მიხეილ ჯიბუტი: საშველი

მიხეილ ჯიბუტი: საშველი

საშველი და სახიდებელი ერის და ბერის ერთიანობაშია, რომელიც სოციალურ დისტანცირებით და სწორი -  რწმენაზე, მეცნიერებაზე, გამოცდილებაზე, ინტუიციაზე, სუფთა სინდისზე დაფუძნებული ქმედებით მიიღწევა. ასეთი ქმედება კი - სოციალური პასუხისმგებლობითა და ხელისუფლების საგანგებო უფლებამოსილებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

 

1. ხელისუფლებამ უნდა დააზუსტოს ქვეყანაში ამ დროისთვის ახლად წარმოქმნილი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევები და იმის მიხედვით განსაზღვროს მოქმედების  მიზნები და ამოცანები.

 

2. ეს გამოწვევებია: 

 

2.1. კორონავირუსის ინფექცის შეჩერება, შემცირება, მოსპობა; 

 

2.2. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სურსათის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა; 

 

2.3.ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა;

 

2.4. ეკონომიკური პოლიტიკის, ფულად - საკრედიტო და საფინანსო - საბიუჯეტო პოლიტიკების  კორექტირება. 

 

3. აღნიშნული გამოწვევების დაძლევა  განსაზღვრავს მიზანს მოკლე (3-12 თვე), საშუალო (1,5 – 2 წელი) და გრძელვადიანი (2-წლიდან სიტუაციურად 15-30 წლამდე) პერიოდისთვის, ხოლო, აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ამოცანების გადაჭრა.

 

4. მიზნებისა და ამოცანების მიხედვით, გამოწვევების დასაძლევად დგება  სახელმწიფო პროგრამები: 

 

4.1. კორონავირუსის ინფექცის შეჩერება, შემცირება, მოსპობა:

 

4.1.1. ქვეპროგრამა - კორონავირუსის ინფექციის შეჩერება, შემცირება - მოკლევადიან პერიოდში;

 

4.1.1. ქვეპროგრამა - მოსპობა - საშუალოვადიან პერიოდში;

 

4. 2.  სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სურსათის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა:

 

4.2.1. ქვეპროგრამა - შიმშილის თავიდან აცილება - მოკლევადიან პერიოდში;

 

4.2.2. ქვეპროგრამა - სასურსათო უსაფრთხოების სისტემის შექმნა და სასურსათო თვითუზრუნველყოფის 50-70%-მდე უზრუნველყოფა - საშუალოვადიან პერიოდში;

 

4.2.3. ქვეპროგრამა- სასურსათო უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნა - გრძელვადიან პერიოდში;

 

4. 3. ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა:

 

4.3.1.  ქვეპროგრამა - ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა - მოკლევადიან პერიოდში;

 

4.3.2. ქვეპროგრამა - ქვეყნის ძირითადად ინტერნეტიზაცია - საშუალოვადიან პერიოდში;

 

4.3.3. ქვეპროგრამა - ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია - გრძელვადიან პერიოდში;

 

4.4. ეკონომიკური პოლიტიკის, ფულად - საკრედიტო და საფინანსო - საბიუჯეტო პოლიტიკების  კორექტირება:  

 

4.4.1. ქვეპროგრამა - ეკონომიკური ზრდის შემცირების შეკავება, ხარჯების მომჭირნეობის რეჟიმი, საგანგებო პროგრამები და მათი ხარჯების ასახვა ბიუჯეტში, ეკონომიკის სტიმულირებისთვის დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის განვითარება, ლარის გამყარების შიდა ფაქტორების გაძლიერება, თავისუფალი სავალუტო კურსის დაცვა, საგანგებო ბიუჯეტი - მოკლევადიან პერიოდში;

 

4.4.2. ქვეპროგრამა - ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შეკავება, არსებული პროგრამებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემდგომი ოპტიმიზაცია, კორექტირებული  საგანგებო პროგრამების  დაფინანსება ანტიკრიზისული პროგრამის დაფინანსება, ეკონომიკის საგადასახადო სტიმულირება, ლარის გამყარების შიდა ფაქტორების გაძლიერება - საშუალოვადიან პერიოდში;

 

4.4.3. ქვეპროგრამა - ფინანსური სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის აღდგენა, ქვეყნის განვითარების ინდიკატური დაგეგმვისა  და პროგრამული ბიუჯეტირების  სისტემის  დამკვიდრება - გრძელვადიან პერიოდში.

 

5. სახელმწიფო  პროგრამების შედგენის აუცილებლობას იწვევს ის, რომ გამოწვევები და მათი დაძლევის გზები კომპლექსური ხასიათისაა. ამიტომ, მათი განხორციელება რომელიმე ერთი სამინისტროს ან უწყების ფარგლებში შეუძლებელია.

 

6.  ამდენად თითოეული ამ  პროგრამებისათვის უნდა განისაზღვროს  საჭირო დაფინანსება და ის უნდა აისახოს ამ მიზნით კორექტირებულ მოქმედ სახელმწიფო ბიუჯეტში - საგანგებო ბიუჯეტში, წამყვანი სამინისტროს ან უწყების განსაზღვრით და მას კოორდინაცია უნდა გაუწიოს საქართველოს მთავრობამ.

 

7. რადგანაც ეხლა აქტუალურია მოკლევადიანი პერიოდი და ამასთან, მოცემული მასალა მეთოდოლოგიურ - გზამკვლევითი ხასიათისაა, თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ მოცემულია  უმოკლეს ვადაში  განსახორციელებელ ქვეპროგრამების მოკლე და ზოგადი  მიმოხილვა.

 

8. კორონავირუსის  ინფექცის შეჩერება - შემცირების ქვეპროგრამა(4.1.1).

 

ერთიან პროგრამაში, თავიდან შეიძლება ავტონომიურად უნდა შედგეს პროგრამა, რომელშიც გაიწერება აქტივობები, შემსრულებლები, პროგრამის რეალიზების ვადები, ინდიკატორები, განისაზღვრება საჭირო დაფინანსება.  უნდა შეიქმნას ამ პროგრამის განმახორციელებელი რგოლი მთავრობაში - პირობითად „ანტიCovid-19 საბჭო“  და ის უნდა გახდეს ამ საკითხებზე საქართველოში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მამობილიზებელი. ნათელია, რომ ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე და ექიმ-პროფესიონალთა მთელი გუნდი, ამ ამოცანას გაუკლავდება თუ მათ მიერ შედგენილი პროგრამა იქნება შესაბამისად დაფინანსებული და ყველა რესურსებით უზრუნველყოფილი. ასეთ შემთხვევაში, უნდა ეთხოვოს პროცესებში ჩართვა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედების უზარმაზარი პრაქტიკის მქონე ჯანდაცვის ისეთ ორგანიზატორებს, როგორიცაა: ირაკლი მენაღარაშვილი, ავთანდილ ჯორბენაძე, მარინა ღუდუშაური და სხვები.  ამ შემთხვევაში პოლიტიკური თუ სხვა სიმპათია - ანთიპატია გვერდზე უნდა გადაიდოს!

 

პროგრამის რეალიზების პასუხისმგებელი უწყება იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამინისტროში აღნიშნული პროგრამის დაფინანსება უნდა აისახოს საგანგებო ბიუჯეტში, რომ მის უზრუნველყოფას ჰქონდეს სტაბილური ხასიათი.  სამინისტრომ კი უნდა გააგრძელოს სხვა პროგრამებისა და მიმართულებების განხორციელება, რაც დარჩება ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ.

 

9. ქვეპროგრამა- შიმშილის თავიდან აშორება ( 4.2.1.)  - მოკლევადიან პერიოდში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. იმიტომ, რომ სასურსათო უსაფრთხოების სისტემა საქართველოში ჯერ ჩამოყალიბებული არაა და ახლა განსაცდელის ჟამს ორი ამოცანაა ერთდროულად შესასრულებელი, როგორც ამ სისტემის ინსტიტუციური ელემენტების თავმოყრა, ისე რეალურად ადამიანების არსებობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

 

პროგრამაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება ერთ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისროს, რადგანაც დასახელებული სამინისტროს კომპეტენცია ძალიან ვიწროა ამ საკითხის გადასაწყვეტად. არსებული კანონმდებლობის ფარგლებში საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება  შეიქმნას მთავრობაში  დარგთაშორისი მაკოორდინირებელი ორგანო - ეროვნული საბჭო სასურსათო და კვების უსაფრთხოების საკითხებში (შემდგომში: “საბჭო“) რომელიც დაეყრდნობა სოფლის მეურნეობის მხრიდან სასურსათო უსაფრთხოების, ხოლო შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან კვების უსაფრთხოების  კოორდინაციას, რეალიზაციას, მონიტორინგსა და შეფასებას. საბჭოს მოუწევს ამ ორი უწყების კოორდინაციის სისუსტეების შევსება. აღნიშნულ საბჭოში მოწვეულ უნდა იქნან წლების განმავლობაში OXFAM-ის პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები - ლევან დადიანის, ქეთი გეთიაშვილის ხელმძღვანელობით, ადამიანები პრაქტიკული და სამეცნიერო ცოდნით: პაატა კოღუაშვილი, შოთა ჩხეიძე, ზურაბ ცქიტიშვილი, თენგიზ ჯალიაშვილი, რამაზ გახოკიძე, ნოდარ ჭითანავა, ქეთევან ლაფერაშვილი და ბევრი სხვა  მაღალი რანგის პროფესიონალი. როგორც ზემოთ უკვე  აღვნიშნე, ამ შემთხვევაშიც,  პოლიტიკური თუ სხვა სიმპათია - ანთიპატია გვერდზე უნდა გადაიდოს. 

 

სასურსათო უსაფრთხოება სქემატურად ოთხ საფეხურს მოიცავს: არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება, სტაბილურობა. თითოეულ მათგანს ახასიათებს რისკები, შესაბამისად: სურსათის საჭირო რაოდენობის ფიზიკურად არსებობის, ხელმისაწვდომობის  მოხმარების და  ხელმისაწვდომობის რისკები.

 

ქვეპროგრამაში უნდა აისახოს ამ რისკების დაძლევის ღონისძიებები - სახელმწიფო  მიერ  საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის სახით.

 

პირველ რიგში უნდა ჩატარდეს შესწავლა და აღრიცხვა იმ ოჯახების, რომელთათვისაც დაბალი შემოსავლებისა და სიღარიბის გამო ეკონომიკურად ხელმიუწვდომელია/ ან შეიძლება გახდეს ხელმიუწვდომელი  სურსათი, მიუხედავად იმისა, ფიზიკურად არის ის თუ არა ბაზარზე, ხოლო, ფასების ზრდა კიდევ უფრო ზრდის ასეთი ოჯახების  რიცხვს. ასევე პირველი რიგისაა სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტიები. საქართველოს დამოკიდებულება იმპორტზე შეიცავს რისკს  მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე არა მარტო  ფასების ცვლილებების და მათი შიდა ფასებზე გავლენის  გამო, არამედ, ფიზიკური არსებობის გამო. აუცილებელი ხდება რეზერვების შექმნა, დადგენილი წესით, საბაზრო მექანიზმებისა და   კერძო კომპანიების მიერ შესაბამისი ინფრასტრუქტურის ორგანიზების გზით. ამასთან, ამ მარაგების შექმნა და ამ მიმართულებით სახელისუფლო აქტივობები კორელაციაში უნდა იყოს არა ზოგადად სურსათთან, არამედ კვების საბაზო პროდუქტებთან. უნდა განისაზღვროს ქვეყანაში კვების საბაზო (სტრატეგიული, სიცოცხლისათვის აუცილებელი) სასურსათო პროდუქტების სახეები და   ნორმატიულად  დადგინდეს მათი  ჩამონათვალი. კვების საბაზო პროდუქტებად შესაძლებელია განისაზღვროს ხორბალი, სიმინდი, ლობიო, კარტოფილი, ხორცი, ხორცი სახეების მიხედვით (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის, ფრინველის), რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, თევზეული, შაქარი, მცენარეული ზეთები, ბოსტნეული, ხილი. დადგინდეს ქვეყნის მიერ თვითუზრუნველყოფის ზომა თითოეული სახეობის მიხედვით და აქედან გამომდინარე, შედგეს მარაგების გეგმა. ამასთან, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საჭიროა პრიორიტეტების დადგენა. თუმცა, მარცვლეულისა და პირველ რიგში, ხორბლის სახელმწიფო  მარაგების შექმნა/გაზრდა არცერთი საათით გადასადები საქმე არაა.

 

ერთი სიტყვით, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების არარსებობის გამო უნდა განხორციელდეს ორერთიანი მიდგომის პოლიტიკა: ერთი მხრივ, შემუშავდეს და დაუყონებლივ გატარდეს სურსათის არსებობასთან, მის ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ხელმისაწვდომობასთან  და საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების პრევენციული ღონისძიებები და მეორე მხრივ, პარალელურად წარიმართოს სასურსათო უსაფრთხოების სისტემის შექმნა. 

 

10. ქვეპროგრამა ( 4.3.1 ) -  ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა- მოკლევადიან პერიოდში.

 

უმთავრესი საკითხია სახელმწიფო თუ სასწავლო სერვისების  ციფრული სახით მიწოდების გამო, ინტერნეტის არქონის გამო, ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობას მოკლებული ადამიანებისათვის მდგომარეობის გამოსწორება. 

 

თუმცა, არა ნაკლებ და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კი - უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოებისა და იმ ხალხის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ვინც ამ სისტემებით სარგებლობს.

 

წარმოვიდგინოთ, კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანთა ფიზიკური დაშორიშორებისა და მათი სოციუმის, თუ საქმიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად გამოყენებული ინტერნეტი და ყველა ციფრული კავშირურთიერთობა რომ მოიცვას კომპიუტერულმა ვირუსმა. ეს რომ შესაძლებელია ზოგადად, მიუთითებს კომპიუტერული ვირუსების ეპიდემიათა ისტორია. 

 

თუ საქართველოში ასეთი ეპიდემიები უმტკივნეულოდ „გადაიტანეს“ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ყოფილა ამ ვირუსების გავრცელების სამიზნე.

 

თუმცა, საქართველოს შესაძლებლობები, მისი იმუნიტეტი ასეთი ვირუსების ეპიდემიის მიმართ, კარგად გამომჟღავნდა 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო სექტორზე კიბერშეტევის დროს. მოხდა ორი ათასი GOV დაბოლოების სამთავრობო, არასამთავრობო და სამომხმარებლო ვებ-გვერდების პარალიზება. გატყდა proservice.ge ჰოსტინგ პროვაიდერის სრული სერვერი! 

 

ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ მისამართებზე არსებული სახელმწიფო და სხვა საიდუმლო ინფორმაცია აღარ იყო საიდუმლო! როგორც გაირკვა, 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა  რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოში ამის შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა.

 

საქართველო კვლავ დაუცველია.

 

მაშინ, როცა თვით აშშ განიცდის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემებს, მაშინ, თუ საქართველო მისგან, ან სხვა პარტნიორებისგან არ ყიდულობს ბოლო თაობის დაცვის სისტემებს (რაც ძალიან საეჭვოა რომ ასე იყოს), საქართველო ყველა კიბერდანაშაულის მსხვერპლი შეიძლება გახდეს!

 

კიდევ ერთი საკითხი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქვეყანა ყიდულობს კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფელ სისტემებს მეგობარი ქვეყნისგან, ის მაინც „დაუცველია“ თვით ამ ქვეყნისგან. მოცემული მეგობარი ქვეყანა პირდაპირი ჩართვით ადევნებს თვალს მოცემული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, თუ ინდივიდუალურ ცხოვრებას.

 

გამოსავალი ერთია: საქართველოს უნდა ჰქონდეს მონაცემთა ბაზების, საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების ან მათი მონაცემების. თავისი, ეროვნული დაცვის პროდუქტები! მან შეიძლება იყიდოს პროგრამები, ტექნოლოგიები, მაგრამ მათი დაცვის სისტემები უნდა აწარმოოს თვითონ!!! (საქართველოში, როგორც ნაციონალური პროდუქტის მწარმოებელი პოზიციონირებს „კიბერ უსაფრთხოების ჯგუფი“ - ალბათ სხვაცაა, რომლებიც ალბათ შეთავაზების შემთხვევაში ჩაერთვებიან აღნიშნული პროგრამის შემუშავებაში).

 

ქვეყანაში უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მაკოორდინირებელი სახელმწიფო ორგანო პერსპექტივაში - ამ ეტაპზე კი უნდა შეიქმნას მთავრობაში „ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების საბჭო.  მასში მოწვეულ იქნას თუნდაც დასახელებული კიბერ უსაფრთხოების ჯგუფიდან კადრები და შეიქმნას სპეციალური პროგრამა შესაბამისი დაფინანსებით. შიმშილის არ დაშვების გვერდით დგას ინფორმაციული იზოლაციის არ დაშვება.

 

11. ქვეპროგრამა - ეკონომიკური ზრდის შემცირების შეკავება,  ხარჯების მომჭირნეობის რეჟიმი, საგანგებო პროგრამები და მათი ხარჯების ასახვა ბიუჯეტში, ეკონომიკის სტიმულირებისთვის დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის განვითარება, ლარის გამყარების შიდა ფაქტორების გაძლიერება, თავისუფალი სავალუტო კურსის დაცვა, საგანგებო ბიუჯეტი - მოკლევადიან პერიოდისთვის (4.4.1.).

 

საგანგებო მდგომარეობა - ესაა წესრიგი სქემით: ახალი  გეგმა - ახალი აქტივობები - პასუხისმგებლები - ფული. თუ ეს ყველაფერი რეალურად შეცვლილია, მაშინ ახალი წესრიგი ყოფილა დამყარებული! თუმცა, როგორ იქნება ეს წესრიგი სრულფასოვანი, თუ ძველი გეგმა - მისი შესაბამისი აქტივობა და მასზე ფულის ხარჯვა კვლავ გრძელდება? ყველა პროგრამა და სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა მუხლი, ყველა მხარჯავი და ყველა ხარჯი - უცვლელია? 

 

ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო ინტერვენციები (აშშ დოლარის გაყიდვა სებ-ის მიერ) სავალუტო რეზერვების უშედეგო ხარჯვაა, თუ არ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გადახედვა საგანგებო მდგომარეობის გამოწვევების შესაბამისად და საგანგებო ბიუჯეტის მიღება. საგანგებო ბიუჯეტმა მხოლოდ პროგრამული დაფინანსება უნდა განახორციელოს. წარმოდგენის გამწვაწებისათვის შეიძლება ითქვას: საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ბიუჯეტის გარეშე - ესაა "ლხინი ჟამიანობის დროს"!

 

ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება უნდა მოხდეს მთავრობის 2020 წლის სამოქმედო პროგრამის კორექტირების საფუძველზე.  გაუგებარია - რა წერია ამ პროგრამაში ისეთი, როგორაა ეს ან სხვა  პროგრამები შედგენილი 12 თვისთვის, რომ 3 თვიანი არასტანდარტული, საგანგებო მდგომარეობამდე მიმყვანი პროცესები მასში ცვლილებას არ ითხოვდეს?მხოლოდ საგანგებო გეგმა ხდის საგანგებო სიტუაციას გასაგებს და პროგნოზირებადს ქმნის სახელმწიფოს „მომეტებულ“ ჩარევას, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. ამასთან, ეს ჩარევები საბაზრო პრინციპებზე მაქსიმალურად მორგებულ დადგენილ წესებს უნდა ეფუძნებოდეს, დღევანდელი სუბიექტური, იმპერატიული გადაწყვეტილებების ნაცვლად. მაგალითად, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იყო ე.წ. 9 პროდუქტზე ვალუტის კურსთასხვაობის სახელმწიფო დაზღვევა და ფასების ასეთი გზით შენარჩუნება. ეს არც სოციალურად არაა მნიშვნელოვანი (იმ ადამიანებისთვის რა შეღავათი იქნება, ვისაც არსებული ფასების პირობებში აქვთ ხელმისაწვდომობის პრობლემა?) და არც ჩამონათვალი კვების პროდუქტების  საბაზო, სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩამონათვლის ნუსხაში მოხვედრის თვალსაზრისით. ფასებზე ზემოქმედება საჭიროა სპეკულაციის გამორიცხვის მიზნით და ისე, რომ დეფიციტი არ წარმოიშვას. მაგალითად, ფასების ნაწილში უნდა გამოცხადდეს, რომ საგანგებო პერიოდში დადგენილია ბიზნეს-სუბიექტებისთვის რენტაბელობის ზომა არ იყოს 30, 50 ან რაღაც %-ზე მეტი (ეს შეეხება ყველა სეგმენტს, მათ შორის განათლებისას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პერიოდში), რესტორნები და კვების ობიექტები მიიღებენ სახელმწიფო დაკვეთას უფასო სასადილოების ბენეფიციართა სახლში  მომსახურებისთვის, პურისა და პურპროდუქტების ბიზნესს, რომელსაც გააჩნიათ თავისუფალი საწყობები და მოცულობები ელევატორებში მიეცემათ სახელმწიფოს მიერ თანხა ამ სიმძლავრეების მარცვლეულით შესავსებად, და ა.შ.

 

გაზაფხული ეხლა შედის ხვნის პერიოდში და ახლაა დრო სახელმწიფომ განახორციელოს ხვნა-თესვის პროგრამა, რომელსაც გამოიყენებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი დასაქმების მექანიზმად და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის დაცვას სასურსათო დეფიციტისა და შიმშილისგან.

 

ატიპიური მდგომარეობის -  არაეკონომიკური - ბიოლოგიური ფაქტორებით -  გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ზრდის ხარისხის განსაზღვრის საფუძველზე უნდა შედგეს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების საგანგებო გეგმა  სხვადასხვა სცენარითა და პერიოდისთვის და შედგეს შესაბამისი ბიუჯეტი.

 

მთავრობაში უნდა შეიქმნას უმაღლესი ეკონომიკური საბჭო, რომელშიც თავს მოიყრის საქართველოს ყველა ეკონომიკური პროფილის ინსტიტუტის, სასწავლო და სამეცნიერო, ბიზნესისა და პროფკავშირების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საგანგებო ეკონომიკური გეგმაც ამ საბჭოს ეგიდით უნდა შეიქმნას, რომ მას თავიდანვე დიდი კონსესუსის დატვირთვაც ჰქონდეს. ამ საკითხებზე უფრო დაწვრილებით - ცალკე გვექნება მსჯელობა.

 

12. ამრიგად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სცენარების კორექტირება 2020 წლისათვის, განხორციელდეს საბიუჯეტო პოლიტიკის რაციონალიზება და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გარდაქმნა, ხარჯების ოპტიმიზება და მათი მობილიზება ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მისი გავრცელების შედეგად პირდაპირი და ირიბი სოციალურ-ეკონომიკური უარყოფითი შედეგების სალიკვიდაციოდ. ამასთან, დაცული უნდა იქნას სასურსათო და კიბერუსაფრთხოება, რათა პირველმა რეალურ სივრცეში უზრუნველყოს ადამიანთა ფიზიკური არსებობა, მეორემ  კი - ვირტუალურ სივრცეში გადატანილი, თითქმის მთელი სახელმწიფო, ბიზნეს და ადამიანური, ურთიერთობების  უწყვეტობა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: