Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
8-12-2012, 20:00
ნანახია: 1372

„ურწმუნო თომას“ ბაცილა თუ „ნაცების“ უაზრო პროტესტი

სახალხო დამცველის გარშემო საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი თითქმის დაცხრა - საქართველოს უკვე ახალი ომბუდსმენი ჰყავს. მართალია, უჩა ნანუაშვილი საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდა, მაგრამ „ნაციონალებმა“ მაინც ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მათი თავგამოდებული რუპორი ნუგზარ (იგივე „ბოცო“) წიკლაური  საკმაოდ „გენიალურ“ განცხადებას აკეთებს და წინასწარ გვაფრთხილებს, რომ ნანუაშვილი ქართველი ხალხის უფლებებს ვერ დაიცავს და იგი მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის (ალბათ უნდა ეთქვა კოალიციის) ინტერესების დამცველი იქნება. 

 

„ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს მოზალადეების მიმართ ბოდიშის მოხდას თხოვს, ეს ადამიანი ჩვენს ხალხს ვერ დაიცავს. ეს იქნება ერთი კონკრეტული პარტიის დამცველი და არა ხალხის წარმომადგენელი“, - აცხადებს ბატონი ნუგზარ(იგივე „ბოცო“) წიკლაური. 

 

სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საინტერესოა, ვის ინტერესებს იცავდნენ „ნაციონალური“ ხელისუფლების სახალხო დამცველები და თუ მაინც მოჩვენებითი პრინციპულობის წყალობით კონკრეტულ დანაშაულობებზე იყო ყურადღება გამახვილებული, რამდენად ახდენდა სათანადო რეაგირებას იგივე წიკლაურის ხელისუფლება?!

 

სახალხო დამცველის ინსტიტუტი დემოკრატიული სახელმწიფოს ატრიბუტია, მაგრამ როცა იგი მმართველი პარტიის მძევალი ხდება, ცხადია, ხალხის ინტერესებს ვერ დაიცავს. 

 

არც შევარდნაძის ეპოქაში, როცა ეს ინტიტუტი დამკვიდრდა და მით უმეტეს, არც „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში, სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილება არათუ სრულყოფილად, არამედ სანახევროდაც არ შეუსრულებია და მისი პარლამენტში წარდგენილი ტრადიციული სქელტანიანი მოხსენებები ყოველთვის რჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. 

 

ერთი სიტყვით, ომბუდსმენის საქმიანობა ძირითადად სტატისტის როლით შემოიფარგლებოდა და თუ  ხანდახან მაინც უდანაშაულო ადამიანების ბედს ცოტათი მაინც შეარბილებდა, ესეც დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა.

 

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სოზარ სუბარზე, როგორც „მებრძოლ“ სახალხო დამცველზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოზიტიური შეხედულება ჰქონდა, მაგრამ არსებითი ხასიათის გარღვევები არც მას გაუკეთებია. როგორც ხატოვნად ამბობენ ხოლმე, მაშინაც „ძაღლი ჰყეფდა და ქარავანი მიდიოდა“. 

 

ის, რომ ახლადარჩეულ ომბუდსმენს საკუთარი შეხედულებები აქვს 2008 წლის აგვისტოს ომზე, იმის დასამტკიცებლად ნამდვილად არ გამოდგება, რომ უჩა ნანუაშვილი ცუდი სახალხო დამცველი იქნება. სხვათა შორის, ექსპერტები მას ახასიათებენ, როგორც გამოცდილ უფლებადამცველს, რომელსაც არც პრინციპულობა აკლია და საკმარისი კონტაქტები აქვს უცხოეთშიც. 

 

თუმცა მარტო გამოცდილება და პრინციპულობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ახლადარჩეული ომბუდსმენი ხალხის ინტერესების ჭეშმარიტ დამცველად მოგვევლინოს. მართალია, მისი უმთავრესი ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვაა, მაგრამ მას ზურგს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაც უნდა უმაგრებდეს. აქედან გამომდინარე, მთავარი ის კი არ არის, ვინ ავიჩიეთ (რამდენად გამოცდილი და პრინციპული), არამედ ის, რამდენად სისხლხორცეული იქნება საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა დღევანდელი ხელისუფლებისთვის. სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გახდება ერთგვარი ტესტი, თუ რა გზით აპირებს სიარულს ახალი უმრავლესობა. 

 

სავსებით ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ყოფილ ომბუდსმენს ნანა დევდარიანს, რომ „ნაციონალებს“ ნანუაშვილისნაირი სახალხო დამცველი ხელს არ აძლევთ, რადგან ის ბოლომდე გამოააშკარავებს იმ დანაშაულობებს და სიბინძურეებს, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მმართველობის“ მთელი ცხრა წლის მანძილზე.

 

დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ამ ბოლო ხანებში ბევრ სხვა უკიდურესობებთან ერთად „ნაციონალებს“ „ურწმუნო თომას“ ბაცილაც შეეყარათ და მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ადამიანის უფლებების დამცველიც რომ აგვერჩია ომბუდსმენად, პროტესტის გრძნობა მის მიმართაც გაუჩნდებოდათ.

ისე, რომელი აჯობებს: „ნაციონალები“ განვკურნოთ მავნე ბაცილებისგან, თუ ისინი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, თავიანთი „გმირული“ წარსულიდან გამომდინარე, საერთოდ პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ?!

 

და კიდევ ერთი, რომლის უთქმელობაც არ შეიძლება: ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ თავდაპირველად თავისი პირობა დაარღვია, როცა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურები საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და არასამთავრობოებიდან წამოსულიყო, მერე კი საკუთარ ფავორიტზე (ნინა ხატისკაცი) შეაჩერა არჩევანი. თუმცა საბოლოოოდ შეცდომა გამოასწორა. და დღეს საქართველოს უჩა ნანუაშვილის სახით პროფესიონალი უფლებადამცველი ჰყავს. 

 

დასკვნა მარტივია: ახალმა მთავრობამ საკადრო რესურსების მოძიებისას „ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერის“ პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაშვებული შეცდომები ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეს!

 

ზაურ ნაჭყებია