„გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“ - აწმყოსა და მომავალზე ნაფიქრით პირამდე სავსე საგანძური

„გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში“ - აწმყოსა და მომავალზე ნაფიქრით პირამდე სავსე საგანძური

 

    

საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი, ისევე, როგორც მრავალსაუკუნოვანი წარსული, გადატვირთულია მოვლენათა დინამიურობით - ქვეყანამ ყველანაირი განსაცდელი იწვნია: - ომები (ძმათამკვლელი, სამამულო), ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის ვარდნა, ინფლაცია, შიმშილი, ღორის, ქათმის გრიპები, ფაროსანას შემოსევა, კორონა ვირუსის ახალი შტამის ეპიდემია და ამ უბედურებებს ზვარაკად შეწირული ათასობით ადამიანური მსხვერპლი... 

 

რა თქმა უნდა, იყო გამონათებებიც. წარმოდგენაც კი ძნელია იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისა, რომელიც ამ ოცდაათწლიან პერიოდს ახლდა - ზოგი წარმატებული იყო, უმეტესობა გაუაზრებლობის, მოუმზადებლობის, მართვის უუნარობის გამო ჩაფლავდა, ნაწილი აშკარად მავნებლური, იმთავითვე ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების საზიანო გამოდგა.

 

ამ ოცდაათმა წელმა განსაზღვრა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, განვითარების პერსპექტივა. მასში წარუშლელად აისახა დაშვებული შეცდომების კვალი და აქედან თავდაღწევის, სახელმწიფოებრივ მოქმედებათა დასახვის მთავარი ორიენტირიც წარსულის ლაბირინთებში უნდა ვეძებოთ.

 

აწმყო წარსულზე დგას, ხოლო მომავალი, წარსულისა და აწმყოს საძირკველზე იგება. ბალავარი მყარი რომ გამოდგეს, წარსულს არ უნდა მოსწყდე - გახსოვდეს დაშვებული შეცდომები და მომავლისკენ დაუნჯებით უნდა გაიხედო - ესაა განვითარების ანი და ბანი. ჩვენ წარსული გადავხაზეთ, აწმყოში მყარად ვერ ვდგავართ ფეხზე და მომავალსაც ამის გამო, ვერ ვხედავთ ფერადს!

 

რა გაკვეთილები მოგვცა განვლილმა ოცდაათმა წელმა, რა ვერ ავითვისეთ და როგორ გავიდეთ ფონს? - ეს კითხვები ყველას აწუხებს, ვისაც კი ქვეყნის ბედი ოდნავ მაინც ადარდებს.

 

აქამდე ბუმბერაზ მხრებზე ვიდექით, იმიტომაც გადავრჩით. ერის გამორჩეულ რაინდებს ედგათ მძიმე ტვირთწევის უღელი მუდამ და ისინი უხმოდ აკეთებდნენ საქვეყნო საქმეს. ყველა დროსა და ეპოქას ჰყავს ასეთი უჩინარი ბუმბერაზები. გარდასული ოცდაათი წელიც არ იყო გამონაკლისი - როცა მავანი მკერდში მჯიღს იცემდა, მგრძნებარე ტაშით ან უსარგებლო ყიყინით სხვას აბრუებდა, ისინი დღენიადაგ ქვეყნის, ერის საკეთილდღეოდ იღლწვოდნენ, თავდადებულ შრომაში ათენ-აღამებდნენ...

 

მათ რიგში გამორჩეული ადგილი უჭირავს ნოდარ ჭითანავას - მან საქვეყნო ტვირთი უხმაუროდ, უანგაროდ ზიდა და სახელიც ქარტეხილებს უმწიკლოდ გამოატარა. 

 

სულ ორიოდ დღის წინ გამოიცა ნოდარ ჭითანავას მორიგი წიგნი „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში - საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები“. ისე, როგორც მისი წინამორბედნი, ეს გამოცემაც ქართული ეკონომიკური ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია.

 

განმეორება რომ არ გამომივიდეს, ავტორის და ამ კონკრეტული გამოცემის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უკვე გამოვხატე რედაქტორის წინასიტყვაობაში, რომელსაც გთავაზობთ:

 

რედაქტორისგან

 

უკვე მეორედ გავბედე ნოდარ ჭითანავას წიგნის რედაქტორობა...

 

ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთის გაწევას იმდენად დიდი შემეცნებითი მომხიბვლელობა ახლდა თან, ჭაპანი ნებსით, უყოყვანოდ მოვირგე - საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სულ ცოტა, ბოლო ორმოცდაათწლიანი მატიანე, - ფორმაციული ცვლილების მზადების, ტრანსფორმაციული პროცესებისა და შემდგომ საბედისწეროდ განვითარებული მოვლენების ლაბირინთები მისი ყველაზე უკეთ მცოდნე, გამოცდილებით ტოლუპოვარ, გულთმისან მეგზურთან ერთად უნდა გამევლო. დავთანხმდი იმადაც, რომ ამ ურთულეს უღელტეხილზე (დამოუკიდებლობის დეკლარირების წინარე და შემდგომ 30 წლიან მონაკვეთზე) საზოგადოებაში (სპეციალურ ლიტერატურასა თუ სხვა საინფორმაციო წყაროებში) წინააღმდეგობრივი, არაობიექტური, გარედან თავსმოხვეული ილუზიური სულისკვეთებით შეფუთული შეხედულებები არსებობს. თავადაც მსურდა რეალობაში გარკვევა, ყველაზე მეტად კი, მინდოდა თანამედროვეებს, დაიტერესებულ პირებს, მომავალ თაობას ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე უტყუარი ქრონიკა დარჩენოდა - 1991-2021 წლების საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნები, ფაქტობრივი მდგომარეობის განმაპირობებელი ობიექტური მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, დროსა და სივრცეში გეოსტრატეგიული, მატერიალური თუ ინტელექტუალური რესურსების მიმართ დამოკიდებულების ასეთი პირუთვნელი შეფასება, დღევანდელობიდან დანახული მომავლის კონტურები ასე ჯერ არცერთ მკვლევარს არ წარმოუდგენია. 

 

აწუკვე თქვენამდე მოღწეული წიგნის გამოცემის იდეის ჩანასახი ჯერ კიდევ შარშან გაჩნდა, როცა კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებითა და გლობალური პანდემიის გამოცხადებით გამოკვეთულ, გარდაუვალ, მრავალსახა კრიზისზე ბატონ ნოდარის ჟურნალისთვის ვთხოვეთ შეფასებების გაკეთება. ქართველ მეცნიერთა შორის, იგი პირველი გამოეხმაურა მასშტაბურობით, საუკუნის დასაწყისის ამ უდიდეს დამანგრეველ მოვლენას და განსახორციელებელ პრევენციულ, ანტიკრიზისულ, აგრეთვე პოსტპანდემიური პერიოდის ღონისძიებებზეც კი, მაშინ - პანდემიის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში, მეტად საინტერესო, ფართო დიპაზონის მოსაზრებები შემოგვთავაზა. მეცნიერის მიერ ფაქტობრივი გარემოებების განხილვით მოცული საკითხთა წრე, ეპიდემიით გამოწვეული სოციალური, ეკონომიკური თუ მსოფმხედველობრივი პრობლემების ჩარჩოებს იმთავითვე შორს გასცდა. პირველსავე წერილში გაცხადებული მსოფლიოსთვის ახალი განსაცდელის წარმოსახვის მისეული „ათი თეზა“, რომელშიც მძვინვარე ვირუსის ეპიდემიის გავრცელების შედეგებზე დაკვირვებით შენიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესებია ასახული, საჟურნალოზე ბევრად მეტ საყურადღებო, საკაცობრიო და საქრესტომათიო აზრებს მოიცავს. მათ შორის, ფუნდამენტურია: „გლობალურ გამოწვევებთან თავსებადობის იმუნიტეტის გამომუშავებისა და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე“ მინიშნება. განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ გამოცდილებაზე დაფუძნებული და ლაკონურად ჩამოყალიბებული ყველა დროის ეს მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად აქტუალურია. 

 

ერთ-ერთ თეზაში მკაფიოდ ითქვა, რომ „დღეს პოლიტიკურ სიმწიფეზე გამოცდას აბარებს ნაციონალური სახელმწიფო, ეფექტიანობაზე - ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, სამოქალაქო თვითშეგნებაზე - საზოგადოება. განვლილმა დრომ დაადასტურა, ეს სწორედ რომ გამოცდაა, - ურთულესი, უმძიმესი, უსასტიკესი შერკინება გლობალურ გამოწვევებთან. ამ ორთაბრძოლას მსოფლიო, ფაქტობრივად, მოუმზადებელი შეხვდა - ადამიანი ფარის გარეშე, უიარაღოდ აღმოჩნდა ხახადაღებული ურჩხულის წინაშე.

 

შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მოსაზრების ჩამოყალიბებისას, ბატონმა ნოდარმა მრავლისმეტყველურად შენიშნა, რომ „ყველაფერს კორონა ვირუსს ნუ დავაბრალებთ, ეკონომიკური კრიზისის ფესვები უფრო შორიდან მოდის“. ადვილი მისახვედრი იყო, რომ სათავე საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდგომ, გაუაზრებელი სისტემური გარდაქმნების წიაღიდან იწვერებოდა და მსჯელობისას მათ გვერდს ვერ ავუვლიდით.

 

დიალოგის სახით შედგენილი წერილების სერია, რომელიც მაშინ გამოქვეყნდა „საერთო გაზეთში“, საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „ივერიონსა“ და საინფორმაციო სააგენტო „ეკონიუსში“, აგრეთვე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „ბიზნესი და კანონმდებლობა“ და საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში ,,მოამბე“, საზოგადოებამ დიდი ინტერესით მიიღო. მოსაზრებების დიდი ნაწილი გაიზიარა მკითხველთა ფართო წრემ. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ფრაგმენტი - იმთავითვე ჩანდა, რომ კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული პრობლემები ეროვნული ეკონომიკის 30 წლიან ტრანსფორმაციულ პროცესებთან, გლობალიზაციის გამოვლინებებთან, ეკონომიკურ ინტეგრაციასთან კავშირში იყო და თეზისურ მინიშნებებში ჩაკირული მოსაზრებები ლოგიკურ განვითარებას, უფრო ვრცლად, საფუძვლიანად წარმოდგენას საჭიროებდა. 

 

გლობალიზაციით ნასაზრდოები და კატაკლიზმებით განვითარებული ტრანსფორმაციის პირმშო საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა, საფუძვლიანად შეარყია. ადამიანების სიცოცხლის ხელყოფასთან ერთად, პანდემიამ სახელმწიფოებრივი განმგებლობის ყველა სფერო მოიცვა.

 

გამოჩენიდან დღემდე Covid-19-მა - ამ „უჩინარმა მკვლელმა“, უკვე 220 მილიონზე მეტი ადამიანი დაასნეულა, 4,6 მილიონი სიცოცხლე შეიწირა, ეკონომიკა კრიზისში გაახვია, მსოფლმხედველობრივი წარმოდგენები შეცვალა, განვითარების პერსპექტივა ბუნდოვანი გახადა...

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის გლობალურ პანდემიად გამოცხადებიდან უკვე წელზე მეტი მიიწურა... 

 

კორონავირუსის ეპიდემიურ გამოვლინებებთან თანაცხოვრების განვლილმა პერიოდმა უფრო გამოკვეთა, გაამწვავა და გააშიშვლა მმართველობით იერარქიაში მყარად ჩამჯდარი მეტასტაზები, თვალსმიფარებული, მიჩუმათებული ყველა რისკი, ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალური და ლოკალური მწვავე პრობლემები, რაზეც თურმე „ნეტარებით ლივლივებდა“ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, სოციალურ-ეკონომიკური სისტემა და კაცობრიობა. 

 

ფაქტობრივად, დადასტურდა ბატონი ნოდარის „ათ თეზაში“ ასახული ყველა მინიშნების მართებულობა და ახალ მოცემულობაში, როცა რეალობა „ნამდვილ ფერებში“ უკვე სახეზეა, მასთან დიალოგის გაგრძელების შინაგანი მოთხოვნილება მოუთმენლად ამეკვიატა... ჩემს გარდა, მკითხველსაც უთუოდ დააინტერესებს: სახელმწიფომ, საზოგადოებამ, სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ როგორ გაართვა თავი მოულოდნელ განსაცდელს, დღევანდელი თვალსაწიერიდან, როგორ შეიძლება შევაფასოთ მრავალკომპონენტიანი „საგამოცდო პროცესი“ და რა შედეგებს უნდა ველოდოთ?

 

რა თქმა უნდა, ბატონი ნოდარი დამთანხმდა... მაგრამ პირველივე „აკორდიდან“ უკვე ჩანდა, რომ ამჯერზე დიალოგი საჟურნალო და თეზისურ ჩარჩოში ვერ ჩაეტეოდა... 

 

კორონავირუსის აალების გამო, შარშანდელი და ერთი წლის თავზე შედეგების შესაფასებლად დროგამოშვებით შემდგარი რამდენიმესაათიანი საუბრების ვრცელმა ჩანაწერებმა, თემატურად დალაგებისა და მცირეოდენი რედაქციული ჩარევის შემდეგ, უკვე ცალკე წიგნად გამოსაცემი სახე მიიღო - დამნაშავედაც კი ჩავთვლიდი თავს, ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე ნაფიქრით პირამდე სავსე ეს საგანძური საქაღალდეში გამოგვემწყვდია და თქვენამდე არ მოსულიყო.

 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიალოგის სახით წარმოდგენილი ეს ფორმატი სრულიად ახალია ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში. თავისი დატვირთვით, სტრუქტურით, მოცულობით და რაც მთავარია, გადმოცემული, უდაოდ, დახვეწილი, ღრმადნაფიქრ წიაღში გამოტარებული მოსაზრებებით, იგი მაღალი ღირებულების მეცნიერული, ეპოქალური ნაშრომია, - მასში ასახულია მიუკერძოებელი ინფორმაცია ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან განვლილ პერიოდში მიმდინარე პროცესების, სოციალური და პოლიტიკურ-ეკონომიკური გარდაქმნების შესახებ; მათი ობიექტური შეფასებების ფონზე, ნაჩვენებია თავისებურებები, ტენდენციები და კანონზომიერებებიც, რომლებიც საბაზრო პრინციპებზე გარდამავალ პერიოდში დაფიქსირდა; ახსნილია რეფორმების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზები (გარე და შიდა ფაქტორები), პოლიტიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციულ-მმართველობითი ხასიათის შეცდომები; ახალი რაკუსით არის წარმოდგენილი ქვეყნის რესურსული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების მიმართულებები; საყურადღებოა აქ წარმოდგენილი ხედვები გლობალიზაციისა და გეოეკონომიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის როლის შესახებ, აგრეთვე არგუმენტირებული დასკვნები სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების, საბაზრო სისტემაში პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის (მართვის), სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხასიათის (ფორმის), მიწის რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში სახელმწიფო პროტექციონიზმის ოპტიმალურად გამოყენების, ეროვნული ეკონომიკის (აგროსამრეწველო კომპლექსის) ცენტრალური რგოლის - სასოფლო-სამეურნეო წარმოების ექსკლუზიური როლის შესახებ და სხვ.

 

დიალოგის ფორმატმა შექმნა ახალი იდეების, პრობლემების, ბუნებრივ-ბიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური კანონების ურთიერთქმედების თითქოს უხილავ პროცესებზე წერტილოვანი აქცენტირების შესაძლებლობა და ავტორმაც მარტივად, სხარტად, მკაფიოდ გამოკვეთა გარედან თავსმოხვეული იდეოლოგიური ექსპანსიის, გამოუცდელობის, მართვის ანბანის უცოდინარობის, შიგნიდან დაშვებული უხეში შეცდომების გამო დასახიჩრებული ეროვნული ეკონომიკის რეალური სურათი, აგრეთვე ჯერ კიდევ სასწაულებრივად გადარჩენილი მატერიალური და ადამიანური პოტენციალის გონივრულად წარმართვის პერსპექტივა.

 

დაკვირვებულ მკითხველს წიგნი ხელს შეუწყობს ობიექტურად აღიქვას ეროვნული ეკონომიკის სიღრმისეული პროცესები, გააცნობიეროს როგორც ხილული, ასევე უხილავი პრობლემები და ნათლად წარმოიდგინოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა.

 

                                                                                               იური პაპასქუა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: