რატომ დუმს ერის მედროშე?!

რატომ დუმს ერის მედროშე?!

დღეს სოციალური ქსელი ცრუ პოპულარობის საზომად რომ იქცა, ეს ჩემი აღმოჩენა ნამდვილად არ არის, მაგრამ, იმაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება, რატომ ამჩატდნენ ასე ადამიანები და რატომ ეწირება ასევე უსაფუძვლო ამბიციებს განსაკუთრებით ქართული ლიტერატურა?!

 

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შექმნილ უმწვავეს პრობლემებზე, არაერთი კრიტიკული სტატია მაქვს დაწერილი და ამჯერად არ განვმეორდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი:

 

დღითიდღე უფრო და უფრო მიმტკიცდება აზრი, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა საკუთარ მისიას მინიმალურადაც კი ვერ ასრულებს - არ უდევს ხელი ერის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების პულსზე და როგორც ჩირაღდანი, ერს სიბნელეში არ მიუძღვება!

 

რაც ყველაზე ნიშანდობლივია, თანამედროვე ქართული მწერლობა (განსაკუთრებით, პოეზია) მკითხველს ვერ აწვდის აუცილებელ სულიერ საზრდოს - დღეს ქართველი მოკალმეები, რომლებიც საკუთარ თავს პოეტებად (თითქმის იგივე ითქმის პროზაიკოსებზეც)მოიაზრებენ, წერენ ყველაფერზე და არაფერზე. მათ ნააზრევში აშკარად არ იგრძნობა ეპოქის სუნთქვა!

 

მრავალგზის მითქვამს, თუ რა სამსახური გაუწია თანამედროვე ლექსმწერებს, სოციალურმა ქსელმა და როგორი მარათონია გაჩარღებული სოციალურ სივრცეში.

 

აშკარაა ისიც, რომ თუ ადრე რომელიმე პოეტის (კლასიკოსის) გავლენაზე იყო საუბარი და ახალ მოკალმეებს პლაგიატობაში ადანაშაულებდნენ, დღეს იმდენად დახვავდა ლიტერატურული „ნადავლი“, ძნელია გაიგო, ვინ ვის მოპარა, ან საერთოდ, ვისი ლექსი მიითვისა! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ინტერნეტმა ძალიან გააიოლა რითმების შეჯვარება, რის გამოც, ხშირად ეშმაკიც ვერ მიხვდება, რისი თქმა სურს ავტორს, ანუ ლექსი ისე მთავრდება, რომ სათქმელი გამოკვეთილი არ არის!

 

ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე გახლდით. კონკურსი პატრიოტულ თემაზე ტარდებოდა. სწორედ ამის გამო დავთანხმდი თავმჯდომარეობაზე - მაინტერესებდა, რამდენად იყო ჩაკირული ქართველ პოეტებში პატრიოტული მუხტი. სამწუხაროდ გავწბილდი. 400 ავტორიდან მხოლოდ ხუთეულის ამორჩევა შევძელით. დანარჩენები იმდენად აცდენილი იყო თემას, ათეულის შერჩევაც კი გაგვიჭირდა.

 

მართალია, კონკურსის ინიციატორებმა გაგვაცურეს - საქმე დაჯილდობის ცერემონიალამდე კი მივიდა, მაგრამ, დაჯილდოების ცერემონიალი შედგა, მაგრამ, კონკურსი ნამდვილად ღირდა იმად, რომ შეგვეტყო, რა ლიტერატურულ რესურსთან გვქონდა საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი მოკალმეებისთვის ერის სატკივარი!

 

რას მოვაყოლე ახლა, ეს?

 

ორიოდე დღის წინ ერთმა, ჩემთვის ღრმად პატივსაცემმა ნიჭიერმა ლიტერატორმა, გულისტკივილით მომწერა, რომ ამ ბოლო დროს ძალიან მოსწონს პატრიოტული მუხტით გაჯერებული ჩემი ლექსები (არადა, კლასიკური გაგებით, პრეტენზია არა მაქვს პოეტობაზე), მაგრამ, კორექტულად მისაყვედურა: სულ გაბრაზებული ტონით წერ და შენს ლექსებში ოპტიმიზმი არ იგრძნობაო.

 

ჩვენს შორის დაახლოებით ასეთი ხასიათის დიალოგი გაიმართა:

 

მე: გვაქვს კი ოპტიმიზმის საფუძველი დღეს? მე არა პესიმისტი, არამედ, რეალისტი ვარ და ეს ჩემს პუბლიცისტიკას და ლექსებსაც ეტყობა!

 

ის:ხო, მაგრამ, ჯერ ერთი ხალხს აშინებ და მეორეც, შენს ლექსებს უფრო ცოტა „ლაიქები“ და კომენტარები აქვს, ვიდრე, სხვების არაფრისმთქმელ, ძალადშეკოწიწებულ სტრიქონებს, რომელთა უკან ისეთი ავტორები დგანან, საერთოდ, მწყრალად რომ არიან პოეზიასთან!

 

მე:მე „ლაიქების“ გამო არ ვწერ.არც მაინტერესებს, ვინ მოიწონებს და ვინ არა. უფრო ის მადარდებს, მაკულატურით აივსო აქაურობა და ობიექტურად შემფასებელიც არ ჩანს.

 

ის:მათ პოეტური ხიბლი არ აინტერესებთ. არც სათქმელის მკითხველამდე მიტანას აქცევენ ყურადღებას. მხოლოდ სიტყვების რახარუხი - ყალბი, მოპარული მეტაფორები... ამით ცდილობენ მიიქციო ყურადღება და ჯიუტად მიიწევენ წინ!შენ კი, ძველს, გაკვალულს მიჰყვები, თან ისეთ თემებს არჩევ, თანამედროვე ლექსმწერებისთვის ძალიან უცხოა...

 

მე: როგორ ფიქრობ, შენ, როგორც ლიტერატორი - მე უფრო სწორ გზას ვადგავარ თუ ისინი?

 

ის: რა თქმა უნდა, შენ, მაგრამ, იმდენი პუბლიკა არა გყავს („ლაიქებს“ და კომენტარებს გულისხმობდა). ვფიქრობ, შეგნებულად გაიგნორებენ. სხვათაშორის, ეს შენს სტატუსებს და მწვავე პუბლიცისტურ სტატიებსაც ეტყობა...

 

მე: არა უშავს, მაინც პოზიციას არ შევიცვლი!

 

ბოლოს თანამოსაუბრემ ჩემი პოზიცია გაიზიარა და იმაზეც შევთანხმდით, რომ, ქართულ ლიტერატურას დღეს ისე უჭირს, როგორც არასდროს! პატრონი კი არ ჩანს...

 

სხვათაშორის, ამ დიალოგს წინ უძღოდა ჩემი პატარა ფეისსტატუსი: „პოეზიის იმდენი გვერდია შექმნილი, მტერს რომ შეშურდება, მაგრამ, პოეზია სად არის, პოეზია-მეთქი“.

 

სტატუსს ამჯერად ბევრი გამოეხმაურა. თუმცა, ფეისბუქზე ანგაჟირებული ავტორები, თითქოსდა არ შეიმჩნიეს, პოლემიკაში არც ჩართულან.

 

მესიამოვნა, რომ ბევრს გააზრებული აქვს, თუ რა დღეშია თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თუმცა, სწუხან, რომ არანაირი ბერკეტები არა აქვთ, რაიმე სახის გარდატეხა შეიტანონ არსებულ რეალობაში საკმაოდ ორიგინალური იყო, ნიჭიერი საინგილოელი პოეტის, ზურაბ პაპიაშვილის კომენტარი:

 

„პოეზია თავში უნდა ეძებოთ და არა პოეზიის გვერდებში, ანუ, იქ, სადაც არ არის გვერდები“.

 

ქალბატონ ქეთევან დოლიძეს გააზრებული აქვს რა მწერლობის მისია, პირდაპირ ამბობს: „პოეტის მისია მართალი სიტყვაა და არა ღრუბლებში ფრენა... ერი მწერლობისგან ელოდება მართალ სიტყვას - ნუ გავაუფასურებთ მწერლის ღირსებას!!

 

შეუძლებელია არ დაეთანხმო.

 

საკმაოდ ტევადი და დამაფიქრებელია ბატონ აკაკი ირომაშვილის მოსაზრება:

 

„ლექსმა ან უნდა დაგბურძგლოს, ან მთლიანად უნდა შეგძრას, ან, მაინც უნდა ჩაგაფიქროს. თუ ვერც ერთ ამ პირობას არ აკმაყოფილებს, ის ლექსი არაა. პოეზიაში შენი სტილი უნდა დაამკვიდრო!“

 

უფრო შორს მიდის გოჩა ხარანაული.იგი მიიჩნევს, რომ „ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება ლიტერატურული ონანიზმისა!“

 

ვფიქრობ, ამ ხუთსიტყვიან წინადადებაში აშკარად იკითხება ქართული ლიტერატურის სავალალო მდგომარეობა.

 

კიდევ შეიძლება გაგრძელება, მაგრამ აქ შევჩერდეთ და რეზიუმეც გავაკეთოთ:

 

დღეს ქართული მწერლობა მაგისტრალურ ხაზს აცდა და ფორმალიზმის ჭაობში ჩაიძირა, საიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელია. მითუმეტეს, თუ ხმალამოღებული არ ვიბრძოლეთ სარეველებისგან გასაწმენდად და მწერლობას საკუთარი მისია არ დავუბრუნეთ.

 

სამწუხაროდ, დღეს ვერ დამისახელებთ თუნდაც რამდენიმე კალმოსანს, მძიმე რეალობის მხატვრულად ასახვის სურვილი რომ ჰქონდეს და ერს მედროშედ მიუძღოდეს.

 

იქნებ, მე არ ვიცი და თქვენ დამაკვალიანოთ?!

 

P.S. არავინ იფიქროს, რომ ლიტერატურას გადამწყვეტი როლის შესრულება არ შეუძლია ერის სულიერ ფორმირებაში.

 

მართალი სიტყვა სხვა ნებისმიერ იარაღზე უფრო საიმედო იარაღია და მას ერის გამოფხიზლებაც შეუძლია!

 

შეიძლება თუ არა თანამედროვე ქართული ლიტერატურის სწორ რელსებზე გადაყვანა და მინიმალური გარდატეხის შეტანა მაინც, ამას ცალკე სტატიაში დავუბრუნდები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: