Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
22-04-2014, 11:52
ნანახია: 882

გაბრიელ გარსია მარკესს ყვითელი ვარდების ფონზე ეთხოვებიან

ლეგენდარულ კოლუმბიელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს გაბრიელ გარსია მარკესს მექსიკაში, ნატიფი ხელოვნების სასახლეში ეთხოვებიან. უკანასკნელ გზაზე ლიტერატორს მეუღლე მერსედეს ბარჩა, ვაჟები როდრიგო და გონსალო  და მისი შემოქმედების ათასობით თაყვანისმცემელი აცილებს.სამგლოვიარო ცერემონიას მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო და მისი კოლუმბიელი კოლეგა ხუან მანუელ სანტოსი ხელმძღვანელობენ. სასახლე მოფენილია ყვითელი ვარდების ფურცლებით - მარკესს ეს ყვავილი გამორჩეულად უყვარდა. შენობის წინ მდებარე მოედნიდან კი ცაში ათასობით ყვითელი ქაღალდის პეპელა გაუშვეს.
კოლუმბიაში მარკესის მშობლიური ქალაქის არაკატაკას მცხოვრებლები გამოთხოვების მხოლოდ სიმბოლურ პროცესიას მართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგან მწერლის გამოსათხოვარი ცერემონია, მისი სამშობლოს ნაცვლად, მექსიკაში გაიმართა. მოსაზრებები ლიტერატორის ფერფლის ორად გაყოფის თაობაზეც კი გამოითქვა, თუმცა, გარდაცვლილის ოჯახს ამ საკითხზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ უცნობია, სად დაკრძალავენ გაბრიელ გარსია მარკესის ფერფლს.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ გარსია მარკესი გასულ კვირას 87 წლის ასაკში მექსიკაში, საკუთარ რეზიდენციაში  გარდაიცვალა. მწერალი ორიოდე კვირის წინ მექსიკის ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერეს, სადაც ის ფილტვის ინფექციის გამო ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს გადიოდა.
ბოლოს საზოგადოების წინაშე მწერალი მარტის დასაწყისში გამოჩნდა, როცა ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან სასაუბროდ, საკუთარ დაბადების დღეზე სახლიდან გამოვიდა.
ლეგენდარული მწერლის გარდაცვალების გამო კოლუმბიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
მარკესმა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1982 წელს მიიღო. მისი გამორჩეული რომანებია "მარტოობის ასი წელი", "პოლკოვნიკს არავინ სწერს", "პატრიარქის შემოდგომა", "სიყვარული შავი ჭირის დროს" და "წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა".