არქიმანდრიტი დოროთე: კანონმა უმცირესობის დაცვის ხარჯზე უმრავლესობის უფლებები არ უნდა შელახოს!

არქიმანდრიტი დოროთე: კანონმა უმცირესობის დაცვის ხარჯზე უმრავლესობის უფლებები არ უნდა შელახოს!

არქიმანდრიტმა დოროთემ (ყურაშვილი) ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ფრიად საინტერესო განმარტება გააკეთა. "ივერიონი" თემის აქტუალობიდან გამომდინარე მის ფეისბუქ-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ


სახელმწიფოს მიერ ახლახან შემუშავებული ანტიდისკრიმინაციული კანონი თავისი შინაარსიდან გამომდინარე საზოგადოებაში ქმნის გაუგებრობას. ამკვიდრებენ ტერმინებს, რომლებიც არც კონსტიტუციაშია მოხსენიებული, და არც კანონპროექტშია განმარტებული, რას გულისხმობენ ამა თუ იმ ტერმინში. კანონში არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება სიტყვა დისკრიმინაციაში და რა საზღვრებს მოიცავს იგი. თუ ამაში იგულისხმება ის, რაც კონსტიტუციაშია ნათქვამი, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისასა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, მაშინ ეს სრულიად მისაღებია საქართველოს ეკლესიისთვისაც. თუ ეს კანონი გულისხმობს იმას, რომ ყველა თავისუფალია თავის პირად ცხოვრებაში (ანუ პირადი ზნეობრივი ცხოვრება ისე განაგონ, როგორც თვითონ სურთ, მაგრამ სხვას ხელს არ უშლიდეს) ესეც მისაღებია ეკლესიისთვის, რადგან ეკლესია ძალდატანებით არავის უდგენს პირადი ცხოვრების წესს, ამ არჩევანში ყველა თავისუფალია. თუ ამ კანონში იგულისხმება, რომ განსხვავებული ცხოვრების წესის და  აზროვნების მქონე ადამიანი არ უნდა იდევნებოდეს, უმრავლესობა უმცირესობას არ უნდა ჩაგრავდეს და მათი უფლებები არ უნდა ირღვეოდეს და არავინ არავის ქვას არ ესროდეს, მაშინ ეს სრულიად მისაღებია ეკლესიისთვის, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის გმობდა და გმობს ძალადობას ნებისმიერი კუთხით, ხოლო თუ სიტყვა დისკრიმინაციაში უგულისხმება ეკლესიური აზროვნებისთვის მიუღებელი ცხოვრების გამართლება და დაკანონება, და თუ ამ კანონის მიხედვით ღვთისმსახურს დისკრიმინატორად გამოაცხადებენ, როცა ის ამა თუ იმ ცოდვაზე იტყვის, რომ ის ცოდვაა, თუ მორწმუნე საზოგადოებას შუღლის მთესველს უწოდებენ, როგორც ამას უკვე გვაბრალებენ ჭეშმარიტებას გადამტერებული ლიბერალები, იმის გამო, რომ მამათმავლობას მომაკვდინებელ ცოდვად ვთვლით, და ამ კანონის მიხედვით მართლმადიდებლური სწავლება ცოდვის ცოდვად წარმოჩენის გამო დისკრიმინაციულ სწავლებად აღმოჩნდება, მაშინ ეს კანონი სრულიად მიუღებელია არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არამედ ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ერისკაცისთვისაც კი. თუ ამ კანონის მიღებით ანომალიას ნორმად მიიღებენ, ავადმყოფობას ჯანმრთელობად ჩათვლიან და ამის აღიარებას ეკლესიას მოთხოვენ, მაშინ ეს იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაცია და  მოსპობის მცდელობა, რადგან მართლმადიდებლური სწავლება ქრება იქ, სადაც ცოდვას სიკეთეს უწოდებენ და ავადმყოფობას ჯანმრთელობას. პავლე მოციქული წერს: არა მარტო თვითონ ჩადიან ცოდვას, არამედ ცოდვის ჩამდენთაც უწონებენ ცოდვას (რომ.1,32). ცოდვის მოწონება და  ცოდვის პროპაგანდა პირადად ჩადენილ ცოდვაზე უფრო დიდი ცოდვაა. შეუძლებელია, ვინმე იწოდებოდეს მართლის მადიდებლად,  თუ ცოდვას გაამართლებს, ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და შეცდომას _ უცდომელობას.
რადგანაც საქართველოს სახელმწიფოს საქართველოს ეკლესიასთან დადებული აქვს ხელშეკრულება კონკორდატის სახით, ის ვალდებულია, არ მიიღოს ისეთი კანონი, რომელი კანონიც ეკლესიის უმთავრეს რჯულს (რომელიც არის ჭეშმარიტების განცხადება) ეწინააღმდეგება. დაუშვებელია, მართლმადიდებლურ ქვეყანაში მივიღოთ კანონი, რომელიც მართალს დაადუმებს და ტყუილს სიმართლედ მოგვაჩვენებს.
და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, როგორც ერის ფიზიკური არსებობის უმთავრესმა სუბიექტმა და ეკლესიამ, როგორც ერის სულიერი არსებობის უმთავრესმა ძალამ, ურთიერთშეთნხმებით უნდა მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მოქალაქის არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ ცხოვრებასაც ეხება.
თუ ამ კანონის მიღება პოლიტიკურად აუცილებელია, არა მგონია, პოლიტიკურად გამართლებული იყოს ერის სულიერად მომსპობი კანონის მიღება, და, თუ ეს კანონი აუცილებლად მისაღებია, აუცილებელია განიმარტოს, თუ რას გულისხმობს ესა თუ ის ტერმინი. განიმარტოს, რა უფლებას აძლევს უმცირესობას და რა უფლებას ართმევს უმრავლესობას, რადგანაც კანონმა უმცირესობის დაცვის ხარჯზე უმრავლესობის სამართლიანად კუთვნილი უფლებები არ უნდა შელახოს.
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი საზოგადოება მოახერხებს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ  ამ კანონპროექტს მიიღებს ისეთს, რომ ერი არ დაზიანდეს არც სულიერად და არც ხორციელად.
                                             არქ. დოროთე (ყურაშვილი)   


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: