ილაყბეთ რამდენი გინდათ - საშველი არ არის, არ არის, არ არის!

ილაყბეთ რამდენი გინდათ - საშველი არ არის, არ არის, არ არის!

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები უკვე შევიდა. თუ არჩევნები დანიშნულ ვადაში ჩატარდა, შემოდგომაზე საქართველოს პირობითად 30 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

 

დიახ, სიტყვა „მაჟორიტარი“ პირობითია, რადგან, ასეთ უაზრობას მხოლოდ ქართველი თუ მოიფიქრებდა - თუ ადრე ყველა რაიონს საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა საკანონმდებლო ორგანოში (სხვა საკითხია, რამდენად იცავდნენ ისინი ამომრჩევლის ინტერესებს) მომავალ ოთხ წელიწადში, 30 „ქუდბედიანს“ მაჟორიტარი კი ერქმევა, მაგრამ, ისე ჩაივლის ეს პერიოდი, ამომრჩევლის გაცნობასაც კი ვერ მოასწრებს, მათი ინტერესების დაცვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

 

შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ, არ მესმის, რა არის ამ გადაწყვეტილებაში საზეიმო? არადა, ზოგ-ზოგიერთებმა ტაშისკვრით ხეები გადაიტყავეს და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ!

 

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ გამარჯვებას ზეიმობს ის, ვინც რამდენიმე თვის წინ ამ „ორიგინალური“ ინიციატივის წინააღმდეგი იყო...

 

სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა და ინტელექტთან არც თუ მწყრალად მყოფი საზოგადოების ნაწილი, ამ მარაზმის დაკანონებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

 

ბევრიც ამ უაზრო კაკაფონიის აღმატებულ ხარისხში აყვანას ცდილობს და ისე ლამაზად ფუთავს, რომ მათი აზრით, პარლამენტს ასეთი „ისტორიული“ გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მსოფლიო თანამეგობრობის რისხვას ვერ გადავურჩებოდით, ქართული „დემოკრატია“ საფრთხის ქვეშ დადგებოდა და შეიძლება, „ცოცხების“ რევოლუციაც „გაგვეჩალიჩებინა“.

 

„ისტორიული“ გადაწყვეტილების რა მოგახსენოთ, მაგრამ „ქართული დემოკრატია“ რომ გადარჩა, ფაქტია. რაც შეეხება „ცოცხების“ რევოლუციას, ეს იგივეა, პატარა ბავშვს გუდიანით რომ აშინებენ - რევოლუციას თავისი წინაპირობები გააჩნია და მას ხალხი აწყობს!

 

ვინ უნდა მაოხდინოს რევოლუცია - ბოლომდე გამარგინალებულმა „ნაციონალებმა“ და მათმა ანასხლეტებმა?!

 

შეძლებენ კი ისინი ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას და საზოგადოების მასობრივ აღტკინებას?!

 

რა თქმა უნდა, არა.

 

მაშ, რისი, ან ვისი იმედი აქვთ - გარეშე ძალების?

 

ესეც უნდა გამოვრიცხოთ, რადგან, იგივე ძალებისთვის, ხელისუფლების ცვლას აზრი არა აქვს - დღევანდელიც ყველა „დავალებას“ ზედმიწევნით ასრულებს.

 

...ახლა ისევ მომავალ არჩევნებს დავუბრუნდეთ.

 

ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არა მარტო კონსტიტუციაში შეტანილი უაზრო, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ცვლილებების გამო, არამედ, ზოგადად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აზრი არა აქვს - აზრი არა აქვს თუნდაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გამო, რადგან, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ნიშნავს პოლიტიკური პარტიების დუელს საარჩევნო მარათონზე, მაშინ, როცა, კლასიკური გაგებით, პოლიტიკური პარტიები საქართველოში არ არსებობენ!

 

ოცდაათწლიანმა პერიოდმა დაადასტურა, რომ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფები არა საერთო იდეოლოგიის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და პროფესიული ნიშნით ერთიანდებიან, არამედ, ნებისმიერი მათგანი, ეკლექტიკური (ხელოვნური) გაერთიანებაა, რომელთა მიზანი ხალხის დაბოლება და ხელისუფლებაში მოსვლაა.

 

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პარტიას (ამ 30 წლის მანძილზე), რომელსაც მეცნიერულად გააზრებული, ერის ტარდიციებზე და ობიექტურ რეალობაზე მორგებული სახელმწიფოს განვითარების პროგრამა და სტრატეგია ჰქონოდა - დღემდე მათი „პროგრამა“ მხოლოდ ცრუ დაპირებებზე აგებული „პროკლამაციებია“, რომელიც კარგად მუშაობდა ამომრჩევლზე. თუმცა, არც გაემტყუნებათ - ხალხი არ ითხოვდა და ისინიც თავს არ იწუხებდნენ!

 

თუმცა, პროგრამას ვინ ჩივის, იმ დაპირებების მესამედიც არ სრულდებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც ხახვივით შერჩათ ყველაფერი და ბევრი მათგანი მე-5 თუ მე-6 წრეზეც წავიდა!

 

თუ ადრე, მეტ-ნაკლებად მაინც მიდიოდა ხმებზე „ნადირობა“, პოსტ-პანდემიურ რეალობაში, ხელისუფლებას ამის საჭიროებაც არ ექნება. მითუმეტეს, თუ შემოდგომაზე ჩატარდება არჩევნები.

 

მიზეზი მარტივია: ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც თავდაპირველად რიხით იკრიბებოდა „ლეიბორისტების“ „ფანჩატურში“ (როგორც მოიხსენიებენ ხოლმე), ბოლომდე გაფარჩაკდა.

 

ამდენად, ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა არც დასჭირდება, რომ მომავალი 4 წლის ვადითაც დარჩეს. ხოლო, თუ ამის საშიშროება იგრძნო, მარტივი გამოსავალიც არსებობს - პანდემიის „მეორე ტალღის“ აგორება და არჩევნების გარურკვეველი ვადით გადადება!

 

რაც არ უნდა პრეტენზიები გვქონდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიას ძალისხმევამ პანდემიის პირობებში, მკვეთრად შეამცირა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და „ნაციონალების“ და სხვა გაფარჩაკებული ოპოზიციის ნამდვილი სახეც კიდევ ერთხელ დაგვანახა - არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება. არ გამოვრიცხავ, სატელიტი პარტიების ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობაც შეინარჩუნოს!

 

„ნაციონალების“ წინასწარი განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშიც არ აღიარებენ (არა მარტო ისინი, არამედ, თურმე, ამერიკაც და ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა) არჩევნების შედეგებს, ღიმილის ხასიათზე მაყენებს. ეს არის დაუძლურებული მოწინააღმდეგის ბოლო გაბრძოლება და იმიტაციის შექმნა, რომ ისევ ცოცხალია!

 

ამ განცხადებით, „ნაციონალები“ საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ცრუ ილუზიის შექმნას ცდილობენ, თუმცა, უშედეგოდ.

 

ზემოთ ვთქვი და ვიმეორებ: მომავალი არჩევნები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და მას სტატისტის ფუნქცია უფრო ენიჭება, რადგან, უშუალოდ ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება - არც თვისობრივად ახალი პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდებიან საქართველოს პარლამენტში და არც პროფესიონალური ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს ვიხილავთ. მითუმეტეს, დამოუკიდებელ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს არ უნდა ველოდოთ. ამისთვის არც პოლიტიკური ველი შეცვლილა ქვეყანაში და რაც მთავარია, ფაქტიურად, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ძირშივე სპობს პიროვნების როლს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ „კენჭს“ ვუყრით ამორფულ, აბსურდამდე დასულ პოლიტიკურ პარტიებს და არა პიროვნებებს.

 

რაც შეეხება 0-(1) პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, რომელიც დღევანდელ რეალობაში „ჭ“ კლასის პოლიტიკურ სუბიექტებსაც აძლევს პარლამენტში მოხვედრის შანსს, უფრო პოლიტიკური აჯაფსანდალის სურათს შექმნის და პიროვნულ (პარტიულ) პასუხისმგებლობას გადაწყვეტილების მიღებისას ნულამდე ამცირებს. მითუმეტეს, თითოკაციანი პარტიების მხარდაჭერა ყოველთვის ვაჭრობის საგანი გახდება!

 

მითი, რომ ბევრი პარტიის შესვლით საქართველოს პლურალისტული პარლამენტი ეყოლება, ბლეფია. შეიძლება ითქვას, „ლებედ, რაკ და შჩუკა“-ს მივიღებთ, ხოლო, პარლამენტი მართლაც სალაყბოს დაემსგავსება, სადაც ხელოვნურად შეკოწიწებული ოპოზიციური პარტიები ფორმალურად „ცეცხლს“ დაანთებენ, ბოლოს კი, ადვილად გაიყიდებიან!

 

უფრო საგანგაშოა ქალთა კვოტების გაზრდა პარტიულ სიებში. ამ ინიციატივით, საქართველო რამდენიმე წლით იხევს უკან და საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას აღვიძებს, როცა წინასწარ იყო განსაზღვრული საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოში რამდენი ქალი, რამდენი კაცი, მათ შორის, რამდენი მეთამბაქოე, მეჩაიე, მეაბრეშუმე და ა.შ. უნდა შეეყვანათ!

 

რას ნიშნავს ქალთა კვოტის განსაზღვრა პარლამენტში?! უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები რომ იყოს, ამით დაშავდება რამე?!

 

ვაღიარებ: ემანსიპაციის პროცესები ისეთი სიჩქარით მიდის, ქალმა ზოგიერთ სფეროში გაუსწრო კიდეც მამაკაცს, მაგრამ რა საჭიროა კვოტების პრინციპით ბალანსის დაცვა, ვერ ვხვდები!

 

ბოლო-ბოლო, რა მნიშვნელობა აქვს სქესს - ნორმალურ პირობებში კანონმდებლებს პროფესიონალური ნიშნით უნდა ვირჩევდეთ და არა სქესობრივი ნიშნით.

 

რას უნდა ნიშნავდეს ეს? კაცობრიობა ცვლის ტარდიციულ ფორმას და პატრიარქატიდან მატრიარქატისკენ მივდივართ?!

 

ქართული მენტალობა შინაგანად მაინც ხომ არ არის მზად ოფიციალურად ქალის ლიდერობისთვის, ეს ბუნებრივი მოვლენის წინააღმდეგ გალაშქრებაც იქნება, ყველა მისთვის დამახასიათებელი ნეგატიური შედეგებით!

 

ასე რომ, მე პირადად, მომავალი არჩევნებისგან ახალს (მითუმეტეს, კარგს) არაფერს ველოდები, რადგან, საკანონმდებლო (საკონსტიტუციო) დომხალს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ, საზოგადოება არა ვართ მზად ძირეული ცვლილებებისთვის, რაც ერის სულიერი მეტამორფოზის გარეშე წარმოუდგენელია!

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: