზეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე“. ამ საკითხს მივყავართ დღეს საქართველოს კვაზი და ანტიისტორიულ მხარეებად დაყოფის განხილვამდე და ბუნებრივია მას სპეციალური ნარკვევი უნდა მიეძღვნას).

 

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ განხორციელდა ამ ტერიტორიების ღია ოკუპაცია, რომლის ფარგლად აღებულ იქნა საბჭოთა კავშირი დროს არსებული „ოლქის“ ადმინისტრაციული საზღვრები - ოკუპაციის ამ ლეგენდას ხელს უწყობს ზემოთმითითებული ნორმატიული აქტები და განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონები, მათ შორის 2020 წლის პროექტი.

 

ბიუჯეტის კანონში ზემოთხსენებული გრძელი დასახელება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მოხვდა პირველად, მანამდე 2007 წლიდან მოყოლებული 44 00 კოდით მოცემული იყო მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“, რაც ჩვენ მკაცრად გავაკრიტიკეთ.

 

ეს კრიტიკა უყურადღებოდ არ დატოვა, მაგრამ როგორც შეეძლო, ისე გაითვალისწინა მაშინდელმა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა (პროფესიონალი და კარგი  პიროვნება, რატომაც კიდევ უფრო დასანანია  მისი შემოქმედებითი აღმასვლისა და ახალგაზრდულ ასაკში გარდაცვალება). შესაბამისად, 44 00 კოდის სათაურში უცვლელი დარჩა „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ და წინ ჩაემატა  დასახელებულ  კანონსა და  საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულების სათაურში მოცემული ფორმულირება. 

 

ამრიგად, 2007 წლიდან, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ მიერ დაიწყო არაოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტივობები და მაშინ შეიქმნა - „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“.

 

გაჩნდა შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება თავისი უკანონო დასახელებით - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ (მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ნორმატიულ აქტში არ ყოფილა ასეთი დასახელება).

 

სააკაშვილის ხელისუფლების ამ წამოწყებამ სრული კრახი განიცადა რუსეთ-საქართველოს  5-დღიანი ომის დროს (2008 წლის აგვისტოში). 

 

დაპყრობილ იქნა ის ტერიტორიები, სადაც მოიაზრებოდა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ფიზიკური არსებობა და საქმიანობა. 

 

შესაბამისად, 2009 წლიდან , ახალი რეალობებიდან გამომდინარე, ყველა ზემოთ მოტანილი ნორმატიული აქტები უნდა  გაუქმებულიყო და შეწყვეტილიყო აღნიშნული საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო, ადამიანებს ვინც იქ იყო დასაქმებული, ახალ ვითარებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა , ან სხვა სტატუსს ქვეშ უნდა მიეღო სახელმწიფოსაგან ღირსეული არსებობის საშუალება.

 

თუმცა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს,  ეტყობა  ადამიანებისადმი  არსებული რაღაც ვალდებულებების გამო, გააგრძელეს აღნიშნული მუხლით არ არსებული ინსტიტუტის, „ფანტომი“ - ადმინისტრაციის დაფინანსება, რითაც გავიდნენ კანონმდებლობის ჩარჩოებიდან.

 

სააკაშვილის დროს აღნიშნული მუხლით დაფინანსებამ წლების მიხედვით შეადგინა შემდეგი:

2007 წელი -14 612 000 ლარი;

2008 წელი -  9 999 700 ლარი

2009 წელი -  8 834 700 ლარი;

2010 წელი -  8 837 700 ლარი;

2011 წელი -  8 836 500 ლარი;

2012 წელი -  7 796 000 ლარი.

 

სულ ამ პერიოდში დაიხარჯა 58 916 600 ლარი (ჩვენ მონაცემები ავიღეთ საკლასიფიკაციო კოდის მიხედვით, თუმცა ხარჯები ამ მიმართულებით დიდი ალბათობით მეტი იყო „სხვა ხარჯების“, სხვადასხვა ფონდების და ა.შ. მუხლებიდან გაწეული დამატებითი ხარჯების გამო).

 

ამ პერიოდში სააკაშვილის ხელისუფლება მოქმედებდა თავისი გეგმის მიხედვით, რომ დაემტკიცებინა ოკუპირებული ნაწილისთვის საქართველოსთან ყოფნის უპირატესობა და ეს გამოეყენებინა რეინტეგრაციის პროცესისათვის.

 

ყოველ შემთხვევაში იყო რაღაც მიზანი და ამ მიზნისათვის ხარჯები  (რამდენად კანონიერი , შესაბამისი და ეფექტიანი უნდა ჰქონდეს შესწავლილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს)!

 

მაგრამ, ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რატომ გრძელდება ეს ხარჯები?

 

2013 წელს დავუშვათ ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთობლივი მართვის პერიოდისა და კოჰაბიტაციის გამო! შემდგომში?

 

აქ საჯარო პასუხი არ არსებობს!

 

თუ ამ ხარჯების ქვეშ რაიმე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საიდუმლოა , ამისთვის არსებობს სხვა მუხლები და სხვანაირი ხარჯვის წესი.

 

ხოლო ისე, როგორც წარმოდგენილია, სხვა არფრის მაჩვენებელი არაა, გარდა იმისა, თუ როგორ კანონების დარღვევითა და უმიზნოდ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფლანგვა.

 

ფლანგვა, ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაამოწმა წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროგრამების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისობა საქართველოს განვითარების საჭიროებებთან,ამასთან,  სპეციალური მექანიზმის - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით არ შეამოწმა ყველა ხარჯების მიზნობრიობა, შესაბამისობა და ეფექტიანობა და ამის შემდეგ არ მიიღო გადაწყვეტილებები.

 

ეს რომ გაკეთებულიყო, (1) ქვეყანას უარი უნდა ეთქვა სააკაშვილის „რომანტიულ“ ტერიტორიების შემოერთების გეგმებზე, (2) უნდა ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო  : საქართველოს კანონი  „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №153 დადგენილება "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“; საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულება -„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ . (3) შეწყვეტილიყო 44 00 კოდით არსებული დაფინანსება.

 

ნაცვლად ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ  უაპელაციოდ გააგრძელა აღნიშნული დაფინანსება და საკუთარი მთავრობა აქცია „მკვდარი კანონის“ შემსრულებლად, სადაც ვერ არც ერთი მუხლი არ სრულდება და შეუძლებელია შესრულდეს იმ ტერიტორიის ოკუპაციის გამო, რომელზეც სამოქმედოდ იქნა მიღებული საქართველოს  კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ.“

 

შედეგად, უკვე ბიუჯეტიდან „მკვდარ პოლიტიკურ სულზე“ გაცემულია 56 132 600 ლარი, აქედან, სააკაშვილის დროს - 34 304 900 ლარი, ხოლო, ივანიშვილის დროს - 21827700 ლარი.

 

მთავარია, რომ ამ ხარჯების გაწევა კვლავ იგეგემება 2020 წლისთვის!

 

14 ნოემბრის შემდეგ მსოფლიომ უთხრა საქართველოს - პოლიტიკაში ტყუილები არ შეიძლება, ტყუილებს დემოკრატიულ ქვეყნებში არ პატიობენ პოლიტიკოსებს. საქართველოში მოსახლეობა საბჭოთა სინამდვილიდან ხელისუფლების მხრივ ტყუილებს მიჩვეულია და ჯერ კიდევ არ აქვს ამის მიმართ გამძაფრებული დამოკიდებულება. თუმცა უნდა ითქვას, რომ 14 ნოემბრის შემდგომი პროცესები ამ იმუნიტეტს ქართველ ხალხში ნამდვილად აღადგენს.

 

ჩვენ ხშირად გვიკვირს სკანდალები „წვრილმანი შინაარსით“ პოლიტიკოსების ირგვლივ დემოკრატიულ ქვეყნებში.მიდგომა იქ მარტივია - კაცმა თუ ცხოვრების ეპიზოდი დამალა და მოიტყუა, რა შეუშლის მას  ხელს იცრუოს უკვე სახელმწიფო საქმეებში, სადაც მატყუარამ შეიძლება მთელი ქვეყანა ძლიერ დააზიანოს!

 

ქართული ოცნების პირობებში 44 00 კოდით საბიუჯეტო ხარჯები იყო:

2013 წელი -3 764 900 ლარი;

2014 წელი -3 479 800 ლარი;

2015 წელი -3 729 000 ლარი;

2016 წელი -3 507 500 ლარი;

2017 წელი -2454 900 ლარი;

2018 წელი -2 431 600 ლარი;

2019 წელი -2 460 000 ლარი;

ანუ სულ 21827700 ლარი

და პროექტი:

2020 წელი -2 460 000 ლარი.

კიდევ „სხვა ხარჯებიდან“ 140 000 ლარი.

 

რასთან გვაქვს საქმე?

 

გულგრილობასთან, არაკომპეტენტურობასთან, კანონდარღვევასთან, თუ ყველაფერთან ერთად?

 

ყველაფერთან ერთად - იქნება სწორი პასუხი.

 

ქვეყანას უნდა მართავდეს ინსტიტუტები და არა პიროვნებები. საქართველოში ჯერ კიდევ არ განხორციელებულა მმართველობის სისტემის დესოვიეტიზაცია და მართავენ პიროვნებები. პოლიტიკური ფიგურები საკვანძო თანამდებობებს იკავებენ ძირითადად შესაბამისი კარიერული საფეხურებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გარეშე, ხშირად საეჭვო და გამოსაძიებელი განათლების ფორმალური დამადასტურებელი დოკუმენტებითაც კი.

 

სამინისტროები კი არ მართავენ - არამედ მინისტრები.  შესაბამისად, სამინისტრო ხან ჭკვიანია და ხან სულელი, იმის მიხედვით, თუ როგორია მინისტრის გონებრივი შესაძლებლობები. ამასთან. მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა არ აძლევს მათ საშუალებას სიღრმისეულად გაეცნონ საკითხებს. არის კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი - ესაა მედროვეობა და თანამდებობაზე მაქსიმალურად ყოფნის უზრუნველყოფის მოტივაცია, რისთვისაც დღეს მაგალითად საუკეთესო ხერხად  ჩანს უმოქმედობა, უინიციატივობა.

 

44 00 - კოდით დაფინანსების მოთხოვნა   2020 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში კანონმდებლობის სრული დარღვევითაა განხორციელებული.

 

საბიუჯეტო დაფინანსება უნდა აკმაყოფილებდეს  ხარჯვის  კანონიერების , მიზნობრიობის და ეფექტიანობის მოთხოვნებს.

 

არც ერთ ამ პრინციპს ეს ჩანაწერი არ აკმაყოფილებს, პირიქით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

 

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“

 

1.“  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (შემდგომში: „კოდექსი“) მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის „მხარჯავი დაწესებულებისა“და „საბიუჯეტო ორგანიზაციის“ცნებების დადგენილ ნორმას.

 

კოდექსით:

 

„მხარჯავი დაწესებულება“ - „პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია“. (კოდექსი,მუხლი 6.“რ“); 

 

„საბიუჯეტო ორგანიზაცია“ -  „საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია“.(კოდექსი, მუხლი 6.“ს“).

 

2.  არღვევს კანონმდებლობით დადგენილი   პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნებს. 

 

როგრამული კლასიფიკაცია არის პრიორიტეტების, პროგრამების / ქვეპროგრამების ერთობლიობა (კოდექსი, მუხლი 8). 

 

მსგავსი რამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან“ დაკავშირებით მოცემული არ არის კანონპროექტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტის  პრიორიტეტები და პროგრამები ( კანონპროექტი,მუხლი 14) შესახებ. 

 

ამით დარღვეულია კოდექსის მოთხოვნა, რომ   სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს სხვასთან ერთად  ინფორმაციას  იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელთა ფარგლებშიც მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს / ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს (კოდექსი, მუხლი 38.3.“ი“) 

 

და 

 

დამატებითი ინფორმაციას „ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ“(კოდექსი, მუხლი 38.4.“დ“). 

 

„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ მიზნებსა და მათი საქმიანობის შედეგების განმსაზღვრელი ინდიკატორების შესახებ საქართველოს მთავრობის წინადადებებში არაფერია ნათქვამი ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და ინდიკატორების დანართში. 

 

კანონპროექტში მოცემულია ცალკე „მუხლი 32. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები“.

 

„2020 წლის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით ადმინისტრაციისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები.“(ხაზგასმა ჩემია-მ.ჯ.) (http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/128156/07-2.399). 

 

არის შემთხვევები როდესაც ძნელია მოვლენის შეფასების სიტყვებით გადმოცემა. „ღონისძიებები“ დაყვანილია „ერთჯერადი დახმარებების“ გაცემაზე სუბიექტურად, „ადმინისტრაციის ხელმძღვანელის“ საკუთარი გადაწყვეტილებებით!

 

მთავარი ღონისძიება ეს დახმარებაა -  85 კაცი შტატში რა საჭიროა? მით უმეტეს, რომ გამოყოფილი 2 460 000 ლარიდან 1360 000 შრომის ანაზღაურებაზე მიდის, ანუ 1 360 000 ლარი იხარჯება 1 100 000 ლარის ერთჯერადად გაცემისათვის? ასეთ სიტუაციაში 140 000 ლარის მიცემა  „სხვა ხარჯებიდან“ რატომ იგეგმება? რატომ არ აქვს მას ახსნა?

 

თემა ძალიან მგძნობიარე საკითხს ეხება და უნდა გავიმეორო - თუ საკითხი ეხება ოკუპაციის შედეგად განადგურებული ადმინისტრაციის პერსონალს, მათი ღირსეული დაკმაყოფილება უნდა მოხდეს სხვა ფორმითა და სხვა სტატუსით. აგრეთვე, საქმე თუ ეხება, აღნიშნული ნორმატიული აქტების ოთხოვნების გარდა სხვა საქმიანობას - ისიც სხვანაირად უნდა იქნას დაფინანსებული. 

 

აქ ვერავინ იტყვის, რომ ვერ შენიშნა (გარდა იმისა , ვისაც ბიუჯეტი არ წაუკითხავს).

 

მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - ვინც შეადგინა? 

 

ბიუჯეტის შემდგენელთა პროფესიულ სინდისის დონეზე სხვა თუ არა, პასუხისმგებლობა მაინც უნდა დადგეს და მისგან გასათავისუფლებლად ბიუჯეტის პროექტის კანონად ქცევა არ უნდა იყოს საკმარისი!

 

ვინც უნდა შეამოწმოს საბიუჯეტო ხარჯები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ უნდა შენიშნოს ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე, რომ „მკვდარ კანონს“ აფინანსებს ბიუჯეტი?!

 

ნუთუ ძნელი დასანახია, რომ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ სამოქმედო ტერიტორია ოკუპირებულია და მას ზემოთხსენებული ნორმატიული აქტებით მინიჭებული ფუნქციებიდან : „... დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მიზნით შესაბამისი პირობების მომზადება;... კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა;...  ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება; დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა...“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/24280?publication=1) არც ერთის შესრულება არ შეუძლია!

 

ამის დანახვას დღეს წინ რა უდგას მაშინ, როცა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის დააკავეს, რომელიც „წარმოადგენს“  „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ „ფუნქციონირების სივრცეს“?!

 

ამას დაფინანსების გაგრძელების დადასტურებას ითხოვს საქართველოს პრემიერ- მინისტრი გახარია საქართველოს პარლამენტისგან 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით?

 

ზემოთქმულის - „სამხრეთ ოსეთის“ მატერიალურად აღიარების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის მიმართ, პირველ რიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა და დევნილთა (რომ არაფერი ვთქვათ საქართველოსათვის  შეწირულთა სულების) წინაშე მინიმუმ უხერხულად ჟღერს  ბიუჯეტის კანონპროექტის სხვა ადგილას „საგარეო პოლიტიკის განხორციელების“ ნაწილში (პროგრამული კოდი 28 01) მოტანილი უზოგადესი ჩანაწერი, რომ მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება.

 

„არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით არსებული რისკების პრევენცია და ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება“.(ხაზგასმა ჩვენია - მჯ).

 

 „არაღიარების   პოლიტიკა“ შეიძლება შეთავსდეს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებასთან? არაღიარება აღიარებით ისევეა რეალური, როგორც „შემწვარი ყინული“.

 

რეკომენდაცია ხელისუფლებას - 

 

1. ძალადაკარგულად გამოაცხადოს : საქართველოს კანონი  „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივლისის №153 დადგენილება "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულის საზღვრებში არსებული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“; საქართველოს პრეზიდენტის  2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულება -„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“. 

 

2. გააუქმოს  „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში საქართველოს  სახელმწიფო   ბიუჯეტიდან   ასიგნებების ჩამონათვალში  საბიუჯეტო კლასიფიკაციის  კოდით 44 00 დასახელებული მხარჯავი სუბიექტი.

 

ხელისუფლების მიერ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკითხი მზადაა და შეტანილ უნდა იქნას საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის მიმართულ  საპროტესტო  აქციების თემატიკაში.

 

თუ პროტესტის აუცილებლობამდე მივა საქმე ნათქვამის შემდეგ, პროტესტის დროს უნდა დაიგმოს  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“  მხარჯავ სუბიექტად დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელება და შეფასდეს ის, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო ქმედება ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის წარმოადგენს სამიუჯეტო სახსრების უყაირათო, უშედეგო ხარჯვას, საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და  ასეთი ქმედება მთავრობის მხრიდან ახალისებს ქვეყანაში საკანონმდებლო ნიჰილიზმს და მეორეც, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, რამაც შეიძლება გაურკვევლობა შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ქვეყნის პოზიციის განსაზღვრის დროს მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამ უკანასკნელთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის, დაცვისთვის ძალისხმევის შემცირების ან სულაც შეწყვეტის საბაბი გახდეს!