Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
10-04-2014, 17:04
ნანახია: 1108

ჩმორი და მშიშარა საზოგადოება!

„მეფე შიშველია“ _ საქართველოს შს მინისტრი ასაჯაროებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ხელისუფლების დამხობა იგეგმება. დასახელებულია კონკრეტული დამკვეთები და კონკრეტული შემსრულებლებიც!..

ცნობილი „ციხის კადრების“ გამპიარებელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი კი ახალ საიდუმლოებას ხდის ფარდას და გვაფრთხილებს, რომ „ნაცმოძრაობა“ და უკრაინული ფაშისტური დაჯგუფება „უნა უნსო“ ქართველი სპორტსმენებისგან ზონდერ ჯგუფებს ამზადებენ!

როგორც ჩანს, „ეფექტურად“ მუშაობენ ქართული სპეცსამსახურები და საზოგადოებას მოსალოდნელ საფრთხეზე ოპერატიულად საქმის კურსში აყენებენ - რადგან ვიცით, რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს ჩვენს თავს, მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, მაგრამ... სწორედ ამ მრავალწერტილის მიღმა იმალება ის ამაზრზენი რეალობა, რომელსაც ყოველდღე თვალებში ვუყურებთ, მაგრამ არ ვამჩნევთ!

აქსიომაა, რომ საქართველოს უბედურება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა კანონიერად არჩეული ხელისუფლება დავამხეთ - არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაგეგმა, ან საიდან დაიგეგმა ეს ბოროტება - ბარიკადის ორივე მხარეს ქართველები იდგნენ. სწორედ უცხოტომელთა წაქეზებით  და ვაი ქართველთა დაბინდული გონებით დაედო სათავე საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებათა სერიას, რომლის სიმპტომები დღესაც სახეზეა!

მართალია, ნოემბრის ე.წ. ხავერდოვანმა რევოლუციამ ფორმალურად უსისხლოდ ჩაიარა, მაგრამ მისი შედეგები გაცილებით დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოსთვის, ვიდრე 1991-1992 წლის სამხედრო გადატრიალება იყო! სიტყვა „დამანგრეველში“ „ნაციონალური“ ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაში დამკვიდრებულ ძალადობას და უკანონობის დაკანონებას ვგულისხმობ, თორემ ფასადური ცვლილებები აშკარად იყო და არც ამის უარყოფა შეიძლება.

დიახ, სააკაშვ

ილის ხელისუფლებამ შევარდნაძის დამყაყებული რეჟიმი გამოაცოცხლა, მაგრამ ყველაფერი იმდენად „ეფექტურად“ მოარგო საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდა!

ნებისმიერი დესპოტური რეჟიმი ძალადობაზე დგას და არც სააკაშვილის ხელისუფლება ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი, მაგრამ ამის მიზეზი არა „ნაციონალების“ მოძალადე ბუნებაში, არამედ, ჩვენი საზოგადოების უსუსურობაში უნდა ვეძიოთ - უდრტვინველად ვიტანდით ყოველგვარ უკანონობას (მათ შორის სულში ჩაფურთხებასაც კი) და ამას საზოგადოებაში გამეფებული შიშის სინდრომით ვამართლებდით... მშიშარა საზოგადოება კი ზუსტად ისეთი ხელისუფლების ღირსია, როგორიც ჩვენ გვყავდა. სამწუხაროდ, ჭკუა არც ახლა ვისწავლეთ და იგივე დილემის წინაშე ვაყენებთ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანასაც.

ჩვენ იმდენად აღტკინებული აღმოვჩნდით („ხბოს აღტაცების“ სინდრომი!) ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით, გვეგონა ყველა პრობლემა ერთდროულად გადაწყდებოდა, ყველა უბედურება წარსულში დარჩებოდა და ამქვეყნიურ სამოთხეში ვიცხოვრებდით. სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირებების შესრულება.

ივანიშვილი გავაფეტიშეთ, ლამის მესიის მისიაც დავაკისრეთ და ახლა, როცა იმედგაცრუებულნი დავრჩით, იხტიბარს მაინც არ ვიტეხთ!

ძალიან ცუდად მხვდება ყურს, როცა ჩემი ოპონენტები მთელი სიმძაფრით მიმტკიცებენ, რომ „მავრმა“ (ივანიშვილმა) თავისი საქმე გააკეთა - სააკაშვილი მოგვაშორა და მეტი რა უნდა გაეკეთებინა? ჯერ ერთი, სააკაშვილის აჩრდილი დღესაც ამაყად დადის საქართველოში, მეორეც, არავის არავინ არ მოუშორებია და ჩვენ მხოლოდ თავს ვიმშვიდებთ, მესამეც, რატომ ვცდილობთ ჩვენი მარადიული პრობლემები, რომელიც ჩვენივე ხასიათიდან იღებს სათავეს, მარტო ერთ კაცს ავკიდოთ (ვინც არ უნდა იყოს იგი) და გულხელდაკრეფილი ველოდოთ, როდის იქცევა სიკეთე ბოროტებად და როდის მოვახერხებთ შევხედოთ რეალობას თვალებში?!

ნაცვლად იმისა, რომ მუხლებზე დაჩოქილნი პატიებას ითხოვდნენ, „ნაციონალები“ ხელისუფლების დამხობით და ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრებიან - მტკიცება არ უნდა, ისინი ყველაფერზე  წამსვლელები არიან, რომ თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრი აისრულონ!

სხვათაშორის, „ნაციონალების“ ბოროტ განზრახვას არც ხელისუფლება მალავს, მაგრამ არ გვეუბნება, რა ბედი ეწევა ქვეყანას - შეასრულებენ თუ არა მუქარას „ნაციონალები“ და ამოგვხდიან თუ არა სულს ბოლომდე (ისე, ღირსნი კი ვართ!).

დავუშვათ, ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილია (ანუ შეთამხებული თამაშია) და ორივე მხრიდან („ნაცები“ და ხელისუფლება) ქვეყანა განწირულია ჯოჯოხეთში დასაბრუნებლად, რას აკეთებს მისი უდიდებულესობა ხალხი? ელემენტარული ღირსების მქონე ქვეყანაში ასეთი კითხვა არც უნდა დაისვას - ხელისუფლების გადატრიალებით გვემუქრება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა ჩვენს დასაჩმორებლად და ახლაც ხმას არ ვიღებთ - მარტო მკერდზე მჯიღის ცემით და სოციალურ ქსელში უწმაწური ეპითეტებით ვიფარგლებით. ეს არის და ეს! ვისი, ან რისი იმედი გვაქვს?!

რაც არ უნდა მწარედ მოსასმენი იყოს, სოსო ჯაჭვლიანის ამოძახილი: „ბარამიძე, შე ჩმორო“ - გადაუჭარბებლად შეიძლება მთელ საზოგადოებას მოვარგოთ და კიდევ დავუმატოთ: ჩმორო და მშიშარავ!

სხვანაირად როგორ უნდა გვეშინოდეს იმისი, ვისაც ჩვენი უნდა ეშინოდეს, როგორ უნდა ვიჯდეთ გულხელდაკრეფილი, როცა განსაცდელი კარზეა მომდგარი და ღმერთმა იცის, რითი გვემუქრება?!

და ბოლოს: ვისი ან რისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა ჩვენ საკუთარ თავს თვითონვე  ვასაჭურისებთ და ისევ მოლოდინის რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას?!

 

ზაურ ნაჭყებია