Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (4)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
26-03-2013, 17:33
ნანახია: 1780

ვიდრე ჩვენი თავი ჩვენვე არ გვეყუდნის ანუ უარესი კატაკლიზმების მოლოდინში!

ამ რამდენიმე დღის წინ შემზარავი ფაქტი მოხდა საქართველოში. 1 წლის ხელვაჩაურელი გოგიტა აბაშიძე, როგორც საჯაროდ აცხადებენ, შიმშილისგან გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ ტრაგედიას საზოგადოების მხრიდან ადექკვატური რეაქცია მოჰყვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველებს ჯერ კიდევ  ტკივილის განცდა შეგვრჩენია.

 

განსაკუთრებით მწვავე შეფასებები იღვრებოდა სოციალურ ქსელებში _ ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანი აღშფოთებას ვერ მალავდა და დამნაშავეებს ეძებდნენ: ზოგი მშობლებს ადანაშაულებდა უყურადღებობის გამო, ზოგი "ნაცმოძრაობას", რომ სოციალურად დაუცველთა კატეგორიის მინიჭება არასამართლიანად ხდებოდა, ზოგი სოციალურ აგენტს, რომელმაც თვალი დაიბრმავა და აბაშიძეების უკიდურესი გაჭირვება ვერ დაინახა, ზოგი კი დამნაშავეს საკუთარ თავში და მთლიანად საზოგადოებაში ხედავდა (რაც საფუძველს არ არის მოკლებული). გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ტრაგედიაში ახალი ხელისუფლება, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა. ერთი სიტყვით, ყველა თავისი გადასახედიდან ეძებდა დამნაშავეს.

 

ცხადია, ტრაგედია შემზარავია და იგი საზოგადოების აღშფოთებას ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ პრობლემა იმდენად ღრმა და მასშტაბურია, უფრო საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნანოტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, მსოფლიოში შიმშილისგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება და ეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება ე.წ. "ცივილიზებული" კაცობრიობის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილისგან დაუძლურებისა და აქედან გამომდინარე, ნაადრევად გარდაცვალების ფაქტები საქართველოშიც ბევრია, ამ ჩვილის არაბუნებრივმა სიკვდილმა საზოგადოება ააფორიაქა!..

 

დიახ, პრობლემა საკმაოდ ღრმა და მასშტაბურია-მეთქი. შორს რომ არ წავიდე, ოფიციალურ სტატისტიკას მოვიხმობ, საქართველოში მილიონ 600 ათასი ადამიანი სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოსაგან პოტენციურად განწირულები არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო პრობლემების ღრმად შესწავლაზე და მისი გლობალურად გამოსწორების გზებზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ გარკვეულ დამნაშავეთა გამოვლენაზე, რომელიც პრობლემას არსებითად ვერ გადაწყვეტს!

 

"ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს!"

 

ეს ლოზუნგი კომუნისტებს ეკუთვნით. სხვათაშორის, სისტემა, რომელიც მახინჯ იდეოლოგიაზე იყო აგებული, საკუთარ მოსახლეობას უნივერსალურ სოციალურ გარანტიებს აძლევდა. ვინც არ მუშაობდა, არა მარტო პურს  არ ჭამდა, არამედ ისჯებოდა კიდეც! ერთი სიტყვით, დასაქმების პრობლემა ქვეყანაში არ იდგა _ ვინც მუყაითი და შრომისმოყვარე იყო, პუსაც ხეირიანად ჭამდა და ადამიანისთვის აუცილებელ სხვა მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებდა.

 

გეგმიური, სოციალისტური ეკონომიკის უარყოფამ და საბაზრო პრინციპებზე გადასვლამ მთლიანად დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა და შოკში ჩააგდო საზოგადოება. სოფლად მოიშალა ტრადიციული კოლმეურნეობები და მეურნეობები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა იყო დასაქმებული. ნაცვლად იმისა, რომ ძველი "დრომოჭმული" სისტემა თანდათან გადაგვეყვანა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე კოოპერაციის ან სხვა საბაზრო ელემენტების ფორმით, უპატრონოდ დარჩენილ ტექნიკას და შენობა-ნაგებობებსაც დაერივნენ, აგურ-აგურ დაშალეს და გაანიავეს იგი. სოფლად გლეხმა დაკარგა მაორგანიზებელი ძალა, რომელიც მას ლუკმა-პურის შოვნაში ეხლარებოდა. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ქალაქშიც, სადაც სოციალისტურ რელსებზე მდგარი წარმოება-დაწესებულებები ჯართად აქციეს და მისი გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი ბანდიტების (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ხელში აღმოჩნდა. ცხადია, ეს მიზანმიმართული პოლიტიკა იყო, რომელიც ჩვენი უცხოელი "მეგობრების" ძალისხმევითა და ვაი-პატრიოტების (ჩვენივე სისხლი და ხორცის) მხარდაჭერით (დოყლაპიობით) განხორციელდა. მიზანი წინასწარ გათვლილ-გააზრებული იყო _ საქართველოში უნდა გაჩენილიყო უქონელთა (ღატაკთა) არმია, რომელიც სხვისი ხელის შემყურე იქნებოდა და ლუკმა-პურის სანაცვლოდ ყველაფერზე თვალს დახუჭავდა. როგორც ვხედავთ, მიზანი მიღწეულია. ვინც ალღო  აუღო ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს და მამა-მარჩენლებს შეეკრა, თავს მშვენივრად გრძნობს ამ გაღატაკებულ თანამოძმეთა შორის, ხოლო ვინც ბედს მიენდო და "კეთილი ძიების" მოლოდინში დარჩა, სიღატაკის ზღვარს მიღმა უხდება ცხოვრება.

 

 სამწუხაროდ, რაც დრო გადის, უქონელთა მაშტაბები სულ უფრო და უფრო იზრდება. საქმე იმაშია, რომ ოცდაორი წლის მანძილზე არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონდა სიღარიბის დაძლევის რეალური პროგრამა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნაზე და უმუშევართა არმიის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული. სამწუხაროდ, ასეთი პროგრამა ჯერჯერობით არც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში საჯარო განხილვისთვის საზოგადოებისთვის არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, მასმედიის საშუალებებში და სოციალურ ქსელებში უმანკო ჩვილის გარდაცვალების გამო ატეხილი ისტერია და დამნაშავეთა ძებნა უფრო ორთქლის გამოშვების (გულის მოოხების) შთაბეჭდილებას ტოვებს და არაფერი აქვს საერთო პრობლემის გადაწყვეტის რეალურ წანამძღვრებთან. სად არის გამოსავალი?

 

"ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერე!"

 

ეს სიტყვები მეტნაკლებად რეალურად ასახავს ნებისმიერი ხელისუფლების დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახიც არ არის, ან საკმაოდ სუსტია, ნებისმიერი ახალი ხელისუფლება წიონასაარჩევნო რიტორიკას და "ზღაპრულ"  დაპირებებს ხელში ძალაუფლების აღებისთანავე ივიწყებს და საკუთარი "სარაიას" აშენებას  იწყებს. ზოგი იმდენხანს უნდება საკუთარის აშენებას, რომ სხვები (საკუთარი მოქალაქეები) საერთოდ ავიწყდება, ან მოჩვენებით მზრუნველობით ცდილობს ფონს გასვლას და "ხალხისთვის დამაშვრალი ხელისუფლების" იმიჯის შექმნას.

 

სკამი ისეთი ოხერია, როგორც კი მოირგებ, ყველა ვალდებულებას გავიწყებს (ყოველშემთხვევაში ქართულ სინამდვილეში ასე ჩანს) და მაქსიმალური მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭად გაქეზებს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ბევრი (თუ უმრავლესობა არა) პოლიტიკაში სწორედ ფულის საშოვნელად და თავისი ამქვეყნიური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მიდის. აქედან გამომდინარე, გვერდზე რჩება საზოგადოების ინტერესები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანზე აისახება ხოლმე. რა არის იმისთვის საჭირო, რომ ჩვენს მიერ არჩეულმა, ან სხვების მიერ თავსმოხვეულმა ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს და სახელმწიფოს აღმშენებლობაზე იფიქროს? არც მეტი, არც ნაკლები _ აუცილებელია მონური ფსიქოლოგიიდან განთავისუფლება და სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირპროპორციულია! 

 

ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი არსებობს. ეს რომ ყოფილიყო ქვეყანა ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა. არც პოლიტიკოსები (რომლებიც ხელისუფლებაში მოკალათებულან) ასეთი მონდომებით არ შეუდგებოდნენ საკუთარი "სარაიას" მშენებლობას და უპირველესად ჩვენ ქოხებს მაინც აგვიშენებდნენ. ყველა უბედურების სათავე იმაშია, რომ ქვეყანაში ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის ბერკეტი არ არსებობს. ხელისუფლება და საზოგადოება არა პარტნიორები, არამედ, ურთიერთდაპირისპირებული ძალები არიან, რომელთაგან ერთი (ხალხი) სულ უკმაყოფილიოა, მაგრამ, საკუთარ ბედს ურიგდება, ხოლო, მეორე (ხელისუფლება) სულ იმას ცდილობს, როგორმე თავისი გაისწოროს და მათი "პატრონების" ინტერესები განახორციელოს. ყოველ შემთხვევაში ადრე ასე იყო! 

 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახით უიშვიათეს გამონაკლისთან გვაქვს საქმე, რომელიც პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არ მოსულა. თუმცა, მარტო ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ  ქვეყანა ფეხზე დადგეს და ყველამ საკუთარი ინტელექტუალური თუ ფიზიკური რესურსების რეალიზაცია მოახდინოს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ! თუ სახელმწიფოს მართვაში არ იქნება საზოგადოების აქტიური ნაწილის ჩართულობა, თუ საკადრო რესურსების შერჩევა ისევ პარტიული კუთვნილებითა და ნაცნობ- მეგობრობით გაგრძელდება, დამაიმედებელ პერსპექტივას არ უნდა ველოდოთ!

 

არჩევნებამდე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ ის მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელისუფლებიდან თვითონაც  იქ გადაინაცვლებდა. 

 

სამწუხაროდ ამის სიმპტომები ჯერჯერობით არ ჩანს _ საზოგადოების აქტიური (ინტელექტუალური) ნაწილი ისევ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა!

 

ამ რამდენიმე თვის წინ, ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი: აუცილებელია შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზი", რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს გარეთ დარჩენილ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გააერთიანებს და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა იქნება. იმასაც ვწერდი, რომ კარგი იქნება, თუ ბატონი ბიძინა თავის წინასაარჩევნო დაპირებას  გაიხსენებს და ამ იდეის ხორცშესხმაში დაგვეხმარება-მეთქი. კიდევ ერთს დავამატებ: თუ იგი  ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორში გადასვლას მართლა აპირებს, "საზოგადოებრივი დარბაზის" გაძლიერების შემთხვევაში უფრო ადვილად შეძლებს ოპონირება გაუწიოს მისივე ხელდასხმით შექმნილ მთავრობას.

 

ვიდრე ინიციატივა ივანიშვილისგან წამოვა, იქნებ ჩვენ გვეცადა გადაგვედგა პირველი ნაბიჯები და ამით უფრო მეტად მივიქცევდით მათ ყურადღებას და შემხვედრ ნაბიჯსაც გადავადგმევინებდით.

 

"საზოგადოებრივი დარბაზი" ხელს შეუწყობს არა მარტო ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერებას, არამედ თვით ხელისუფლებას შესთავაზებს სახელმწიფოსთვის მნიშნელოვან წინადადებებს (პრიექტებს) და "ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით ღირსეულ ოპონირებასაც გაუწევს მას!

 

ერთი რამ უდავოა: თუ ხელისუფლება ეცდება ხელი შეუშალოს ძლიერი არასამთავრობო ინსტიტუტის ფორმირებას, ეს იმის დასტური იქნება, რომ მას არ სურს საზოგადოების კონტროლი საკუთარ საქმიანობაზე და მათი წინამორბედების მიერ გაკვალული გზით სიარულს აპირებს!

 

ასე რომ, პრობლემა სოციალური აგენტების უსულგულობაში, ან თუნდაც სოციალურად დაუცველთა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში კი არ არის, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში, სამუშაო ადგილების (განსაკუთრებით სოფლად) შექმნაში და რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გაერთიანებაში, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი ძალაუფლებით ტკბობის საშუალებას არ მისცემს!

 

ვაცნობიერებთ თუ არა საკუთარ დანაშაულს?!

 

სავსებით ვეთანხმები ბ-ნ დემურ გიორხელიძეს, რომ ყველა უბედურების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. 

აქედან გამომდინარე, ყველამ ერთად უნდა გავინაწილოთ პასუხისმგებლობა იმ უმანკო ჩვილის შიმშილით გარდაცვალებაზეც. თუმცა, როგორც ჩანს, წინ თურმე დიდი კატასტროფა გველოდება _ მხედველობაში მაქვს გაეროს მონაცემები, რომ თურმე მილიონ 600 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, აქედან 79 000 ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ხვალ-ზეგ უფრო მასშტაბური უბედურების მომსწრენი გავხდეთ!

მე სავსებით ვეთანხმები სოციალურ ქსელებში დაფიქსირებულ შეფასებებს, რომ ჩვენ, ადამიანები საკმაოდ გულგრილები გავხდით, მოყვასის სიყვარულის, თანაგრძნობისა და თანალმობის  უნარი დავრგეთ, ანუ ღმერთს დავშორდით. ვეთანხმები იმაშიც, გულგრილობა რომ არა, ამ უმანკო ჩვილის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ როგორ გინდა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი (მილიონ 600 ათასი) ადამიანების იმედი გქონდეს! ერთი სიტყვით, ეს გლობალური პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა, ყოველ შემთხვევაში შერბილება მაინც, მხოლოდ და მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეიძლება. უპირველესად გაქვავებული გული უნდა გავალღოთ და ერთმანეთის საიყვარული ვისწავლოთ, ურომლისოდაც საზოგადოების არა მარტო სულიერ, არამედ ფიზიკურ გადარჩენაზეც საუბარი ზედმეტია. დიახ, როცა შენს მეზობელს, მეგობარს, ნათესავს შია, ლუკმა უნდა გაუყო და დააპურო, მაგრამ უფრო მეტად იმაში უნდა დაეხმარო, ფეხზე წამოდგეს და თვითონ იშოვოს თავისი სარჩო-საბადებელია. აი, სწორედ აქ გვჭირდება ხელისუფლების მტკიცე ნება, რომ მან თავის მოქალაქეებს არსებობისთვის საჭირო პირობები შეუქმნას. ამისთვის კი სოციალურ პროგრამებთან ერთად სამუშაო ადგილების შექმნაა აუცილებელი, რომელსაც ბიზნესის ხელშეწყობით და ადგილებზე რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით მივაღწევთ.

 

მე არ მჯერა ადამიანების მეყსეული ფერისცვალების, ანუ იმისი, რომ ჩვენ უცებ გულმოწყალე, მოსიყვარულე და ერთმანეთის ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი გავხდებით, მაგრამ კარსმომდგარმა კატაკლიზმებმა ცოტათი მაინც უნდა დაგვაფიქროს _ არავინ იცის, იგი ვის როდის მიუკაკუნებს.

 

რეზიუმე

 

გამოსავალი ყოველთვის არსებობს და იგი მხოლოდ ჩვენშია! უნდა შევძლოთ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და იმ ვალდებულებების გაცნობიერება, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ქვეყნისა და თანამოქალაქეების, უპირველესად უფლის წინაშე. უნდა დავიბრუნოთ წართმეული ღირსება, ურომლისოდაც საკუთარი მომავლის განჭვრეტაც შეუძლებელია. ღირსეული საზოგადოება კი ყოველთვის შეძლებს თვითონვე აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და თავისსავე სამსახურში ჩააყენოს და არა პირიქით!

 

ზაურ ნაჭყებია