Iverioni
«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სექტემბერი 2022 (4)
ივლისი 2022 (1)
ივნისი 2022 (4)
მაისი 2022 (3)
აპრილი 2022 (3)
მარტი 2022 (2)
6-07-2022, 11:10
ნანახია: 629

საქართველოს პოლიტიკური რეტროსპექტივა

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო ევრაზიის კონტინენტების დამაკავშირებელი რგოლია. სწორედ ამითაა განპირობებული მის მიმართ გეოპოლიტიკურ ინტერესთა ერთობლიობა, რომელიც შემაფერხებელი ფაქტორია გლობალურ სივრცეში მისი ჩართვისთვის. ჩემი აზრით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელსაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები სერიოზულად არ აღიქვამენ ქვეყნის სწრაფი განვითარების თვალსაზრისით. 

 

ჩვენ, ქართველობას, ხშირად გვიყვარს აპელირება იმაზე, რომ  დიდი ისტორიის მქონე ერი ვართ - სისხლის მდინარეების ფასად მოღწეული დღევანდლამდე. საკმარისია, თუნდაც გადავხედოთ რენესანსის ეპოქას, როდესაც მაშინდელი ევროპა პატარ-პატარა სამთავროებად და მიწებად იყო დაყოფილი და ერთმანეთთან ბრძოლით იკმაყოფილებდა საკუთარ ამბიციებს, მაშინ საქართველო აბჯარასხმული ერთი მეფის იდეოლოგიის ქვეშ ერთიანდებოდა და მისი შვილები მიწისა და ქრისტეს სჯულისათვის სიცოცხლეს სწირავდნენ. 

 

სწორედ ჯერ კიდევ მაშინდელმა, ეპოქის შესატყვისმა საქართველოს გეოპოლიტიკურმა სტრატეგიამ ბევრ ხიფათს გადაარჩინა ევროპა და აჩუქა მას აღმშენებლობისთვის მშვიდობიანი საუკუნეები. ამის ბევრი მაგალითების მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვიტყვი რამდენიმეს. 

 

დავით აღმაშენებლის ეპოქა, მე-12 საუკუნე. გაძლიერებული მუსულმანური კოალიცია ერთი დროშის ქვეშ ერთიანდება და ეძებს ევროპაში გასასვლელს. საჭიროა გზის გაკვალვა, მაგრამ აღმოსავლეთის მბრძანებლად წოდებული, დიდი სამხედრო სტრატეგის, დავით აღმაშენებლის ციტადელს ეხეთქება მთელი მუსულმანური სამყაროს ერთიანი სელჯუკთა კოალიციური არმია. სამას ათასზე მეტი მხედრობა დაახლოებით სამოც ათასიან ქართულ ჯარს შეებრძოლა. დაპირისპირება მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და კოალიციამ სასტიკი დამარცხება იწვნია. ევროპამ შვებით ამოისუნთქა, რადგან დიდი დავითის შენაერთები მთელი თვე ჩეხავდნენ არამკითხე მოამბეთა ნარჩენებს და საკუთარი სამშობლოს მომავალს სჭედდნენ!

 

აუცილებლად უნდა გავიხსენო ისიც, რომ ნახევრად ევროპაში სოლივით შეჭრილმა იმპერიამ - ბიზანტიამ, სულ რაღაც ორი საუკუნე ნახევრის მერე, ვერ გაუძლო ორასათასიან სელჩუკთა შენაერთებს და საკუთარ მიწასთან ერთად სახელმწიფოებრიობაც წარსულს ჩააბარა. აქედან ცხადია, რომ არა დიდი დავითის სტრატეგიული ნიჭი და მომავლის სწორი განჭვრეტა, იქნებ დღეს, ევროპის იმ 39 ქვეყანაში, რომლებიც ასე იწონებენ თავს თავიანთი განვითარებითა და სამოთხისებური ცხოვრებით, დღეს სულ სხვა კონფიგურაცია ყოფილიყო და ვინ იცის, კიდევ რამდენი სახელმწიფო აღიგვებოდა პირისაგან მიწისა იმ დაუოკებელი ტაიფუნის წყალობით, რომლის გაჩერება შეძლო მაშინდელმა „პატარა“ საქართველომ...

 

ევროპის კონტინენტის განვითარება  სხვებისთვისაც გახდა მასტიმულირებელი ფაქტორი საკუთარი ქვეყნის უკეთ მოწყობისა და ცხოვრების კარგი პირობების შექმნისთვის. მათ სწორად აღიქვეს ცხოვრებისეულ ფაქტორთა ერთობლიობა და სხვის იმედად ყოფნის „ტკბილი სიზმრობა“ და თვითონ ააღორძინეს საკუთარი ისტორიული, ჩვეულებრივი სვლა-გეზით კარგად გააზრებული, ეპოქასთან მორგებული ეკონომიკური სიძლიერე და მის ბალავარზე დააშენეს იდეოლოგიური შენობის ცათამბჯენები. 

 

სწორედ ეს საიდუმლო ინახება მათ აყვავებასა და სხვათა მიმართ გამოჩენილ სიფრთხილეში. ამ დროს ქართული მაქსიმალიზმის წყალობით, ვცდილობთ ორიენტირი სხვაზე, უფრო განვითარებულზე, ამ შემთხვევაში ევროპაზე ავიღოთ და ჩვენ გავხდეთ მათი ცხოვრების ნაწილი, იქნებ ჩვენც შეგვიფაროს და მისი წყალობით ავღორძინდეთ და შევიქმნათ უდარდელი ცხოვრება. საბედნიეროდ, საქართველოში ყველა ასე არ ფიქრობს...

 

მე შემთხვევით არ გამიკეთებია მოკლე ისტორიული ექსკურსი. ისტორია კარგი მასწავლებელია და ხშირად ყური უნდა ვუგდოთ წინაპართა  რჩევებს. ჩვენ კი, ქართველებს,  გაგიხარიათ, ბრძენი წინაპრები გვყავდა და მათი ორაკულური ნააზრევი დღესაც შეიძლება კარგ ორიენტირად გამოგვადგეს. 

 

მოვიყვან დიდი პუბლიცისტისა და მეცნიერის, ნიკო ნიკოლაძის ციტატას: 

 

„თუ სხვის იმედსა და დახმარებაზე დავამყარებთ ქვეყნის მომავალს და ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ ანდა ინდო-ჩინეთივით ძარცვას დაუწყებენ.“ შეიძლება მავანმა იფიქროს, რა დროს ალჟირი ან ინდო-ჩინეთია, მაგრამ, ფრთხილად ბატონებო - დღეს სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უფრო დახვეწილია თუნდაც დამონების სისტემები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესატყვისად იყენებენ. ვფიქრობ (ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება მგონია), ამ ტურბულენტურ სამყაროში, ყველა საკუთარ თავზე და მის გადარჩენაზე ფიქრობს. სწორედ ამ სიფრთხილითაა ნაკარნახევი 21-ე საუკუნის გამაოგნებელი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია ათასობით და ასიათასობით ადამიანების სიცოცხლის ფასად, ერთი იმპერია ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ყველა სხვის წინაშე, რომლებსაც ნაკლები იმპერიული ზრახვები ნამდვილად არ ამოძრავებთ, მაგრამ ამას ფუთავენ სხვადასხვაგვარად, რომ ჰუმანური მანტიით იარონ სხვა, მცირე ხალხთა, დასანახავად. 

 

ეს რაც შეეხება დიდ პოლიტიკას. ახლა ჩავიხედოთ ჩვენს შინაგან სამყაროში. რა ხდება, საით მივისწრაფვით, რამდენად გააზრებულია ჩვენი ნაბიჯები და როდის, ან სად უნდა დადგეს ის ნანატრი შედეგი, რომლის მოლოდინი გვაქვს. თუმცა ის ხომ შეიძლება იყოს მირაჟი, რომელიც შეიძლება წამიერად გაქრეს?!

 

მინდა პირდაპირ ვთქვა: ჩემი მოსაზრებები, არამც და არამც არ ემსახურება რაღაც დიდაქტიკურ მოტივებს, ადამიანების გადარწმუნებას საკუთარი აზრისგან. უბრალოდ, გამოცდილებამ და მსოფლიოში მიმდინარე რყევებმა მიკარნახა  მეთქვა ჩემი სათქმელი, რომ მომავალმა თაობებმა არ იფიქრონ ჩვენ, ილია ჭავჭავაძის წლოვანების ადამიანები, გულხელდაკრეფილები ვისხედით და ვუყურებდით ახალ ლიბერალთა მოძალებულ ემოციურ ნარატივებს, რომლებსაც „დიდი სურვილი“ აქვთ გადაარჩინონ ეს ქვეყანა და თვითონ იყვნენ ბატონ-პატრონი დედამიწის ამ პატარა „მიწის ნაგლეჯზე“. მე  დარწმუნებული ვარ, ჩემი თაობის ადამიანები ფიქრობენ გამოსავალზე, როდესაც უყურებენ ქაოსის წკვარამში გადასაჩეხად გამზადებულ მრავალ ქარტეხილგამოვლილ ქვეყანას...

 

მეტსაც ვიტყვი: არ მინდა „მამათა და შვილთა ბრძოლა“ გავმართოთ, მაგრამ ისმინოს მავანმა, ეს ქვეყანა არც წარსულს ეკუთვნის და არც აწმყოს - ის ეკუთვნის მომავალს და სწორედ დღეს უნდა აშენდეს ამ საოცრად ცვალებად სამყაროში მისი მკვიდრი საძირკველი, რომელიც მას მსოფლიო რუკიდან არ გააქრობს. აქ ყველას ერთნაირი პასუხისმგებლობა გვეკისრება...

 

ბევრი ქმედება, რომელიც საქართველოში ხდება დღეს,  პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს. ავიღოთ თუნდაც დემოკრატიის კვაზიპოლიტიკური გაგება, რომელზეც ყველაფერს აგებენ და ამას სრულიად მისაღებად მიიჩნევენ. დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ დემოკრატიის დღევანდელი გაგება ლიბერალიზმის საფუძველზე დგას, რომელიც ეყრდნობა კამიუსეულ მოსაზრებას, - „ყველაფერი ნებადართულია და არაფერი არაა აკრძალული“. სწორედ ყველაფერში იგულისხმება (მავანთა აზრით) სახელმწიფოს გადატრიალებისკენ სწრაფვაც, ნებისმიერი სახელმწიფო პერსონების შეურაცხყოფა და დაკნინებაც და რაც მთავარია, „უნდა წახვიდეს“ და „უნდა მოვიდე“-ს განუწყვეტელი ძახილი. საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის და ყოველგვარ სიტუაციაში ეძებენ საბაბს იმისთვის, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი ქვეყნის გადამრჩენლად და აღმაშენებლად. რომ არა თქვენ, ყველაფერი ხომ სხვაგვარად იქნებოდა. მე ვერავინ შემიშლიდა ხელს, მე დიდი ხნის უკან წავიდოდი „შინ, ევროპისკენ!“, შენ კი ყველაფერ ამას მონდომებითა და ყოველგვარი ხერხებით ამუხრუჭებ და „დროა“ მე დამითმოთ ასპარეზი „მშვიდობიანად“, რომ რევოლუციონერის იარლიყიც არ მომაკეროთ და დამსახურებულად არ გამამწესოთ, სადაც ჯერ არს! ეს ყოველივე, ჩემი ღრმა რწმენით, დილეტანტიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, რომელსაც ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანების ხროვა შთააგონებს ხოლმე უნებისყოფო ადამიანებს. ისიც საინტერესოა, რომ სწორედ დილეტანტთა ბღავილი და ჩხავილი სახელმწიფოს განვითარებასა და სრულყოფას აშკარად ხელს უშლის. ამ შემთვევაში სახელმწიფო ხელისუფალთ დრო ნაკლებად რჩებათ იფიქრონ ქვეყნის მომავალზე და ძვირფასი დრო დახარჯონ არაფრისმაქნის კინკლაობებზე. როგორც ვხედავთ, პროფესიონალიზმი საჭირო და აუცილებელი ატრიბუტია ქვეყნის წინსვლა-აღორძინების სამომავლო  საქმეში. 

 

რამდნეიმე ნაწილად გაყოფილი ხალხი და არა ქვეყანა, ცდილობენ ერთმანეთს პრინციპულად დაშორდნენ, თითქოსდა სამშობლოს სიყვარული მათთვის უპირველესია, მაგრამ საკუთარი დილეტანტური გონებიდან დანახული და აღქმული. რატომ ხდება ეს, ალბათ, ყველასთვის ნათელია. ვხედავთ ყველა, თუ რამდენი „ტროას ცხენი“ არის შემოგორებული ჩვენს ქვეყანაში და ვის ინტერესებს, ვის ემსახურება ყოველი მათგანი, მაგრამ შედეგი? არაფრისკენ მიმავალი და ავი მოლოდინის რეჟიმში მყოფი...

 

ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო ხანებში ჰიტად ქცეული სიტყვა - „შინ ევროპისკენ!“ ჩემი აზრით, ეს სლოგანი ძირშივე მცდარია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო და ჩვენი საცხოვრისი წინაპართა სისხლითა და ოფლითაა მოპოვებული - ცენტრალური კავკასიაა. კავკასია სუბკონტინენტია, სადაც მენდელეევის სისტემის 120 ელემენტი მოიპოვება. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მომავალი ტექნოლოგიური რევოლუციების განუყოფელ ელემენტებად წარმოგვიდგება. მაშ რატომ მივდივართ სხვაგან, შორს და უალტერნატივოდ ვხედავთ ნათელ მომავალს და  ჩვენს ისტორიულ მისიას კი, ვერა?! ჩვენი აზრით, სწორედ აქ არის ყველაზე დიდი კითხვის პასუხი საძებარი. ჩვენ ხსნის გზას ევროპის კონტინენტზე ვეძებთ, სადაც მსოფლიო საარსებო რესურსების დომინანტი სწორედ ჩვენდამი მტრულად განწყობილი იმპერიული სახელმწიფოს ხელშია და მასზეა ჩამოკიდებული ევროპის სიცოცხლისუნარიანობა?! ჩვენ კი ვცდილობთ მისი გვერდის ავლით ვიაროთ მომავალი კეთილდღეობისკენ?!  ეს, ჩემი აზრით, არის ის მწარე რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ!.. 

 

ვხედავთ, რომ კავკასიის სუბკონტინენტი დიდი რესურსების მფლობელია. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მას აქვს შანსი იყოს არანაკლები „ეკონომიკური სასწაულების“ მშობელი, როგორც ზოგიერთი „აზიური ვეფხვები“. ამაზე, რატომღაც ყველა პოლიტიკური ჭილყვავი დუმს დღეს. თუმცა კავკასიის „ერთიანობაზე იზრუნა“ თავის დროზე მსოფლიო რესურსების მამამ და აქ ჩამოაგდო ურთიერთდაპირისპირების ხანგრძლივი მოქმედების მარცვალი და სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდა ერთმანეთს ორო სახელმწიფო და ჟამიდან ჟამს ააქტიურებს მიძინებულ მტრობას. აი, სად ურტყამს იმპერია, რომ მუდმივ დაძაბულობასა და შიშის ქვეშ ამყოფოს ეს რეგიონი, რომ მათ ნაკლებად იფიქრონ ერთიანობასა და მშვიდობიან აღმშენებლობაზე. ამ დროს საქართველო მართლაც წამყვანია თავისი რესურსული პოტენციალით და იგი იძულებულია სხვაგან ეძებოს გამოსავალი და  მუდმივად იყოს  ქიმერული მომავლის ტყვეობაში. ამისათვის მას  ყველგან უღებენ კარებს, მაგრამ რატომღაც შიგნით არასოდეს ეპატიჟებიან. ეს ყველაფერი რატომღაც უსასრულოდ გრძელდება.  ეტყობათ, ამისი რეალურად აღქმა და გააზრება ძალიან უჭირთ ჩვენი „დემოკრატიის პირმშოებს“ და სხვისი ნარატივებით ტვინგაჯერებულები საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლით იკმაყოფილებენ საკუთარ ამბიციებს. ასეთი უადგილო და უსასრულო  ბღავილი, ის გზაა არსაიდან მომავალი და არსაით მიმავალი. 

 

თურმე ევროპა ყოფილა ჩვენთვის „შინ!“ აზიისკენ, არა?? იქ, რა ნაკლებად განვითარებული ქვეყნები არიან?! მაგრამ არა, მავანს ასე სურს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპა, მისი ღირებულებები. თუმცა ევროპას, რომ დიიდ კულტურა გააჩნია, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ საკითხავია, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა, რითი ჩამორჩება ევროპულს?! თუმცა, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა (რაზეც უკვე აშკარად მიგვანიშნეს?!) ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, სად და რა სივრცეში ვიმყოფებით. და კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი - ჩვენ იგივე ევროპელები პირდაპირ რომ არ გვეუბნებიან, ხომ არ გვთვლიან „მესამე სამყაროს“ ქვეყნად?! თუმცა, დიპლომატიური ეთიკის დარღვევა მათ არ სჩვევიათ და ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში შეუძლიათ საათობით სულგანაბულებმა უსმინონ საუკუნეების წიაღიდან აღმოშობილ ქართულ საგალობლებს და აღიარონ მისი უნიკალურობა მსოფლიოს წინაშე! ჩვენ ხომ ვართ ის ქვეყანა (და არა ჩამოყალიბებული სრულყოფილი სახელმწიფო!), რომელსაც თავის ექსპორტ-იმპორტის ბრუნვაში ოცი, ოთხმოცთან პროპორცია გვაქვს. ეს კი ნიშნავს ბევრ ისეთ რამეს შემოგვატყუებენ, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად უვარგისია, ვიდრე, ზოგადად, საკუთარი მოქალაქეებისთვის...

 

ამის დასასაბუთებლად ერთ მაგალითს მოვიყვან. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მეზობელ თურქეთში მაღალ დონეზეა განვითარებული სამედიცინო ჰაბი. ყოველთვიურად უამრავი ადამიანი მიემგზავრება თურქეთის სამედიცინო ცენტრებში ჯანმრთელობის პრობლემებით. სტატისტიკა გამაოგნებელია. საშუალოდ ყოველთვიურად 60-80 ავადმყოფი მაინც ეწვევა თურქეთს ონკოლოგიური დიაგნოსტიკით საქართველოდან. ამისი მიზეზი ის  საკვები პროდუქტია, რომელიც შემოდის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ის ჰიგიენური საშუალებები, რომელსაც ასე საჭიროებს საქართველოში მაცხოვრებელი ყოველი მოქალაქე.

 

ყველაფერი ეს მოითხოვს ძალიან ღრმა დაფიქრებასა და გაანალიზებას. შეიძლება ვიფიქროთ, ხომ ჯერ შევიდეთ „შინ!“ ევროპაში და მერე ყველაფერი თავისთავად დალაგდება. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალიც, მაგრამ ევროპამდე გასავლელი გრძელი გზის დასრულების შემდეგ რამდენი ადამიანი დარჩება საქართველოში და იქნება კი შედეგიანი ეს გზა, ვინმეს შეუძლია პროგნოზი გააკეთოს?! სწორედ ამიტომ ყველამ უნდა იფიქროს და გადაწყვეტილება მიიღოს იმან, ვისაც ეს ხელეწიფება. ჩვენ კი, პროგრესისკენ მიმავალი ხიდები კი არ უნდა დავწვათ და ჩავანგრიოთ, არამედ ერთად  ვეძებოთ გამოსავალი ქვეყნის გადასარჩენად. ქვეყანა რომ გადასარჩენია, ეს ცხადზე უცხადესია. დღევანდელი ნეოლიბერალები და მათი პატარ-პატარა სეთურები, ცდილობენ თავიანთი ქმედებები შეფუთონ მშვიდობიანობის იარლიყებით, მაგრამ რევოლუციას არ გამორიცხავენ. იმაზე კი არავინ ფიქრობს, ეს „შინ!“ - ის გზის გვირაბი საითკენ მიდის და სად აღმოჩნდება ათეული წლების მერე. ერთი რამ ავიწყდებათ ჩვენს კეთილის „მსურველებს“. დიდი ილიასი არ იყოს, ჩვენი ხსნა ჩვენს იქით, მხოლოდ ტკბილი სიზმარიაო! მაშინ „ჩვენ“ სადა ვართ აქ თუ იქ „სხვამ“ გადაწყვიტა ჩვენი ბედისწერა, სხვამ მოგვახვია თავს თავისი უვარგისი ექსპერიმენტებით მოპოვებული შედეგები?! მე კი მგონია, ეს ყველაფერი სეთურის გვირაბია არსად მიმავალი და  ჩვენი ისტორიის აღმგველი პირისაგან მიწისა. დღეს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის ევროპაში, არ ცხოვრობს მხოლოდ წარსულით და არ ამაყობს მარტო მისი ისტორიით. ისინი ფიქრობენ, რა სასტარტო პოზიცია გააჩნიათ მათ მომავლის გზის გასაკვალად. ამ გზაზე კი უამრავი საფრთხე არსებობს და ამას ყველაფერს ითვალისწინებენ. ჩვენ კი, მხოლოდ ერთ გზას ვირჩევთ და ვფიქრობთ მის აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. იქნება სხვა გზაც არსებობს და დარწმუნებული ვარ ეს სხვა გზა არის აქ, ჩვენში, ჩვენს წალკოტ საქართველოში და აქ უნდა ავაღორძინოთ ეს ღვთითკურთხეული მიწა. თორემ ხომ ხედავთ, როგორ მომრავლდა ჩვენში უცხო თესლი და როგორ ცდილობს იგი შენი ხალხის ჩანაცვლებას. მათ ეტყობათ, ჩვენზე უკეთ იციან ამ ქვეყნის ღვთიური ბუნება და წმინდა ადგილი, რომელიც ქართველის დაღვრილი სისხლითაა გაჯერებული. „წმინდა ადგილი“ კი, მოგეხსენებათ, არასოდეს არ რჩება ცარიელი. აკი დიდი ილია გვმოძღვრავდა, - „თუ ჩვენ, ქართველები არ გავუფრთხილდებით ჩვენს მიწა-წყალსა, როგორც უპატრონო ეკლესიას ეშმაკები, ისე სხვები დაეპატრონებიან მას.“ ამაზე მეტი გაფრთხილება არც არსებობს, რომელიც ღირს დაფიქრებად! 

 

არ შეიძლება პოლარიზაციის აღმოფხვრაზეც არ ვიფიქროთ. ვფიქრობთ, ეს სენი უცხო თესლის მიერაა შემოგდებული. ცდილობენ ამ გზით ქართველთა ამოძირკვას ამ მიწიდან და მერე თავად დაპატრონებას. ალტერნატიული აზრის არსებობა დასაშვებია, მაგრამ ის არ უნდა იყოს ანტაგონისტური და მეორე მხარისთვის გამანადგურებელი. ამ კუთხითაც დიდმა ილიამ ისეთი საყოველთაო ფორმულა დაგვიტოვა, რომელიც შეიძლება ხსნის გზად მოგვევლინოს. ესაა „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად!“ როდესაც ასეთი წინასწარმეტყველური სიბრძნე გააჩნია ერს, მაშინ ის სხვაგან არ უნდა ეძებდეს ხსნის გზას  „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა!“

 

ჩემი მიზანი არამც და არამც ვიღაცის დამოძღვრა და აზრის შეცვლა არ არის. ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელშიც ყველა ჩვენგანი იმყოფება დღეს. მე ცვლილებების მომხრე ვარ, მაგრამ არა რადიკალურის და რევოლუციურის! დღეს, სამწუხაროდ, იმ ადამიანების „ძე შეცდომილები“-ს  შთამომავლები დგანან ბარიკადებზე, რომელთა მამები და პაპები იდგნენ გასული საუკუნეების 90-იან წლებში. მაგრამ მაშინდელ დგომას აზრი ჰქონდა, იმიტომ რომ  ბრძოლა მიმდინარეობდა თავისუფლებისთვის. დღეს კი, თავისუფლებამოპოვებული (ხშირად მეჩვენება, რომ ეს „მოჩვენებითი თავისუფლებაა“) ქვეყნის შთამომავლები ისევ დაუბრუნდნენ იმ ძველ გზას, მესამედი საუკუნით უკან გადაინაცვლეს და თითქმის შეუცვლელი ლოზუნგებით ცდილობენ ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ბევრი მათგანი ისე არ ფიქრობს, როგორც ლაპარაკობს, მაგრამ ეტყობათ, ვერ ღალატობენ „სეთურების“ მიერ შედგენილ დოქტრინებს და გამოსავალს რადიკალიზმსა და სახელისუფლებო გადატრიალებაში ხედავენ. ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა სრულიად არ ნიშნავს მათ მეხოტბეობას. მაგრამ ქუჩაში მოკალათებულ თითქმის ბრბოდ ქცეულ პერსონებს ერთი მთავარი რამ ავიწყდებათ. ხელისუფლებაში ყოფნა მრავალწახნაგოვან პრობლემებს წარმოშობს. ის არაა დამოკიდებული მისი და ხალხის ემპირიული ნება-სურვილის თაყვანისცემაზე, აქ უამრავი შიდა და გარე ფაქტორები მოქმედებს, რომელთა გაუთვალისწინებლობა შეიძლება კატასტროფის გამომწვევიც გახდეს! ამიტომ, მას უფრო ფართო არეალი გააჩნია სამოქმედოდ და საფიქრად, ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ იქ კომფორმიზმია და განცხრობა და ნაკლები პასუხისმგებლობა. 

 

არა ბატონებო, იქ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შეზღუდვების დიდი კასკადი. ყველა ქვეყანა, როდესაც დიდი რყევები იწყება უფსკრულის პირას გადის და საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა და ყველაფერი კატასტროფით დამთავრდება. ამიტომააა სწორედ საჭირო სიფრთხილე, მოთმინება და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ სიარული ქვეყნის გადასარჩენად. 

 

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა:

 

ჩემი მიზანი არ არის ჭკუის დარიგება. ჭკუა ყველას გააჩნია, ზოგს მიძინებული და ზოგსაც კიდევ გააქტიურებული. მაგრამ როდესაც საქვეყნო პრობლემების გადაწყვეტაზე მიდგება საქმე, მაშინ კოლექტიური ჭკუა ბევრი სიკეთის მომტანია, საჭიროა ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირება, მცირე შეცდომებით სიარული და წარსულისაკენ დაბრუნება კი არა,  მომავალზე სწორება. 

 

ყოველივე ამას, ვფიქრობ, ქართული გონი სრულად გაუმკლავდება და არაა საჭირო გაღმა ნაპირებიდან ინსტრუქციების მიღება და მერე ერისთვის თავს მოხვევა. ჩვენი ქვეყნის ხსნა ჩვენს ხელთაა და საჭიროა შრომა და ჯაფა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. კიდევ ერთი რამ, მთელმა ერმა უნდა მოინდომოს გამარჯვება. ცალ-ცალკე ჭირის სხვისკენ თვლა და ლხინის შენსკენ, ტაძრამდე ვერასოდეს ვერ მიგვიყვანს! 

 

მჯერა, ეს ჟამიც მალე დაუდგება საქართველოს. ისე, თუ გარედანაც დაგვეხმარებიან, მივესალმოთ, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც ჩვენს სულთან ახლოს იქნება და ქვეყანასაც ააშენებს. მაგრამ ხომ არ დადგა დრო, ვიფიქროთ უპირველესად „ბედნიერ მორიგებაზე?!”

 

მურმან კვარაცხელია,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი