Iverioni
«    იანვარი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
დეკემბერი 2021 (5)
ნოემბერი 2021 (5)
ოქტომბერი 2021 (3)
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
29-11-2021, 11:15
ნანახია: 285

იმერი ხრეველი - სიმონ ჯაფარიძე-80

„გვაქვს უთვალავი ფერითა“

 

იმერი ხრეველი - სიმონ ჯაფარიძე-80

 

 

 

„ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს?

ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი?!

სჯობს რომ არ გქონდეს სულაც სამშობლო,

ანდა არ იყოს ასე ლამაზი!“

                  ტიციან ტაბიძე

 

 

პოეტი, მთარგმნელი, ფერმწერი, ხელოვნებათმცოდნე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ქვეყნის მიწისქვეშეთის - მღვიმე-გამოქვაბულთა მკვლევარი, გამოჩენილ მთამსვლელ ჯაფარიძეთა შთამომავალი იმერი ხრეველი - სიმონ ჯაფარიძე 80 წლისაა.

 

დაიბადა ქალაქ ჭიათურაში (26.11.1941), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა  და  ხელოვნების ფაკულტეტები.

 

სტუდენტობიდან მოყოლებული მოუღლელი კვლევითი, შემოქმედებითი და ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა. მოძიებული და ჩაწერილი აქვს მრავალფეროვანი პოეტური და მუსიკალურ-ფოლკლორული მასალა, რომლებიც შესულია ქართული ზეპირსიტყვიერების მრავალტომეულში. არის ჟურნალ „არმაღანის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, არაერთი მეცნიერული თუ ლიტერატურული წიგნის გამომცემელ-რედაქტორი და ათი წიგნის ავტორი, მათ შორის შვიდი ორიგინალური ნაწარმოებია, სამი თარგმანი - ბულგარული ხალხური პოეზია და ჰაინრიხ ჰაინეს ორტომეული (ზურაბ აბაშიძესთან ერთად შესრულებული).

 

ჩვენი იუბილარი სხვადასხვა დროს გახლდათ: დედაქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს მხატვრული გაფორმების კომბინატის,  შემდეგ საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი  სამმართველოს განყოფილების უფროსი. მისი მეთავეობით განხორციელდა რამდენიმე ექსპედიცია, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, „დედაენის მედალი“ და „ხატი“… აკაკის საიუბილეო და ქართულ-ბულგარული კულტურის დეკადა (საჩხერე-ჭიათურა, 1990), „გადარჩენილი სიმღერა“ (ტყიბული, 1998) „რგანის ღვთისმშობლის ხატის აღდგენა-დაბრუნება“ (თბილისი-ჭიათურა,1995-2010). ძმასთან, სახელოვან მეცნიერ და მწერალ ივანე ჯაფარიძესთან ერთად მშობლიურ სოფელ ხრეითში, მამა-პაპეულ სახლში დაარსა მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური მუზეუმი…

 

იმერი ხრეველი მრავალმხრივი ინტელექტუალია. საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი“ წარმოგიდგენთ მის მხოლოდ რამდენიმე მიღწევას, რომელიც დარწმუნებული ვართ ფართო საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.

 

I-II, 1991 და 2002 გრაფიკულად გაწონასწორებულ წელიწადს, რომელთა მსგავსი თარიღები - 2992 და 3003 - ერთმანეთის გვერდით მხოლოდ ათასი წლის შემდეგ დადგება, სიმონ ჯაფარიძემ იმერი ხრეველის ფსევდონიმით გამოსცა ორი პალინდრომული წიგნი - „ორდარა დრო“ და „უკუთქმანი“. ორივეგან ყველა ნაწარმოები ორმხრივად, როგორც მარცხნიდან მარჯვნივ, ისე მარჯვნიდან მარცხნივ, ერთნაირად ასო - ასო  იკითხება. ასე გაჩნდა ქართულ ლიტერატურაში 223 უჩვეულო ლექსი და დამკვიდრდა ამ მოვლენის გამომხატველი ტერმინი „უკუთქმანი“. მსოფლიოში „არცერთ სხვა ენაზე არ შექმნილა წიგნი, ასეთი უჩვეულო ფორმით, აზრი რომ მიეტანოს მკითხველამდე!“ ასე აფასებენ პოეტის ფენომენურ მიღწევას აღნიშნული წიგნების რეცენზენტები თუ გამომცემელ-რედაქტორები: ზურაბ ასკანელი, ლევან ბრეგაძე, მაია გოგიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, ია შენგელია...

 

III. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეტანილია არაერთი ქართული რეკორდი. მათ შორისაა 8 თანხმოვნიანი სიტყვა - „გვფრცქვნის“, რომელიც მსოფლიოში აღრიცხული 5445 ენას შორის (ბიბლიის ლექსიკონის ცნობა) თანხმოვანთა მიჯრითი რაოდენობის მიხედვით სწორუპოვარია. ბატონმა სიმონმა ერთხელ კიდევ მიმოიხილა ქართული ენის მდიდარი ლექსიკა, ქართული პოეზიის შესაძლებლობანი და იპოვა იშვიათი, მიჯრით 10-თანხმოვანშეწყობილი ქართული სიტყვა „განჰგვბრდღვნის“, მოხსნა წინა რეკორდი და გინესის დირექციას შესთავაზა ქართული ფენომენის ახალი ნიმუში.

 

IV. „განდეგილი“ და „ბეთლემის ლეგენდა“ არის დედამიწის ზურგზე ზღვის დონიდან უმაღლესი მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსისა და ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ სამყოფელი გამოქვაბულის - მყინვარწვერის წმინდა ადგილის ვრცელი გამოკვლევა, რომლის საჟურნალო ვარიანტი ალმანახ „საგურამოში“ დაიბეჭდა.

 

V. გრიგოლ ორბელიანით დაწყებული (1865), დღევანდლამდე გოეთეს ერთი ლექსი-შედევრი „მწუხრის მგზავრული“ საქართველოში 80-ზე მეტი თარგმანითაა გამორჩეული. მათ შორის სამი ბატონ სიმონს ეკუთვნის.

 

VI. დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების (1840) 170 და „დედაენის“ პირველი გამოცემის (1876) 135 წლისთავის აღსანიშნავად ჩვენმა იუბილარმა დახატა სიმბოლური ემბლემა-მედალიონი, ანუ კომპლექსურად წარმოგვიდგინა ვიზუალური პოეზიის ნიმუში - მსოფლიოში უმცირესი ვერსიფიკაციული პალინდრომი „აი ია“, რომლის საფუძველზე მოზაიკური ფერწერის დიდოდსტატმა ნელი ბერაიამ შექმნა ძვირფასი ქვებით დამშვენებული იისა და ჯვრის - ღვთისმსშობლისა და ქრისტეს ხატი „ღვთიური კვადრატი“. ეს დიდებული ნაწარმოები დღეს სამების ტაძარშია დავანებული.

 

VII. ცნობილია, კანფეტის სამშობლოა - იტალია, მარმელადისა - საფრანგეთი, შოკოლადისა - ესპანეთი… ასეთ ვითარებაში სიმონის პროექტმა - „ჩურჩხელადი , როგორც თანამედროვე შოკოლადის სადარი ბრენდი’’ (ოქტომბერი, 2011) ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის ნომინაციაში „გამომგონებლები“ დიდი მოწონება დამსახურა. ამავე დროს გამოჩენილი ქართველი მევენახისა და მეღვინის, სოფელ გულგულას მკვიდრი (თელავი) სიმონ გიგიტელაშვილის მიერ დამზადებული გიგანტი -  მსოფლიო სარეკორდო  ჩურჩხელის კვალდაკვალ ქვეყანას შესთავაზა ვაზის სამშობლო - საქართველოში (გოდერძის უღელტეხილის მიდამოები) აღმოჩენილი 15 მილიონი წლის გაქვავებული ვაზის ღეროს სადიდებელი სარეკორდო „ჩურჩხელადი“ - სიგრძე 15 მ., სიგანე 15 სმ., სისქე 1.5 სმ.

 

კავშირი ,,გიორგის’’ მეცადინეობით გამოსაცემად მზადდება ორენოვანი, ილუსტრირებული ენციკლოპედიური ერთტომეული - “გეორგია - საქართველო, ოქროს საწმისის ქვეყანა’’, რომელშიც  თავს მოიყრის ყველა ქართული მიღწევა, ფაქტი და ფენომენი, რომელიც მსოფლიოში არსებულს უტოლდება ან აღემატება.

 

     სიმონ ჯაფარიძე  აღნიშნული გამოცემის ერთ-ერთი გმირია. ამავე დროს არის  კავშირი „გიორგის“ ყველა მნიშვნელოვანი პროექტისა თუ გამოცემის თანაორგანიზატორი და რედაქტორი.  93 წლის პროფესორი, გერმანისტი  ზურაბ აბაშიძე, რომელიც მისი თანამოაზრე და თანამოკალმეა, წერს: „მარად მედინი დრო თავბრუდამხვევი სიჩქარით მიქრის და აგერ ჩვენი სიმონი 80 წლის გახდა. იგი აღორძინების ეპოქის მოღვაწეთა მსგავსი მრავალმხრივობით გამოირჩევა; მოხდა ისე, რომ ჩვენ გვიან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ამჟამად გვაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა. 2018 წელს გამოიცა სიმონისა და ჩემს მიერ თარგმნილი ჰაინრიხ ჰაინეს ლექსების ორტომეული...

მინდა მას შევკადრო და მის მიერ ჩემდამი მოძღვნილი ლექსის სტრიქონები მივართვა მასვე -

 

„ზემოდან უმზერს სამზერეთს, ედემს უცქერს და ოცდება,-

ზეციდან ტუჩმიუდებლად ეტრფის მზე და იკოცნება...

ზღვის ზედაპირი უთვალავ სხივს რომ ირეკლავს სარკეში,

ზღვაზე უზღვავეს განძს ეძებს სიტყვების სარკოფაგებში!“

 

სიმონმა დღემდე შემოინახა ხალისი, იუმორი, შემოქმედებითი გზნება და მე  ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, სიკეთეს და თავისი უამრავი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელებას”…

 

ჩვენი იუბილარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არის პიროვნება, რომელმაც ერთბაშად დაკარგა მხედველობა, მაგრამ ერთი წუთითაც არ გაჩერებულა.  მესამე წელია პენსიონერთა პანსიონატ   ,,მუხრანის სავანეში’’ იმყოფება და უჩვეულო შემოქმედებით შრომას ეწევა. შედეგიც სახეზეა. გამოსაცემად მომზადებული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის  ეპოპეა „ქება ქართული ვაზისა“, საიდანაც   ჭაშნიკად რამდენიმე ათეულ სტროფს  გთავაზობთ.

 

დასასრულ, ნება მიბოძეთ დავასახელო მადლიანი მამულიშვილები, რომელთა უანგარო თანადგომით ურთულეს წავარნებს ძლევენ და ფართო მკითხველ საზოგადოებამდე აღწევენ უსინათლო პოეტის გულითადი სტრიქონები. მათი სახელებია: ელენე აბაშიძე, ნინო არსენაშვილი, ზურაბ ასკანელი, ლევან ბრეგაძე, ირაკლი და ნატო ბრეგვაძეები, ნანა გოგრიჭიანი, ნაირა დოლიძე, გიორგი, ირაკლი და მეგი ვართაგავები, ქეთევან მგალობლიშვილი, დავით მორგოშია, მედეა მოსულიშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, გოჩა სოზიაშვილი, ლევან სოლოღაშვილი, თამარ ფარჩუკიძე, თამაზ ქვლივიძე, ზურაბ ქობალია, ნანა ცქიტიშვილი, ტიტე ხუხუა, ქეთევან ჯაფარიძე...

 

გვანჯი მანია,

ჟურნალისტი, კავშირი ,,გიორგის’’ თავმჯდომარე

ტელ: 593 512 747,  ელ.ფოსტა:  giorgiunion@gmail.com