საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკა

საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ეკონომიკა

დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობა და განსაკუთრებით, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, არაორდინალური და მნიშვნელოვანია.  ისტორიას ახსოვს უამრავი გამოწვევები სხვადასხვა დროში, მაგრამ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ მოვლენებთან. მოსაზრებები და შეფასებებიც განსხვავებულია  სხვადასხვა სფეროებსა და დონეზე. პროგნოზები კარგია და მისი ოპტიმისტური სცენარები უფრო სჭარბობს მეცნიერთა ნააზრევში, ვიდრე პესიმისტური, მაგრამ ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს!

 

გლობალურმა  ცვლილებებმა წარმოშვა გლობალური აზროვნება, რომელიც ლოკალური სიტუაციებიდან გამოდის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ დღევანდელმა პანდემიურმა  მოვლენებმა გლობალური აზროვნების მიმართულებებში შეიტანა გარკვეული კორექტივები. აქ მას დაუპირისპირდა მასზე უფრო ძლიერი ძალა, რომელიც უხილავია, უსაგნოა და მოქმედებით თერმობირთვულ ძალასაც ბევრად აღემატება. ამის შედეგები ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული და გაურკვეველია.

 

უკვე გამოკვეთილია ამ იდუმალი ძალის დარტყმის ობიექტი - ესაა ადამიანური კაპიტალი, ანუ სამყაროს მამოძრავებელი ძალა და მისი არსებობისთვის  საჭირო ეკონომიკა. გამოაცალე კაცობრიობას ეს ორი დედაბოძი და ის თავისთავად დაინგრევა და მაშინ არც პრობლემები  იარსებებს!

 

ყოველივე ამის ფონზე უცვლელი რჩება კაცობრიობის მარადიული დილემა - მან უნდა იარსებოს და გააგრძელოს ცხოვრების პროცესი ჩვეულ რიტმში.  ბევრი რამ არის ცხადი მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით  ახალი მსოფლიო წესრიგის გამო. თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია და რეალურად რა შედეგებთან გვექნება საქმე, ამის წინასწარ განჭვრეტა ძნელია. შეიძლებელია არსებული მდგომარებიდან გამომდინარე გარკვეული მოსაზრებების დაფიქსირება.

 

უპირველეს  ყოვლისა,  თვალში საცემია ის,  რომ მსოფლიო მიდის ძირეული სტრუქტურული გარდაქმნისკენ. ეს ნიშნავს სრულიად ახალი დარგებისა და მიმართულებების  გაჩენას, ახალ-ახალი პროცესების დაწყებას.  მაგრამ ეს მეტად მტკივნეული იქნება ძველი  მენტალიტეტის მქონე ადამიანებისთვის. აქ იკვეთება ახალიმ ამოძრავებელი ძალის ჩამოყალიბება. არ შეიძლება მთელი მსოფლიოს ქვეყნები ერთნაირად იმართებოდეს. ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს არსებული სტრუქტურა და დაწესდეს ახალი თამაშის წესები. სხვაგვარად კაცობრიობა ქაოსში გადაეშვება და პროცესები უმართავი გახდება.

           

პანდემიის დამთავრების შემდეგ წარმოიქმნება ისეთი ფინანსური ტურბულენტური პროცესები, რომლებიც დიდ რყევებს გამოიწვევს. ამიტომ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეს ყველაზე მგრძნობიარე სფეროა, რომელშიც სარკესავით აისახება გლობალური და ლოკალური პროცესების ცვალებადობა. რა ხდება დღეს ამ „სამარისებურ“ სიჩუმეში? - მიმდინარეობს ტექნოლოგიური და მმართველობითი რევოლუცია. ბოლო წლებში ხშირად ისმოდა მსოფლიო პოლიტიკურ სისტემებში იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ძველებურად ცხოვრება და უნდა ვემზადოთ ახალი მსოფლიო წესრიგისთვის. ამას თავისთავად მოჰყვა სწორედ ტექნოლოგიური რევოლუცია და ეს სახეზეა, ამას არავინ არ უარყოფს. მაგრამ არც მენეჯმენტი უნდა დარჩეს პროცესების მიღმა და ამან მმართველობითი სტრუქტურის შეცვლა თავისთავად, ბუნებრივად უნდა გამოიწვიოს.

 

ჩვენ ეკონომიკურად გიგანტი ქვეყნების გამოცდილება გვასწავლის, რომ ეკონომიკაში ინერგება ინტეგრალური მოდელები, რომელთაც  ჩვენნაირი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის ბევრი სასარგებლო რამ გააჩნია, რომელსაც სჭირდება ფრთხილი და „ცოდნის ჩარხზე გალესილი ჭკუით“ გამოყენება. მასში ბევრია ეროვნული და სუვერენული სახელმწიფოსთვის საჭირო ატრიბუტები. ესენია: ეროვნული სუვერენიტეტი, ნაციონალური კულტურის წინ წამოწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას უხვად გააჩნია და ეს აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. აქ ასევე ბევრია ნაციონალური მმართველობის მოდელები, რომელსაც დახვეწა და თანამედროვეობაზე  მორგება სჭირდება. აუცილებელია გამოვიყენოთ სტრატეგიული დაგეგმვის ელემენტები. ეს ის „სამომავლო ჩარჩოა“, სადაც უნდა ჩაისვას ხანგრძლივი მოქმედების პროგრამები, რომლებიც დროის მოთხოვნის შესაბამისად უნდა დაიხვეწოს. ყოველივე ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ უკვე ვართ დიდი და სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი.

 

ახლა უფრო კონკრეტულად. საით მივდივართ და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო მისი მოქალაქეებისთვის? მთავარია სახელმწიფოს მოტივაცია, თუ რა მიზანს  უნდა ემსახურებოდეს იგი თავისი  განუსაზღვრელი ძალაუფლებით. ეს არის ხალხის ცხოვრების დონის თანდათანობითი ზრდა. ამისთვის იგი ვალდებულია, მოსახლეობის ყველა ფენას ჰქონდეს თანაბარი სასტარტო პირობები ცხოვრების  გაუმჯობესებისთვის, შრომისა და დასვენებისათვის.  ჩვენი ქვეყნისათვის „აქილევსის ქუსლი“ მოსახლეობის საშუალო ფენაა, რომელიც ათეული წლებია ფორმირების პროცესშია, თუმცა საბოლოო მიზნამდე ბევრი გზაა გასავლელი. დღევანდელი სიტუაციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ფენა თანდათანობით  კარგავს წლების განმავლობაში მიღწეულ პოზიციებს და მომავალში მის აღდგენას ისევ წლები დასჭირდება. ამ შემთხვევაში ისევ საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ უმარტივეს მოთხოვნებს უნდა მოვუხმოთ და განვახორციელოთ სხვადასხვა ღონისძიებები. ეს ეხება, პირველ რიგში, მეწარმეობის აღდგენასა და მათთვის  იაფი კრედიტებითა თუ საგადასახადო სისტემის დახვეწით, ფასების სტაბილურობით, ინფლაციური პროცესების მართვის გაუმჯობესებითა თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით დახმარების გაწევას.  ამის აშკარა ნიშნები უკვე შეინიშნება, რაც მეტად დამაიმედებელია.

 

ეროვნული ეკონომიკის ჩამორჩენის მიზეზები წარსულშიც უნდა ვეძებოთ. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი ეროვნული ეკონომიკა საუკუნის წინანდელ ბუნებრივ ნიშნულს უნდა დაბრუნებოდა, მაშინდელ ქაოტურ სიტუაციაში გამოჩნდნენ საერთაშორისო  ორგანიზაციები, რომლებიც კეთილი „ბიძია ჯოს“ ნიღბებით იყვნენ შეიარაღებული და საქართველოს მოახვიეს მათთვის მისაღები და საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ არააპრობირებული სხვადასხვა მოდელი, რომელთა შორის ლიდერი აღმოჩნდა „შოკური თერაპია“, რომელიც სტრატეგიული შეცდომა იყო. ამის დასტურია ის,  რომ თითქმის 30-წლიანი გამოცდილებით ქვეყანამ ვერ შეძლო ძლიერი სახელმწიფოსა და ეფექტიანი ეკონომიკის ჩამოყალიბება (ნოდარ ჭითანავა).  ჩვენ ნედლეულს ვყიდით და არა მზა პროდუქციას.ამის დასტურია ექსპორტ-იმპორტის სალდოც (20/80-თან).

 

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას აღდგენა სჭირდება. ეს კი დამოკიდებულია ინვესტიციების მოზიდვასა და მის ფასზე. საკუთარი ინვესტიციები მეტად მწირია და მისი იმედი არ უნდა გვქონდეს, გარედან მოზიდული კი უნდა იყოს იაფი. თუმცა ის 3,5  მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც უკვე გამოყოფილია და ქვეყანაში თანდათანობით შემოვა, შვება იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ ის არ უნდა იყოს ძვირი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომაკვდინებელი იქნება  რეალური  სექტორისათვის. ჩვენში მნიშვნელოვანია ეკონომიკის კერძო სექტორი, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტში მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. იგი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში  დომინირებადი გახდა. კერძო სექტორი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თითქმის 100%-ს იძლევა, სამრეწველო პროდუქციის 96%-ზე მეტს, ტრანსპორტზე შექმნილი პროდუქციის 60%-ზე მეტს, ვაჭრობის - 14,4%-ს. ინტეგრირებული პროცესები გაღრმავდა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მე-8 ადგილზე გადმოვედით ევროპაში,საბაზრო მენტალიტეტი გაძლიერდა, სიახლეებთან(გლობალურ მოვლენებთან) ადაპტირების პროცესი დინამიური გახდა. ყოველივე ამის ფონზე ქვეყნის ეკონომიკა მაინც არაეფექტიანია.  წარმოების ძირითადი ფაქტორები არარაციონალურად გამოიყენება. მოსახლეობის ძირითადი ნაწილის (ე.ი. 50%-ზე მეტი!) ცხოვრების დონეუკიდურესად დაბალია. ყოველივე  ამის გამო ქვეყანაში საერთო მდგომარეობა კრიზისულია(ნოდარ ჭითანავა).

 

პანდემიის გამო მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციული ვარიანტი, რომელიც ექსტრემალურ პირობებზეა გათვლილი და მისი სიცოცხლისუნარიანობა სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდება თავისი ადეკვატური შედეგებით.

 

დღევანდელი გლობალური გამოწვევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არის საერთაშორისო ექსპერტების გონივრული ვარაუდი იმის შესახებ, რომ „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილი შეიძლება დაემუქროს კაცობრიობას რამდენიმე თვეში, თუ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები. ამაზე უკვე ხმამაღლა აცხადებს გაეროს მსოფლიო პროგრამების დირექტორი დევიდ ბიზლი. ამისი რეალური მიზეზი იქნება თითქმის ყველა ქვეყანაში გატარებული საგანგებო მდგომარეობის გამო მიღებული  ღონისძიებები და მის კვალდაკვალ წარმოქმნილი რეცესია. ეს გამოიწვევს შემოსავლების მასიურ დაცემას, განსაკუთრებით ღარიბი ფენებისთვის. ბევრ ღარიბ ქვეყანაში შემცირდა სურსათით სადაც ტურიზმომარაგება.  ისეთ ქვეყნებზე, მი იყო მათი შემოსავლების ძირითადი წყარო,პანდემიური მოვლენები კატასტროფულად იმოქმედებს, რადგანაც ამ დარგიდან მიღებული შემოსავალი მათი მშთ-ს ნახევარზე მეტია.

 

ცნობილი ქართველი ეკონომისტები  ვლადიმერ პაპავა, ნოდარ ჭითანავა და სხვები მუდმივ შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმაზე, რომ საქართველო არ შეიძლება  იყს დამოკიდებული მხოლოდ იმპორტზე. ისინი სიღრმისეულად აანალიზებენ ასეთი მდგომარეობის პირდაპირ და ირიბ შედეგებს. ცხადია, ეს დარჩა ყურადღების მიღმა და დღეს ასე სწრაფად და ფორსირებულად მისი გადაწყვეტადიდ ძალისხმევას მოითხოვს.

 

საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზებს აქვეყნებენ გაერო-ს ექსპერტები მოსალოდნელ „ბიბლიურ შიმშილთან“ დაკავშირებით. უკვე დღეს მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ადამიანი იძინებს ქრონიკულად მშიერი. ასევე შიმშილის კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება 135 მილიონი ადამიანი და მათ შეიძლება კიდევ 130 მილიონი დაემატოს. ასე, რომ შიმშილის საფრთხე სრულიად რეალურია  მილიარდზე მეტი მოსახლეობისათვის ანუ დედამიწაზე ყოველი მეშვიდე ადამიანი იშიმშილებს. არაა გამორიცხული ამ სიას კიდევ დაემატოს 30 ქვეყანა!  

 

საინტერესოა, თუ რა მოელის ყველაზე მთავარ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს - მთლიან შიდა პროდუქტს უახლოეს ორ-სამ წელიწადში? მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს მშპ-ი გაიზრდება 3,3 პროცენტით, ხოლო, 2023 წელს კი - 3,4 პროცენტით. ევროკომისიაც თითქმის იგივე პროგნოზს აკეთებს. მსოფლიო ბანკის ჯგუფი კი - 2,5, 2,6 და 2,7 პროცენტს პროგოზირებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ეკონომიკას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდება ეკონომიკის აღდგენისა და განვითარებისათვის და ეს პროცესი წავა შენელებული ტემპით.

 

უკვე აშკარაა, რომ 2020 წლის რეცესიას გააჩნია თავისი თავისებურება. იგი გამოიხატება მის სპეციფიკაში, რომელიც ეკონომიკური აქტიურობის „ადმინისტრაციულ“ შეკვეცას გულისხმობს. მაღალია ისეთ დარგებზე მოთხოვნა, როგორებიცაა: ტურიზმი (რომელიც სტაგნაციურ მდგომარეობაშია პანდემიის ფონზე!), ტრანსპორტზე, განსაკუთრებით საავიაციოზე, რეკრეაციულ და საზკვების დარგებზე. ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით მდიდარ ევროპულ ქვეყნებში, ამ დარგებში იწარმოება მშპ-ის 20-25 პროცენტი და დასაქმებულია სამუშაო ძალის 25-30 პროცენტი. ეს არის უძლიერესი ნეგატიური სამომხმარებლო შოკი, რომელიც ბირჟებს დიდ დარტყმას აყენებს.

 

ახლა ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ იმ ქვეყნების პროგნოზებს, თუ როგორ აპირებენ ისინი პოსტპანდემიურ პერიოდში მოქმედებას. ეკონომიკის საერთო დანაკარგების მოლოდინი 5-დან 7 ტრილიონ აშშ  დოლარამდე მერყეობს. ეს მსოფლიოს წლიური მშპ-ის თითქმის 8%-ია, რაც დაფიქრებად ნამდვილად ღირს. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება პანდემიის მაშტაბებზე ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ-ში. რაც შეეხება ჩინეთსა და რუსეთს, ესენიც მნიშვნელოვანი დანაკარგებით, მაგრამ მოკლე დროში გაივლიან ამ პერიოდს. თუმცა ჯერ-ჯერობით სერიოზულ შედეგებზე ამომწურავი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.თადარიგის დაჭერას უკვე ცდილობენ აშშ და ევროკავშირი. ასე, აშშ-მა გამოყო 2 ტრილიონი დოლარი ეკონომიკის მხარდაჭერისათვის, რომელიც მოიცავს კორპორაციებისა და მეწარმეებისთვის კრედიტებითა და გრანტებით დახმარებას, უმუშევრებისთვის სუბსიდიების გაზრდას, მიზნობრივი დახმარების გაწევას დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ოჯახებისათვის.

 

პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიას მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისათვის ევროკავშირი გამოუყოფს 25 მილიარდ ევროს.  დროებით ათავისუფლებენ მოსახლეობას კრედიტებისა და იპოთეკის გადასახადებისაგან. ვფიქრობთ, ეს სერიოზული მხარდაჭერაა ასეთ კრიზისულ სიტუაციაში.

 

ამ მხრივ შთამბეჭდავია გერმანიის პროგრამები. მთლიანად გამოიყოფა 460 მილიარდი ევრო, რომელიც მიმართული იქნება საგადასახადო შეღავათებისკენ, კრედიტების სახელმწიფო გარანტიებისკენ და სუბსიდირებისკენ და მომუშავეთა ხელფასის ანაზღაურებისაკენ. საფრანგეთი კი მოსახლეობისათვის სოციალური გადასახადების გადავადებას შეუწყობს ხელს და კრედიტების გადამხდელებს სახელმწიფო დაუდგება გარანტად.

 

როგორც ვხედავთ, მოსახლეობისადმი თანადგომა შთამბეჭდავია, რაც ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.

 

ასევე  საშიშროება მდგომარეობს იმაშიც, რომ ვირუსმა არ შეაღწიოს მოსახლეობის ღარიბ და მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ღარიბთა დიდი მასაა.

 

პანდემიის მიერ გამოწვეულ შედეგებზე ჯერჯერობით ზუსტი და უტყუარი დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მაგრამ წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ახალი ეკონომიკური წესრიგისკენ უკვე მიდის. ამ ფართომასშტაბიანი კრიზისიდან გამოსვლას გარკვეული პერიოდი სჭირდება და თუ როდის დამთავრდება,  გაურკვეველია. საჭიროა საქართველოში აქცენტი გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნასა და მწირი საკუთარი რესურსების მაქსიმალურ და რაციონალურ გამოყენებაზე. აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ მხრივ დამაიმედებელია განვითარებული ქვეყნების საწარმოების პერიფერიებში ანუ განვითარებად ქვეყნებში გადატანა ადგილობრივი შრომითი რესურსების დასაქმების პერსპექტივით. უიმედობის დრო არ არის, საჭიროა მხოლოდ  გონივრული მოქმედება ერთობლივი ძალისხმევით, მეცნიერების წვლილის გაფართოება გამოწვევებთან გამკლავების საქმეში და საერთაშორისო ორგანიცაზიების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებზე მორგება.

 

 

მურმან კვარაცხელია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: