Iverioni
«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ოქტომბერი 2021 (2)
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
5-10-2021, 15:15
ნანახია: 284

ზაურ ნაჭყებია: ორი დილემა!

 

მიშა „თავდადებულის“ საქართველოში შემოპარვამ, რომელსაც მიზანმიმართული ავანტიურის ბეჭედი აზის, არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე - თუ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მობრუნების შიშით გაცილებით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი და  საკრალური 43 პროცენტიანი ბარიერიც გადაალახვინა, „ნაციონალების“ ყულაბაშიც მეტი ხმა ჩაჩხრიალდა - ერთი სიტყვით, „თავგანწირული“ და დატუსაღებული მიშას ფაქტორმა კარგად იმუშავა.

 

ეს განსაკუთრებით გამოჩნდა საქართველოს მსხვილ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი), სადაც მერის არჩევნებში მეორე ტურის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. რაც არ უნდა გვიკვირდეს, „ნაციონალებმა“ ისეთ ქალაქებში მოიპოვეს უპირატესობა, რისი თეორიული წარმოდგენაც არ შეიძლებოდა.

 

რა მოხდება მეორე ტურში: არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილს „ნაცები“ დაეპატრონებიან და ამით ადგილობრივი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევენ?!

 

რა თქმა უნდა, არსებობს! თუ „ოცნებამ“ გახარია ვერ დაითანხმა ან ნაცად ხერხს არ მიმართა და „ნაციონალებით“ დაშინებულთა მობილიზება ვერ მოახერხა.

 

 

მაზაკვალი“ და „მოღალატე“ - მაშველი რგოლი ორივე მონსტრისთვის!

 

„ოცნების“ მხრიდან გიორგი გახარიას გარშემო ატეხილმა წინასაარჩევნო ისტერიამ დაადასტურა, რომ იგი სწორად მოიქცა, როცა კრიტიკულ მომენტში დემონსტრაციულად დატოვა პრემიერ-მინისტრის სავარძელი. აშკარად გაცხადდა: ყოფილი თანაგუნდელები ვერ იტანდნენ მას და მომენტს ეძებდნენ, სარმა გამოედოთ, რომ, როგორც პოლიტიკოსი, საბოლოოდ დაემარხათ!

 

მე ადრე დავწერე და ახლაც ვიმეორებ: მისი გადაწყვეტილება კრიტიკულ მომენტში სახელმწიფოს პირველი პირისთვის შეუფერებელი საქციელი იყო - ფაქტიურად, ბრძოლის ველიდან გაქცევის ტოლფასი, მაგრამ, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საკუთარი თანაგუნდელებისგან მისთვის ხაფანგი მომზადებული ყოფილა და არ იყო გამორიცხული, თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში, გახარიაზე შურისძიებით სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივსულიყავით!

 

თუმცა, მე ისევ იგივე აზრზე ვარ: წასვლისას კარი მაინც უნდა გამოეჯახუნებინა!..

 

* * *

თუ ობიექტურად შევაფასებთ, ოთხი თვის წინ დაფუძნებული პარტიისთვის (იგულისხმება პარტია „საქართველოსთვის“) გახარიას შედეგები შთამბეჭდავია, მითუმეტეს, ყოფილი თანაგუნდელებისგან „მაზაკვალისა“ და „მოღალატის“ იარლიყის მიწებების ფონზე.

 

რაც არ უნდა პრეტენზიები ჰქონდეთ მის ყოფილ თანაგუნდელებს ექსპრემიერის მიმართ, უდავოა, რომ მეორე ტურში მისი მხარდაჭერა ორივე მხარეს ჰაერივით სჭირდება - თუ გახარია „ნაციონალებს“ დაუჭერს მხარს, შესაძლოა „ოცნებამ“ სტრატეგიული ქალაქები დაკარგოს, რაც რეგიონებში მუდმივი ქაოსის, საბოლოოდ კი პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა გახდება. სწორედ ეს კრიზისი მიგვიყვანს ე.წ. ვადამდელ არჩევნებამდე, სადაც „ნაციონალების“ შანსი გაცილებით მეტი იქნება.

 

გუშინ, სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე გახარიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს ერთპარტიული მმართველობის არსებობას ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ მისი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს!

 

სხვა რა კოზირი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ რეგიონებშიც შეინარჩუნოს პირველობა?

 

არის ეს კოზირი, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში იყენებდა და იყენებს: „თუ მე არ დამიჭერთ მხარს, „ნაციონალების„ სახით ფაშისტური რეჟიმი დაბრუნდება ხელისუფლებაში და მერე საკუთარ თავს დააბრალეთო“!

 

ანუ, ისევ ხალხის „ბუათი“ დაშინება, რომელიც ორივე პოლიტიკურ მონსტრს კვებავს და სტატუს-კვოს შენარჩუნებაში ეხმარება!

 

 

რა უნდა ქნას, ხალხმა?!

 

საზოგადოების მზრიდან „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობა, ერთი შეხედვით, ხარაკირის ტოლფასი იქნება. თუმცა, ასე გაგრძელებაც რომ არ შეიძლება, ფაქტია.

 

ჩვენ რამდენი წელია „ქოც-ნაცური“ ბალ-მასკარადის არა მარტო პასიური მაყურებელი, არამედ, ხელშემწყობიც გავხდით - ივანიშვილისეულმა „შუა გაკრეფის“ პოლიტიკამ თავისი ქნა და ორპოლუსიანი სისტემა ჩამოაყალიბა, სადაც სხვა პოლიტიკური ძალები მხოლოდ ჭანჭიკის როლს ასრულებენ!

 

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ ორი პოლიტიკური მონსტრის ფორმალურ ძიძგილაობას საქართველოს მომავალი ეწირება, მაგრამ, არაფერს აკეთებს ალტერნატიული პოლიტიკური სუბიექტის შესაქმნელად. წინა რეჟიმის შიშით, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ მოვალეობად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას მიიჩნევს, რაც ავტომატურად „ნაციონალების“  ხელისუფლებაში არდაბრუნებას ნიშნავს!

 

ე.წ. „შუაშისტები“, რომლებსაც არც „ნაცები“ უნდათ და არც „ქოცები“, გულხელდაკრეფილნი არიან და ზეციურ წყალობას ელოდებიან - არადა, მათ იციან, რომ თუ გამოსაშვებ სისხლს დროულად არ გამოუშვებენ და ყველაფერს საკუთარ სახელს არ დაარქმევენ, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი არ იქნება!

 

აქედან გამომდინარე, რა უნდა ქნას იმ ამომრჩეველმა, რომელსაც 2 ოქტომბერს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია?!

 

რაც არ უნდა მწარედ ნათქვამად მოგეჩვენოთ, თუ გვინდა გარდატეხა შევიტანოთ არსებულ პოლიტიკურ ვაკხანალიაში, თვითდინებაზე უნდა მივუშვათ პროცესები, თუნდაც ამან ადგილებზე „ნაციონალების“ აღზევებას შეუწყოს ხელი. ამის შემდეგ მაინც ვიგრძნოთ რეალურ საშიშროებას და ხელებსაც დავიკაპიწებთ.

 

დიახ, გამოსაშვები სისხლი თუ არ გამოვუშვით, იგი აუცილებლად დალპება ჩვენთან ერთად და ქვეყანასაც გადავიყოლებთ!

 

უდაოა, რომ მსხვილი ქალაქების „ნაციონალების“ ხელში გადასვლის შემთხვევაში, აუცილებლად მივალთ პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელსაც მომზადებულნი უნდა შევხვდეთ - „შუაშისტების“ ძალისხმევით უნდა შეიქმნას მძლავრი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ხელოვნურად დაპირისპირებულ ორივე მონსტრს ბეჭებზე დადებს. მითუმეტეს, ახალი მობილური ძალის გამოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივ ერთობას ბევრი დღემდე მერყევიც შემოუერთდება.

 

ოღონდ, ხალხის წიაღიდან სპონტანურად აღმოცენებული პოლიტიკური წარმონაქმნი რუსეთიდან, ან ევრო-ამერიკიდან არ უნდა დაფინანსდეს. თუ ეს დავუშვით, მორიგ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ მივიღებთ (ივანიშვილის ფულიც არ არის ქართული ფული!), რომელიც არსებულ პოლიტიკურ სისტემას ადვილად შეერწყმება.

 

დასკვნის სახით კი ვიტყვი: ადამიანი კისერს რომ წაიტეხს, მის მოშუშებაზე ფიქრობს. ჩვენ რამდენჯერმე წავიტეხეთ კისერი, მაგრამ არც „მალამო“ გვიძებნია და არც „ექიმი“, ივანიშვილი კი „ექიმის“ როლს დიდხანს ვერ შეასრულებს!

 

P.S.  სააკაშვილი მუდმივი თავის ტკივილი იქნება საქართველოსთვის. იგი გაცილებით საშიშია აქ, ვიდრე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაგვაიმედა, რომ არ შეიწყალებს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ განაცხადა: 6 წელს დავასვენებთო. უკრაინის პრეზიდეტი ზელენსკი კი საკუთარი მოქალაქის ექსტრადირებას ითხოვს. ისე, მართლაც ხომ არ სჯობს, ავდგეთ და გადავცეთ - მშვიდობაში მოახმაროს!

 

P.S.S. თუ ობიექტური ვიქნებით, დღეს ასევე საშიშია ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში - ისიც უნდა ჩამოშორდეს ფორმალურ მმართველობას, თუ გვინდა „შუა გაკრეფის“ პოლიტიკა ბოლომდე განეიტრალდეს!

 

აქსიომაა: „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარეშე ისეთივე ბუტაფორიაა, როგორც „ქართული ოცნება“ ივანიშვილის გარეშე.