რას ღაღადებს „ლეილი და მაჯნუნი“
„ივერიონმა“ გამოსცა აზერბაიჯანელი პოეტის, ნიზამი განჯელის აღიარებული პოემა „ლეილი და მაჯნუნი“.
გთავაზობთ წიგნის რედაქტორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ხალილ იუსიფლის წინასიტყვაობას:
რას ღაღადებს „ლეილი და მაჯნუნი“
დიდი აზერბაიჯანელი პოეტი და მოაზროვნე, «ხამსა»-ს («ხუთეული») ავტორი ნიზამი განჯელი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ფიგურაა. ყველა საგანმა და მოვლენამ, რომელმაც მის პოეტურ დვრიტაში გაიარა, ღრმა საზოგადოებრივი და ფილოსოფიური შინაარსი შეიძინა.
მიუხედავად იმისა, რომ შირვანის შაჰმა ახსითანმა სთხოვა, ამ თემაზე პოემა დაეწერა, ნიზამიმ არა მარტო შექმნა ისეთი ნაწარმოები, რომელიც დააკმაყოფილებდა იმ დროის მეფეთა გემოვნებას, არამედ, შიგ ჩააქსოვა ის აზრები, რაც თავად მას სულს უფორიაქებდა. მუშაობდა რა «ლეილი და მაჯნუნზე», რომელიც 1188 წელს ოთხი თვეში დაასრულა, ნიზამი განჯელი სერიოზულად იკვლევდა ამ თემას და ეცნობოდა მასთან დაკავშირებულ მრავალ წყაროს.
როდესაც ახსითანი სთხოვდა, ეს «პატარძალი» სპარსული და არაბული სამკაულებით შეამკეო, სწორედ სპარსელებსა და არაბებში ლეილისა და მაჯნუნის თემაზე ფართოდ გავრცელებულ თქმულებებსა და ლეგენდებს გულისხმობდა.
ნიზამი სწორად მიუხვდა ახსითას და წყაროები გულდასმით შეისწავლა. ის, რაც მოიხელთა, ერთგულად შეერწყა ზოგად პოეტურ ნაკადს, სიუჟეტს ახალი ფორმა და ახალი სულისკვეთება მისცა.
ის, რომ XI საუკუნის აზერბაიჯანელი პოეტი ყათრან თაბრიზი ხშირად ახსენებს ლეილის და მაჯნუნს, როგორც უღალატო და უიღბლო სატრფოებს, იმაზე მეტყველებს, რომ ლეგენდა ლეილისა და მაჯნუნის შესახებ ლიტერატურულ წრეებში გაცილებით ადრე იყო გავრცელებული, ვიდრე ნიზამი თავის შედევრს დაწერდა.
ახსითანიცა და ნიზამის ვაჟი მუჰამედიც მას კარგად იცნობენ. ახსითანი წერს, რომ მაჯნუნის ტრფიალი უსაზღვროა და რომ ეს თემა ყველა თემათა მეფეა.
უფრო საინტერესოა პოეტის ვაჟის, 14 წლის მუჰამედის აზრი. მისი თქმით, ”ამ მშვენიერ თემაში დიდი ხელოვნების სული სუფევს”. თავად ნიზამი კი მას «მსოფლიოსთვის ცნობილ აიედ» მიიჩნევს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებს, რომ ეს ლეგენდა ერთობ გავრცელებულია როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით.
ნიზამი ხან თავისი ვაჟის მუჰამედის ენით, ხან კი თავისი სიტყვებით წერს, რომ ეს ცნობილი ლეგენდა მხატვრულად არ დამუშავებულა, ჯერ კიდევ ხელუხლები და შიშველი ფორმით არსებობს. საინტერესოა, რომ ახსითანსაც და პოეტის ვაჟს, მუჰამედსაც სწამთ, რომ ამ თემას სწორედ ნიზამის ნიჭი დაძლევს და განახორციელებს როგორც ჯერ არს. აქედან ირკვევა: ახსითანის თხოვნა განპირობებულია იმით, რომ იგი იცნობს ნიზამის შემოქმედებას და დარწმუნებულია, რომ გენიალური პოეტი სულიერად ახლოსააა ამ თემასთან. ახსითანი, რომელმაც კარგად იცის სიტყვის ფასი, გრძნობს სიახლოვეს ნიზამის ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და «ლეილი და მაჯნუნის» თემას შორის და სურს, რომ სწორედ ამ თემაზე შექმნას ნაწარმოები:
შენგან მაჯნუნზე თქმულების
ვართ მოიმედე მოყოლის,
ჩვენ გვიძღვენ მასზე თხზულება,
ვით მარგალიტი ობოლი;
შეგწევს ძალი და ეცადე,
ჩვენს გულს შვებისკენ უბიძგო,
ლეილის ლექსი გვასმინე
ლეილის მსგავსად უბიწო!
ისე დაწერე, აღმომხდეს:
„ლექსი კი არა, ყანდია,
ამის მთქმელს თავზე დიდების
გვირგვინი ედგას, მადლია!“
ერთი რამ აშკარაა: მიუხედავად იმისა, რომ პოემა შეკვეთითაა დაწერილი, სწორედ მისმა პოპულარობამ და ნიზამის გენიალობასთან სიახლოვემ, განაპირობა ასეთი შედევრის შექმნა. ნათლად იგრძნობა, რომ პოემაზე მუშაობის პერიოდში ნიზამი ადგილობრივ ფოლკლორულ გადმოცემებსა და ამ თემაზე არსებულ წერილობით წყაროებს ფართოდ იყენებდა. პოემის არაბულ წყაროებთან შედარებისას, ვხედავთ, რომ ნიზამი განჯელი ოსტატურად აერთიანებს სხვადასხვა მცირე და ფრაგმენტულ, მშრალ და მხატვრულად სუსტ ლეგენდებს ლეილისა და მაჯნუნის შესახებ, ახდენს მათ სისტემატიზირებას ხელოვნების მკაცრი კანონის საფუძველზე, ჯამში კი ქმნის ხელოვნების სევდიან და დიდებულ ძეგლს. დიდი აზერბაიჯანელი პოეტი პოემაში არაერთხელ უბრუნდება ადამიანისა და დროის პრობლემას, მაღალმხატვრული ხერხებით აანალიზებს ამ პრობლემის სხვადასხვა ასპექტებს და ადამიანებს მარად სიკეთისა და სილამაზისკენ მოუწოდებს, თანაც ამას პირადი მაგალითით ადასტურებს:
მე ვიყავ კაცი, ვინც ცამდე
აღვმართე ლექსის ალამი,
თვალ-მარგალიტის კოლოფის
მელანს ვინც ვაწე კალამი;
იმ კალმის წვერით მერე ვინც
ვხვეწე ხასხასა ლალები,
ლექსების ნართაულები
ვისაც არ მიწნავს წვალებით.
გულში ვთქვი, საქმის ჟამია,
ავდგე, ზოზინი მეყოფა.
ბედი ვით მოძმეს მიყურებს,
იღბალი – როგორც მეგობარს.
ნიზამი განჯელის პოემა ერთ ასეთ ჭეშმარიტებასაც ადასტურებს, დრო ადამიანის საპირისპიროა, თუმცა, ბოლოს ადამიანი იმარჯვებს. მიუხედავად მსხვერპლისა და ტრაგედიებისა, ადამიანური თანადგომა ქვეყნიერებას სულ უფრო ადამიანურს ხდის, ამის შესაბამისად კი დროც იცვლება:
მოყვასნო ჩემნო, ოდესღაც
ლხინში რომ მხარი მიმშვენეთ,
მიჭირს და ხელი მომეცით,
თუ მშველით, ახლა მიშველეთ!
პოემა «ლეილი და მაჯნუნი» პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც გამსჭვალულია დიდ პოეტის ღრმა აზრებით ადამიანსა და დროის თემაზე. ნიზამი განჯევის პოემა «ლეილი და მაჯნუნი» არა მხოლოდ სატრფიალო თემაზე შექმნილი ნაწარმოებია, არამედ იგი წარმოადგენს მხატვრული და ფილოსოფიური წიაღსვლების ნაზავს სამყაროსა და ადამიანზე, რომლისთვისაც ქალ-ვაჟის სიყვარული ხელსაყრელ ნიადაგს წარმოადგენს. შეიძლება ვიფიქროთ, რა კავშირშია ეს ყველაფერი ლეილისა და მაჯნუნის თემასთან? მთუმცა, თუ ყურადღებით წავიკითხავთ პოეტის შემოქმედებას, მივხვდებით, რომ ეს ნაირფეროვანი აზრები პირდაპირ კავშირშია «ლეილისა და მაჯნუნის» საერთო სულისკვეთებასთან.
როგორც ნაწარმოების დასაწყისში, ისე მთელი ნაწარმოების ფინალში, პოეტი საუბრობს ცხოვრებაზე, სამყაროზე, იმდროინდელ ადამიანებზე, მათ საქმეებსა და საზრუნავზე და ამ ყველაფერს ნაწარმოების დედა ხაზს მიღმა როდი განიხილავს.
განა თავისუფალი შემეცნების გზაზე აღმართული დაბრკოლებები არაა ლეილისა და მაჯნუნის ტრაგედიის მიზეზი? განა სამყაროში თითოეული ნაწილაკის განსაკუთრებული როლის უგულებელყოფა არ არის ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზთა მიზეზი?
პოეტის აზრით, უმეცრობა, უვიცობა, გულგრილობა და თავისი პასუხისმგებლობის არცოდნა უწამლავს ადამიანს სიცოცხლეს და ხელს უშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და სწორად მოქმედებაში. ნიზამის აზრით, ადამიანი ამ დუნიას იმიტომ ეწვია, რომ სამყაროს არსი შეიმეცნოს. სხვა სიტყვებით, ნიზამი მოითხოვს ადამიანი სულ მუდამ ფხიზლად იყოს, გააცნობიეროს მისი, როგორც ადამიანის როლი და მოვალეობა, შეიცნოს ცისა და დედამიწის საიდუმლოებანი; გაისიგრძეგანოს ჭეშმარიტება და მიაგნოს პასუხს: რატომ მოვიდა სამყაროში? რა არის მისი როლი აქ და ამ წუთში?
ის, რაც მაჯნუნსა და ლეილის, აგრეთვე, მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს სიყვარულისა და სიხარულის შანსს ართმევს, ის, რაც იმედს საბოლოოდ უწურავს, სწორედ ეს გარემო და ამ გარემოს შემოქმედი ხალხია:
მაგ შმაგის მამას უსმინა
მამამან ტანად ძეწნისამ,
ბოლოს მიუგო: – ფუჭად გაქვს
იმედი ასე ხვეწნისა.
მარტო წადილი რას გვიზამს,
ჩვენ თუნდაც ბევრიც ვეცადოთ.
ზეცის ნებაა, ჩვენ ვბჭობთ და
ღმერთს ეცინება ზეცადო....
... მოდი, ამაზე გავჩუმდეთ!
თქვა და გაჩუმდა ამაზე.
ვაჟიანთ ეს რომ ისმინეს,
გული მახვილით აექნათ.
შინ უნდა მოქცეულიყვნენ
(არა და, აბა რა ექნათ!).
გამოიბარეს მაჯნუნი,
საქმის სიძნელე აუხსნეს.
იმათ ეგონათ, მოძღვრავდნენ,
კოცონზე ნავთი დაუსხეს...
ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანთა გულები სავსეა სევდითა და მჭმუნვარებით. ამ შემთხვევაში უუფლებობა და უუნარობაც თავის როლს თამაშობს. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ სტრიქონებზე, სადაც მაჯნუნი მამას პასუხობს:
მაგრამ ისმინა თუ არა
მაჯნუნმა მათი დამოძღვრა,
ისე გახელდა, კინაღამ
მთავარი სული ამოძვრა.
ბრჭყალი გაისვა პერანგზე
და კალთა ძონძებს უდარა
(გინახავთ სადმე, მკვდარს თვითონ
შემოეძარცვოს სუდარა?!).
ვინც დათმო ესე ქვეყანა
და დაგმო მიღმა მხარეცა,
იგი რას აქნევს, სუდარა
ეცვა ტანზე თუ არ ეცვა!
მაჯნუნი, რომელიც ნოფალის მარცხით დამთავრებული მცდელობის შემდეგ კვლავ ველად გაიჭრება, ათავისუფლებს რა მონადირეების მიერ დაგებულ მახეში გაბმულ ირემსა და ქურციკს, მათ გულის ხვაშიადს უმხელს:
სიყვარულისგან ყაისი
ასე გაშმაგდა თუ არა,
წამების ჩარხზე გაეკრა
და ვნების კოცონს უარა.
ვერ დაჯდა (რა დააჯენდა
ლეილის გადამკიდე კაცს!)
წანწალი იწყო, გადასცდა
ქვეყნის განსაც და კიდესაც.
ნიზამი თავისი მშვენიერი ხელოვნების თვალწარმტაცი ფერებით გვიჩვენებს თუ რამდენად ძლიერია მაჯნუნის ტრფიალი, რამდენად თავდაუზოგავი და თავისუფალია იგი. მეტიც, მას ვერ აკავებს გონის მიერ დაწესებული დაბრკოლებები!
შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ მკაცრ გარემოში ქალთა თვითშეგნების გამოღვიძება, მათ მიერ ადამიანურობის გაცნობიერება და მათი ტრაგედია ოსტატურადაა ასახული ლეილის ერთობ მიმზიდველ ხატში - ლეილი, რომელსაც მაჯნუნივით უყვარს, მასავით იწვის ტრფიალის ალში, მაჯნუნისავე განსახიერებაა სუსტი სქესის სამოსელში. ლეილის ტრაგედიაც ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ მოძველებულ ტრადიციებს არ სურს ადგილი ნებაყოფლობით დაუთმოს ახალს. ეს გახლავთ ძველის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამოვლენა ახლის მიმართ.
ლეილის ტრაგედია ბუნებრივი იყო იმ პერიოდში, როდესაც შუასაუკუნეების ფეოდალის აბსოლუტური ძალაუფლება ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მაგრამ რყევას იწყებდა და გარკვეული ბზარები ჩნდებოდა. დროება ჯერ კიდევ არ აღიარებდა ქალის ადამიანურ უფლებებს, გრძნობა-განცდებსა და სულიერ თავისუფლებას -მას ამის გაგონებაც კი არ სურდა: ჯერ კიდევ ისე განიხილავდა მას, როგორც ნივთს, ბაზარში გაჰყავდა, ფასს ადებდა და ვინც მეტ ოქროს გადაუხდიდა, მას უთმობდა!
დროების მიერ დაწესებული წესი ისეთი იყო, რომ ქალს არ ჰქონდა აზროვნების, გრძნობის გამოვლენის, სიყვარულისა და არჩევანის უფლება. თუ იგი დამოუკიდებელი აზროვნების უნარს გამოავლენდა, ამისთვისაც დაისჯებოდა. დაუშვებელი იყო სურვილის ასრულება, თუ იგი საყოველთაოდ დადგენილ ქცევის წესებს არ შეესაბამებოდა. ამ დროს ლეილი გარეგნულად ემორჩილებოდა საყოველთაო მოთხოვნებს, სინამდვილეში კი მედიდური დუმილით უპირისპირდებოდა მას, ბნელ ეპოქაში მზესავით კაშკაშებდა და ზოგადსაკაცობრიო იდეების ჩირაღდანივით ენთო. იგი ცდილობდა ყველასთვის დაემალა თავისი გულნადები, მაგრამ საკუთარ თავს ვერ დაუმალავდა და ვერც ჩაახშობდა ემოციებსა და გულში აბობოქრებულ ძლიერი ქარიშხალს. თუმცა, ეს თავადაც არ სურდა.
ლეილის არ სურდა დამსგავსებოდა სხვა ქალებს, რომლებიც ურიგდებოდნენ საკუთარ ხვედრს. გარეგნულად იგი ამას არ იმჩნევდა, სინამდვილეში კი იგი განირჩეოდა სხვა ქალებისგან. თუ მაჯნუნი არსებული სინამდვილის შეურიგებლობას იმით ავლენს, რომ ველად გაიჭრება, ცხოველებს შორის ცხოვრობს და მაჯნუნობასაც კი არ ერიდება, ლეილი ამას იმით პასუხობს, რომ იბნ სალამს ნამდვილ მეუღლედ არ უჯდება და ბოლომდე თავისი სიყვარულის ერთგული რჩება, რითაც ურყევ პოზიციასა და საკუთარ თავს ავლენს.
პოემის პირველი გვერდებიდან გარდაცვალებამდე ლეილის ენატრება მაჯნუნი, სურს მისი ნახვა და მისი ლექსების მოსმენა. ის ფაქტი, რომ იგი ხშირად ბანზე დგას და გზებს გაჰყურებს, ღამღამობით მალულად ოხრავს, სანთელივით დნება, მწარედ მოთქვამს და უკვამლო კვარივით იწვის, მისი ტრფიალის სიძლიერეზე მეტყველებს. მაჯნუნთან ერთად ლეილის სახელიც პირზე აკერია ხალხს, მაგალითად, ბაზრი დან მომავალი ბავშვებიც კი ლეილის და მაჯნუნის სატრფიალო ღაზელბს კითხულობენ და ერთმანეთს უზიარებენ მათ მიერ შეთხზულ ლექსებს. ლეილი არც ლექსების წერაში და ცეცხლოვანი და გულწრფელი გრძნობების გამოხატვაში ჩამორჩება მაჯნუნს. იგი სიკვდილამდე წამითაც არ ივიწყებს გულისსწორს.
გაზაფხულობით ქალწულებთან ერთად სასეირნოდ გამოსული ლეილი განმარტოვდება და მაჯნუნის გამო ცხარე ცრემლებს ღვრის. ლეილი მაჯნუნივით დაუფარავად არ ამჟღავნებს თავის ხვაშიადს. მართალია, იგი ზოგჯერ მაჯნუნზე უფრო მეტ მაჯნუნს უწოდებს საკუთარ თავს, თუმცა, ამავე დროს აცნობიერებს და აღიარებს, რომ ქალია. ლეილი ახერხებს ტკივილი გულში ჩაიკლას, გარეგნულად კი ისე იქცევა, როგორც სხვა ქალები. მაჯნუნი არ მალავს გულნადებს - როცა მას სხვა გოგონაზე დაქორწინებას შესთავაზებენ, იგი განრისხდება და გულმოსული ზურგს აქცევს ამის მთქმელს. მაგრამ ლეილი ასე არაა. ის იმდენად მშვიდად და გონივრულად იქცევა, როცა მშობლები იბნ სალამზე გათხოვებას დაუპირებენ, მათ წინააღმდეგობას არ უწევს და არ ეუბნება, რომ სხვა უყვარს. სიმდიდრის გამო ლეილის უამრავი ხელისმთხოვნელი ჰყავს.
ნიზამი მათ, ვინც ლეილის ამ გზით შერთვას ცდილობს, აუგად მოიხსენიებს. იბნს სალამიც ერთ-ერთი მათთაგანია.
ლეილი იმიტომ არ ეწინააღმდეგება იბნ სალამზე გათხოვებას, რომ იცის, ქალური ღირსება და პატივი უნდა დაიცვას. შუა საუკუნეებში ქალთა მიმართ დამოკიდებულება იმდენად სერიოზული, მკაცრი და იმდენად მძიმე იყო, რომ ლეილის ერთადერთი გზა -დარჩენილიყო მაჯნუნის ღირს ქალად -სწორედ მოჩვენებითი მორჩილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლეილი თავს მაჯნუნზე უფრო შმაგად მიიჩნევს, დროის მოთხოვნათა შესაბამისად, მას, როგორც ქალს, ფრთები აქვს შეკვეცილი:
გოგოსაც ყმაწვილისაკენ,
უნდა ვთქვათ, თვალი გაექცა.
გული გაეცა, სწორია,
გულისთქმა ჯერ არ გაეცა.
ასე ამბობენ, ყოველ დღეს,
ყოველ ცისმარე ალიონს
კუშტად ხვდებოდა ლეილი,
ენისლებოდა თვალიო.
თურინჯის ფერი ქალწული,
ვაჟს რომ ნახავდა იჩქითად,
ხელთ ბასრი დანა რომ ეპყრა,
იმით ხელისგულს იჭრიდა.
ამ მონაკვეთში ნათლადაა აღწერილი ლეილის სიყვარულიც და ტრაგედიაც. იყო ქალი, გეშინოდეს, ურთხილდებოდე უმწიკვლო სახელს, ვერავისთან ამჟღავნებდე გულის ხვაშიადს, -აი ეს გახლავთ ის დაბრკოლებები, რის გამოც ლეილი ფეხს ვერ უწყობს მაჯნუნს. ზოგჯერ, ლეილი ფიქრობს კიდეც ამ დაბრკოლებათა გადალახვასა და უხილავი ჯაჭვის გაწყვეტაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ფიქრსა და განსჯაზე იქით ვერ მიდის. მამისა და ქმრის შიში არ აძლევს მას ფრთების გაშლის საშუალებას:
...როცა ლეილი მის მაჯნუნს
ასე უწყალოდ მოკვეთეს,
თვალთაგან მარგალიტები
აფრქვია მტერს და მოკეთეს.
...რადგან მეგობარს მოსწყვიტეს,
დაიმეგობრა ნაღველი.
სატრფო შორს ჰყავდა, გაეყო
ვარამი გულის მდაღველი.
ლეილი თითქოს ეგუება საკუთარ ხვედრს, თუმცა, სინამდვილეში, ბედს არ ნებდება. ამ პოემაში ნიზამი განჯელმა თავისებური სურათ-ხატების, დიდი ოსტატობით აღწერილი და გაანალიზებული მოვლენებისა და იდეების საშუალებით შექმნა თავისი დროის ადამიანის მდიდარი სულიერი ხატი და აზრობრივი ველისა და სულიერი სამყაროს სურათი.
როგორც დიდი აზერბაიჯანელი პოეტი, თავად ამბობს: უმცირეს ნაწილაკსაც თავისი გარკვეული როლი აკისრია. ამ შედევრალურ ნაწარმოებშიც ყველაზე ეპიზოდური სურათიც კი მნიშვნელოვანია და ემსახურება პერსონაჟების უფრო სრულყოფილ წარმოჩენას და საერთო იდეის სულისკვეთებას. ვითარცა, ნიზამი განჯელის ყველა ნაწარმოები, ეს პოემაც ცხოვრებისეული სინამდვილით გამსჭვალულ იდეათა მდიდარი საგანძურია.
ხალილ იუსიფლი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი