იმპერიული რუსეთი, თუ ლგბტ-სკენ მიმავალი დასავლეთი?!

იმპერიული რუსეთი, თუ ლგბტ-სკენ მიმავალი დასავლეთი?!

სააგენტო "ივერიონი"–ს ხელმძღვანელი–ზაურ ნაჭყებია.

ყურადღებით წავიკითხე ნათია მეგრელიშვილის გამოხმაურება, რომელიც კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას „სენსაციურ“ განცხადებას მოჰყვა.

 

მე ახლა არ შევუდგები მეგრელიშვილის პოლემიკის დეტალურ განხილვას, არც შენგელაიას ადვოკატად გამოვდგები, მაგრამ, ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საშიშ ტენდენციებზე, რომელიც რუსეთს მხოლოდ ბარბაროსად და მსოფლიოში საქართველოს ყველაზე დაუშინებელ მტრად წარმოაჩენს!

 

მეტ-ნაკლებად ვიცნობ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას, ვაცნობიერებ ყველა იმ ნეგატიურ პროცესებს, რაც საქართველოს თავს დაატყდა რუსეთის იმპერიული ბუნებიდან გამომდინარე. თუმცა, არც იმის უარყოფა შეიძლება, თუ რა პოზიტიური როლი შეასრულა სწორედ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ფიზიკური გადარჩენისა და საუკუნოვანი მტრების ნეიტრალიზებაში.

 

ყოველ ერს თავისი ორიგინალური მისია აკისრია და იქცევა ისე, რის საშუალებასაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიცია აძლევს. რუსეთის შემთხვევაში ეს მისია იმპერიული ზრახვების სისრულეში მოყვანაა, რომლითაც გაჯერებულია ამ ზესახელმწიფოს ისტორია. აღნიშნულისგან არსებითად განსხვავდება საქართველოს ისტორია, რომელიც დასაბამიდან დღემდე სხვადასხვა გველეშაპის ხახაში იყო მოქცეული.

 

ორ საუკუნეზე მეტია გასული გიორგიევსკის ტრაქტატიდან და ჯერ კიდევ ვერ შევთანხმებულვართ იმაზე, რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა ერეკლე მეორემ და ჰქონდა თუ არა მას მაშინ სხვა გამოსავალი!

 

თუ ვაღიარებთ იმას, რომ უფლის ნების გარეშე ადამიანს თმის ღერიც შეიძლება არ ჩამოუვარდეს, მაშინ მითუმეტეს, სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ბედს უფალი განაგებს და სათანადო არჩევანსაც გაკეთებინებს _ აღნიშნული ტრაქტატით საქართველო არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ, საკუთარი იდენტობაც (ქრისტიანობა) შეინარჩუნა და ქვეყანა სრულ გამუსულმანებას გადაურჩა...

 

ანტირუსული ისტერია, რომელიც განსაკუთრებით „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამძაფრდა, არსებული რეალობის ობიექტურ აღქმაზე არ არის დაფუძნებული და საქართველოს ჩიხში შეყვანას ისახავს მიზნად, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია:

 

ვეთანხმები აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს, რომელიც სვამს რიტორიკულ კითხვას: თუ დღეს თურქებს და ირანელებს (სპარსელებს) შეიძლება „ჩავეხუტოთ“ და საქართველოს მიწებიც უყოყმანოდ დავუთმოთ, მაშინ, რატომ არ შეიძლება თანამშრომლობა რუსეთთან?

 

ისტორიულ მეზობლობას რომ თავი დავანებოთ, რუსეთს აღნიშნულ სახელმწიფოებზე მეტი ტრაგედია არ მოუტანია საქართველოსთვის!

 

თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი მოურჩენელი ტკივილია, მაგრამ, ნურც  იმ წინაპირობებს დავივიწყებთ, რაც თან ახლდა რუსეთის ბოლოდროინდელ აგრესიას საქართველოში.

 

გასული საუკუნის 80-იან წლებში სრულიად ახალგაზრდას მქონდა ბედნიერება მემუშავა აფხაზეთში ჟურნალისტად და ღრმად გავცნობოდი იქ არსებულ სიტუაციას _ ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როცა ვნებათაღელვა ახალი ჩამცხრალი გახლდათ და მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევდა. ხელისგულზე ჩანდა, რომ იქ მცხოვრები ქართველების უმეტესობა რაც შეიძლება მეტი ქონების დაგროვებით იყო დაკავებული და ეროვნული ინტერესები განზე რჩებოდა  (ხელოვნურად არსებულ პრობლემებს მხოლოდ სოხუმში აცნობიერებდნენ). ბევრი იმ დონეზეც დადიოდა, ხმამაღლა მეუბნებოდნენ: კარგი რა, ეს შენი ქართული სად გამომადგებაო! _ ბავშვები ძირითადად რუსულ სკოლებში დადიოდნენ, რომ რუსეთის ინსტიტუტებში უმაღლესში ჩარიცხვა უფრო ადვილად მოეკვარახჭინებინათ. ხშირი იყო გვარების გადაკეთების და აფხაზებად ჩაწერის შემთხვევებიც, რომ სამსახურებში დაწინაურების პრობლემები არ შექმნოდათ!

 

ერთი სიტყვით, ინტუიციით ვგრძნობდი, რომ დიდი ნაღმი იყო ჩადებული და არავინ იცოდა, როდის აფეთქდებოდა.

 

მართალია, ედუარდ შევარდნაძე რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევას კიტოვანს აბრალებს, მაგრამ, აშკარაა დეტონატორის ფუნქცია ჩვენ ჩვენივე უნიათობით შევასრულეთ და პროვოკაციაზე ადვილად წამოვეგეთ. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

 

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ შევარდნაძემ აფხაზეთი რუსეთს ძღვნად მიართვა, მაგრამ, სამწუხაროდ არავინ საუბრობს იმ წინაპირობებზე, რაც წინ უძღოდა რუსეთის აშკარა აგრესიას აფხაზეთში.

 

ცხადია, აგრესიის გამართლება არ შეიძლება, მაგრამ, არსებობს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ლოგიკა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო, მით უმეტეს, არსებობს ზესახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესები, რომელსაც ასე ადვილად არ დათმობს. თუ რატომ გაბრაზდა „თეთრი დათვი“, ეს ცალკე მსჯელობის თემაა და ისევ და ისევ სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება.

 

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სამაჩაბლოს (ყოფილი სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტზე, რომელიც ეროვნული (გამსახურდიას) ხელისუფლების ხელწერაა და ავტონომიური წარმონაქმნის გაუქმება  ემოციურ გადაწყვეტილებაზე იყო აგებული.

 

ასევე ცალკე განხილვის თემაა 2008 წლის აგვისტოს ყბადაღებული კონფლიქტი, რომელმაც წერტილი დაუსვა სამაჩაბლოს ტერიტორიის რუსეთის იურისდიქციაში მოქცევას. აქაც საქმე გვაქვს გააზრებულ თუ გაუაზრებელ რიტორიკასთან და ხელოვნურ პროვოკაციებთან, რომელსაც რეგიონის დარჩენილი ნაწილიც შეეწირა!

 

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლების მუდმივი წინასაარჩევნო დაპირება იყო, პრობლემა მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. ამ საქმეს ვერც საერთაშორისო  ორგანიზაციების რეზოლუციებმა და ვერც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების „ძალისხმევამ“ უშველა.

 

მართალია, არავინ დაობს იმაზე, რომ პრობლემის (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების) გასაღები რუსეთში დევს, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენას საჭიროდ არ მიიჩნევს _ თუ ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდი, უთუოდ „ჩამორჩენილობის“, ან „მოღალატის“ იარლიყს მოგაკერებენ !..

 

მიზეზს არ იკითხავთ? ჩვენი დღევანდელი სტრატეგიული პარტნიორები არ უნდა გავანაწყენოთ _ რუსეთი ბუაა, რომლის იმპერიული ამბიციები ცალსახად მიუღებელია ჩვენთვის, ხოლო, ევროპა და ამერიკა თავისი შორსგამიზნული მისწრაფებებითა და ჩვენთვის უჩვეულო ფასეულობებით უკრიტიკოდ მისაღები. არადა, თუ ობიექტურად შევაფასებთ, არც ისინი გვირიგებენ ფოჩიან კანფეტებს, პირი რომ გავიტკბარუნოთ... პირიქით, თუ ასე გაგრძელდა უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ!

 

სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი განწყობა დამკვიდრდა, თითქოს, ვინც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა,ან პუტინისთვის ხელი ჩამოურთმევია, არ უნდა გავაჭაჭანოთ ქართულ პოლიტიკაში, ხოლო, ვინც ლიბერალურ ღირებულებებს აღიარებს და დასავლეთის მხარდაჭერითაც სარგებლობს, მწვანე შუქი უნდა ავუნთოთ...

 

არა, არა და არა, ბატონებო და ქალბატონებო! ჩვენ ყველა პარტნიორთან (მითუმეტეს, მეზობელთან) ურთიერთობის დაბალანსების პოლიტიკა უნდა ავირჩიოთ.

 

თუმცა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის: დასავლეთთან კეკლუცობა თუ საკუთარი ისტორიული ფასეულობებისა და იდენტობის გადარჩენა?!

 

მე რუსეთთან (რა თქმა უნდა, სხვებთანაც) დაბალანსებული ურთიერთობების მომხრე ვარ. მართალია, ამ მიმართებით დღევანდელმა ხელისუფლებამ არსებითი ნაბიჯები ვერ გადადგა, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა...

 

არჩევანი ჩვენზეა!

 

P.S. რა თქმა უნდა, პოლემიკისა და ჯანსაღი დისკუსიის მომხრე ვარ, მაგრამ, თუ აკვიატებული ლოზუნგებით ჩემს „დამარცხებას“ დააპირებთ, მაინც არაფერი გამოვა - ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას და ჩვენც ანგარიში უნდა გავუწიოთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: