Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
17-05-2021, 17:38
ნანახია: 720

რას გვპირდება „რაინდი“?!

 არავინ იფიქრებდა, უჩინმაჩინის მანტიამოსხმული ბიძინა ივანიშვილი ოდესმე პოლიტიკაში თუ შემოვიდოდა. პოლიტიკაში შემოსვლა კი არა, იმდენად დისტანცირებული იყო საზოგადოებისგან, 2007 წელს ვაჟა შუბითიძის პროექტის - „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ - მიხედვით გამოსაცემი კრებულისთვის ფოტოსურათის მოძიებაც კი გაგვიჭირდა. მაშინ უდიდესი ქართველების ჩამონათვალში ივანიშვილი როგორც სწორუპოვარი ქართველი ქველმოქმედი შევიდა.

 

2011 წლის ოქტომბერში, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა მისი განცხადება, რომ ოჯახის წევრთა დაჟინებული მოთხოვნით (როგორც თვითონ ამტკიცებდა, პროვოცირება მოახდინა 2011 წლის 16 მაისმა, ხოლო პოლიტიკაში შესვლა უფროსმა ვაჟიშვილმა, უტამ ურჩია), იგი მოდიოდა აქტიურ პოლიტიკაში და ყველაფერს გააკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელისუფლებო ბერკეტებიდან ჩამოსაცილებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმის 9 წლიანი ჯოჯოხეთი გვაიძულებდა ყველაფერზე დავყაბულებულიყავით, ოღონდ ეს სისხლიანი რეჟიმი მოგვეშორებინა, 2011 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „რეზონანსში“ საკუთარ სტატიაში „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია!“ ვწერდი: არ შეიძლებოდა მილიარდერის შემოყვანა აქტიურ პოლიტიკაში, რადგან, იგი (მილიარდერი) დატვირთულია სხვადასხვა ვალდებულებებით საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების წინაშე (რომლებიც ფაქტიურად მართავენ სამყაროს) და მას არავინ მისცემდა თავისუფალი მოქმედების საშუალებას. ვწერდი იმასაც, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა გარკვეული დავალებით და არ იყო გამორიცხული, მისი დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულებულიყო, რაც ნიჰილიზმში ჩააგდებდა ისედაც დაბნეულ და გაწამებულ საზოგადოებას.

 

მაშინ ხალხი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გაჰყვა ივანიშვილს და მიიღო ის, რაც მიიღო!

 

ანალოგიური სიტუაციაა ლევან ვასაძესთან მიმართებაშიც. ისიც ბიზნესმენია, ოღონდ, არა მილიარდერი - ფინანსური რესურსებით ივანიშვილს ვერ გაეჯიბრება. ყველას კარგად გვახსოვს, ისიც კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ აქტიურ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდა. თუმცა, როგორც თვითონ აცხადებს, მისთვის „ლაკმუსის ქაღალდი“ (ბოლო წვეთი) გახდა ე.წ. „დანიელსონის დოკუმენტი“ (იგივე, „დოქტრინა“), რომელმაც ფაქტიურად საბოლოოდ გააქარწყლა მითი საქართველოს დამოუკიდებლობაზე.

 

ქართული საქმე გააკეთოს და ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შემოდის ქართულ პოლიტიკაში - ვასაძე, თუ ქიბროწაშვილი. მთავარია, რამდენად გულწრფელი და თანმიმდევრულია ესა თუ ის პიროვნება საკუთარ ინიციატივებში და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, რამდენად ძალუძს თავგანწირვა ქართული საქმისთვის!

 

მივყვეთ თანმიმდევრობით:

 

რამდენიმე წლის წინ, ლევან ვასაძე თავისი კონსერვატიული იდეებისა და მკაფიოდ გამოკვეთილი ტრადიციული ღირებულებების გამო აშკარად მიმაჩნდა პრეზიდენტობის N1 კანდიდატად - მხიბლავდა მისი პირდაპირობა და ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ.

 

თუმცა, პირველი იმედგაცრუება მაშინ გამიჩნდა, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინ ტელეკომპანია „მაესტროში“ საკმაოდ კატეგორიული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ხაზგასმით აღნიშნა: თუ საქართველოს პარლამენტი გაბედავდა ამ ანტისახელმწიფოებრივი (ანტიქრისტიანული) კანონის მიღებას, ხელის ამწევებს (პარლამენტარებს) თავის თანამოაზრეებთან ერთად ქეჩოში ჩაავლებდა ხელს და პარლამენტიდან გამოათრევდა! (ეს მისი სიტყვების ინტერპრეტირებაა).

 

არადა, ანტიდისკრიმინაციული კანონი გრიალ-გრიალით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ლევან ვასაძემ კი არათუ პარლამენტართა ქეჩოებისკენ გაიწია, საერთოდ დაიმალა და მისი ომახიანი ხმა კარგა ხანს არ მსმენია! (აღარაფერს ვამბობ ე.წ. „კომბლების“ ისტერიაზე, რომელმაც საგრძნობი ჩრდილი მიაყენა ლევან ვასაძის ავტორიტეტს). 

 

იყო სხვა ომახიანი გამოსვლებიც, რომელსაც კატეგორიული ტონიც ახლდა, მაგრამ, სერიოზული გაგრძელება მისი მხრიდან არც მოჰყოლია.

 

აქედან გამომდინარე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი როგორც პოლიტიკოსი არათანმიმდევრულია კრიტიკულ სიტუაციებში და მისი სიტყვა და საქმე არსებითად სცილდება ერთმანეთს!

 

ვისი პროექტია ლევან ვასაძე?!

 

სტატიაში „ომახიანი გზავნილი ჭორვილადან, ანუ საქართველო ისევ მესიის მოლოდინშია“ 2011 წლის ოქტომბერში ვწერდი: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძირითადი კაპიტალი რუსეთში იშოვა, არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი რუსული პროექტი, მას არ მისცემდნენ უფლებას მხოლოდ რუსეთის ინტერესებით ემოქმედა და იგნორირება გაეკეთებინა ევრო-ამერიკისთვის, რომელიც ფაქტიურად მსოფმთავრობის იდენტურია.

 

პრაქტიკამ აშკარად დაადასტურა, რომ ეს ასეა.

 

მიუხედავად რიტორიკისა, სადაც მთავარი აქცენტი რუსეთთან ურიერთობის დალაგებაზეა გადატანილი, ლევან ვასაძის შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით, რომ ის წმინდა რუსული პროექტია. აქაც მისი კაპიტალია - ფულს (მილიონებს) არ გააჩნიათ მკაცრად ჩაკეტილი სივრცე და ისიც (ვასაძეც) მსგავსად ივანიშვილისა, საკუთარი კაპიტალის მძევალია!

 

სხვა საკითხია, ვისი დავალებით შემოვიდა იგი ამ კონკრეტულ მომენტში და რამდენად არის მისი მხრიდან მზაობა მთელი თავით გადაეშვას აქტიურ პოლიტიკაში. თუმცა, ერთი რამ აქედანვე უნდა ითქვას: საკუთარ ხალხთან თამაში არ შეიძლება - თუ მოდიხარ, ლელო ბოლომდე უნდა გაიტანო!

 

რატომ ეახლა თურქეთის ელჩი და რას ნიშნავს: აშენდეს - არ აშენდეს?!

 

გუშინ, ლევან ვასაძის თაოსნობით, 9 აპრილის ბაღში სახელდახელოდ გამართულმა აქციამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოახდინა. პირიქით, ბევრი საჩოთირო კითხვა გამიჩნდა და ჩაღრმავების საშუალებაც მომცა.

 

 

გულწრფელად ვიტყვი: ლევან ვასაძის, როგორც პიროვნების ყველაზე დიდი ღირსება საკუთარი მრავალრიცხოვანი, გამართული ოჯახია - მივესალმები ასეთი ოჯახების არსებობას საქართველოში, მაგრამ, ეს დიდ ქულას ვერ სძენს აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლისას - პირიქით, ადვილად შესაძლებელია, სერიოზულ რისკზე წასვლის აუცილებლობის შემთხვევაში უკანდახევის პროვოცირების საფუძველიც გახდეს!

 

არადა, პოლიტიკა, მითუმეტეს, დღევანდელი პოლიტიკა, ნამდვილი პოლიტიკოსისგან არა მარტო სწორ ხედვას, დიპლომატიურ წიაღსვლებს, არამედ, თავგანწირვასაც მოითხოვს!

 

არის კი მზად ბატონი ვასაძე თავგანწირვისთვის?

 

ღმერთმა ქნას, იყოს! სხვანაირად, გლობალური ინტერესების გათვალისწინებით პოლიტიკაში შემოსვლას, უბრალოდ აზრი არა აქვს!

 

ახლა, რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც ლევან ვასაძემ გუშინ გაუგზავნა საზოგადოებას, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი“-ს („ერთობა, რაობა, იმედი“) პრეზენტაციისას, რომელიც, როგორც თვითონ ბრძანა, მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდება.

 

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იგი საზოგადოების წინაშე წარსდგა ჩვეული პათეტიკური ტონით (მისთვის დამახასიათებელი რიტორიკით) ტრადიციული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევით. რაც შეეხება გზავნილებს, ვერ ვიტყვი, რომ ორიგინალური იყო ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტისა და არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობის გაჟღერებისას.

 

სად იყო ლევან ვასაძე, როცა პირადად მე ამ თემებზე ღიად ვსაუბრობდი საკუთარ პუბლიცისტურ სტატიებში და ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება და საპარლამენტო მოდელზე გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოსთვის, ხოლო, მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმა საერთოდ აზრს უკარგავდა ნებისმიერი დონის არჩევნებს, პროფესიული პარტიების არქონის პირობებში.

 

სხვათაშორის, იგივე აზრზე იყო ბატონი ზვიად ტომარაძეც, რომელიც ერთ დროს ლევან ვასაძესთან ასოცირდებოდა, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს მისი პირადი პოზიცია იყო მხოლოდ.

 

ჩემთვის მოულოდნელი იყო ბატონ ლევან ვასაძის განცხადება, რომ მას რამდენიმე დღის წინ თურქეთის ელჩი ესტუმრა საკუთარ რეზიდენციაში და რამდენიმე საათიანი დიალოგი ჰქონდათ ნამოხვანჰესზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

 

კი, მაგრამ, რა სტატუსით შეხვდა ლევან ვასაძე ქალბატონ ელჩს რიონის ხეობის მცველთა მიერ 23 მაისისთვის თბილისში დანიშნული მრავალათასიანი მიტინგის წინ და რა შეთანხმებებზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი?

 

გაოცებული დავრჩი, როცა ნამოხვანჰესზე საუბრისას ჯერ განაცხადა: „საკონტროლო პაკეტი უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს სახელმწიფოს. თუ საკონტროლო პაკეტი ჩვენს სახელმწიფოს ეკუთვნის, ასეთ სიტუაციაში და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობა ამა თუ იმ ფორმით (!) ეთანხმება ასეთი ჰესის აშენებას, მაშინ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ქვეყანამ წაიწიოს წინ“.

 

მერე კი საპირისპიროს აცხადებს:

 

„ერთ კვირაში ატარებენ აქციას? ყველანი მივიდეთ, რიგით ჯარისკაცებად წავიდეთ. მე მოვალ იქ, როგორც რიგითი მოქალაქე, დავდგები უკანა რიგებში და მხარს დავუჭერ რიონის მოსახლეობას, რომ ჰესი არ აშენდეს“!

 

ჯერ ერთი, გაუგებარია რას ნიშნავს „რიონის მოსახლეობა ამა თუ იმ ფორმით ეთანხმება ასეთი ჰესის აშენებას“.

 

თუ ფიქრობ, რომ ნამოხვანჰესი უნდა აშენდეს, მაშინ რა გინდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც სწორედ ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს?!

 

სხვათაშორის, 23 მაისს მკაფიოდ გამოჩნდება - ვინ მანიპულირებს რიონის ხეობით. ვარლამ გოლეთიანის თანამებროძლები თუ ლევან ვასაძე?!

 

მეორეც, ელჩები შემთხვევით ადამიანებთან სახლში ასეთ თემებზე სასაუბროდ არ დადიან. საინტერესოა, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ლევან ვასაძე ქალბატონმა ელჩმა, რომელსაც ჯერ პოლიტიკური პარტია არც კი ჩამოუყალიბებია და საკუთარი გუნდიც არ წარუდგენია?!

 

 

ეს სერიოზული კითხვაა, რომელზეც პასუხი მხოლოდ ვასაძემ შეიძლება გაგვცეს!

 

რატომ გაემიჯნა ზვიად ტომარაძე ლევან ვასაძეს?!

 

ზემოთ ზვიად ტომარაძე ვახსენე, რომელიც ბოლო წლებია ვასაძესთან ასოცირდებოდა. როცა მის პოლიტიკურ გააქტიურებაზე ინფორმაცია მოვისმინე, მაშინვე ვიფიქრე, მის გუნდში საპატიო ადგილს სწორედ ზვიად ტომარაძე დაიკავებდა. სამწუხაროდ, შევცდი. დანამდვილებით არ ვიცი, რატომ გაემიჯნა ზვიად ტომარაძე ლევან ვასაძეს, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ მისი ყველა აქტიურობა - სასიცოცხლოდ აუცილებელი კანონპროექტების პარლამენტში ინიცირება, მეტ-ნაკლებად ვასაძესთან ასოცირდებოდა, რადგან იგი (ტომარაძე) წლების მანძილზე მის მიერ დაფუძნებული დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი იყო და ვასაძის  საზოგადოებრივი აქტიურობისას გვერდიგვერდ იდგნენ.

 

არ ვიცი, რა შავმა კატამ გაირბინა მათ შორის, მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია: ტომარაძე სერიოზული დანაკარგია ლევან ვასაძის მომავალი გუნდისთვის!

 

რაც შეეხება თავად ბატონ ზვიადს, მან ცალკე პოლიტიკური თამაში წამოიწყო. რამდენადაც ვიცი, მის მიერ წლების წინ დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“ ივნისის თვეში პოლიტიკურ მოძრაობად დარეგისტრირდება.

                                                     * * *

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემთვის სახელს და გვარს მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, ქართული საქმე გაკეთდეს. ამდენად, ორივეს წარმატებებს ვუსურვებ პოლიტიკურ ლაბირინთებში გადაშვებისას.

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი