Iverioni
«    ნოემბერი 2021    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ნოემბერი 2021 (3)
ოქტომბერი 2021 (3)
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
17-11-2021, 11:28
ნანახია: 377

მისია, რომელიც მიზანზე მეტია...

„ივერიონმა“ გამოსცა პროფესორ ზურაბ ხონელიძის ფრიად ორიგინალური კრებული „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

 

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ეს სამაგიდო წიგნია, არა მარტო პოლიტოლოგებისა და დიპლომატიური წრეებისთვის, არამედ, ზოგადად, პოლიტიკით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვისაც.  

 

წიგნში გაცემულია პასუხი კითხვებზე: რა გზა გავიარეთ, როგორ გავიარეთ, საით მივდივართ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფო.

 

გთავაზობთ პროფესორ იური პაპასქუას რეცენზიას აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით. 

 

 

კონფლიქტები ისტორიას უთვალავი ახსოვს. თავის მხრივ, ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულია და მათი სახეებიც ბევრია, - პოლიტიკური, სოციალური, ეთნიკური, საზოგადოებრივი, ინტერესთა, მსოფლმხედველობრივი, შეიარაღებული... 

 

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ომი ამ კონფლიქტების გადაჭრის ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე აგრესიული, უსასტიკესი, დანაშაულებრივი და დამანგრეველი ფორმაა. 

 

განსხვავებულია კონფლიქტების აალებისა და განვითარების ისტორიებიც, მათ საერთო ის აქვთ, რომ უგუნურობიდან, უკუნეთიდან იღებენ სათავეს. ტრაგიკულად მძიმე შედეგებიც, მცირე გამონაკლისის გარდა, მხოლოდ უგუნურობაში რჩება - მათ არავისთვის მოაქვთ სიკეთე, თვით გამარჯვებულებისთვისაც კი და სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივ განვითარებას ათწლეულობით აფერხებენ.

 

კაცობრიობის ისტორია, ფაქტობრივად, ომების ისტორიაა, აღურიცხავი ადამიანური მსხვერპლით, კატასტროფებით, მატერიალურ-ეკოლოგიური და მძაფრი ზნეობრივი ზიანით. 

 

კონფლიქტების ხილული თუ უხილავი არეალი, ცივილიზაციაზე გავლენა იმდენად დიადია, მათზე მუდმივი დაკვირვება და მეცნიერული შესწავლა გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე უწყვეტად მიმდინარეობს - ცნობიერმა საზოგადოებამ აკადემიური დარგიც კი - „კონფლიტოლოგია“ შექმნა და „კონფლიქტების მართვას“ დაედო სათავე. მაგრამ დაგროვილი ათასწლოვანი გამოცდილების მიუხედავად, კაცობრიობამ დაშვებული შეცდომებიდან გაკვეთილი ვერ მიიღო, - დაძაბულობის ახალი და ახალი წერტილები კვლავაც ჩნდება მსოფლიო რუკაზე; დაპირისპირების განრიდების უნივერსალური, ცალსახად შედეგიანი ხერხიც ვერ გამოძებნა; კონფლიქტების ლოკალური კერებიც კი გლობალური სატკივარი ხდება; მათი ჩაწყნარება ინდივიდუალურ მიდგომას, სახელმწიფოსგან  პროპორციულ ჩარევას და საზოგადოების მრავალმხრივ ძალისხმევას საჭიროებს. 

 

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაჭიანურებული თუ გაყინული კონფლიქტები მიძინებული ვულკანებივით თვლემენ, გარკვეული სიხშირით ამოინთხევიან და დაპირისპირების უკომპრომისო ცეცხლოვანი სილიკატური ლავა დინების მიმართულებით ყველაფერს პირწმინდად ანადგურებს. აქამდე ვერავინ შეძლო დამამშვიდებელი სიახლის შეტანა დაპირისპირებულ მხარეთა მორიგებით დასრულების მრავალწლიან მარათონში. გამონაკლისი არც საქართველოში დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდგომ ფორმაციული წყობის ტრანსფორმაციული პროცესების კვალდაკვალ აღმოცენებული აფხაზეთის, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფსევდო-ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი და ტერიტორიული მთლიანობის რღვევაა.

 

თითქმის 30-წლიანი უსისტემო და უკომპასო ცალკეული განცხადებისა და თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული „სამუშაო ჯგუფების“ შეხვედრების გარდა, რეალური ძალის მქონე წამოწყება, მით უფრო - ღონისძიება, ჯერ კიდევ არ ჩანს. საკუთარ ქვეყანაში ასეულობით ათასი დევნილისთვის გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქებას ქვეყნის ხელისუფლება და უფუნქციოდ გაფანტული ინსტიტუცია მინიმალურზე მეტად ვერ ახერხებს.

 

ასეთ მოცემულობაში, „ცისკრის ზარებივით“ მსოფლიოს ემცნო მშვიდობისყოფის იმედისმომცემი ახალი ფორმატი, - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოსცა პრაგმატულობით გაჯერებული ნაშრომი: „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.  საუკეთესო პოლიგრაფიული  შესრულებით გამოცემული ეს წიგნი მრავალმხრივაა საინტერესო, - ის ყურადღებას იპყრობს განხილული საკითხების აქტუალობით, მასშტაბით, მიზანდასახულობით, პრობლემის ორიგინალური გადაწყვეტის თეორიული და პრაქტიკული მიდგომებით, ფორმირებად გლობალურ სივრცეში უნივერსიტეტისა და დიპლომატიის სინერგიაზე დაფუძნებულ, აგრეთვე სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო სივრცედ ჩამოყალიბების იდეებზე აქცენტირებით. 

 

განსაკუთრებით საინტერესოა საერთო კავკასიური სოციო-კულტურული და პოლიტიკური სივრცის შესახებ თვალსაზრისი, ავტორის მისაზრებები თუ ცხადად დანახული პერსპექტივა, რომელზეც შესაძლოა აზრის გავრცობა, მისი სხვა რაკუსითაც წარმოდგენა, თუმცა ნებისმიერი შემფასებელი მას არსებითად ახალს ვერაფერს დაამატებს, - წიგნს სხვადასხვა ქვეყნის და დარგის, მაღალი რანგის 23 რეცენზენტი უკვე ჰყავს, მათ მიერ ამ გამოცემის ყველა ღირსება შენიშნულია, სარგებელი მრავალშრიან საცერშია გატარებული და ავტორის უმაღლესი კომპეტენტურობა აღმატებულ რანგშია აღიარებული. „მშვიდობის ქართულ პარადიგმაში“ წარმოდგენილ კონფლიქტების დარეგულირებისა და საყოველთაო მშვიდობის შენების ახლებურ ხედვას მხარს უჭერს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსიც.

 

ჩემი, როგორც რიგითი მკითხველის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრის წარმომადგენლის, გამოხმაურება ამ წიგნზე მოტივირებულია იმ მისიით, რაც მისმა ავტორმა ზურაბ ხონელიძემ დევნილობაში აღორძინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დააკისრა. ამიტომ აქ მხოლოდ შიგნიდან დანახულ ამ მისიის განსაკუთრებულობასა და მისი არსის ჩემეულ აღქმაზე შევჩერდები.

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისში 27-წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში, ასეთი ცნობადობა ამ უნივერსიტეტს არასდროს ჰქონია, - ბატონმა ზურაბ ხონელიძემ ის მსოფლიოს გააცნო, - თავისი მაღალი რანგის დიპლომატიური უნარებისა და პიროვნული ხიბლის მეოხებით, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და წარმომადგენლობების თითქმის ყველა პირველ პირს, აგრეთვე ცნობად სახეებს, ტიტულოვან მეცნიერებს, უცხოელ თუ ქართველ კოლეგებს გულღიად უმასპინძლა, მიზნებსა და ამოცანებზე მოუთხრო, დაიმეგობრა, საუნივერსიტეტო პრობლემების გადაწყვეტაში ჩართო, თანამოაზრედ გაიხადა; კოლეგებთან ერთად,  უცხოეთის სხვადასხვა პრესტიჟულ ფორუმებზეც გაიტანა უნივერსიტეტის გეგმები და მის მომავალზე მიიქცია ყურადღება; აგრეთვე, რაც მნიშვნელოვანია, გულშემატკივართა და მხარდამჭერთა წრიდან დამატებითი სახსრები მოიზიდა და მთლიანად განაახლა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მას თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულის იერ-სახე შესძინა; სწავლების თანამედროვე ფორმების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა შეძლო, სტუდენტებისა და აკადემიური წრისთვის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ხელმისაწვდომი გახადა. ამ მხრივ, ჩამონათვალი აქ არ მთავრდება - სხვაც ბევრია უნივერსიტეტს თანასწორთა შორის სანიმუშოდ რომ წარმოაჩენს; ჩაფიქრებული პროექტების პანდემიით შეფერხება რომ არა, უფრო შთამბეჭდავს გახდიდა სწორი გათვლებით მოპოვებულ წარმატებებს... მაგრამ მათ შორის, განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, ესკლუზიურია ის, რომ რეფორმატორმა რექტორმა შეძლო „უნივერსიტეტი სრულიად ახალი პროდუქტის შემქმნელ სივრცე-გარემოდ“ წარმოედგინა. 

 

სავსებით ლოგიკურია, რომ განათლება მსმენელისთვის არა მხოლოდ რომელიმე დარგის/საგნის შესახებ ცოდნის გაზიარებაა, არამედ მისი სრულყოფა, სამყაროს შეცნობა, ჯანსაღი თაობის აღზრდა, მისი მსოფლმხედველობის ფორმირება, კულტურულ-ეთნიკური იდენტობის გავრცელება, ბოროტებისგან კეთილის გამორჩევის და მაშასადამე, ადამიანურ ურთიერთობათა წრთობის, გამყარების, მშვიდობისყოფის მძლავრი კერაცაა, თუმცა ეს ბუნებრივი ფუნქცია, მსოფლმხედველობრივი შეუთავსებლობის გამო, საქართველოში რევოლუციურ ტალღაზე მოსულმა ხელისუფლებამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას პირწმინდად გამოაცალა, დარგობრივი კვლევითი ინსტიტუტების უმეტესობა გააუქმა, სამეცნიერო პოტენციალი - ეს უსაზღვროდ დიდი ძალა, შესაძლებლობა, უფუნქციოდ დატოვა, სწავლების ფორმებიც და აქედან გამომდინარე შედეგებიც დროის მოთხოვნებს კატასტროფულად ჩამორჩა.

 

ჩვენი ქვეყნის უკიდურესად რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის (ზოგადად, ყველა პრობლემის) მთავარი განმაპირობებელი სწორედ ცოდნის დეფიციტია. უცოდინარობა, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება ანგრევს ადამიანის ცნობიერებას. უცოდინარობიდან იღებს სათავეს ყველა წარუმატებელი გარდაქმნა, ჩამორჩენა, სოციალური უთანასწორობა, დაპირისპირება, სახელისუფლებო ორგანოების წარმოუდგენლად დაბალი კომპეტენტურობა, უმუშევრობა, ქუჩის აქციები, გამაყრუებელი ხმაური, კამათი არაფრის გამო, უზარმაზარი ენერგიის უაზრო ფანტვა და ათასი სხვა თავსმოხვეული გაუტანლობა.  

 

ამ შეუწყნარებელ მოცემულობაში, არსებული საგანმანათლებლო სისტემის ნეგატიური წვლილი  უდავოდ დიდია.

 

სამართლიანად და სავსებით სწორად შენიშნავს წინათქმაში ავტორი, რომ „საქართველოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის უპირველესი პრობლემის - კონფლიქტების გზა არის მშვიდობიანი და გადის ჰუმანიზმზე დაფუძნებულ საყოველთაო ღირებულებაზე: განათლებაზე, მის უმაღლეს მწვერვალზე - მეცნიერებაზე და საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ, მოტივირებულ და პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილზე - ახალგაზრდობაზე. ცხადია, სამივე კომპონენტი ერთად თავს იყრის და თანაარსებობს მხოლოდ თავისუფალ საუნივერსიტეტო სივრცეში“.

 

მართლაც, მდგომარეობის გამოსწორების რესურსი მხოლოდ განათლებაში, სამეცნიერო პოტენციალის სწორი გეზით წარმართვაშია. პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ პროცესებზე, კაცობრიობის უსაფრთხოებასა თუ მშვიდობისყოფაზე მეცნიერებას უდიდესი ზეგავლენა გააჩნია. ჩვენი მთავარი საზრუნავი, - მაშასადამე, კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის უმთავრესი წინაპირობა, აღმშენებლობაზე გადასვლა სწორედ მეცნიერებისთვის ფუნქციის დაბრუნება, სასწავლო პროცესის, სწავლების ხარისხის ამაღლება, დროის მითხოვნების გააზრება და განათლებისათვის ახალი სულისკვეთების შთაბერვაა. 

 

დიახ, გაუგებრობების, დაპირისპირებების განრიდების მშვიდობიანი გზა სრულფასოვანი, ყოვლისმომცველი, კაცთმოყვარეობაზე, შემწყნარებლობაზე, სიყვარულზე ორიენტირებული სწავლება, საყოველთაო განათლებაა.

 

აი, ეს არის ბატონ ზურაბ ხონელიძის ნაშრომის  მთავარი განაცხადი. 

 

განსხვავებული აზრი არც უნდა იყოს, რომ განათლებისადმი დამოკიდებულების შეცვლა დაუყოვნებლივაა დასაწყები და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას. ცხადია, მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ის, ვინც პირველი ჩაერთვება „საუკუნის მშენებლობის“ პროცესში და სხვებსაც აიყოლიებს. 

 

ავტორის გამჭრიახობა იმაშია, რომ მან გლობალური გამოწვევებიდან ორი უმთავრესი - დამანგრეველი და კატასტროფის ტოლფარდი (ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი) სახადი გამოარჩია, მათი ერთდროულად განრიდების პერსპექტივა გამოკვეთა და გეზიც დასახა. გამოცდილმა დიპლომატმა ცდისპირად, ჩანაფიქრის გადაწყვეტის სივრცედ ყველაზე მყიფე, მაგრამ თავისთავში ერთდროულად ორივე სენის მატარებელი - „ქართული სახელმწიფოს ბედის თანაზიარი“, უმეცრების მსხვერპლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოიაზრა. განათლებისადმი პრიორიტეტული დამოკიდებულების დეფიციტი, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქ განსაკუთრებულად იგრძნობოდა. 

 

მკრეხელობა იქნება იმის აღნიშვნა, რომ ქვეყანამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყურადღება საერთოდ არ მიაქცია, გვერდში არ დაუდგა და მზრუნველობა არ უწილადა. მაგრამ ფაქტია, რომ იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მოტივაციით, რომლითაც ის ზურაბ ხონელიძის რექტორად არჩევამდე იყო, თავის დანიშნულებას ფორმალურად ასრულებდა. 

 

მსოფლიოში სხვა ანალოგი, ალბათ, არც არის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დევნილობაში ეწეოდეს საქმიანობას, ფაქტობრივად, ნულიდან აღმოცენდეს და სრულიად ახალ გარემოში დამსახურებულად მოიპოვოს აღიარება.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი სტრუქტურაა, რომლის ლეგიტიმურობა ეჭვს არ იწვევს, ასოცირდება აფხაზეთის ტერიტორიულ ერთეულთან, გააჩნია კავშირურთიერთობა აფხაზეთის მოსახლეობასთან და საქმიანობას წარმართავს ძირითადად იმ პერსონალით, რომელიც იქაც ამ უნივერსიტეტში იყო დასაქმებული. 

 

სახელით, საქმიანობის მიმართულებით, აქ დავანებული საერთო განწყობით, ეს უნივერსიტეტი ყველას (სტუმარსაც და მასპინძელსაც) განუწყვეტლივ შეახსენებს აფხაზეთს, სანატრელ სოხუმს, ჩვენს ვალს და პასუხისმგებლობას მომავალი თაობების წინაშე. „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსხვავებული სტატუსი, ექსკლუზიური სოციალური მისია, არ ამოიწურება მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქციით, უპირატესობასთან ერთად, იგი არა მხოლოდ საკუთარ ბედზე, არამედ ქვეყნის ერთიანობაზე - სამშობლოზე ზრუნვის ისტორიული პასუხისმგებლობაა“. სწორედ სოხუმის უნივერსიტეტს ეკისრება ურთიერთობების აღდგენის ხიდის ფუნქცია. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში გაჩნდა „განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულება - საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა“, - მისია, რომელიც მიზანზე ბევრად მეტია! 

 

ყველაზე მიმზიდველი და წარმატების საწინდარი მაინც ისაა, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში გამოინახა „ახალი თავისუფალი „სივრცე“, სადაც სააზროვნო ველი და სამეტყველო ენა იქნება არა ანტაგონისტური, არამედ, აკადემიური და დიპლომატიური, მარად ცოცხალი და უნიკალური თავისებურებებით“.

 

იდეის მთავარი არსი უნივერსიტეტის ძირითად ფუნქციასთან დიპლომატიის ორგანულად შერწყმაა, მაგრამ ავტორის ამ არჩევანში ქვეყნისთვის მწვავე საკითხებზე, განათლების სისტემის ხარვეზებზე მინიშნება და შემოთავაზებულ ახალ ფორმატში ჯერ კიდევ გამოუყებებელი, აუმოქმედებელი, უნიკალური შესაძლებლობებიც უნდა შევნიშნოთ. არსს აცდენილი აღქმა რომ არ გამომივიდეს, ისევ  ბატონ ზურაბს დავესესხები, ის უფრო გასაგებად, არგუმენტირებულად ასე ხსნის მის თითქოსდა მარტივ, თუმცა მრავალსაუკუნოვანი ქართული გამოცდილების წიაღში მიკვლეული უნიკალური მიგნების საფუძვლიანობას: „ისტორიულ კონტექსტში, კონფლიქტების პარალელურად, არსებობდა და არსებობს უნივერსიტეტიც და დიპლომატიაც, რომლებიც ცალ-ცალკე დიქომეტრულად, მხოლოდ მეტ-ნაკლებად ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, თუმცა ვერ პასუხობენ დროის გამოწვევებს. მაგრამ სწორედ უნივერსიტეტსა და დიპლომატიას შორის, „ინტერდისციპლინური“ კავშირი აჩენს შესაძლებლობას, წარმოიქმნას ის ახალი თეორიულ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების ახალ ფუნდამენტურ პარადიგმას შემოგვთავაზებს, შეცვლის უნივერსიტეტის ფოკუსს თეორიული ცოდნიდან პრაქტიკული მომართულებისკენ. იგი - უნივერსიტეტი არა თუ შევა კონფლიქტში, ან შემოიტანს მას საუნივერსიტეტო სივრცეში, რაც მოახდენს მის ესკალაციას (როგორც ადრე), არამედ შემოიტანს მხოლოდ „თემას“, მისი შემდგომი განეიტრალების მიზნით. ამგვარი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კონფლიქტების პრობლემატიკა, მხარეთა დაპირისპირებიდან, გადავიყვანოთ თეორიულ-პრაქტიკულ დისკუსიაში და შევიმუშაოთ ის აუცილებელი მეთოდოლოგია, რომელიც ყველაზე ეფექტიანად პასუხობს კონფლიქტს და მოემსახურება მის დარეგულირებას“.  

 

არაპროგნოზირებად პოლიტიკურ და სხვა გლობალური გამოწვევების პირობებში, რთულია განჭვრიტო თუ რა პრაქტიკულ გადაწყვეტას მიიღებს „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. მაგრამ აქედანვე სარწმუნოა, რომ მას განხორციელების პერსპექტივა გააჩნია; „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ორიგინალური სინთეზი, უკვე მუშაობს; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს დაეფუძნა; რამდენიმე წლის წინათ განაპირა პოზიციის მქონე რიგით უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულებას - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუჩნდა შესაძლებლობა იქცეს კონფლიქტების კვლევის ცენტრად რეგიონში.

 

ყველა ნიშნის მიხედვით, გლობალური პროცესების გამოწვევების ფონზე, „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ მაღალი ფასეულობების, სტრატეგიული ხედვის და მასშტაბის კონცეპტუალური ნაშრომია, რომელიც ეპოქალური გარდაქმნების დაწყებისთვის მტკიცე საფუძველს ქმნის. მასში ჩაკირული აზრი სამშვიდობო ძალისხმევისა და განათლებისადმი დამოკიდებულების სრულიად ახალი სტანდარტის დამკვიდრების ნათელ პერსპექტივას აჩენს. 

 

იური პაპასქუა,

სსუ პროფესორი