ივანიშვილის მორიგი ოინები თუ ბრძოლის ველიდან გაქცევა?!

ივანიშვილის მორიგი ოინები თუ ბრძოლის ველიდან გაქცევა?!

როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ უახლოეს პერიოდში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. პრემიერმა უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად დააფიქსირა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლას აპირებს.

 

ივანიშვილისთვის ასეთი განცხადება პირველი არ არის _ ის ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას გვარწმუნებდა, რომ პოლიტიკაში (ხელისუფლებაში) დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავისი სურვილი უფრო დააკონკრეტა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში დარჩებოდა მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა, ანუ, როცა სიტუაციას დაალაგებდა!..

 

ისმება კითხვა: რატომ დასჭირდა ივანიშვილს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი მკვეთრი განცხადების გაკეთება და რა მიზანს ემსახურება იგი? „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პერიოდს თუ გავაანალიზებთ, კოალიციის ლიდერს ამის თქმის საფუძველი ჯერჯერობით არა აქვს _ ქვეყანაში სიტუაცია არა თუ დალაგებულია, არამედ, ფეთქებადსაშიშ ზღვარს უახლოვდება. განსაკუთრებით სამეგრელოში აღმოჩენილი სამხედრო არსენალის და ამაზრზენი ვიდეოკადრების გასაჯაროების შემდეგ. დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს პოლიტიკური ბალანსის არარსებობაც _ დამნაშავე რეჟიმი ოპოზიციურ ნიშას ერთპიროვნულად იკავებს, რაც საგანგაშოა, ხოლო, ხელოვნურად შეკოწიწებული მმართველი კოალიცია იმდენად მყიფეა, არავინ იცის, მარტივ მამრავლებად როდის დაიშლება იგი (უკვე ამის სიმპტომები სახეზეა), რაც სახელმწიფოს ინტერესებში არ ჯდება. კუს ნაბიჯებით მიდის სამართლიანობის აღდგენის პროცესიც _ თუ მხედველობაში არ მივიღებთ ორ დატუსაღებულ ძალოვან მინისტრს, „ნაცბანდა“-ს თავი ისევ ამაყად უჭირავს და ხელისუფლებას თავის მართლების რეჟიმში ამყოფებს. ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა სასამართლოს რეფორმირების შანსი, რაც „ნაციონალ მოსამართლეებს“ საშუალებას აძლევთ სასამართლოს „დამოუკიდებლობა“ ისევ ძველი რეჟიმის, „ნაციონალების“ ინტერესებს მოარგონ... ამასთან, ჯერჯერობით არ ჩანს, სახელისუფლო რეფორმის კონტურები და ქვეყანა ფაქტიურად „ნაციონალური“ რეჟიმის მიერ ჩამოყალიბებული სისტემით იმართება. თითქმის ანალოგიურია საკადრო რესურსების შერჩევის კრიტერიუმიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ სიტუაციის დალაგებამდე საკმაოდ შორია და ივანიშვილს ხელისუფლებიდან (პოლიტიკიდან) წასვლის მორალური უფლება არა აქვს!

 

ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ხაზგასმით ვწერდი, რომ ქართველმა მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებით სასწორზე დადო თავისი კაპიტალი და წვეთ-წვეთად ნაგროვები სწორუპოვარი ქველმოქმედის იმიჯი. იმასაც ვამბობდი, რომ ადვილად შესაძლებელი იყო ივანიშვილი დილემის წინაშე დამდგარიყო _ კაპიტალის (საკუთარი სიცოცხლის) შენარჩუნება თუ სახელმწიფოს ინტერესებისთვის თავგანწირვა. არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრი ამ დილემის წინაშე უკვე დადგა _ ეტყობა, გარეშე ძალებმა ყვითელი აუნთეს და არჩევანის წინაშე დააყენეს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ განცხადება პოლიტიკიდან ნაადრევად წასვლაზე ივანიშვილის მორიგი ოინია და იგი საზოგადოების და თავისი თანაგუნდელების ტესტირებისთვის დასჭირდა. ღმერთმა ქნას, ამ უკანასკნელთან გვქონდეს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ქაოსი და კიდევ ერთი უბედურება არ ასცდება! 

 

ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში საკმაოდ მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. ყველა, ვისაც არ ეზარება, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და საკუთარი სამრეკლოდან „რეკავს“. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კომენტარები ძირითადად ემოციაზეა აგებული, რაც ზემოხსენებული ინტერვიუს ქვეტექსტების „წაკითხვის“ და მოვლენის ობიექტურად შეფასების საშუალებას არ იძლევა. 

 

პრემიერი აფასებს რა „ნაციონალური“ რეჟიმის მოქმედებას ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის მანძილზე აღიარებს, რომ დასავლეთს საკმარისი ინფორმაცია არა აქვს წინამორბედი რეჟიმის მავნებლობაზე, რაც იმის ბრალია, რომ მათგან განსხვავებით, ახალმა ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ აამოქმედა ლობისტური მანქანა. თუმცა, მისი თქმით, ახალი უმრავლესობის პოზიცია გადასულია „ეკონომიკაზე და სახელმწიფოზე და არა იმაზე, როგორ დავარწმუნოთ ამერიკა“. ჟურნალისტის კითხვაზე, „სამართლიანობას თუ ყველაფერზე მაღლა დააყენებ, დემოკრატია დაზარალდება“, საკმაოდ დამაფიქრებელია ივანიშვილის პასუხი: „თუ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რასაც ხალხი მოითხოვს, ამას დასასრული არ ექნება!“ თუმცა, პრემიერი არ აკონკრეტებს, რას ითხოვს ხალხი და რისი გაკეთება არ შეიძლება, რაც თავისთავად კითხვის ნიშანს წარმოშობს. იგი არწმუნებს ჟურნალისტს, რომ ოპოზიციის (იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა“) განადგურებას არავინ აპირებს, მაგრამ, არაფერს ამბობს იმაზე, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ოპოზიციაში ყოფნა დაუშვებელია. კატეგორიულად მიუღებელია მისი განცხადება, რომ არსებობს თადარიგი სახელისუფლო კოალიციაში და ადვილად შესაძლებელია, ოპოზიცია კოალიციაში შემავალი პარტიებიდან გამოიჩეკოს!

 

არა, ბატონო ბიძინა, ხელოვნურად შექმნილი კოალიციიდან, ხელოვნური ოპოზიციის შექმნა არათუ შეცდომა, არამედ დანაშაული იქნება! მითუმეტეს, მაშინ, როცა არსებობს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია, რომელიც თითქმის არაფრით განსხვავდება პარლამენტში არსებული პარტიებისგან, მაგრამ მათგან რაღაც ღირებულის ამოქექვა შეიძლება. თუ თქვენ მომავალ ოპოზიციად „რესპუბლიკელებს“ და კიდევ ერთ პარტიას (რომლის დასახელებისგან ამჯერად თავს შევიკავებ) გულისხმობთ, ისინი საკუთარი ქვეყნის (საზოგადოების) ოპოზიციად უკვე ჩამოყალიბებული არიან და მეტი არაა ჩემი მტერი, საქართველოს გაძლიერებაზე და საზოგადოების დაკვეთაზე იფიქრონ. ვიცით ჩვენ, რა ნესტრით არიან ისინი „ნაჩხვლეტნი“. მათი კოალიციაში გაერთიანება უდიდესი შეცდომა იყო და მათი ხელოვნური გაოპოზიციონერება უფრო დიდი შეცდომა იქნება. მითუმეტეს, თქვენი წასვლის შემდეგ ისინი სადავეებს მთლიანად ჩაიგდებენ ხელში და თქვენს საკუთარ პარტიას _ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ (საინტერესოა, რატომ არ ზრუნავთ პარტიის გაძლიერებაზე) „ქართულ ოცნებას“ კუთხეში მიაყენებენ. აქედან გამომდინარე, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაშია, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოითხოვს!

 

ვერ დაგეთანხმებით იმაშიც, რომ კარგი გუნდი გყავთ, კარგ პრეზიდენტს აირჩევთ, კარგი სპიკერი გყავთ (უსუფაშვილი ნამდვილად კარგი სპიკერია, მაგრამ...) თქვენს ადგილზე კარგ პრემიერს დატოვებთ და ქვეყანაც აშენდება! არა, ამ დაპირების ნამდვილად არ გვჯერა _ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრით და სამთავრობო გუნდით (მითუმეტეს, თქვენს გარეშე) ვერც ქართულ ოცნებას ავიხდენთ და საქართველოს სრულ ქაოსში მოვაქცევთ _ არ გამოვრიცხავ, ჩვენი უსუსურობით ჯერ კიდევ მფეთქავ „ნაციონალებთან“ ფარული კავშირი შეიკრას და ქვეყანა ისევ ძველ ჯოჯოხეთს დაუბრუნდეს. არც იმას დაგიჯერებთ, რომ თქვენ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებაში დარჩებით და საზოგადოებას დაეხმარებით, აკონტროლოს ხელისუფლება. ვერ დაგიჯერებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წინასაარჩევნო დანაპირები არ შეასრულეთ და ერთი აგურიც არ დადეთ სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად _ გრანტიჭამია ენჯეოები და სულგაყიდული ქართული მედია (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) სამოქალაქო საზოგადოება არ არის. რაც შეეხება კიდევ ერთ სეგმენტს _ პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებს, თქვენ საერთოდ დაასაჭურისეთ ისინი და როგორ დაგიჯეროთ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სახელისუფლო კონტროლის ყველაზე მოქნილ ინსტრუმენტს _ სამოქალაქო საზოგადოებას სათავეში ჩაუდგებით და ააყვავებთ?!

 

ერთადერთი დამაიმედებელი თქვენი ის სიტყვებია, სადაც გვპირდებით, რომ სამივე შტოს (პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა) დემოკრატები, სუფთა ადამიანები ჩაუდგებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არც თქვენ გამორიცხავთ. გვერწმუნეთ, ერთადერთი გამოსავალი თქვენი პოლიტიკიდან ნაადრევად წასვლის შემთხვევაში, სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება! იმაზეც იფიქრეთ, როგორმე აუძულოთ სააკაშვილი ვადაზე ადრე გადადგეს პრეზიდენტის თანამდებობიდან, რომ არ ამოქმედდეს „ნაციონალური“ რეჟიმის მიერ მიღებული, სააკაშვილისთვის მორგებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის, როგორც ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები საგრძნობლად იზღუდება და მთელი დატვირთვა პარლამენტის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრზე გადადის, რაც თქვენი ხელისუფლებიდან ნაადრევად წასვლის შემთხვევაში სერიოზული პრობლემების წინაშე დაგვაყენებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ ამოქმედდეს ზემოთხსენებული საკონსტიტუციო ნორმა და ქვეყანას ჰყავდეს არჩეული სახელმწიფოს მეთაური. ამ შემთხვევაში მნიშნელობა არა აქვს იმას, ვინ იქნება იგი _ საზოგადოება საკუთარ არჩევანს თვითონვე გააკეთებს! 

 

გეთანხმებით იმაში, რომ ქვეყანა მარტო ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები არ არის, _ ისინი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია და თავად საზოგადოება უნდა იყოს თქვენი _ ახალი ხელისუფლების _ მხარდამჭერი და ყველა სერიოზული სახელმწიფო გადაწყვეტილების ინიციატორი.

 

17 მაისს ერის და ბერის ერთად ყოფნამ შეაჩერა უზნეოთა ზეიმი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ერთსულოვნება (თუნდაც მასობრივი აქციებით გამოხატული) თქვენს ნაადრევ გადაწყვეტილებას გადაგაფიქრებინებთ.

 

ნურც იმის ილუზია გექნებათ, რომ წარსულში დაბრუნების (ქაოტური სიტუაციის შექმნის) შემთხვევაში ერი სათანადო იარლიყს არ მოგაკერებთ.

 

კიდევ გიმეორებთ: ამ სიტუაციაში ქვეყნის მიტოვება ბრძოლის ველიდან გაქცევას ნიშნავს და არც მეტი, არც ნაკლები _ ღალატის ტოლფასია. თქვენზეა დამოკიდებული, საით გადაიხრება სასწორის პინა და რა არჩევანს გააკეთებთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერს სხვა მოთხოვნები გაუჩნდა. დიახ, თქვენი ბოლოდროინდელი განცხადების მიმართ უმრავლესობის განწყობა მაფიქრებინებს, რომ დღეს საპროტესტო მუხტი მაღალია და საზოგადოებას ასე იოლად ვერ გააცურებთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: