მიხეილ ჯიბუტი: საქართველოში არჩევნების გაყალბება კანონიერი და სავალდებულოა

მიხეილ ჯიბუტი: საქართველოში არჩევნების გაყალბება კანონიერი და სავალდებულოა

დღევანდელო მოცემულობით არავის არ შეუძლია არჩევნების ჩატარება საქართველოში ფალსიფიცირების გარეშე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საარჩევნო სისტემის უკუღმართი „განვითარების“ შედეგად შექმნილი რეალობა.საქართველოს საარჩევნო სისტემა აგებულია, როგორც გაყალბების მექანიზმი. ამდენად, მას გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება ობიექტურად და ერთმნიშვნელოვნად  არ შეუძლია. ამ სისტემის მუშაობა მრავალვარიანტიანია მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ფარგლებში, თუმცა მისი შედეგი - პროდუქტი, ყოველთვის ფალსიფიცირებულია. 

 

1. კანონმდებლობით დადგენილია, რომ ბათილი ბიულეტენების უკან მდგარი ამომრჩევლების ხმები ხმის საერთო რაოდენობაში არ ითვლება. გლეხებმა, რომ 100 კილოგრამი ვაშლი წაიღონ ბაზარში და მიტანისას 10 კილოგრამი გზაში გაფუჭებული აღმოჩნდეს, რამდენი კილოგრამი ვაშლი ექნებათ მათ ბაზარში მიტანილი? არითმეტიკის მეცნიერების  მიხედვით 100 კგ., მაგრამ ქართული პოლიტიკური არითმეტიკით კი - 90კგ. შემდეგ, თუ დადგენილია, რომ ბაზარში შეუშვებენ მხოლოდ იმათ, ვისაც აქვს  1 და მეტი პროცენტის რაოდენობის ვაშლი. არითმეტიკის მეცნიერებით, ასეთია ყველა ვისაც აქვს 1 კგ. და მეტი ვაშლი, ქართული პოლიტიკური არითმეტიკით კი - 0,9 კგ (900გრ)! ეს დაკანონებულია! ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე მივიდა და ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა და ამით „გააფუჭა“ ბიულეტენი, სათვალავში არ ითვლება, პარტიებისათვის 1% ბარიერისა და შედეგების დათვლის დროს! ამდენად, საქართველოში არჩევნები სამართლიანობისა და მეცნიერების თვალსაზრისით ფალსიფიცირებულია, არასწორია, თუმცა კანონიერია! 

 

2. საქართველოში არჩევნებისათვის გამოყენებული ამომრჩეველთა რაოდენობა და სია ფალსიფიცირებულია დაახლოებით 500 ათასი ერთეულით. ძირითადად იმ კატეგორიის მოქალაქეებით, რომლებიც საქართველოდან „გასულები“ არიან. 30 წლის მანძილზე „ვერ მოხერხდა“ ამ პირთა ცალკე სიების შექმნა. აქამდე იყო იმის მტკიცება, რომ ეს ადამიანები არჩევნებისათვის ჩამოდიან და აძლევენ ხმას. პანდემიამ გამოაჩინა, რომ მათი ჩამოსვლის შეზღუდვების მიუხედავად, არჩევნებზე მოსულთა რაოდენობა კი არ შემცირდა, არამედ  გაიზარდა.

 

3. ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება ოფიციალურად გამოცხადებულ 18 წლის და ზევით მოსახლეობის რაოდენობას საქართველოში.

 

საქართველოში 30 წლის მანძილზე არაფალსიფიცირებული არჩევნები არ ჩატარებულა და დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში მისი ჩატარება შეუძლებელია და შეუძლებელი იქნება მომავალშიც ზემოთმითითებული ფუნდამენტური ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე, გინდ გეგმური და გინდ ხელახალი არჩევნების დროს.

 

არსებულ საარჩევნო სისტემას არ შეუძლია არაფარსიფიცირებული არჩევნების ჩატარება  ობიექტურად. ნათქვამი უფრო გასაგები იქნება, თუ გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დროინდელ არჩევნებს. იქ არჩევნები ობიექტურად იყო ფარსი. იყო ერთი პარტია, კანდიდატი, რომელიც იღებდა ხმების 99,9%-ს! ეს პროცენტი ბიულეტენებში გადასწორებით კი არა, არამედ  რეალურად მიცემული „ნაღდი“ ხმებისგან შედგებოდა.

 

საქართველოში არსებული სისტემა არა მარტო ვერ გათავისუფლდა საბჭოთა მემკვიდრეობისაგან, არამედ უფრო გაუარესდა. მასში არის ამ ფალსიფიკაციის გარდა გაყალბების მიმართულებით სუბიექტური მოქმედების შესაძლებლობები, როდესაც გადაიწევა გაყალბების რელსები კონკრეტული მიმართულებით და „გამარჯვების მატარებელიც“ სასურველ პოლიტიკურ სადგურში მივა.

 

საარჩევნო სისტემის ფავორიტი ყოველთვის სახელისუფლებო პარტიაა. სახელისუფლო, ადმინისტრაციული რესურსები, მხარდამჭერი - შემომწირველი ბიზნესმენები და სხვ. ეს უცვლელი პრაქტიკაა, თუმცა ყველაზე უფრო მწვავედ გაყალბების სუბიექტური ფაქტორი  ყოველთვის უშუალოდ ხმის მიცემისა და შედეგების შეჯამების  პროცესში ვლინდება. აქ პრაქტიკულად ხორციელდება ნაპოლეონ III-ის შეგონება, რომ „მთავარი ის კი არაა როგორ მისცემენ ხმას, არამედ როგორ დაითვლიან მას“. რომელსაც ახალი სიცოცხლე შესძინა სტალინმა.

 

ხმის მიცემისა და დათვლის პროცეშში საქართველოში ფუნდამენტური მოუგვარებელი საკითხია კომისიებში სახელისუფლო პარტიის „კონსტიტუციური“, გადამწყვეტი ხმით წარმოდგენის პრობლემა. ამ ეტაპზე ხდება ზოგადად ფალსიფიცირებული არჩევნების ჩაღრმავებულად, კონკრეტულად ვიღაცის, სასარგებლოდ ფალსიფიცირება. ეს როგორც წესი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხდება და არა მარტო მისთვის. ნაკლები წილით მასში მონაწილეობს საარჩევნო რგოლებში კარგი წარმომადგენლობის მქონე ოპოზიციური პარტიებიც. ტრაგიზმი იმაშია, რომ ჩამოყალიბდა ათი ათასობით საარჩევნო პროცესის აქტივისტი, რომელიც გაიწაფა ამ სიყალბეების განხორციელებაში და ახდენს გაყალბებას დღეს  ერთი, ხვალ მეორე პარტიის სასარგებლოდ, მნიშვნელობა არ აქვს პარტიის შინაარსს, იდეოლოგიას, მთავარია ის იყოს მმართველი და საარჩევნო პერიოდში დამატებითი დასაქმებისა და შემოსავლის წყარო.

 

თუ ყოველთვის ყალბდებოდა არჩევნები, მაშინ რატომაა, რომ ზოგიერთი არჩევნების შემდეგ მწვავდება სიტუაცია და ზოგიერთის შემდეგ არა?

 

სიტუაცია მწვავდებოდა, ან არ მწვავდებოდა  არა ზოგადად არჩევნების ფალსიფიცირების გამო, არამედ მის ჩარჩოებში როგორ გადანაწილდა სუბიექტური გაყალბებები, თანაც არა გაყალბების  არითმეტიკული შედეგის მიხედვით, არამედ ემოციურად, მოლოდინიდან გამომდინარე. თუ არჩევნების შედეგი არ ემთხვეოდა მოლოდინს იწყებოდა მღელვარება (2003), ხოლო თუ ემთხვეოდა მოლოდინს- გაყალბებები უყურადღებოდ რჩებოდა (2012).

 

ასეა დღესაც. ოფიციალურად 1%-იანი ბარიერის გადამლახავი პარტიების ლიდერები („მოქალაქეების“ გამოკლებით)  ყველა მონაწილეობდა არსებული სისტემის შექმნაში და ყველას აქვს სხვადასხვა დროს გაყალბების სუბიექტური „სიკეთეებით“ ნასარგებლი.

 

სიტუაციის გამწვავების ფაქტორებს შორის უდაოდაა ტრადიციული მიზეზი - მოლოდინს აცდენილი შედეგი. ამას ემატება ის რეალობა, რომ ოფიციალურად არჩევნებში „ქართულმა ოცნების“მიერ მიღებული ხმების  48%, ნაკლებია ოპოზიციის 52%-ზე და მაინც ის რჩება მოგებული მაჟორიტარების ხარჯზე. აქაც „ოცნებამ“ ოპოზიციას „აჯობა“ პოლიტიკურ არითმეტიკაში. ამდენად, მიმდინარე პროცესები პროპორციული საარჩევნო სისტემის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ განვითარებული პროცესების დამამთავრებელი აკორდია!

 

საქართველოს პარტნიორებს, ვინც ჩართული იყო 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით მიღებულ საარჩევნო სისტემის მოდელირებაში, ძალიან გაუჭირდებათ აღიარონ, რომ მათ გათვლებში შეეშალათ. ამაზე მეტყველებს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ საელჩოსა და ევროკავშირის მისიის ერთობლივი განცხადება (https://ge.usembassy.gov/ka/statement-by-the-united-states-embassy-and-the-delegation-of-the-european-union-to-georgia-ka/) ისე, როგორც პროპორციული სისტემის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ. ისიცაა, რომ მათ არ აწყობთ (არსებობენ ისეთი გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე მოთამაშეები, ვისაც აწყობს!) რევოლუციური პროცესები, დროშიც ნაკლებად ჩქარობენ და ხედავენ რომ 2004 წლისათვის პროპორციული არჩევნები უზრუნველყოფს ერთპარტიული სისტემის დასრულებას საქართველოში. 

 

გადახვევა: საქართველოს პოლიტ-ეკონომიკური, ქართველი ხალხის ეთნო-ფსიქო - ქცევითი ტრადიციებისა და მდგომარეობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს სასიკეთოდ ყველაზე უკეთესად ფუნქციონირების პოტენციალი არის ძლიერ საპრეზიდენტო სისტემაში, პრეზიდენტის დამბალანსებელი ორპალატიანი პარლამენტით. 

 

 „გამარჯვებულმა“ „დამარცხებულმა“ ოპოზიციამ კარგად იცის, რომ  მათი მონაწილეობით მიღებული, დღეს არსებული საპარლამენტო 4-წლიანი მოდელი, თავისი მახინჯი და არაფრისმომცემი „ხელოვნურად“ შექმნილი მაჟორიტარული სისტემით, მმართველ პარტიასთან ერთად მათი „პოლიტიკური სიხარბის“ შემოქმედებაა. მათ რომ არ დაეთმოთ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის სისტემა, უფრო ადრე არ გააშიშვლებდნენ საქართველოში ერთპარტიული სისტემის არსებობასა და ნაკლოვანებებს, რასაც ეხლა ცდილობენ. 

 

ეხლე ეს უკვე გვიანაა. მომენტი გაშვებულია. წარმოშობილი პრობლემები უკვე ძველ დონეზე ვეღარ გადაიჭრება. ახალი არჩევნები და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებისათვის მომგებიანი იყოს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არაფერს არც ცვლის. 

 

თუ თავში დავაყენებთ საქართველოს ინტერესებს, მაშინ საჭიროა ახალი პოლიტიკური ქცევა და დღის წესრიგი. 

 

კერძოდ,

 

- პროტესტი თანაბარძალოვანი მხარეების დიალოგის უზრუნველსაყოფად;

 

- დიალოგი ხელშეკრულების მისაღწევად საერთაშორისო მედიატორების ჩართულობით;

 

ხელშეკრულებით შეთანხმება, რომ

 

- ხდება ხმების გადათვლა ყველა საეჭვო უბანზე და არჩევნების გაბათილების შემთხვევაში ამ უბნებში ხელახალი არჩევნების ჩატარება;

 

- საბოლოო შედეგების მიხედვით პარლამენტის დაკომპლექტება;

 

- არჩევნების ფალსიფიცირების ყველა ფუნდამენტური საფუძლის გაუქმება საკანონმდებლო დონეზე (ყველას წინააღმდეგ ხმის მიცემის სისტემის დანერგვით);

 

- ამომრჩეველთა ზუსტი სიის შექმნა, საქართველოში მაცხოვრებელთა და ქვეყნიდან გასულთა ცალ-ცალკე აღრიცხვით;

 

- არჩევნებში ხმის მიცემისა და დათვლის პროცესის გაციფროვნება და მიმდინარე რეჟიმში ჩატარება, როდესაც ხმის მიცემა და ხმის დათვლა ერთმანეთს დროში ემთხვევა. ფალსიფიცირების თავიდან ასაშორებლად ბლოკჩეინის სისტემის გამოყენება, როდესაც სერვერი ექნება ცესკოს, უცხოურ სადამკვირებლო მისიაა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს,მმართველ და ოპოზიურ პარტიებს;

 

- ცესკოს რეორგანიზაცია;

 

- 4-წლიანი გარდამავალი პარლამენტის ვადის შემოკლება ერთ წლამდე და 2021 წელს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ერთდროულად ჩატარება.

 

მინაწერი: ქვეყანაში პრობლემური და გადაუდებელი საქმეების სიმრავლე, აზერბაიჯან-სომხეთის ომისა და აშშ საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული საგარეო გარემოს ძირეული ცვლილებების მრავალმხრივი ზეწოლა ქვეყნის ფუნქციონირებაზე, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მოქმედების არეალსა და დროს ძალიან აპატარავებს. 

 

P.S. სიტუაცია ჰგავს ზღვაში, გემის კაპიტანი და ბოცმანი გემის ჩაძირვის საფრთხის დროს, ერთმანეთში ამ საფრთხის წარმოშობაში მტყუან-მართლის გარკვევით იყვნენ დაკავებულები და გემის გადარჩენისათვის არ მოქმედებდნენ. გასაგებია, რომ მათი მოქმედების  არეალი - გემბანია, დრო - გემის ჩაძირვის ხანგძლიობა, ხოლო შედეგი ასეთ შემთხვევაში: გემთან ერთად დაღუპვა. ზღვა? ზღვა კი დარჩება სხვა გემების, კაპიტნებისა და ბოცმანების საცურაოდ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: