შუშას მუსიკალური კერის დიდი წარმომადგენელი

შუშას მუსიკალური კერის დიდი წარმომადგენელი

დიდი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის ბედი საქართველოს, კერძოდ გორის სემინარიასაც უკავშირდება. მან, მშობლიური შუშას შემდეგ მუსიკალური განათლება სწორედ აქ მიიღო. გთავაზობთ მცირე მოცულობის სტატიას  „არშინ მალ ალანის“ ავტორზე.

 

გამოჩენილი კომპოზიტორი უზეირ ჰაჯიბეილი (1885-1948) არის გენიალური პიროვნება, რომელიც ხელოვნების მრავალ სფეროში პირველია ისლამურ სამყაროში. იგი გახლავთ რომანსის, კამერული, სუიტის, უვერტიურის, ვოკალის, კანტატის და სხვა პროფესიონალური მუსიკალური ჟანრის დამფუძნებელი მუსულმანურ აღმოსავლეთში და მისი მრავალფეროვანი ნაწარმოებები საუკუნეზე მეტია სრულდება მთელ მსოფლიოში.

 

1908 წელს მან შექმნა პირველი ოპერა მუსულმანურ აღმოსავლეთში - „ლეილი და მაჯნუნი“ დიდი აზერბაიჯანელი პოეტის მუჰამად ფუზილის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით. 1909 წელს დაწერა „შეიხ სანანი“, ხოლო 1910-1915 წლებში აზერბაიჯანული მუღამის მიხედვით შექმნა კიდევ ოთხი ოპერა: „რუსტამი და ზოჰრაბი“, „შაჰ აბასი და ხურშუდ ბანუ“, „ასლი და ქერემი“, „ჰარუნი და ლეილა.“ ოპერა  „ქოროღლუ“, რომელიც 1936 წლით თარიღდება  გენიალური კომპოზიტორის შედევრადაა მიჩნეული. ამ ნაწარმოებისთვის უზეირ ჰაჯიბეილის 1941 წელს სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო - სტალინის პრემია მიენიჭა. იგი სულ 7 ოპერისა და 3 ოპერეტის ავტორია. უ. ჰაჯიბეილის უკვდავი ნაწარმოებები „ცოლ-ქმარი“ (1909), „ნუ იქნება ის, დე, იყოს ეს“ (1910 წ.) და „არშინ მალ ალანი“ (1913) დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს.

 

მის მიერ აღმოსავლეთში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისათვის 1918-1920 წლებში შექმნილი ჰიმნი დღესაც ჟღერს, როგორც აზერბაიჯანის ოფიციალური ეროვნული ჰიმნი!

 

უ. ჰაჯიბეილიმ პირველი მუსიკალური განათლება მიიღო აზერბაიჯანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ცენტრში - შუშაში, ბავშვობა და ახალგაზრდობაც აქვე -  „პატარა პარიზად“, „აზერბაიჯანული მუსიკის აკვანად“ და „ამიერკავკასიის კონსერვატორიად“ წოდებულ ქალაქში გაატარა.

 

შემდეგ 5 წელი სწავლობდა გორის პედაგოგიურ სემინარიაში, სადაც ვიოლინოზე, ჩელოსა და ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შესრულების ხელოვნებას დაეუფლა.

 

უ. ჰაჯიბეილი, რომელმაც 63 წელი იცოცხლა, ასევე ცნობილია, როგორც გამოჩენილი პუბლიცისტი, დრამატურგი, პედაგოგი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, აზერბაიჯანული და აღმოსავლური მუსიკის ისტორიის უბრწყინვალესი მკვლევარი. მისი მდიდარი მუსიკალური, ლიტერატურული, სამეცნიერო და პედაგოგიური მემკვიდრეობა აზერბაიჯანის სულიერი საგანძურია.

 

უზეირ ჰაჯიბეილის 100 წლის იუბილე იუნესკომ  საზეიმოდ აღნიშნა.  აზერბაიჯანი ყოველწლიურად მასპინძლობს დიდი კომპოზიტორის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს. ამ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან.

 

 

ჰაჯი ნარიმანოღლი

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: