ივანიშვილის უჩინმაჩინობიდან... „ჩინ-მაჩინობამდე“, ანუ, რატომ მოვიდა პოლიტიკაში და როგორ წავიდა პოლიტიკიდან?!

ივანიშვილის უჩინმაჩინობიდან... „ჩინ-მაჩინობამდე“, ანუ, რატომ მოვიდა პოლიტიკაში და როგორ წავიდა პოლიტიკიდან?!

 

სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ანზორ აბჟანდაძემ საჯარო სივრცეში რიტორიკული კითხვა დასვა:

 

„ვინც ბიძინა ივანიშვილზე ამბობთ, პოლიტიკოსი არააო, კი ბატონო, მაგრამ, გთხოვთ მითხრათ, დღევანდელ საქართველოში ვინ მიგაჩნიათ პოლიტიკოსად?!“

 

დიახ, კითხვა რიტორიკულია, თუმცა, სადღეისო და აქტუალური, რომელიც თავისთავად პასუხს მოითხოვს.

 

ოღონდ, ჯერ პასუხი იმაზე უნდა გავცეთ, არის (იყო!) თუ არა ბიძინა ივანიშვილი კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი და შემდეგ, საერთოდ, ვინ მიგვაჩნია პოლიტიკოსად საქართველოში?!

 

სამწუხაროდ, თუ სოციალურ ქსელში ამ კონკრეტულ კითხვაზე გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, ეტყობა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საერთოდ არა აქვს წარმოდგენა თანამედროვე პოლიტიკაზე, რადგან: ივანიშვილი იმიტომ ყოფილა თურმე პოლიტიკოსი „რამდენი ადამიანი ჩახსნა“ (პ. არეშიძე); „მან ოპოზიციის სახე დაგვანახა, ვინ ვინ გდია“ (კ. იობიძე); „ბიძომ ითამაშა დაუმარცხებელი პარტია თავიდან ბოლომდე... შალიკო გააფარჩაკა, ნაცები არბენინა ბომჟებივით ქუჩა-ქუჩა, საფრანგეთში უმაღლესი ჯილდოც მიიღო, ღირსეულად წავიდა“ (მ. გობეჩია).

 

ეს არის მცირე ამონარიდი იმ კომენტარებიდან, რაც ზემოთ ხსენებულ კითხვას მოჰყვა, ივანიშვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს: „ვინ მიგაჩნიათ პოლიტიკოსად“? რამდენიმე გვარმა გაიჟღერა - სტალინი-ბერია, ჟვანია, ღარიბაშვილი.

 

რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანის მოსაზრებაზე დაყრდნობით შეუძლებელია ზოგადი დასკვნის გაკეთება, მაგრამ თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით ანალოგიურად აზროვნებს - მათ ან ზერელე წარმოდგენა აქვთ ქართულ პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, ან საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა!

 

კომენტარის სახით სტატიაშივე დავწერე და ახლაც გავიმეორებ: პოლიტიკოსი, მითუმეტეს (გავლენითაც და ოფიციალური თანამდებობითაც), მაშინ არის ძლიერი, როცა იგი ქმნის ძლიერ პოლიტიკურ სისტემას, ან ცვლის არსებულს უკეთესობისკენ, აყალიბებს ძლიერ პოლიტიკურ გუნდს, ხელს უწყობს ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას. თუ ოპოზიციის  გაფარჩაკება და მყიფე, იდეურად და ორგანიზაციულად ჩამოუყალიბებელი გუნდის დატოვება პოლიტიკოსობაა, მაშინ, პოლიტიკა სახელმწიფოს მართვა საერთოდ არ ყოფილა!!!

 

ამით, მე იქვე მოკლედ გავეცი პასუხი: არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი და რამდენად ეფექტურად მართავდა იგი რეალურად თუ კულისებიდან სახელმწიფოს?!

 

ხოლო, თუ როგორი „გუნდი“ დატოვა და როგორ ესმის მას ჯანსაღი ოპოზიცია, ცოტა ქვემოთ ვიტყვი.

 

* * *

დღეს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები ისმის ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. ზოგი მის გადაწყვეტილებას ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და ასეთ ფორმულირებას აკეთებს: იძულებული იყო და გაასწრო! ზოგიც, პოლიტიკაში ივანიშვილის მისიას ამოწურულად მიიჩნევს და ბეჭედს ურტყამს, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო...

 

არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკას და ქველმოქმედებას ერთმანეთში ურევენ (არადა, დიდი ქველმოქმედის იმიჯით შემოვიდა იგი პოლიტიკაში და საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერაც მიიღო) და ვინც ივანიშვილზე განსხვავებულ (კრიტიკულ) აზრს გამოთქვამს, უმადურის და დაუნახავის იარლიყს აწებებენ...

 

ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბებზე არავინ დაობს, მაგრამ, ამჯერად ჩვენ იგი გვაინტერესებს, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში საკმარისზე მეტი ვალდებულებები აიღო და საქართველოს ერთპიროვნულ მმართველად (არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს იყო ოფიციალურად ხელისუფლებაში) გვევლინებოდა მთელი 8 წლის განმავლობაში!

 

დღეს ადვილია ივანიშვილის 8-წლიანი პოლიტიკური ეპოპეის ანალიზი (თუმცა, ჯერჯერობით ობიექტური, მიუკერძოებული შეფასება ძალიან ცოტა თუ წამიკითხავს და მომისმენია). გაცილებით ძნელი იყო 2011 წლის შემოდგომაზე მისი პოლიტიკაში შემოსვლის შედეგების განჭვრეტა, რომელიც მეც მეტად სარისკო საქმედ მიმაჩნდა, თუმცა, გავბედე და 2011 წლის 30 ოქტომბერს, გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა ჩემი ანალიტიკური სტატია სათაურით „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია“.

https://nachkebiazaur.wordpress.com/2013/04/02/%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98/

 

გულწრფელად გითხრათ, არც კი მიფიქრია დღეს საჯარო სივრცეში ზემოთ ხსენებული სტატიის ამოტივტივება, რომ არა მოულოდნელი ზარი ჩემი უფროსი მეგობრისგან, რომელმაც ემოციები ვერ დამალა და მითხრა: ორი დღეა ვუკირკიტებ (სტატია შესულია ჩემს პუბლიცისტურ კრებულში „სამართებლის პირზე“, „ივერიონი“ - 2017 წ.) შენს სტატიას და გაოცებას ვერ ვმალავ - როგორ შეგეძლო დაახლოებით 9 წლის წინ გაგეკეთებინა ასეთი უტყუარი პროგნოზი - რას ნიშნავდა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში და რა შედეგებით შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი წასვლა პოლიტიკიდან.

 

ჩემი „დიდი პროგნოზისტობა“ ცოტა გადაჭარბებული მეჩვენა, მაგრამ, როცა ხელახლა წავიკითხე საკუთარი სტატია, აქცენტების უტყუარობაში ნამდვილად დავრწმუნდი.

 

ღმერთია მოწმე, მიუხედავად იმისა, რომ 6 წლის შემდეგ ზემოთხსენებული სტატია პუბლიცისტურ კრებულშიც შევიდა, არათუ აქცენტები, არამედ ელემენტარულად სიტყვაც არ შემიცვლია. წაიკითხეთ და თავად შეაფასეთ!

 

მე თავად არ ვიცი, ინტუიციამ იძალა, თუ პოლიტიკური პროგნოზების უნარმა, ყოველ შემთხვევაში, ასე გამოვიდა...

 

რატომ დაგვაღალატა „მესიამ“?!

 

ივანიშვილის პოლიტიკური „გედის სიმღერა“, დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა წაიკითხა. ასევე, გარკვეული ინტერესის გამო, ალბათ, თვალყურს ადევნებდით მის სატელევიზიო ინტერვიუსაც. ჩემის აზრით, ახალი არაფერი უთქვამს - არც პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მისეული ახსნა მგონია სარწმუნო...

 

ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი ისე წავიდა, არათუ პოლიტიკური სისტემის  შეცვლაზე, არამედ, მემკვიდრეობით მიღებული სისტემის „შხამიანი მინარევებისგან“ გაწმენდაზე უზრუნია (რა პოლიტიკური მემკვიდრეობაც მიიღო სისტემის სახით, იგივე დატოვა) და არც ისეთი გუნდი დაუტოვებია, დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში სახელმწიფო ჩამოშლისგან იხსნას! პირიქით, 16 იანვრის „ოცნების“ ყრილობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გაფარჩაკებული ოპოზიციის ფონზე ივანიშვილის გუნდს ჯერჯერობით თვითკმაყოფილების ღიმილი დასთამაშებს სახეზე. ასევე, ღიმილის მომგვრელია პარტიის განახლებული პოლიტსაბჭოც, სადაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პირველ ნომერს, მოქმედ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საბჭოს რიგითი წევრობა ძლივს აღირსეს!

 

თუ ივანიშვილზე, როგორც ეფექტურ (ძლიერი, ძალიან ეხამუშება ყურს) პოლიტიკოსზეა საუბარი, მისი პოლიტიკოსობა ამ შემთხვევაში ნაკლებად ჩანს. ხოლო, თუ მისი გუნდის საბოლოო მარგინალიზაციაზე, ეს უკვე დავალების შთაბეჭდილებას ტოვებს - ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასაც არ ახსოვს, მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი პარტიაში პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი ყოფილიყო. არადა, გახარიამ ბოლო არჩევნებში „ოცნებას“ არა მარტო „პირი მოწმინდა“, არამედ, ორთქლმავლის ფუნქციაც შეასრულა!

 

როცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება გააკეთა, მაშინვე დავწერე, რომ თუ ის საერთოდ არ იხსნიდა პასუხისმგებლობას საკუთარ გუნდზე და „ქართული ოცნების“ სახის შენარჩუნებაზე ფიქრობდა (რაც ამ ეტაპზე აუცილებელია სახელმწიფოსთვის სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით), პარტიის თავმჯდომარედ აუცილებლად გახარია უნდა დაესახელებინა, რადგან, გახარია პოლიტიკური ალღოთი, გაწონასწორებულობით და სხვა საქმიანი თვისებებით ყველაზე მაღლა დგას ივანიშვილის ფავორიტებს შორის. მეორეც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არჩევითი არ არის და ამდენად, მას არა აქვს ბერკეტები შიდა ინტრიგების დასათრგუნად, არ ჰყავს საკუთარი გუნდი თვით მთავრობაში და პარლამენტშიც!

 

ამდენად, იგი ხელ-ფეხშეკრულია და იგივე კლოუნადას, რომელიც ბოლო ყრილობაზე თვალნათლივ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, ყოველთვის შეუძლია დააცუროს.

 

ღიად უნდა დავაფიქსირო ისიც, რომ ირაკლი კობახიძის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ დასახელებაში ივანიშვილის პოლიტგამჭრიახობას ვერ ვხედავ. თუ ეს მისი მხრიდან გამიზნული თამაშია, მით უარესი ქვეყნისთვის!

 

* * *

ზემოთ ვთქვი, ივანიშვილის „გედის სიმღერაში“ ახალი და დამაფიქრებელი თითქმის არაფერია-მეთქი. იგივე რიტორიკა - საკუთარი გუნდით თავმოწონება, რაც რვა წლის მანძილზე ბევრჯერ მოგვისმენია.

 

საკმაოდ არადამაჯერებლად ჟღერს მისი სიტყვები: „ჩემი მისია დასრულებულია“. თუ ივანიშვილი ამ სიტყვებში 2012 წელს „ნაციონალების“ დამარცხებას გულისხმობს, მთლად ბოლომდე ვერ დავეთანხმებით - მან 2011-2012 წლებში მეტად გულისამაჩუყებელი დაპირებები გასცა და ხალხს „ოქროს კოშკების“ აგებასაც დაპირდა. თუმცა, „კოშკებს“ ვინ ჩივის, ისე წავიდა, სახელმწიფოს მოწყობის „ნაციონალური სისტემა“ ფაქტიურად ხელუხლებელი დატოვა. მეტიც, მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში იმდენი ანტიქართული კანონები მიიღეს, წინამორბედს გადაასწრეს კიდეც.

 

 

კრიტიკას ვერ უძლებდა ივანიშვილისეული საკადრო პოლიტიკაც - მისი ფავორიტების უმრავლესობა არც პროფესიონალი და არც საქმიანი თვისებებით გამოირჩევიან - ისევ კუთხეში იყო მიყენებული პროფესიონალები და საკადრო პოლიტიკა ვიღაცის სიმპათია-ანტიპათიაზე იყო აგებული, რომ არაფერი ვთქვათ, პორტირებული „ნაციონალების“ გადაბარგებაზე „ქართულ ოცნებაში“.

 

„პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი“.

 

ხალხი მართლაც მადლიერი უნდა იყოს მისით, რადგან, რაც ვერ (არ) მოინდომა და შეძლო მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა, შეძლო ბიძინა ივანიშვილმა.

 

ისე, ცხრა წელი ხდება, რაც ეს დილემა ვერ ამომიხსნია: რამ გააყოჩაღა დაბეჩავებული, კუთხეში მიყენებული ხალხი - ბიძინას ფულმა და მოლიარდერის შეძახილმა: მე მოვდივარ, მომყევით და ერთად გადავაგდოთ ეგ „ნაციონალური“ უღელიო?! ეტყობა, ხალხმა ივანიშვილში მართლაც ამქვეყნიური მესია დაინახა, თორემ, თავად ბატონმა ბიძინამ ბრძანა - მე მაქსიმალურად გამოვიყენე ხალხი სააკაშვილის რეჟიმის მოსაშორებლადო“. აქედან გამომდინარე, ძნელია მტკიცება: ვინ ვინ გამოიყენა - ბიძინამ ხალხი, თუ ხალხმა ბიძინა!

 

ხალხი მადლიერი უნდა იყოს ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბებითაც. თუმცა, ქველმოქმედების და პოლიტიკის ერთმანეთში არევა არ შეიძლება - სხვა არის ივანიშვილი ქველმოქმედი და სულ სხვაა ივანიშვილი პოლიტიკოსი!

 

რაც შეეხება ციტატის მეორე ნაწილს, არა მგონია, ხალხმა (ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობამ) მისი ნაბიჯი ისე შეაფასოს, როგორც პოლიტიკაში შემოსვლისას აფასებდა - საზოგადოებას პრეტენზია აქვს ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის მიმართ - მან ქვეყნისთვის (მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით) კრიტიკულ მომენტში მოიხსნა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და „ჩირთი-ფირთი“ გუნდით დაგვემშვიდობა.

 

ეს გვინდა, არ გვინდა, უნდა ვაღიაროთ!

 

მართალია, ჩვენ ვერ გავაკვირვეთ მსოფლიო დემოკრატიით, მაგრამ 8-წლიანი მმართველობის მონაპოვარი უდაოდ არის სიტყვის თავისუფლება, რომელიც მედია-საშუალებების თავისუფლებასაც გულისხმობს! სხვა საკითხია, რამდენად უზნეოდ იყენებენ ისინი ამ თავისუფლებას ყოველგვარი პასუხისმგებლობის იგნორირების ხარჯზე.

 

დიახ, ჩვენ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მოვიპოვეთ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ, ნულამდე დავიყვანეთ ქართული მედიისა და პირადად ჩვენი, საზოგადოების პასუხისმგებლობა. უნდა ვიყოთ ობიექტურნი - თუ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ, ამასაც ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ!

 

მრავალგზის მითქვამს: ერთ კაცს იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ, რაც მას შეუძლია-მეთქი. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა სურვილები (დაპირებები სხვაა) ჰქონდა ივანიშვილს და რისი გაკეთების უფლება არ მისცეს, მაგრამ, ერთი რამ ფაქტია:

 

„ქართული ოცნება“ არ არის ის მონოლითური პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას კატაკლიზმებს ააცილებს თავიდან, ყოველ შემთხვევაში, შეარბილებს მაინც!

 

მითუმეტეს, ჩვენ 3 ათეული წელია ჩამოკიდებული ვიყავით ერთ პიროვნებაზე (შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი). დღეს კი ისე მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან ის „ერთი“ პიროვნება, რომ დასაბრალებელი და თითის გასაშვერი უკვე აღარც დაგვრჩა.

 

რა თქმა უნდა, ეს სულაც არ იქნებოდა საგანგაშო, ივანიშვილს ჩამოყალიბებული გუნდი და შედარებით აწყობილი ინსტიტუციონალური (სახელმწიფო მართვის) სისტემა რომ დაეტოვებინა.

 

ამჯერად მისი გამოსამშვიდობებელი წერილისა და ტელემედიისთვის მიცემული ინტერვიუს დეტალურ გაშიფრვას არ შევიდგები - არც არის საჭირო, რადგან, არც ტექსტში და არც ქვეტექსტებში რაციონალური აზრი არ იკითხება - ჩვეულებრივი, ივანიშვილისთვის დამახასიათებელი რიტორიკაა. თუმცა, ერთი პასაჟი მაინც მენიშნა და არ მინდა ყურადღების მიღმა დავტოვო. ივანიშვილი წერს:

 

„ქართველები მეოცნებე ხალხი ვართ, ბოდიში მათ, ვინც მეტს ელოდა და იმედი გაუცრუვდა“! აი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

 

ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე, ივანიშვილის პირველივე პოლიტიკური განცხადების წაკითხვისას გამიჩნდა პრეტენზია პოლიტიკური პარტიის სახელწოდების მიმართ: „ქართული ოცნება“ არ იყო ის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც მაშინ არსებითად გამოხატავდა ხალხის განწყობას, მითუმეტეს, ოცნება არ არის ქრისტიანული მცნება და ხშირად სასოწარკვეთულებით მთავრდება-ხოლმე. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, რომელიც ივანიშვილმა სიტყვა ბოდიშით, მაგრამ ირონიანარევი ფინალით დააგვირგვინა: „ბოდიში, ვინც მეტს ელოდა და იმედი გაუცრუვდა“...

 

დიახ, ხალხმა ივანიშვილი მესიად აღიქვა და ყველაფერი დაიჯერა, რა დაპირებებსაც იგი იძლეოდა. იმედი კი არა მარტო გაუცრუვდა! თუმცა, უარესის ღირსია, რადგან, ყოველთვის რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინშია და თვითონ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იხსნის.

 

რაც შეეხება ივანიშვილის ოპტიმიზმს, რომ აუცილებლად გამოჩნდება ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს, დღევანდელი გადასახედიდან არა მგონია, ისეთი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს, რომელიც „ოცნებასაც“ და გაფარჩაკებულ, ქუჩაში მოყიალე ე.წ. ოპოზიციას („ნაცების“ თამადობით) პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს.

 

ივანიშვილს ამისთვის ორი ვარიანტი ჰქონდა: ან გახარია დაეტოვებინა პარტიაში თავის მემკვიდრედ და ამით შეენარჩუნებინა პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, ან მოემზადებინა ახალი გუნდი, იგივე „ოცნების“ შესაცვლელად - რაც არ გააკეთა!

 

იქნებდა, სჯობდეს კიდეც. ახლა ყველაზე კარგი პერიოდია ქვეყანაში ახალი, არსებითად განსხვავებული პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად.

 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ამისთვის მზაობა ჩანს და არც ფული - ფული, რომლის მაზანდაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ კიდევ უფრო გაზარდა.

 

P.S. ძალიან მაინტერესებს თქვენი ობიექტური შეფასება ჩემი 2011 წლის 30 ოქტომბრის ზემოთხსენებულ სტატიაზე - რამდენად ვიყავი ახლოს მოსალოდნელ რეალობასთან და რა უხეში შეცდომები დავუშვი ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის პროგნოზებთან დაკავშირებით. თუ, რა თქმა უნდა, ასეთი უხეში შეცდომები არსებობს.

 

P.S.S. ამ დღეებში ხშირად მესმის, რომ ივანიშვილი არსად არ წასულა, უბრალოდ, პასუხისმგებლობა მოიხსნა. ამბობენ იმასაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისევ დაბრუნდება.

 

მე კი ვფიქრობ: არც ერთ სიტუაციაში არ უნდა დაბრუნდეს. ხალხთან (ქვეყანასთან) თამაში არ შეიძლება, მითუმეტეს, ძალიან ცუდად მთავრდება იგი!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: