ტრაგედია ავღანეთში და საქართველო ახალი ჯიჰადის მოლოდინში!

ტრაგედია ავღანეთში და საქართველო ახალი ჯიჰადის მოლოდინში!

როგორც მოსალოდნელი იყო, ავღანეთში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქართველი ჯარისკაცები დაიღუპნენ და დაიჭრნენ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. უფალმა სასუფეველში ამყოფოს მათი სულები.

 

სოციალურ ქსელებში და მედია-საშუალებებში სისტემატურად ვრცელდება ემოციური განცხადებები და კომენტარები (ცხადია სხვანაირად შეუძლებელია). კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი უღმერთოთა მიერ განწირული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრაგედია ამითაც არ დასრულდება! არც ჩიხიდან გამოსვლა იქნება იოლი _ ყოველთვის უნდა ეცადო ჩიხში არ შეხვიდე!

 

ბრალდება, რომ ბოლოდროინდელი ტრაგიკული მოვლენები სააკაშვილის ავღანეთში ვოიაჟებს და მის გააზრებულ პროვოკაციებს უკავშირდება, საფუძველს მოკლებული არ არის. სრულიად ვეთანხმები ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომ ვადაგასული პრეზიდენტის წინასწარ გათვლილი ქმედებები საქართველოს მოსახლეობაზე (ამომრჩეველზე) შურისძიებად უნდა შევაფასოთ! როგორც ვთქვი, შედეგები შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, აქედან გამომდინარე, ემოციები განზე უნდა გადავდოთ და ჩიხიდან გამოსვლის გზები უნდა მოიძებნოს!

 

შესაძლებელია თუ არა სამხედრო კონტიგენტის ავღანეთიდან საჩქაროდ გამოყვანა, რამ შეიძლება დააჩქაროს ეს პროცესი, რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს მარიონეტ და კაცთმოძულე ხელისუფლებას (იმ ხელისუფლებას ვგულისხმობ, ვინც თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიიღო) და რა შედეგს მოგვცემს აღნიშნული ვალდებულებების მყისიერი უარყოფა?!

 

ის, რომ საქართველო ბნელი ძალების კლანჭებშია მოქცეული, საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ ამ კლანჭებიდან თავის დაღწევა უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. აქედან გამომდინარე, ვერც დღევანდელ ხელისუფლებას მოვთხოვთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს და მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა იკისროს. ეს უკვე საერთო ეროვნული პრობლემაა და სამხედრო კონტიგენტის ავღანეთიდან გამოყვანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი მისხალ-მისხალ უნდა გაიზომოს და აიწონოს! ერთია თალიბების მუქარა, რომ ისინი ჯიჰადს მოუწყობენ "ქართველ ჯვაროსნებს" (რაც უკვე განახორციელეს) და საქართველოშიც ჩამოაღწევენ, მაგრამ, მეორეა, რა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა, თუ საქართველო უარს იტყვის ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე? (მკითხველი მიხვდება, რა ძალებისგან მომდინარე განსაცდელზე ვსაუბრობ). თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ ქართული კონტიგენტი ავღანეთს 2014 წელს დატოვებს, სანუგეშო არ არის _ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სისხლი და ხორცი, საქართველოს გენოფონდი თალიბებს საზარბაზნე ხორცად უნდა შევატოვოთ. საკმაოდ გამაღიზიანებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც, რომ ქართველი ჯარისკაცები თავიანთ მისიას ბოლომდე ვაჟკაცურად შეასრულებენ, 

თალიბების მიერ გავრცელებული ვიდეო-მიმართვა ფაბრიკაციაა და არაფერ კავშირშია გუშინდელ ტრაგედიასთან. ასეთ დროის იტყვიან ხოლმე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო! ზოგიერთი თალიბების გააქტიურების კვალს რუსეთში ეძებს და "ამტკიცებს", რომ საქართველოს სამხედრო კონტიგენტის ავღანეთიდან გამოსვლა სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის...

 

ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ, სააკაშვილის როლი ამ ტრაგედიაში რომ აშკარაა, ცხადია. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს თუნდაც მისი ბოლოდროინდელი ჩასვლა ავღანეთში და ღია პროვოკაცია ჯარისკაცებთან შეხვედრისას _ "რამდენი კაცი მოკალი?!, რომელიც "რუსთავი-2"-მა გამიზნულად, ყოველგვარი კორექტირების გარეშე გახადა საჯარო.

 

 

მტერი რომ გვყავს საკუთარ სახლში, გასეგებია, მაგრამ, ამ მტერს ხომ ჩვენვე მივეცით თავისი ბნელი ზრახვების (შურისძიების) სისრულეში მოყვანის საშუალება?! ამაში თავს ვერც დღევანდელი ხელისუფლება იმართლებს, რომელმაც დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაციის გზა აირჩია და ვადაგასული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ წამოიწყო, რაც მის ბოლოდროინდელ მავნებლობას მაინც შეაჩერებდა! თუმცა, მოწოდების სიმაღლეზე არც საზოგადოება აღმოჩნდა _ მან არ აიძულა ახლადარჩეული ხელისუფლება ამ გზით წასულიყო.

 

სად არის გამოსავალი?!

 

უპირველესად, ხელისუფლებამ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რა დამატებით სირთულეს წარმოქმნის ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის საჩქარო წესით გამოყვანის პროცედურა. უნდა გაიმართოს კონსულტაციები სამხედრო ექსპერტთა და პოლიტოლოგთა მონაწილეობით, შეჯერდეს ყველა საკვანძო საკითხი და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება. თავის მხრივ, საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს თავისი მტკიცე ნება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას (უპირველესად აშშ-ს) აღებული ვალდებულებების კორექტირების (ქართული კონტიგენტის ავღანეთიდან ვადაზე ადრე გამოსვლის) აუცილებლობის წინაშე დააყენებს.

 

აქსიომაა, რომ, როცა არჩევანია ცუდსა და უარესს შორის კეთდება, ცუდზე უნდა შევჩერდეთ. რაც მთავარია, უნდა ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც რაღაცის ფასად არსებითის (სახელმწიფოს ინტერესების) დათმობის საშუალებას არ მოგვცემს. დღეს დიდი განსაცდელის წინაშე დადგა საქართველო _ უპირველესად, ეს არის ერის სულიერი სიმტკიცის გამოცდა. გამოიღვიძე ერო, რისი დათმობაც არ შეიძლება, არ უნდა დავთმოთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: