Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
2-06-2021, 12:00
ნანახია: 616

ვინ გაუჩეჩქვავს თავს გველეშაპს, ანუ რას გვპირდება გიორგი გახარია?!

 

სტატიაში, „კოლხებს ბრძოლის ველიდან გაქცევა არ სჩვევიათ!“ („ივერიონი“ 22 თებერვალი - 2021 წ.) ვწერდი, რომ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მოულოდნელმა გადადგომამ, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მითუმეტეს, მიზეზი, რის გამოც მან გადადგომა გადაწყვიტა, ფრიად საეჭვოდ გამოიყურებოდა!

 

თუ მის არგუმენტს ვერწმუნებით, ამ ნაბიჯით მან ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება ააცილა, მაგრამ, როცა ყველა ბერჯეტი ხელში გიჭირავს და შეგიძლია ჩასაფრებულთა (პროვოკატორთა) ინტრიგები დათრგუნო, შენ კი არ უნდა წახვიდე და ამით პასუხისმგებლობა აირიდო, არამედ, თვითონ უნდა მიაბრძანო პროვოკატორები, სადაც ჯერ არს!

 

რაც შეეხება ჩემი ემოციური სათაურის დედაარსს - „ბრძოლის ველიდან გაქცევაში“ ვგულისხმობდი, რომ ბ-ნი პრემიერი გადადგომის შემდეგ მაინც გააშიშვლებდა რეალურ ვითარებას - საბოლოოდ ჩამოხსნიდა ნიღაბს მმართველ გუნდში მოკალათებულ ავანტურისტებს და აქტიურ პოლიტიკაში განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმით დაბრუნდებოდა!

 

ბევრი დღესაც დაბეჯითებით ცდილობს გახარიას ნაბიჯის (გადადგომას ვგულისხმობ) გამართლებას - „ამტკიცებენ“, რომ თუ გახარია იმ კონკრეტულ მომენტში არ გადადგებოდა, „ნაციონალების“ სათაო ოფისში ნიკა მელიას შტურმით დაკავებისას ტყვია გავარდებოდა და მთელ პასუხისმგებლობას სწორედ პრემიერ-მინისტრს აკიდებდნენ!

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას „ნაციონალების“ ოფისიდან დაკავებამ უმსხვერპლოდ ჩაიარა, არ გამოვრიცხავ, მართლაც მზადდებოდა შეთქმულება გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე დაბალანსებულ და ზომიერად პრინციპულ სახედ ითვლებოდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, გახარიას მოულოდნელი გადადგომა გავამართლოთ - მას ან უნდა დასახელებინა მთავრობის ის წევრები (უპირველესად, იგულისხმება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები), რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მის მოსაზრებას და მოითხოვდნენ „ნაციონალების“ ოფისზე შტურმით დაეკავებინათ ჩვენი დროის „გმირი“ ნიკა მელია, ან იგივე ხელქვეითები გადაეყენებინა თანამდებობიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მოეჯახუნებინა კარი „ქართული ოცნებისთვის“!

 

მან ეს არ გააკეთა - მხოლოდ დაგვაიმედა, რომ პოლიტიკიდან არ მიდიოდა!

 

* * *

მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, ვინც 2019 წლის 20 ივნისზე პასუხისმგებლობას მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს. პასუხისმგებლობას იგი მაშინ ვერ გაექცეოდა, სადავეები ხელიდან გაუშვა და ამით ხელი შეუწყო დესტრუქციული ძალებისთვის - დაეკავებინათ პარლამენტის შენობა, რაც თავისთავად სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავდა!

 

მიუხედავად 20 ივნისის შტურმის დროს დაზარალებულებისა, მიმაჩნია, რომ უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო და ობიექტურად მას მხოლოდ უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუტების კანონიერად დაცვის კვალიფიკაცია მიეცემოდა. სხვანაირად, გაუგებარია მავანთა „აღშფოთება“, რომლებიც 20 ივნისის მოვლენას ცალმხრივად აფასებენ - შენ მოდიხარ, ძალით გადაატრიალო ხელისუფლება და ჩამოშალო სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩემგან (მოქმედი ხელისუფლებისგან) ითხოვ ტყვიების (არა აქვს მნიშვნელობა რეზინის იქნება თუ დათვის) ნაცვლად ყვავილები გესროლო?!

 

მითუმეტეს, ჩვენ, ქართველებს გვაქვს მწარე გამოცდილება, როცა ამბოხებულების მოგერიება ყვავილებით მოვინდომეთ (ზვიად გამსახურდია: „თუ ისინი ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილებს ვესვრით“), სანაცვლოდ კი სისხლიანი რუსთაველი მივიღეთ, რომლის ანარეკლია სწორედ ჩვენი დღევანდელი სავალალო სიტუაცია და მთელი 30 წლის მანძილზე მოღალატეთა კასტის თარეში საქართველოს ხელისუფლებაში!

 

ასე რომ,  20 ივნისის „გავრილოვის ღამეში“ გახარიას დადანაშაულება თავში მხოლოდ დესტრუქციულ ძალებს და საზოგადოების ზომბირებულ ნაწილს შეიძლება მოუვიდეს!

 

* * *

ამ დილით სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის სტატუსი წავიკითხე, სადაც იგი სამართლიანად აღნიშნავს: ისტორიას არ ახსოვს, პრემიერ-მინისტრი საკუთარი ნებით მიდიოდეს თანამდებობიდან და მერე პოლიტიკურ პარტიას ქმნიდესო!

 

დიახ, გადადგომის ფორმასაც გააჩნია, თორემ გიორგი გახარიას „კუდი“ რომ მოექნია და საკუთარი ღირსება დაეცვა, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზიც აშკარად გაჩნდებოდა.

 

უფრო ვაჟკაცური იქნებოდა, გახარია მაშინ გადამდგარიყო, როცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი და იმ დროისთვის პოპულარული პრემიერ-მინისტრი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს და მეურვედ ირაკლი კობახიძე დაუნიშნეს. აქსიომაა, რომ ამით მას პარტიული ბერკეტები გამოაცალეს ხელიდან და მისი პრემიერ-მინისტრობაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

 

კარგია, დინჯი, გაწონასწორებული, ერუდირებული (გახარიას განათლებასა და ერუდიციას, ინტრიგანის გარდა ვერავინ დაიწუნებს) პოლიტიკოსის იმიჯით სარგებლობდე, მაგრამ მარტო ეს თვისებები (რესურსები) არ არის საკმარისი, ერს ემსახურო და საქვეყნო საქმე აკეთო - საჭიროების შემთხვევაში „ხმლის“ მოქნევაც უნდა შეძლო და სარისკო გადაწყვეტილებების მიღების მაგალითიც უნდა აჩვენო!

 

სამწუხაროდ, გახარიამ ეს ვერ შეძლო, ან შეგნებულად არ გააკეთა, რაც მისი პოლიტიკაში ხელახლა შემოსვლის აუცილებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს! არის სხვა კითხვებიც, რომელზეც პასუხს ქვემოთ გავცემ...

 

* * *

საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დომინირებს აზრი, რომ გიორგი გახარია პრორუსული პროექტია. ზოგიერთები ივანიშვილისკენ იშვერენ თითს და ამბობენ, რომ იგი სწორედ ივანიშვილმა შემოიყვანა პოლიტიკაში და ექს-პრემიერით „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება აქვს გადაწყვეტილი.

 

მიამიტი უნდა იყო, ან ერთი, ან მეორე ვერსია დაიჯერო:

 

ჯერ ერთი, „პრორუსული“ და „პროდასავლური“ („პროამერიკული“) პროექტი პირობითია და ჩვენს გაბითურებას ემსახურება: დღეს არ არსებობს წმინდა რუსული და ამერიკული პროექტები, რადგან, გლობალურ პოლიტიკას ცალკე აღებული რუსები ან ამერიკელები არ განსაზღვრავენ - არსებობს გლობალური პოლიტიკა (მსოფმთავრობა) და გლობალური პროექტები. გახარია სწორედ ამ გლობალური პროექტის ნაწილია. აქედან გამომდინარე, მისი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება, საკუთარ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული: არ დაგვავიწყდეს, გახარია სახელმწიფოს უმაღლესი რანგის N1 ჩინოვნიკი იყო - არა აქვს მნიშვნელობა, რეალური თუ ნომინალური, ყოველ შემთხვევაში, ხილული თუ უხილავი ძაფებით გადანასკვულია გლობალურ პოლიტიკასთან!

 

უფრო შორს არ წავალ...

 

* * *

ზემოთ სიტყვები „რეალური“ და „ნომინალური“ ვახსენე.

 

გახარია რეალური მმართველი რომ არ ყოფილა, მისმა მოულოდნელმა გადადგომამაც დაადასტურა. ამის მიზეზად მავანნი საკუთარი გუნდის არარსებობას ასახელებდა, ანუ მას მმართველ პარტიაში (პარლამენტში) არ ჰყავდა მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობა, რომ რეალური გადაწყვეტილებები მიეღო. ამბობენ იმასაც, რომ ივანიშვილიც არ უჭერდა ბოლომდე მხარს.

 

ეს ყველაფერი ზღაპრებია, ისეთი ზღაპრები, ბავშვობაში ჩვენ რომ  გვიყვებოდნენ და გვაჯერებდნენ!

 

რეალობა ისაა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნებით და საკუთარი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებით იმაზე მეტს ვერ გააკეთებს, რაც აქამდე გააკეთა, რადგან, ჯერ ერთი, უმრავლესობაში ვერ მოვა (ამის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. დანიელსონის დოქტრინაა), მეორეც, იგი, როგორც ექს-პრემიერი საერთაშორისო ვალდებულებებით დატვირთული პერსონაა და ქართული საქმის გაკეთებისა და „შორს გაჭრის“ საშუალებას არ მისცემენ.

 

ამდენად, ილუზიაა იმის გაფიქრება, რომ მისი სახით პოლიტიკაში შემოიჭრა თეთრ ცხენზე ამხედრებული გიორგი, რომელიც გველეშაპს თავს გააგდებინებს!

 

* * *

გასულ შაბათს, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ექს-პრემიერმა საკუთარი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გააკეთა და გუნდიც წარადგინა. წარდგენა კოვიდსიტუაციის გათვალისწუნებით, ერთობ პომპეზური გახლდათ, თუმცა, ეს ნაკლებად არსებითია.

 

მთავარია, რა პოლიტიკური გზავნილები მიიღო მისგან საზოგადოებამ და როგორ შეიძლება შეფასდეს მის მიერ წარდგენილი გუნდი?!

 

დავიწყოთ იქიდან, რომ პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება - „საქართველოსთვის“ ორიგინალობით არ გამოირჩევა - საკმაოდ მარტივი და ბანალურია (არსებობს „ერთიანი საქართველოსთვის“, „მთლიანი საქართველოსთვის“ და სხვ.) არც მათი საპროგრამო ლოზუნგი „არავის წინააღმდეგ“ იძლევა დამშვიდების საშუალებას - როცა აქტიურ პოლიტიკაში შემოდიხარ და მითუმეტეს, საკუთარ პარტიას აფუძნებ, წინააღმდეგობის გარეშე, როგორ აპირებ რეალური საქმეების კეთებას?

 

მითუმეტეს, ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში, სადაც პოზიციაც და ოპოზიციაც ანტიქართულ თამაშს თამაშობენ?!

 

როგორ შეიძლება თანამრომლობის სურვილი გამოთქვა ულტრალიბერასტებთან და პოლიტიკურ კრიმინალებთან და იმაშიც დაარწმუნო საზოგადოება, რომ დამძიმებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად მოდიხარ?!

 

როგორ დაგიჯერო ნეპოტიზმისა და კორუფციის დამარცხებას აპირებ, როცა მთავრობის მეთაურად მუშაობის პერიოდში, ამაზე კრინტიც არ დაგიძრავს, ხოლო, ახლა, კონკრეტიკისგან თავს იკავებ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით იფარგლები?!

 

როგორ აპირებ „სამართლიანი წესრიგის“ დამკვიდრებას ქვეყანაში, როცა სახელისუფლებო ვერტიკალი ქართულ ინტერესებს არ ემორჩილება და გარედან მიღებული დირექტივებით იკვებება?!

 

როგორ აპირებ სახელდახელოდ წარდგენილი გუნდით არსებით გარღვევას ქართულ პოლიტიკაში, რომელთა რიგებში ერთი ახალი, ჭეშმარიტად ქართული სახე ვერ დავლანდე? „წარმატებული“ საჯარო მოხელე არ ნიშნავს, რომ იგი ახალ მწვერვალებს დაიპყრობს და თავდადებულიც იქნება!

 

სხვების არ ვიცი, მაგრამ ჩემზე დაუკმაყოფილებლობის განცდა დატოვა ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერის ბრიფინგმაც. იქაც ზოგადი პასუხები არსებითად ლეგიტიმურ კითხვებზე და არც ერთი ნოვატორული ინიციატივა:

 

მას არ წარმოცდენია, რომ საქართველოში საპარლამენტო მოდელმა არ გაამართლა და მითუმეტეს, დანიელსონის დოკუმენტით გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმის პირობებში საერთოდ კრიმინალებისა და შარახვეტიების ასპარეზად იქცევა ისედაც „გაბახებული“ პარლამენტი!

 

ნაცვლად ამისა, მან პირიქით, ყურადღება გაამახვილა კოალიციურ პარლამენტზე და კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც არსებითად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული რეალობისთვის!

 

მას სიტყვაც არ დასცდენია ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის აუცილებლობაზე, რომელიც გარკვეულწილად ამაღლებს პიროვნულ პასუხისმგებლობას.

 

მას ორაზროვანი პასუხი ჰქონდა ნამოხვანჰესთან დაკავშირებითაც. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება გაემახვილებინა ანტიქართულ, მოღალატურ ხელშეკრულებაზე, განაცხადა, რომ სხვა ჰესებთან მიმართებაში უფრო კაბალური ხელშეკრულებებიც არსებობს, ვიდრე ნამოხვანჰესის შემთხვევაში(?!) სამწუხაროდ, კრინტიც არ დაუძრავს საპროტესტო გამოსვლებზე და საკუთარ პასუხისმგებლობაზე აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

ერთი სიტყვით, კითხვები ბევრია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, პასუხები ზოგად რიტორიკას მაინც არ გაცდება.

 

P.S. ბევრი გიორგი გახარიას პარტიას მომავალ არჩევნებში სერიოზულ შედეგებს „უწინასწარმეტყველებს“. იმასაც ამბობენ, პოლიტიკაში ასევე ახლად შემოსულ ლევან ვასაძეს შედეგებით საგრძნობლად გადაუსწრებსო! მერე რა, ასეც რომ იყოს - საქართველოსთვის რა შეიცვლება?! არც არაფერი, ისევ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ.

 

P.S.S. ამიტომაც ვწერდი სოციალურ ქსელში: ვისაც გული აქვს და თავდადებაც შეუძლია, ფული არა აქვს, ხოლო, ვისაც ფული აქვს, გული არ ერჩის-მეთქი!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი