Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
7-07-2020, 15:37
ნანახია: 359

ნარცისების ქვეყანა, ანუ ფარატინა ქაღალდების მონები!

ამას წინათ ერთმა ჭარმაგმა მეგობარმა დამირეკა და მისაყვედურა:

 

- სად ხარ, კაცო, გუშინ იმდენი გირეკე, ვერ გაგაგონე, არადა, მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი... 

 

ტელეფონი მართლაც გამორთული მქონდა, ვუთხარი კიდეც, მაგრამ, ასე დაჟინებით ძებნას რომ არ დამიწყებდა, ვიცოდი. 

 

- კი, მაგრამ, რას გამოვრჩი ასე რომ მსაყვედურობ? - ვკითხე და პასუხს სულმოუთქმელად დაველოდე... 

 

- ოოო, გუშინ დიდი დღე მქონდა. ერთ კვირაში ორი აკადემიის აკადემიკოსად ამირჩიეს და აკადემიკოსების წრეში ავღნიშნეთ. როგორ მინდოდა შენც ჩემს გვერდით ყოფილიყავი!

 

ენა დამება, არ მინდოდა გული სტკენოდა და ამიტომ, სიმართლის თქმას თავი ავარიდე. ერთი კი წამომცდა: ძალიან მომრავლდნენ ეს „ჭ“ კლასის აკადემიები-მეთქი!

 

როგორც გავიგე, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიისა და აკადემია „ქალდეას“ „აკადემიკოსად“ აურჩევიათ. 

 

უნებლიედ გამახსენდა 2005 წლის დეკემბერი, როცა, თუ არ ვცდები, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის „აკადემიკოსად“ მეც მაღიარეს. 

 

ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის დირექტორის (რომელსაც უკვე სხვა სახელი ჰქობდა, მაგრამ, ვერ ვიხსენებ) პროფესორ გრიგოლ ჟვანიას დაკვეთით, რაღაც ისტორიულ წიგნს ვაკეთებდი. როცა სტამბიდან სასიგნალო ეგზემპლარი მომიტანეს, დავურეკე და „იმელის“ შენობაში ვაახლე. 

 

შევაღე კაბინეტის კარი და რას ვხედავ: აქ თავი მოუყრია მაშინდელ ნაღებ ინტელიგენციას (აკადემიის ხელმძღვანელებს) და ქეიფობენ. სუფრის თავში ჩემი ყოფილი უსაყვარლესი ლექტორი (ესთეტიკას მასწავლიდა უნივერსიტეტში) პარრლამენტის ყოფილი სპიკერი, ვახტანგ გოგუაძე მოკალათებულა...

 

როგორც წესი, შემოსწრებულის სადეგრძელო დაილია. ბატონი ვახტანგი განსაკუთრებული სიყვარულითა და ჩვეული მჭერმეტყველებით საუბრობს ჩემს ერუდიციაზე და შრომისმოყვარეობაზე და ამაღლებული განწყობით ამთავრებს: ეს აღიარება შენ დაიმსახურე - ჩვენი აკადემიის ნამდვილი წევრი გახდი. გილოცავ!

 

ჭიქა მომიჭახუნა და „აკადემიკოსის“ მოწმობაც გადმომცა. 

 

დავიბენი, თუმცა, ოთახში ჩემთვის იმდენად ღრმადპატივსაცემი ადამიანები ისხდნენ, ირონიისგან თავი შევიკავე. მადლობა გადავუხადე ყველას და ხმადაბლა ჩემთვის ჩავილაპარაკე: დოცენტი არ ვყოფილვარ და აკადემიკოსობა როგორ მომანიჭეთ-მეთქი!

 

მახსოვს, სამსახურში დაბრუნებულმა წიგნაკი მაგიდის უჯრაში შევინახე, მაგრამ, ამდენ გადასვლა-გადმოსვლაში სად გაქრა, ნამდვილად არ ვიცი... 

 

მას შემდეგ, ერთი ხუთი აკადემიისგან მაინც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ, კორექტულად ყველას უარს ვეუბნებოდი. 

 

დღეს იმდენი „აკადემიაა“ და იმდენი „აკადემიკოსი“ ჰყავს საქართველოს, ვინმემ რომ მოინდომოს, თვითმარქვია აკადემიკოსების სიუხვით გინესის რეკორდების წიგნში ნამდვილად შევიდოდით!

 

დავაკვირდი: თვითმარქვია აკადემიები აკადემიკოსობას იმათ ანიჭებენ, ამა თუ იმ ფორმით ვისი გამოყენებაც შეიძლება. 

 

ასე მაგალითად, მე მყავს ნაცნობი, რომელსაც აქვს კარგი რესტორანი აქვს და რომელიც 3 აკადემიის წევრია!

 

მე მყავს ნაცნობი, რომელსაც აქვს თანამედროვე ძვირადღირებული სტამბა და 2 აკადემიის ნამდვილი წევრია!

 

მე მყავს ნაცნობი, რომელიც კარგი ქირურგია და 4 აკადემიის აკადემიკოსი გახადეს!!!

 

მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს აკადემია და აკადემიკოსი?

 

კლასიკური გაგებით, აკადემია უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებაა, ხოლო, აკადემიკოსი, აკადემიური წოდება, რომელსაც ანიჭებენ განსაკუთრებული მეცნიერული ნიჭით დაჯილდოენულ მაღალი რანგის მეცნიერებს, თვალსაჩინო მკვლევარებს. ამასთან, არსებობს საპატიო აკადემიკოსის წოდება, რომელიც ენიჭებათ მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული და შთამბეჭდავი წვლილისთვის!

 

საბჭოთა პერიოდში არსებობდა მეცნიერებათა აკადემიები, როგორც უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება. აკადემიის წევრ-კორესპოდენტობა, ან ნამდვილი წევრობა მეცნიერისგან ძალზე დიდ ძალისხმევას მოითხოვდა (ძალიან დიდი კონკურენცია იყო მეცნიერებს შორის ამ წოდების მოსაპოვებლად) და მათი რიცხვი მოკავშირე რესპუბლიკებში ხუთ ათეულს თუ აჭარბებდა. 

 

დღეს? 

 

დღეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, შეიძლება 10000-მდეც აღწევდეს თვითმარქვია აკადემიკოსთა რაოდენობა. მარტო აკადემიების სახელწოდებები მიგვანიშნებს, რომ, ჩვენი ფანტაზია თავხედობის ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ასე მაგალითად, საქართველოში არსებობს კულინარიის, ხამის, ნატალის, ბენდუქიძის, მრავაპროფილიანი, მწერალთა (გაუგებარია, რას ნიშნავს მწერალთა აკადემია - მწერალთა „სამჭედლოა“თუ მაღალი რანგის მეცნიერ-ლიტერატორთა გაერთიანება, რომლებიც მწერლობაშიც „ვარსკვლავებს“ წყვეტენ?) აკადემია „ქალდეა“, რომელიც თუ არ ვცდები, მწერლების, მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების საფიხვნოა. რაც შეეხება ფაზისის აკადემიას, დღეს ის ძალიან შორს დგას ისტორიული წინამორბედის ტრადიციებისგან!

 

გასაგებია: ვისაც არ ეზარება და პატარა ამბიციაც აწუხებს, ქმნის უაზრო აკადემიებს, რომ საკუთარი ამბიცია დაიკმაყოფილოს, მაგრამ, რა ჭკუას ემსახურებიან ისინი, ვინც ამ წყალ-წყალა „აკადემიების“ აკადემიკოსობას ეშურებიან?! რაში სჭირდებათ ეს სამარცხვინო წიგნაკი ან ვის რას უმტიცებენ ამით?

 

სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც კომუნისტებისდროინდელი ნამდვილი აკადემიის სამართალმემკვიდრეა, დღეს ანაქრონიზმად გამოიყურება და იგი უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულების მისიას ოდნავადაც კი ვერ ასრულებს. არც ხელისუფლება ეკითხება რამეს (არადა, უპირველესად მეცნიერებათა აკადემია უნდა იყოს ხელისუფლების პირველი მრჩეველი) და არც თვითონ სთავაზობს მეცნიერულ გათვლებს, რომ სახელმწიფოში სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაცია მოხდეს!

 

აბრა კი, ჯერჯერობით ამშვენებს და რამდენადაც ვიცი, სოლიდურ ხელფასებაც იღებენ!!!

 

...

თვითმარქვია აკადემიები და აკადემიკოსები რომ ამძიმებდეს მარტო ჩვენს ქვეყანას, კიდევ მოითმენდა კაცი, მაგრამ, ანალოგიური სიტუაციაა თითქმის ყველა სფეროში. განსაკუთრებით მწერლობასა და ჟურნალისტიკაში. 

 

ამჯერად, მუზის აფეთქებაზე და პოეტების ცვენაზე არ ვისაუბრებ. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: წეროს, ვისაც უნდა, რომც დავუშალოთ, შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. თუმცა, არის ერთი უხერხულობა, რომელიც ყირაზე აყენებს ყველაფერს - უნიჭობის აღზევება, სუსტი ავტორების შარავანდედით შემოსვა და დიდების კვარცხლბეკზე დასკუპება, რომელიც არა მარტო ნიჰილიზმში აგდებს ნამდვილ კალმოსანს, არამედ, სტიმულსაც კი აკარგვინებს!

 

დღეს ისე „უპრაგონოდ“ გაიცემა სიგელ-გუჯრები და ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა დიპლომები, გეგონება, საქართველოში მუზამ იფეთქა და ეს-ესაა წაგვლეკავს ქართველ მკითხველებს(!!!). 

 

და მერე, არ გაინტერესებთ, ვინ გასცემს და ვისი სახელობის პრემიებს გასცემენ ასე უცერემონიოდ?!

 

მარტო საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი რომ იყოს, კრიტიკის მახვილი მხოლოდ მისი მესვეურებისკენ იქნებოდა მიმართული. სოკოებივით მომრავლებული აიპ-ები და ასოციაციებიც ურცხვად არიგებენ გალაკტიონის, ვაჟას ილიას, აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე მაჩაბლის პრემიებს, „პოეზიის რაინდის“, „სახალხო პოეტის “, პოეზიის მეფის“, პოეზიის დედოფლის“ ტიტულებს! კიდევ კარგი, მთლად ისე არ გათავხედნენ, რუსთაველის სახელობის პრემიაზე არ დაცდენიათ ხელი!

 

მახსოვს, ორიოდე წლით ადრე, ქალბატონმა ციცინო ბოჭორიშვილმა, რომელსაც მსგავსი ასოციაცია აქვს ჩამოყალიბებული, ყველა ჩვენთაგანისთვის უსაყვარლეს პოეტს და ქალაქის კოლორიტს, ერეკლე საღლიანს „სახალხო პოეტის“ წოდება უბოძა, ხოლო, ყოფილ ევრომოსამართლეს, საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მინდია უგრეხელიძეს, თუ არ ვცდები, „სამართლის რაინდის“ წოდება!

 

არადა, ერეკლე საღლიანი ისედაც სახალხო პიროვნებაა - კარგი ორატორი, საზოგადო მოღვაწე, ხოლო, მინდია უგრეხელიძე აღიარებული იურისტი. 

 

ეს ტიტულები სახელმწიფოს რომ ჩამოერიგებინა, ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდით მეც და სხვა დანარჩენიც, მაგრამ, რა უფლება აქვს, ან რა ძალა აქვს კერძო პიროვნების მიერ აფრიალებულ ფარატინა ქაღალდებს?!

 

მე ერთი ფაქტი დავაფიქსირე, თუმცა, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ადრე ვწერდი კიდეც ილიას „ივერიას “ სახელთან დაკავშირებულ პრემიებზე და სასაცილო ნომინაციებზე, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა...

 

ჯერ ერთი, წახალისება და საპატიო ჯილდოების მინიჭება სათანადოდ უნდა იყოს არგუმენტირებული და მას სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპეტენტური კომისია უნდა იხილავდეს. მეორეც, ჯილდო მატერიალური (ფულადი) პრემიითაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც დღევანდელ პრაქტიკაში თითქმის უგულებელყოფილია. 

 

არგი, ვიღაცა ძალიან „მოწყალეა“ და ფარატინა სიგელ-გუჯრებს არ იშურებს, მაგრამ, ვინც ამ დაუმსახურებელ ჯილდოს ცხვირწინ გვიფრიალებს, მას ხომ მაინც უნდა ჰქონდეს ელემენტარული ღირსების განცდა - რისთვის იღებ, რა დამსახურებისთვის, ან, რას შემატებს იგი შენს რენომეს?!

 

ვაი, ვაი, რომ სირცხვილის გრძნობისგან ნელ-ნელა ვიცლებით და მზად ვართ ღირსებაც თან გავაყოლოთ!

 

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ფორმალურ პროფესიულ გაერთიანებად რომ იქცა, ამას ჩემი დასტურიც არ სჭირდება. ბევრჯერ მიფიქრია ღიად დამეწერა საკუთარი აზრი ამ გაერთიანებაზე, მაგრამ, ადამიანური ურთიერთობების გამო თავს ვიკავებ. მოკლედ ვიტყვი: ისეთი კატეგორიის „მწერალ-პოეტებით“ გაავსეს კავშირი, მათ ნაცვლად მე შემრცხვებოდა. თუმცა, ესეც არაფერი: როგორც თვითმარქვია ასოციაცია-აიპები, მწერალთა კავშირიც, რომელიც ერთ დროს მართლაც მწერალთა პროფესიული გაერთიანების სამართალმემკვიდრეა, პრემია-წოდებებს საკუთარი განწყობით არიგებს და ჩრდილს აყენებს ბუმბერაზ ქართველ შემოქმედთა ნათელ ხსოვნას. კაცს გალაკტიონის ან ვაჟას პრემიას რომ მიანიჭებ, პოეზიასთან ახლოს მაინც უნდა იყოს!

 

მეტიც, მათი ფანტაზია უფრო შორსაც მიდის და ისეთ წოდებესაც არიგებენ, ღიმილის ხასიათზე რომ დაგაყენებს კაცს!

 

უფრო სიღრმეში არ შევალ... 

 

იგივე სიტუაციაა ჟურნალისტთა წახალისების მიმართაც. ისე არიგებენ დამსახურებული ჟურნალისტის წოდებებს, მართლა დამსახურებულებს რომ შერცხვებათ. 

 

ვერავინ დამწამებს რომ ვინმესი მშურს ან ოდესმე ასეთი ფარატინა ქაღალდის მიღების სურვილი მქონია. არადა, ჩემი ჟურნალისური პრაქტიკის მანძილზე 3 გაზეთის, 3 ჟურნალის, და ორი საინფორმაციო სააგენტოს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ვყოფილვარ (რამდენიმესი ახლაც ვარ), რომ არაფერი ვთქვა პუბლიცისტურ კრებულზე!

 

...

ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ქართული სპორტის რაინდის“ წოდება დამსახურებულად მიანიჭა იშვიათ პროფესიონალს, ბატონ დემიკო ლოლაძეს და საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელს მხატვრულ ტანვარჯიშში, ქალბატონ როზა ბერიკაშვილს. არც გამკვირვებია, რადგან, ჯილდო (წოდება) სახელმწიფოს სახელით გადაეცათ (მიენიჭათ) და დარწმუნებული ვარ, შერჩევისას საკმაოდ დიდი კონკურენციაც იქნებოდა. 

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ პროფესიული წოდებები და პრემიები სახელმწიფომ უნდა გასცეს შესაბამისი პროფესიული გაერთიანებების რეკომენდაციის საფუძველზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე. რეკომენდაციებში კი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა დამსახურებებისთვის უნდა მიენიჭოს მავანს და მავანს გარკვეული პრემია თუ საპატიო წოდება. ამასთან, პროფესიული წახალისება თუნდაც სიმბოლური ფულადი პრემიითაც უნდა აღინიშნოს!

 

სხვანაირად, ვცხოვრობთ ქვეყანაში, როცა უღირსი (პროფესიულ ღირსებას ვგულისხმობ) ღირსეულად წარმოჩინდება და ფარატინა ქაღალდების მონად იქცევა!

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი