რატომ მომენატრა რუსული ჩექმა?!

რატომ მომენატრა რუსული ჩექმა?!

კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ორიგინალური ინიციტივით გამოდის: ჩატარდეს რეფერენდუმი შემდეგი კითხვით: რუსეთთან სიახლოვე ურჩევნია საქართველოს მოსახლეობას, თუ ევროპასთან და ამერიკასთან?!
სხვათაშორის, ურიგო ინიციატივა ნამდვილად არ არის - ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ქვეყანაში არსებულ ისტერიას: მე რუსეთი მირჩევნია და არ მინდა შენი "გაპიდარასტებული" ევროპა, ან პირიქით, რუსეთი პირ წავარდნილი აგრესორია და საქართველოს გადაყლაპვას უპირებს!
მე პირადად, ყველას და ყველაფერს თავისუფალი, საკუთარ მომავალზე მოფიქრალი საქართველო მირჩევნია, მაგრამ...
ქართველმა ერმა საუკუნეთა მანძილზე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებლად არსებობა უჭირს! მითუმეტეს, ახალი დავითი და თამარი ჯერ არ დაბადებულა და იმჟამინდელი "ოქროს ხანა" მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად რჩება შთამომავლობას!..
დიახ, ჩვენ მრავალგზის დავამტკიცეთ, რომ ერთად ყოფნა გვიჭირს და საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ისევ ქართველები არიან!!!
 სამწუხაროდ, ერთად ყოფნის პრობლემა ყველაზე მეტად დღეს გამოიკვეთა _ გრანტებს და რბილ სავარძლებს გამოკიდებულები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე აუკანკალებლად აწერენ ხელს, ოღონდ, თავიანთი გაინაღდონ, ოღონდ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნან!..
პირველი გამოუსწორებელი ნაბიჯი მაშინ გადავდგით, როცა გამსახურდიას "დიქტატურა" დავამხეთ და გზა შურისძიებასა და ძალადობას დავუთმეთ. მაშინ გვეგონა, ოღონდ საქართველოს კურსი დასავლეთისკენ აეღო და ყველაფერი თავისით დალაგდებოდა!
თუმცა, რუსულ ჩექმასთან გამოთხოვება იმაზე გაცილებით ძვირი დაგვიჯდა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით - "ევროპული დემოკრატით"დაბანგულებმა ყველა უკეთურობაზე თვალები დავხუჭეთ - ნატო და ევროკავშირი პანაცეად ვაქციეთ და უკვე ორ ათეულ წელზე მეტია საკუთარ თავს ვატყუებთ. სამწუხაროდ, ვერავინ გვიხსნის, რა ჯადო აქვს ასეთი ბებერ და სულიერებისგან დაცლილ ევროპას, ან რა ჩიტს დავიჭერთ, თუ ნატოს კარს მივუახლოვდებით?!
მიუხედავად იმისა, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება კარგად  შეთხზული ზღაპარია (არ მითხრათ ახლა, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ევროკავშირში გაწევრიანების გარანტი იყოს) ჩვენ მაინც გაევროპელობის ილუზიით ვიკვებებით და ვინც ამას ობიექტური მიზეზების გამო არ ეთანხმება (ან არ იჯერებს), ლამის მოღალატედ გამოვაცხადოთ.
იმდენად მოახერხეს საზოგადოების ცნობიერების გამრუდება (ლამის რობოტად აქციეს საზოგადოება), რომ რეალობას თვალს ვერ ვერა და ვერ ვუსწორებთ! ვიცით, რომ ნატო დაკარგულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს, ვიცით, რომ დღევანდელი სახით წარმოდგენილ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები მიუღებელია (ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს) ისეთი მართლმადიდებელი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ მაინც პირზე ნატო და ევროკავშირი გვაკერია! უმრავლესობას რომ ჰკითხო, ინცესტის (სისხლის აღრევის), ერთსქესიანთა ქორწინების, ან მიკროჩიპის ორგანიზმში ჩადგმის მომხრე არ არის, მაგრამ ვერავის დაარწმუნებ, რომ ევროპისკენ ასეთი დაუოკებელი სწრაფვა შემდგომში ამ ვალდებულებებს წარმოშობს!..
თუ ადრე "კრემლის აგენტობა" საქართველოში ყველაზე სამარცხვინო ბრალდებად ითვლებოდა, დღეს რუსული ორიენტაციის დაფიქსირებაც კი დანაშაულის ტოლფასია! ჩვენ არ გვინდა რუსეთი, რადგან მან ტერიტორიები წაგვართვა (რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ, ვერც დაპირისპირება გვაძლევს უკეთეს შედეგს), ჩვენ არ გვინდა რუსეთი, რადგან ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც გლობალიზაციის ყველაზე დამანგრეველ შედეგებს უპირისპირდება, მაგრამ გვინდა მართლმადიდბლების მოძულე დასავლეთი, რომელმაც საკუთარი მახინჯი სახე კარგა ხანია გამოავლინა და ჩვენს იდენტობას სრული გაქრობით ემუქრება!
უკრაინის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთთან თამაში ნებისმიერ ქვეყანას ძვირად დაუჯდება! ისიც ნათელია, რომ ამერიკა და დასავლეთი რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად "ვენებს არ გადაიჭრის" და რუსეთს ომს არ გამოუცხადებს. რა მოიტანა კორუმპირებული ხელისუფლების შეცვლის მოტივით აბობოქრებულმა სისხლიანმა მაიდანმა და რას მოუტანს იგი ერთ დროს ძლიერ და რესურსებით მდიდარ ქვეყანას, ამას უახლოესი მოამავლი გვიჩვენებს. შედეგი იმდენად მძიმე და სავალალო იქნება, რომ  უკრაინის მარტივ მამრავლებად დაშლაში რუსეთის დადანაშაულება ქვეყანას კარგს არაფერს უქადის _ წართმევით კი ბევრს წაართმევს!..
ამ ბოლო ხანებში საქართველოში ხშირად საუბრობენ რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე. ამბობენ, რომ იგი პროვოკაციისთვის მიზეზებს ეძებს და სრული ანექსიით გვემუქრება. განსაკუთრებით აქტიურობენ "ნაციონალ-დაშნაკები" და მათი "კომპანიონები", რომლებიც იგივე წყაროებიდან იკვევებიან.
აშკარაა, რომ ქვეყანაში რაღაც მზადდება - გვინდა არ გვინდა, ასეთ ისტერიას ავისმომასწავებელი შედეგები მოსდევს ხოლმე. მთელი უბედურება იმაშია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც საკმაოდ მყიფეა და დიდი ალბათობაა, ძირი შიგნიდან გამოეთხაროს, არ ძალუძს წინ აღუდგეს მოსალოდნელ პროვოკაციებს.
ღმერთმა ნუ ქნას, უკრაინის სცენარი საქართველოშიც განმეორდეს და რუსეთს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების "ინტერესების დაცვა" დასჭირდეს, ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: სამოქალაქო დაპირისპირების შედეგი იმაზე გაცილებით ამაზრზენი იქნება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია!
თუმცა, რაღაც რომ უნდა მოხდეს, ამის ყველანაირი წინაპირობები სახეზეა - ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა არჩევანს გააკეთებს საზოგადოება _ გულხელდაკრეფილი დაელოდება და თვითონვე მოიმზადებს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს ("ნაციონალების"  მკვდრეთით აღდგომას ვგულისხმობ) თუ ნაცადი და შედარებით მცირე ბოროტებისკენ გადაიხრება...
თქვენი არ ვიცი და მე რუსეთის ჩექმა ძალიან მომენატრა!
საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: