სახალხო დამცველმა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა დევნილთა  უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში წარადგინა

   დღეს, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დევნილთა  უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიში წარადგინა.  შეხვედრაზე სიტყვით  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე გამოვიდა. მინისტრის განცხადებით,  სახალხო დამცველის ანგარიშში  გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები ობიექტურია და სამინისტრო მომავალ საქმიანობაში აუცილებლად გაითვალისწინებს.

   ანგარიშის თანახმად, "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"  საქართველოს ახლადმიღებული კანონი,  ბევრად უფრო ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან, ვიდრე მისი წინამორბედი. სახალხო დამცველი მიესალმება   დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლობას უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, რაც სამინისტროს მიერ კანონპროექტზე მომუშავე კომისიის შემქნით გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი , რომლებშიც გაერთიანებულია სახალხო დამცველი,  სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.     დადებითად არის შეფასებული დევნილთა რეგისტრაციის პროცესი.  ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა  დევნილების მიერ "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის" შექმნის პრობლემა. 

   რაც შეეხება დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილისათვის საცხოვრებელი  ფართის უქონლობა კვლავ უმთავრესი  პრობლემაა.  დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე სახელმწიფოს პრიორიტეტად  კვლავ მათი მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა რჩება.სახალხო დამცველმა სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

  "მე ვიცნობ ანგარიშს და მინდა აღვნიშნო, რომ  საკმაოდ დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ბოლო წელიწად-ნახევარში განხორციელებული პოლიტიკა.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტად  რჩება დევნილთა განსახლება. ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვიწყებთ უპრეცედენტოდ მაშტაბურ ღონისძიებებს ამ თვალსაზრისით და მე ვისურვებდი საერთაშორისო ორგანიზციების მხარდაჭერა იყოს უფრო მაღალი.  გამოვაცხადეთ ტენდერი სახელმწიფო შესყიდვაზე,  დევნილთათვის რვა  22-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, რომელიც ერთ თვეში დაიწყება თბილისში, კრწანისის დასახლებაში.  ერთდროულად 2100-მდე დევნილი ოჯახისათვის შეიქმნება საცხოვრებელი ფართები. განიხილება ასეთივე მასშტაბური მშენებლობების დაწყება ქუთაისში და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოებო ზუგდიდში და გორში. ასეთი მასშტაბის განსახლების ღონისძიებები განვილილი 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.  ანგარიშში ეკომიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ არის გარკვეული შენიშვნები  და  ამ რეკომენდაციებს ჩვენს მომავალ საქმიანობაში აუცილებლად გავითვალისწინებთ,"- განაცხადა დავით დარახველიძემ. 

   ანგარიშის წარდგენას გაეროს უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი  ჰაი შ ელოუ, ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონეზე,   სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი თორნიკე ცაგარეიშვილი, საერთაშორისო და ადგილობივი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=MBtDmoiraW8

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: