Iverioni
«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
თებერვალი 2022 (6)
იანვარი 2022 (1)
13-05-2022, 10:43
ნანახია: 919

ომი უკრაინაში...  გლობალური ინტერესების სასტიკი გამოვლინებები

 

სამყარო გლობალური საფრთხის წინაშე რეალურად დგას!

Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემია ჯერ არცაა მინელებული და მსოფლიოს ახალი უბედურება თავს დაატყდა.

ეჭვიც არ იყო, რომ 24 თებერვალს კიევზე განხორციელებული თავდასხმით „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ კი არა, რუსეთ-უკრაინას შორის დაიწყო ნამდვილი ომი, - დაუნდობელი, უსასტიკესი, ყველა საშუალებებისა და ფორმების გამოყენებით.

უკვე სამი თვე იწურეა, ინგრევა ქალაქები, იწვის სოფლები, იძარცვება სავაჭრო ობიექტები თუ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, საცავებიდან მარცვლეული მიაქვთ, ომგავლილი ადგილებიდან მეომრები ალაფს ეზიდებიან, რაც ყველაზე უმძიმესია -  იხოცება ხალხი. ღვთით ბოძებულ ადამიანის სიცოცხლეს, არსებობის უფლებას ტვინამღვრეული გუნდის თუ პარანოიით შეპყრობილი ერთი კაცის დაუოკებელი ამბიციები განკარგავს. სწორედ ეს არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი საერთო უბედურება - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათი სიცოცხლის ფასად, ხალხისვე სახელით ხელისუფლებაში მოსული „კრატია“ სხვის ინტერესებს ემსახურება და ამით საკუთარ კეთილდღეობას იწყობს.

ტყვიით მოსული საშინელება, პირველივე დღიდან, უკარაინის საზღვრებს გასცდა - უკვე თერთმეტმილიონზე მეტი დევნილი გადაიხვეწა საკუთარი  საცხოვრისიდან და ომის ექო მიმღებ ქვეყნებშიც მიიტანა; კოვიდით ისედაც შეკვეცილი მსოფლიო ეკონომიკა უფრო ძირს დაეშვა, ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ფასები უკონტროლოდ გაიზარდა. არასასუსათო და სამრეწველო საქონელიც გაძვირდა. სახნავ-სათესი მოუვლელი დარჩა და მდგომარეობა შემოდგომაზე, ტყვიის გარეშეც, დამძიმდება. ომით გამოწვეული უკუჩვენებები პლანეტის თითქმის ყოველ მოსახლეს შეეხო.

ყველა ნიშნის მიხედვით, ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. პირდაპირ საომარ მოქმედებებს პარტიზანულიც აჰყვება, იარაღის საწყობების მასშტაბური აფეთქებები, დივერსიული და ტერორისტული თავდასხმები დაიწყება. სამშვიდობო ზავსაც რომ მოეწეროს ხელი, იმდენად დიდია ორივე მხარის მიერ გამოვლენილი სისასტიკე, ტკივილი, სიძულვილი, დანაკარგი და გაუცხოება, ურთიერთობის აღდგენას თაობები დასჭირდება - ასეთია ომის ლოგიკა.  

როგორც არ უნდა დაამძიმო, უკრაინაში არაფერი უცხო არ ხდება, რაც არ მომხდარა ავღანეთში, ერაყში, ჩეჩნეთში, დნესტრისპირეთში, იუგოსლავიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სირიაში, ალეპოში, დამასკოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში... იქაც იწვოდნენ სახლები, იხოცებოდნენ ბავშვები, ქალები... აუპატიურებდნენ, აწამებდნენ. უფრო უარესიც, - მოწყვეტილი თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ...

ასე დაიწყო „არაბული გაზაფხულიც“. განსხვავებული ფორმის და საბაბის გარდა, ერთნაირია ყველა ომის მოკლე ანოტაცია, ტრაგიზმიც და ანატომიაც. ყველა მათგანს ერთი სახე ჰქონდა და  ძლიერ მავანთა საერთო გლობალური ინტერესი კვებავდა, თუმცა აქედან გამოცდილება ვერავინ გაითვალისწინა.

გლობალურ ინტერესში, უწინარესად, გავლენათა გადანაწილების დაუნდობელი სწრაფვა იგულისხმება.

ადრე, ოკეანის გაღმა აგორებულ მსოფლიო მმართველობის ამ დაუოკებელ სურვილს სტალინის სოციალისტური ერთობა ანეიტრალებდა, მერე, სხვა ქვეყნებთან ერთად, ამერიკისთვის „გზიდან ჩამოცილების“ ძირითადი სამიზნე „ცივი ომით“ ქანცგაცლილი საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი აღმოჩნდა. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ეს დაპირისპირება უფრო მასშტაბური და სასტიკი ხდება - ყოველი მხრიდან ახლა უკვე ატომურ ბომბებს უქარქაშო ხმლებივით იქნევენ. მასობრივი მოსპობის ქობინები დღეს სხვებზე გავლენის თავსმოხვევის ინსტრუმენტად გამოიყენება. მუქარა, დაშინება, შანტაჟი, იარაღის ჟღარუნი საერთაშორისო ურთიერთობის თანმხლები ნაწილი გახდა. მშვიდობისთვის, ჯანმრთელობისთვის, ადამიანთა კეთილდრეობისთვის, უფრო ნაკლები კეთდება, ვიდრე სიძულვილის პროპაგანდას, მასობრივი მოსპობის იარაღის გამოცდას, მათ ტირაჟირებასა და გამოყენებას ხმარდება.  

საიდან მოდის ეს სისასტიკე ან საითკენ მიდის?!   „ყოფნა?.. არ ყოფნა?“ შექსპირის მიერ დასმულ სამარადისო საფიქრალივით, საზოგადოებას ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია.

კაცობრიობის მიერ გამოვლილი გზა ხოცვა-ჟლეტის, სისასტიკის, ბარბაროსობის ისტორიაა, რომელსაც მემატიანე მეტწილ გმირობად წარმოაჩენს, თუმცა ყველა ომს თავისი პროპაგანდა აქვს, - ინფორმაციული ტორნადო თავის რკალში ითრევს ტყუილს და მართალს, მერე კი იმას ფქვავს, ვის ინტერესებსაც ეს ომი ემსახურება. ყველა შემთხვევაში, ომი უდანაშაულო ადამიანთა ღია სასაკლაოა. ის ისეთ მხეცურ ინსტინქტებს აღვიძებს ადამიანებში, მისგან თავდაღწევა შეუძლებელია - მერე შერყეული ფსიქიკა, დაგროვილი ზიზღი თაობებს გადაეცემა და შურისძიების მოტივები უკვალოდ არ ქრება. აგრესია თუ სისასტიკე რომელიმე ერის ბუნებასა და ხასიათში კი არ სახლობს, არამედ სათავეს მათზე ომის თავსმოხვევიდან იღებს, მერე გადადის უკონტროლო სიგიჟესა და ქრონიკულ ფსიქოზში, რომლითაც ადამის მოდგმა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ დაავადდა და მისგან განკურნების თერაპია, ადამიანურად ცხოვრება ვერ ისწავლა.

რუსეთ-უკრაინის ომიც ისტორიული ბარბაროსობის ნაწილია და ბევრად არ გამოირჩევა კლასიკურისგან, მაგრამ მას აშკარად გამოხატული განსხვავებულობა გააჩნია:

საგულდაგულოდ შეფუთვის მიუხედავად, პირველივე დღიდან აშკარა იყო, რომ ამ ომში ჩართული ძალები იქ ტერიტორიების მიტაცებისთვის არ იბრძვიან. ამ უსასტიკეს თვალხილულ დაპირისპირებაში რუსეთი და უკრაინა აღმოჩნდნენ პირობითი ბარიერის გაღმა-გამოღმა. სინამდვილეში კი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე, რუსულ-უკრაინელი ცოცხალი ძალის გამოყენებით, ამერიკა, ბრიტანეთი და მათი გავლენის ქვეშ მოქცეული სხვა ქვეყნები ახალი გლობალური წესრიგისთვის იბრძვიან. ამ ომში ბრმა ტყვიის სამიზნედ გამოყენებულია მოსახლეობა, რომლებსაც პიროვნულად ერთმანეთისთვის არაფერი დაუშავებიათ და არც ომის დაწყებაში მიუძღვით წილი. ყველაზე ამაზრზენი კი ისაა, დამპყრობლური და კოლონიური სწრაფვის წარსულის მქონე ქვეყნები, ვითომ „შეშფოთებული გმობენ“ მშვიდობაზე დამუქრებულ აგრესიას და სოლიდარობას იმით გამოხატავენ უკრაინელი ხალხის მიმართ, რომ აწვდიან ზემძლავრ შეიარაღებას,საბრძოლო მასალებს, სამედიცინო საშუალებებს, სურსათს, სტრატეგიულ ნედლეულს, ფინანსურ რესურსებს - ლენდ-ლიზის პროგრამა უკვე მოქმედებს, აქედანვე განიხილავენ დანგრეული ქალაქების სრული რეაბილიტაცისთვის სახსრების მობილიზების შესაძლებლობებს. მაგრამ ყალბ წარმოდგენებსა და ილუზიებისგან თუ გამოვიხედავთ, ადვილი შესამჩნევია, რომ მსოფლიოს მიერ „შეგროვებული ეს ჰუმანიტარული ტვირთი“ და ომით დანგრეულის აღდგენის მოტივაცია მოსახლეობის კეთილდღეობას, ომის შეჩერებას კი არა, საომარი მოქმედებების გააქტიურებას ხმარდება. ასეთი „დახმარებით“ კი ცოცხალ ძალებს უკრაინაში ერთურთს ახოცინებენ. უკრაინასა და ბევრ მის გულშევატკივარ ქვეყანაში დღეს - Слава Україні! Героям Слава! - მისალმების ფორმად იქცა. მშვიდობა უკრაინასო, არავინ გაიძახის და ამ ხანგრძლივი სამკვდრო შერკინების შეჩერებას არავინ ცდილობს. ესაა აქ საყურადღებო, თუმცა ამის ახსნას მხოლოდ ცალმხრივი ხასიათი აქვს. არც იმაზე კეთდება აქცენტები, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დანგრეული ქალაქები, დახოცილი ბავშვები, ქალები, მოხუცები, - ეს მხოლოდ რუსეთის ნამოქმედარი არ არის, ეს ამ ომში ჩართული ქვეყნების კაცთმოძულე პოლიტიკის, არასახელმწიფოებრივი აზროვნების მხილებაცაა და ამაში თანამონაწილეა ყველა, ვინამაც უკრაინას ომისკენ უბიძგა, დახმარებას და თანადგომას დაჰპირდა, გონივრულ კომპრომისზე წასვლა არ ჩააგონა. ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ მათ დიდი ხანია უჭირავთ თვალი სარგებელზე, რომელიც ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტიდან შეიძლება მიიღონ. ომის წისქვილი ადამიანის სიცოცხლეებს სპობს, თუმცა ბევრისთვის „სარჩო-საბადებელსაც“ ფქვავს - გლობალური ინტერესის ყველაზე დიდი სისასტიკე სწორედ ამაში ვლინდება.

უკრაინელი ხალხი როცა იბრძვის, ანთებულია, სიცოცხლეს სწირავს და თავის საცხოვრისს, დამოუკიდებლობას, ქვეყანას იცავს - ეს, რა თქმა უნდა, მაღალი ზნეობაა! ეს ხალხი პატივისცემას, თანადგომას, ყველაზე უფაქიზეს მოპყრობას იმსახურებს. მაგრამ როცა მშვიდობიან მოსახლეობას, სხვათა დაპირისპირებისა და განკერძოებული მიზნების გამო, ასეთ მდგომარეობაში აგდებენ, ეს არანაკლები საშინელებაა, ვიდრე ათასობით უმოწყალო კაცთჟლეტვა;

დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტიც კი უნდა ხვდებოდეს, რომ გლობალური ინტერესების ალიანსმა უკრაინას თავისი ორი განუყრელი მეზობელი - რუსი და ბელარუსი, სისსლისმიერი ძმები, ერთდროს თანამოაზრეები და თამამებრძოლები, ერთმანეთს გადაკიდა, ძმათამკვლელ ომში ჩაითრია. დიახ, გადაკიდა და ჩაითრია! - სხვამხრივ, მათ ისტორიული სიძულვილის საფუძველი არ აქვთ. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთს უკრაინის, აგრეთვე შუა აზიის ქვეყნების, კავკასიის, აღმოსავლეთი ევროპის და თუ გნებავთ, მთელი მსოფლიოს ლიტერატურის, კოლტურის, ხელოვნების, განათლების, მეცნიერების, მათ შორის, ატომური ენერგეტიკის, ეკონომიკის განვითარებასა და სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი აქვს. გლობალურმა ინტერესმა, მსოფლიო პროპაგანდისტულმა მანქანამ და ხრუშოვის გონებაჩლუნგობით წამოწყებულმა აგიტაციამ შეძლო დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ცოდვების რუსეთისთვის აკიდება, მისი ისტორიული მისიის დაკნინება, მტრის ხატის, უმადურობის დამკვიდრება. საერთო მეცადინეობითა და შიდა მოღალატეობრივი რესურსების გამოყენებით, სარწმუნოებრივად, მენტალურად, კულტურულად იდენტური, საერთო ისტორიის, ეკონომიკურად გადაჯაჭვული და განვითარების ერთიან პლატფორმაზე მდგომი, ერთიანი ფესვიდან განტოტილი ეს სამი ვარჯი დღეს იარაღით არკვევს ურთიერთობას;

არავისთვის არ უნდა იყოს „აღმოჩენა“, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელსაც 1991 წლის დეკემბერში ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და უკრაინის მიერ „ბელოვეჟსკაიას შეთანხმებით“ დაედო სათავე, მათ ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიან თავდაცვით სტარტეგიას და სრულ ჰარმონიულ განვითარებას ნატოზე მეტ სხვა ათას წინაპირობის გარანტიებს უქმნიდა. მაგრამ ეს არანაკლებ „ძლიერი კავშირი“ სწორედ გლობალური ინტერესებიდან იმთავითვე „ამოვარდა“ და მისი დაშლა „ცეცხლითა და მახვილით“ დიდი ხანია მიმდინარეობს. რუსეთიცა და უკრაინაც ფარულ, შორს გამიზნულ ამ გლობალურ ინტერესებს პირწმინდად წამოეგო, - რუსეთი თავის ფანდზე (იმპერიულ სულისკვეთებაზე) დაიჭირეს, უკრაინის ხელისუფლება კი კორუფციულ ინტრიგებსა და ნაციონალურ ამბიციებში გაიხლართა.

ყოველგვარი შელამაზების გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს ომი ამერიკის ჰეგემონური მისწრაფებებზე დამორჩილებული ქვეყნების ხელისუფლებების უგუნური პოლიტიკის გამოა აალებული და ენერგომატარებლებზე გავლენის გადანაწილებას ემსახურება. ფორმალურად, კი უკრაინა ნატოზე ოცნებას, ხელმძღვანელობის პოლიტიკურ სიბეცეს და ღია ბაქიობას შეეწირა. უკრაინა რუსეთთან ომისთვის, რუსეთის გასანადგურებლად გლობალურმა ძალებმა სარფიანად „დაიქირავესდა მას ამ ომიდანდეზერტირობისსაშუალებაარ მისცეს.

თავის მოტყუებაა სხვა საბაბისა ან დაპირისპირების სცენარების წარმოდგენა, რეალობა ისაა, რომ სხვათა ფარული მიზნების მისარწევად, რუსეთსა და უკრანაში ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას და ერმანეთს ერთი წარმომავლობის ხალხი ებრძვის;

ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კავშირებიც მონაწილეობს. ნატო ხმამაღლა აცხადებს, რომ არ აპირებს დაპირისპირებაში ჩართვას, მაგრამ ის არც მხარეთა დაშორისებას ცდილობს. პირიქით, - თანადგომას უცხადებს და აგულიანებს უკრაინას. ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინელ მებრძოლებს გამალებით ამარაგებენ იარაღით, თანამედროვე სამხედრო დანადგარებითა და ინსტრუქტორებითაც. ამასთან, ამ იარაღისთვის ტყვიები, დანადგარებისთვის საბრძოლო მასალა მხოლოდ მიმწოდებელ ქვეყნებში მზადდება და ახალ დაკვეთაზე სამხედრო ინდუქტრია შეუჩერებლად მუშაობს. ეკონომიკურ ინტერესს თავს თუ დავანებებთ, აღნიშნული ფაქტიდან ის მაინც უნდა შევნიშნოთ, რომ ნატოში „წესრიგი“ არ არის. მისი წევრი ქვეყნები სამხედრო სფეროშიც კი ცალცალკე მოქმედებენ. ბრმამაც უნდა დაინახოს, რომ ეს არის ხელოვნურად შენიღბული მონაწილეობა ომში, - წინა ხაზზე უკრაინელი ხალხი იბრძვის საკუთარი ტერიტორის, დამოუკიდებლობის, სხვათა თავისუფლების დასაცავად, ზურგს კი „ინტერესთა ერთობა“ უმაგრებს, რაც ტოტალური კატასტროფის წინაპირობაა. ასეთ გამოვლინებათა გამო, ამ ომს გლობალურად ფეთქებადსაშიში ნიშანიც აქვს - ეს უკვე გამოუცხადებელი მსოფლიო ომია!

გლობალური ინტერესების უსასტიკესი გამოვლინებების ნამდვილი სახეა ომში  ირიბად მონაწილე სახელმწიფოების მიერ მთავარი მიზნებისა და მოქმედებათა კონსპირაციისთვის არასაომარი სანქციების შეთანხმებულად გამოყენება. ფაქტობრივად, ეს ნამდვილი ჰიბრიდული ომის შემადგენელი ახალი სახეობაა, რომელიც რუსეთის „კომპლექსური დასუსტებისთვისაა“ მიმართული. ამ „ეფექტიან ავანტიურას“ ბევრი აღფრთოვანებული შეხვდა და შედეგებს სიხარულით მოელის. მაგრამ აწუკვე დროა მათაც შენიშნონ, რომ ამ სანქციებმა მოკლევადიან პერსპექტივაში „ეფექტიანად“ ვერ იმუშავა, უფრო ადამიანთა კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახა - ომი არ შეწყვეტილა, არც მისი დასრულების პერსპექტივა ჩანს, ყოველ დღეს ახალი „ცრემლი და ცხედრები“ მოაქვს, ცხოვრება უფრო გაძვირდა, კოშმარული გახდა. ამასთან, ადამიანის საკუთრებით უფლებასთან მიმართებაში ამ სანქციების სამართლებრივი გამართულობაც საეჭვოა;

არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს შეცვლის. ეს, შესაძლოა, ასეც მოხდეს, თუ სამყარო მას გადაურჩა და საზოგადოება ამ მძიმე გაკვეთილისგან დასკვნებს გააკეთებს, ადამიანურად თანაცხოვრებას ისწავლის.

მოცემულ ვითარებაში კი, გადაჭარბებულია იმაზე მინიშნება, რომ უკრაინაში წყდება მშვიდობის, თავისუფლების, მსოფლიოს ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ბედი. ეს ასე არ არის. საქართველოს და სხვა ქვეყნების მომავალი გონივრულ ორიენტაციაზეა დამოკიდებული. უფსკრულში გადაჩეხვასა თუ განვითარებაზე ყოველი ქვეყანა განაჩენს თვითონ აწერს ხელს.

დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არა სისხლისღვრით, იარაღითა და ადამიანური მსხვერპლით. ყველა პრობლემა ქვეყნებს, ხალხებს და ადამიანებს შორის მხოლოდ მოლაპარაკებებით უნდა წყდებოდეს. უიარაღო ბრძოლა უფრო რთულია, გონიერებას, გამოცდილებას, წინგახედულობას საჭიროებს.  მმართველობით იერარქიებში კი კრიმინალური ცნობიერება დომინირებს და როგორც ჩანს, მსოფლიო ამისთვის მზად არ არის. 

მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ ომში ერთიანი ფრონტით რუსეთის წინააღმდეგ სხვების ჩათრევასაც ღიად ცდილობენ. მათ შორის, განსაკუთრებული სამიზნე მოლდოვა და საქართველოა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, „მეორე ფრონტის“ გახსნის მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან მოდის. მოწოდებები, ბრალდებები თუ ზეწოლის სხვადასხვა გამოვლინებები, რომელიც საქართველოს მიმართ გაისმის ან ხორციელდება, უკვე გონივრულობის ზღვარს გასცდა და უკურეაქციას იწვევს. მოქალაქეების შიშველი პატრიოტიზმის წინაფარება  და კარგაღებულ გალიაში დამწყვდეული „გრიზლის“ ხელჯოხით წვალება აზრიან მოქმედებაში არ ჯდება, არც ქვეყნის სიყვარულია და არც მოსახლეობის დაცვაზე პასუხიმგებლობა. ეს სიშლეგე და შიშველი უგუნურობაა! მით უფრო, ამ ომის ფესვები შორიდან მოდის და განრიდებისთვის მსუყე გამოცდილება დიდი ხნით ადრე უკვე არსებობდა.

ახლაც, როცა ცეცხლი უკვე გიზგიზებს, უკრაინის პრეზიდენტი, სამშვიდობო ინიციატივების ნაცვლად, ხელებგაწვდილი ყველას ევედრება: გვიშველეთ, იარაღი მომაწოდეთ, გვერდში დამიდექით, ერთად გავანადგუროთ მტერი, ჩვენ გავიმარჯვებთ, რუსეთს დავამარცხებთო.

რომელ გამარჯვებაზე ან ვის დამარცხებაზე უნდა იკვეხნო ან დაიქადნო ასე, როცა აღმოსავლეთ-სამხრეთი უკრაინის ქალაქების უმეტესობა პირწმინდად განადგურებულია, მოსახლეობა კატაკომბებში ჩაწყდა, ნაწილი უვადოდ განიდევნა საკუთარი საცხოვრისიდან, დარჩენილები კი თავსდამტყდარი კოშმარიდან ვერასდროს გამოვლენ?!

დახოცილებს ვინ მოაბრუნებს, დარჩენილებს ვინ აღუდგენს შერყეულ ფსიქიკას?

ყალბადაღქმული თავისუფლებით ფრთებასხმულ და დამოუკიდებლობის ილუზიით მორქენალ „ხალხის მსახურებს“ უნდა ესმოდეთ, ხელისუფლის უპირველესი დანიშნულება ის არის, რომ მოსახლეობა კი არ აიფარო, არამედ განარიდო ჭირსა და უბედურებას! მიუღწევად პროექტებში თუ „უზრუნველი ცხოვრების“ სატყუარა გაერთიანებებში შესვლა „მსხვერპლს მოითხოვს“ - იქ კარი ვითომ მუდმივად ღიაა მორჩილებისთვის, მაგრამ მკაცრი სტანდართული წინაპირობების, გამოცდების ჩაბარების და კითხვებზე პასუხის გაცემის დამღალავ პროცედურებთან ერთად, მიზანშეწონილობის უშეცდომო განსაზღვრაცაა აუცილებელი. სწორედ აქ იწყება გლობალურ ინტერესებისთვის მსხვერპლშეწირვის აღმართი და გოლგოთაზე ჯვრის აზიდვა ყველასი ხვედრი როდია. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, უპირველესად, აზროვნებაში, მის აღქმაში ვლინდება. უკრაინის ხელმძღვანელობა ამისთვის განწმენდილი არ აღმოჩნდა!

მიმდინარე გლობალურმა დაპირისპირებამ ღია გაკვეთილები უკვე დადო და კატასტროფულ შედეგებს რომ განერიდოს, საზოგადოებამ მასში ყველაზე თვალხილული სამიზნეები მაინც უნდა შენიშნოს:

- უკვე მერამდენედ, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ვერც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია, გაერთიანება თუ კავშირი ვერ აღმოჩნდა ავტორიტეტული და მშვიდობისმყოფელი. ვერც ერთმა შეძლო დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგომა და მათი სამშვიდობო დაშორიშორება. უფრო პირიქით ხდება - მათი სოლიდარობა, მოწოდებები და დახმარება მიმართულია იქითკენ, რომ ამ ომმა უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს, რუსეთის დასუსტებას უკრაინაც შესწირონ;

- ხალხი, მოქალაქეები (ჩვენთანაც და სხვაგანაც), გარიყულია ქვეყნის მართვის პროცესისგან. ჯერ კიდევ სუსტია ან საერთოდ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ხელისუფლებაში ხალხის სახელით მოსული „ლიდერები“ ღებულობენ. მოსახლეობა ბრჭყვიალა დაპირებებსა თუ ყოფით პრობლემებში რჩება და სრულიად უცხო, გლობალური ინტერესების გამომხატველი მმართველობითი პროექტის მხოლოდ უნებლიე მონაწილე ხდება. ამიტომაც ყველა უბედურება (ეკონომიკური, პოლიტიკური, ეკოლოგიური) ამ პროექტებიდან იღებს სათავეს;

- სავსებით სწორად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, როცა სახიფათო გამოწვევებს არ აჰყვა, გარედან და შიგნიდან დაგებულ ხაფანგში არ გაიხლართა. სიფრთხილე, სიდინჯე, პირდაპირობა, პრინციპულობა, რაც მთავრობის ხელმძღვანელმა გამოავლინა, სულაც არ ნიშნავს შიშსა და სიმხდალეს - ასე უნდა იქცეოდეს გონიერი ხელისუფალი. მაგრამ ცალკეული ასეთი გამონათებების გარდა, ქართული პოლიტიკაც - ჩვენი პოზიციისა და ოპოციციის შემადგენლობის უმეტესობა, სახელისუფლებო მონაცვლეობის მარათონში არის ჩართული და კოლიზიის ცრუ ილუზიას ქმნიან, თითქოს განსხვავებულ მიზნებსა და ამოცანებს ხედავენ, სინამდვილეში კი სტრატეგიის გარეშე, შინაარსისგან დაცლილი, გარეგნული იერის, უსახური აქტორები არიან. მათი ურთიერთ ქიშპობა და დაუნდობელი წინააღმდეგობა ქვეყნის სასიკეთოდ არ მუშაობს;

- განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკაში შეინიშნება ახალი სახიფათო ტენდენციაც: საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში მოდის ახალგაზრდული ნაკადი, რომელთაც უცხოეთში ყოფნის და მოკლევადიან კურსებზე სწავლის გარდა, არანაირი ცხოვრებისეული, სამსახურეობრივი, პროფესიული გამოცდილება არ გააჩნიათ. ასეთი სითამამე ნიშნავს, აისბერგებს შორის მცურავი საოკეანო გემის მართვა სამხედრო ფლოტში უკომპასო ახალწვეულ რიგითს ანდო. ახალგაზრდების წინსვლის საწინააღმდეგო როგორ უნდა წამოგცდეს, თუმცა უნდა შევნიშნოთ, თანამდებობების ასე ხელაღებით ჩამორიგება დანაშაულია! ქვეყნის მართვას, ხალხის სამსახურს გამოცდილება, ცოდნაზე დაფუძნებული შორსმჭვრეტელობა და მაღალი პასუხისმგებლობა სჭირდება, რაც ახლადფეხადგმულ მოჭიკჭიკე „თინეიჯერს“ არ გააჩნია. ახალგაზრდობამ ჯერ აღმართები უნდა აიაროს, დაუნჯდეს და მერე, გაკეთებული საქმეებით მოიპოვოს ნდობა. ამიტომ ასეთი მავნე პრაქტიკისგან მალე უნდა განვთავისუფლდეთ;

- ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, რუსეთთან ურიერთობის ყველაზე ხანგრძლივი და მწარე გამოცდილება ჩვენ გვერგო. რუსული აგრესიის ახალი გამოვლინებები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ტვინამღვრეულ და გარედან მართულ დესტრუქციულ ოპოზიციას რუსეთთან  ყოველგვარი კავშირი ღალატად, დანაშაულად მიაჩნია. მათ მხოლოდ დაპირისპირება და  ძალის დემონსტრირება მიაჩნიათ მართებულად. ეს გზა დამღუპველია! რუსეთთან დიალოგი გარდაუვალია. სხვა თუ არაფერი, ჩვენმა „სამშობლოზე შეყვარებულმა“ ოპოზიციურმა ძალადობამ არანაკლებ გულანთებული წინაპრების გმირული საქციელი გაიხსენოს თუ როგორ მიდიოდა მტერთან და  ხალხის გადასარჩენად, მშვიდობის თუნდაც მცირე დროით გახანგრძლივებას უყოყმანოდ რომ ეწირებოდა;

- ომის ტოლფას საშინელებად იქცა ყალბი ჟურნალისტიკა, თავაშვებული ტელევიზიები, სიცრუის ტირაჟირება. მოვლენათა ტენდენციური გაშუქება და ბინძური ინფორმაციული ნიაღვარი ადამიანის გულმკერდს ტყვიასავით ატანს. დემაგოგია, ჭორიკანობა, ცილისწამება არ განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს და კანონმდებელმა უნდა გამონახოს ასეთ განუკითხაობაზე კონტროლის სამართლებრივი ფორმა.

- დაპირისპირების პრევენციისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სიმშვიდისთვის, აუცილებელია მსოფლიო ინტელექტუალური პოტენციალი ენერგიის ახალი წყაროების აღმოჩენასა და მათით ნავთობპროდუქტების ჩანაცვლების დამუშავებაზე დაუყოვნებლივ გადაერთოს. მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის ბიუჯეტი ენერგორესურსების რეალიზაციიდან შემოსავლებზეა მიბმული. ამდენად, ეს პროცესი არ იქნება უმტკივნეულო, მაგრამ ახალი წყაროების ძიების მიზანშეწონილობა უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყნების ხელისუფალთ უნდა ეყოთ გამბედაობა ამ პროცესს ხელი შეუწყონ და ბიუჯეტების შევსების ალტერნატიულ გზებზე იმუშაონ;  

ცხადია, სხვაც ბევრია თავსატკივარი პრობლემა და კაცობრიობამ, საზოგადოებამ თვითონვე უნდა იზრუნოს მათ გადასაჭრელად. სხვანაირად, ადამიანებს დანაღმულ ველზე მოუწევთ ბრმად გადაადგილება.

ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება და ერთმანეთის გვამებზე გადავლით მიღწეული სხვისი კეთილდღეობა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.

მსოფლიოს მშვიდობა, ხალხს კეთილდღეობა სჭირდება!

 

იური პაპასქუა