Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
14-08-2020, 11:41
ნანახია: 355

„ხმა“ - ნოვრუზ ნაჯაფოღლუს საინტერესო მოთხრობები

გამომცემლობა „ივერიონმა“ დასტამბა ცნობილი აზერბაიჯანელი პროზაიკოსის ნოვრუზ ნაჯაფოღლუს მოთხრობების კრებული სახელწოდებით „ხმა“ (ქართული ვერსიის რედაქტორი, ლიტერატორი და პოეტი, ბელა ქებურია). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონ ნოვრუზის პროზა უდაოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს ქართველ მკითხველში.

 

ნოვრუზ ნაჯაფოღლუ (1954) - პროზაიკოსი, პოეტი და პუბლიცისტი, თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ნიჭიერი და ცნობილი წარმომადგენელთაგანია. მისმა წიგნებმა - „ზამთრის ღამის მოგონება“, „გზასავით გრძელი დღე“, „ილეოდეს სიჭაბუკე“, „სახელდახელო ზღაპარო“, „მხოლოდ მე მეღვიძა“, „კაცი ზღაპარი“ და „ღამეს ჩასძინებია“ - როგორც კრიტიკოსების, ასევე მკითხველების აღიარება ჰპოვა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა ლიტერატურულ სამყაროში.

მწერლის წიგნები - „ქვეყანა საცხოვრისად არა ღირს“, „სინგაპური - მსოფლიოს დიდი ქალაქი - პრეტენზიული ქვეყანა“ და „ხილული და გაგონილი იაპონია“ -რომლებშიც მწერლის უცხოეთში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებებია ასახული, შეფასდა როგორც აზრბაიჯანული პუბლიცისტიკის საყურადღებო ნიმუშები.

   მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, თურქულ, ინგლისურ და რუმინულ ენებზე.

  ნოვრუზ ნაჯაფოღლუ აზერბაიჯანის მწერალთა, ჟურნალისტთა კავშირისა და თურქეთის სამეცნიერო და ლიტერატურული გაერთიანება „ილესამის“ წევრია.

 

გთავაზობთ იმირ მემედლის წინასიტყვაობას, რომელმაც აზერბაიჯანულიდან გადმოაქართულა ნოვრუზ ნაჯაფოღლუს მოთხრობები.

 

იდუმალი ხმა

(ნოვრუზ ნაჯაფოღლუს მოთხრობების შესახებ)

 

ძველ დროში იმისათვის, სასიამოვნო მოგონებები სამუდამოდ აღებეჭდათ მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში იგი მთელი სიცხოველით გაეცოცხლებინათ, ზოგიერთი ტომი ფრიად ეშმაკურ ხერხს მიმართავდა. ისინი ამა, თუ იმ მოვლენასათან დაკავშირებულ სუნს (ვთქვათ, იასამნის სურნელს) შესაბამის ზეთოვან სითხეში გააზავებდნენ და პირდაცობილ ჭურჭელში ინახავდნენ. როცა ამ მოვლენის მთელი სიცხადით გახსენება სურდათ, ჭურჭელს თავს ახდიდნენ და დაყნოსავდნენ ხოლმე. ცხადია, იმ მოვლენასთან დაკავშირებული სურნელი მაშინვე აღუძრავდათ ტკბილ მოგონებებს. 

თურმე ფერის, ან და ხმის მეშვეობით შეიძლება აღგეძრას მოგონება, რომელიც გარკვეულ ამბავს, ან სიტუაციას უკავშირდება. 

ნოვრუზ ნაჯაფოღლუს წინამდებარე წიგნში წარმოდგენილი მოთხრობების ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ თემაზეა შექმნილი. ამ მოთხრობებს ერთი მთავარი გმირი ჰყავთ. იგი თავისი ცხოვრებიდან იხსენებს სხვადასხვა ეპიზოდებსა და ხმებს, რომლებიც ამ ეპიზოდების თავისებური გამოძახილია. ცდილობს, მეხსიერებაში შორეულ ეხოსავით ჩარჩენილ ხმათა შორის მოძებნოს ის ხმა, ის ერთადერთი და იდუმალი ხმა, რომელმაც იგი ტკბილი ძილიდან გამოაღვიძა. (ვფიქრობ, აქ გამოღვიძებასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია). სიტუაციები ხმას, ხმა კი სიტუაციებს განაპირობებს და შესაბამისი სულიერი მდგომარეობის ერთგვარ გასაღებად გვევლინება. ნ.ნაჯაფოღლუს ნაწარმოებების შემთხვევაში ხმა თავდაცობილ ჭურჭელში წლობით შენახული სურნელის როლს თამაშობს. ჭურჭელი კი მთავარი გმირის მეხსიერებაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მრავალი ხმაა (სურნელი) მეხსიერების ფსკერზეა ჩალექილი. თვითეული ეს ხმა ცალკე მოვლენასა და სიტუაციას უკავშირდება. მან უნდა გაიხსენოს, ეს ხმა ვის ეკუთვნის, უნდა გაიხსენოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სულიერ სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს. მთავარი გმირის ქვეცნობიერი დროდა-დრო სიზმრის სახით გვევლინება და ორგანულად ერწყმის სინამდვილეს, ანუ ცნობიერს. ხმა კი, თუ შიძლება ასე ითქვას, როგორც ამ ნაწარმოებების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ორივე შემთხვევაში იდუმალებით მოცილი რჩება და თითქოს გათენებას ელოდება. არადა ეს ორი ფენომენიც ერთმანეთს უკიდურესად განაპირობებს: მაშინ ირიჟრაჟებს, როცა მთავარ გმირს გონება გაუნათდება, ანდა პირიქით, როცა ირიჟრაჟებს, მთავარ გმირსაც გონება მაშინ გაუნათდება... და ცხადი გახდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ხმა, ხმა რომელიც ამდენი მივიწყებული ეპიზოდისა, თუ ამბის მეხსიერების ზედაპირზე მონაცვლეობით ამოტივტივების საბაბად იქცა. იდუმალი ხმა კი თურმე ქალისაა, ქალისა, რომელსაც შეუძლია, მამაკაცის ცხოვრებას წარუშლელი კვალი დაამჩნიოს. 

დიდი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი ამბობს, რომ ადამიანს ნოსტალგიური გრძნობა უჩნდება არა ადგილის, არამედ სიტუაციის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მონატრების გრძნობა გვეუფლება არა სივრცის, არამედ დროის მიმართ, იმ დროის მიმართ, რომელიც მშობლიური ხმებითა და სურნელებითაა გამსჭვალული. ნოვრუზ ნაჯაფოღლუს ნოსტალგიურ მოგონებებში მოქმედების ადგილი გამორიცხულია არაა, პირიქით, დრო და სივრცე ერთმანეთს ორგანულად ერწყმის და ისინი სწორედ იმ ხმითაა გადაჯაჭვული, რომელიც წარსულის მარადიულ გამოძახილად გვევლინება.

ქართველ მკითხველი პირველად ეცნობა ნოვრუზ ნაჯაფოღლუს მოთხრობებს, მჯერა, რომ მას წინ მრავალი სასიამოვნო წუთი მოელის, რამეთუ ყველას ცხოვრებაში არსებობს იდუმალი ხმა, რომელიც ერთხელ ღამით შეაკრთობს ადამიანს, მოულოდნელად გამოღვიძებულს ღრმად ჩააფიქრებს, მერე კი უნებლიედ უბიძგებს თვალი გადაავლოს განვლილ ცხოვრებას და გონრბის გარიჟრაჟზე მიაგნოს მთავარს, რომლის გამოც ღირდა ცხოვრება.

 

 

იმირ მამედლი

მწერალი, ღირსების ორდენის კავალერი, 

საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი