Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
13-05-2014, 17:38
ნანახია: 1984

ზაურ ნაჭყებია: მძიმე განსაცდელი კარს მოგვადგა, იქნებ, ერი ამან მაინც გამოაფხიზლოს!

გვესაუბრება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონის“ მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია.

 

-  ბატონო ზაურ, თქვენს სტატიებში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საკმარისად შეეხეთ, მაგრამ ყველაფერი ისეთი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, რომ... თქვენი აზრით, მაინც საით მიდის საქართველო?

- გულთმისანი არ ვარ და აქედან გამომდინარე, კატეგორიულად ვერ დავამტკიცებ, საით მიდის საქართველო, მაგრამ მოვლენების ანალიზი გარკვეული პროგნოზების გაკეთების საშუალებას მაინც იძლევა. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ზოგადად ეპოქისთვისაა დამახასიათებელი... უბრალოდ, ჩვენ ჩვენი სატკივარი გვტკივა და იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან. ავადმყოფს რომ უმკურნალო, ჯერ დიაგნოზი უნდა დაუსვა. ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ერში ჩაბუდებულ მეტასტაზებზე, მაგრამ არ გვაინტერესებს, რა სახის მეტასტაზებია იგი. აქედან გამომდინარე, განკურნებაზე  საუბარი ზედმეტია...

რაც შეეხება თქვენი კითხვის ბოლო ნაწილს - საით მიდის საქართველო - რომ გიპასუხოთ, ბოლოდროინდელ მოვლენებს კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხასიათის ხელოვნურად გართულებულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის ცალ-ცალკე რგოლებია და საერთო მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს მიზანი ქართველი ერისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს!

-  ამ ბოლო დღეებში ხმამაღლა საუბრობენ ე.წ. „შეთქმულების თეორიაზე“. ამბობენ, რომ საქართველოში ხავერდოვანი გადატრიალება მზადდება - საუბარია ღარიბაშვილის ალასანიათი ჩანაცვლებაზე, რომელიც აბსოლუტურად შეცვლის პოლიტიკურ ძალთა განლაგებას ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე. ამბობენ იმასაც, რომ  სიტუაციის არევა 17 მაისს უნდა დაიწყოს!..

- არ ვიცი, რას ითვალისწინებს „შეთქმულების თეორია“, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ალი ნაპერწკლის გარეშე არ არსებობს... შეიძლება რაღაც გეგმა მოხაზულია კიდეც!

 მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ ყოველთვის სხვის თამაშს ვთამაშობთ და ეს სხვები ისე გვაბურთავებენ, როგორც მოეპრიანებათ... დღეს საქართველო მკაცრი გამოცდის წინაშე დგას: სახეზეა ღრმა უფსკრული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსა და ხელისუფლებას შორის. „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის პოლიტიკურ აღსასრულს ივანიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის არჩევნებამდე გვპირდებოდა, მუქარისა და კომპრომატების აფრიალების რეჟიმშია გადასული. მე წეღან სიტყვა „უფსკრული“ ვახსენე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო შეარყია დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტეტი. სწორედ ამ კანონის მიღება შეიძლება გახდეს 17 მაისს ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელზეც საქართველოს ტრაგიკული ისტორია დაიწერება!..

 არ მესმის ამ კანონის მიღება, ან საყდრისი-ყაჩაღიანის თემა რატომ შედის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში, თუნდაც კარს მომდგარი არჩევნების წინ?..

- რადგან არჩევნები ახსენეთ, მინდა გკითხოთ, გაფუჭებული რეპუტაციისა და შემცირებული რეიტინგის გათვალისწინებით რამდენად აქვს შანსი დღევანდელ ხელისუფლებას გაიმარჯვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და დაახლოებით რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“?!

-  კიდევ ვიმეორებ:ამ ბოლო ხანებში იმდენად დაეცა ხელისუფლების ავტორიტეტი, რომ წესით და კანონით ეს არჩევნების შედეგებზეც უნდა აისახოს. სხვათაშორის, წინასაარჩევნო გარემო იმდენად შეცვლილია, რომ თუ ხელისუფლებამ გაყალბებული სიებით მანიპულირება არ მოახდინა და სხვა ადმინისტრაციული ბერკეტები არ გამოიყენა, ერთპიროვნულად გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების განწყობა ასეთია.

 რაც შეეხება „ნაციონალებს“, მიუხედავად ჯერ კიდევ შერჩენილი ელექტორატისა, არა მგონია საპრეზიდენტო არჩევნების ადექვატური შედეგები მიიღონ. ის, რომ „ქართული ოდნება“ კარგავს ავტორიტეტს, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს „ნაციონალების“ ნოსტალგია გაუჩნდა. მართალია ისინი (ნაციონალები) შანტაჟისა და პროვოკაციის დიდოსტატები არიან, მაგრამ ამჯერად არა მგონია„ფეხი ჩაუვიდეთ“

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, მათ მიმართ საზოგადოებას ნდობა არა აქვს. ერთი სიტყვით, ამომრჩეველი დაბნეულია, რაც წინასაარჩევნო ყუთთან მის აქტიურობაზეც აისახება. შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესი ძალიან მცირეა, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტები და სასურველი შედეგიც დაიწეროს.

 არჩევნები რომ წინასწარ გაყალბებულია, ამას დამატებითი სიების „აღმოჩენაც“ ადასტურებს.

- ამ დღეებში ძალიან აქტუალური იყო მოსმენების თემა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე აგორდა და სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მიყურადების დემონსტრირებით გრძელდება...

- კომპრომატების ომი კარგა ხანია დაწყებულია საქართველოში და ამის მყარი ფუნდამენტი „ნაციონალებმა“ ჩაყარეს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ასე მგონია: მოსმენის პრაქტიკა დღესაც გრძელდება, თუმცა, არ ვიცი, ადრინდელივით  უვარდებიან თუ არა ადამიანებს საძინებელში.

რაც შეეხება აუდიო-კადრებს, რომელიც „რუსთავი-2“-მა „გამოფინა“, ძნელი სათქმელია - ვისი შემოქმედებაა ყოველივე ეს - თუმცა, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს - არსებითია ის სატელეფონო საუბრები, რომელიც ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების შეხმატკბილებულ ურთიერთობას ადასტურებს. სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასამართლოს სათანადო სანქციის გაცემის შემდეგ დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელდეს ფარული მოსმენები, მაგრამ, რაც ჩვენს პრაქტიკაში ხდება და რისი მოწმეც გახდა საზოგადოება, არანაირ სამართლებრივ და ზნეობრივ ჩარჩოში არ ჯდება.

მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მოსმენები შსს-დან დაკარგული პორტატული მოწყობილობებით არის ჩაწერილი და ამის უკან „ნაცმოძრაობა“ დგას, მაგრამ, თუ ეს არ დამტკიცდა და გამოძიება ბოლომდე არ მივიდა, დაბრალება-გადაბრალების პოლიტიკა საზოგადოებას არანაირ შვებას არ აძლევს - შეიძლება ნებისმიერ ადამიანს უსმენდნენ და ეს „კომპრომატები“ ყოველთვის იქნას გამოყენებული, პიროვნების დასათრგუნად.

თუ საქართველოში კომპრომატების და ფარული მოსმენების „ომი“ არ დამთავრდა, რა აზრი აქვს „ნაციონალების“ ასეთ ჩანაცვლებას?!

მიმაჩნია, რომ ეს მარტო წინასაარჩევნო ქულების ჩასაწერად არ კეთდება - ამის მიღმა სხვა პროვოკაციული ჩანაფიქრი იმალება, რომელსაც საზოგადოება მალე დაინახავს. მე არ გამოვრიცხავ, რომ დესტრუქციული ძალები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას!

არის თუ არა მზად ამის გასანეიტრალებლად ღარიბაშვილის მთავრობა, ნამდვილად არ ვიცი. მითუმეტეს, მას სერიოზული ოპონენტები (სიტყვა ოპონენტი რბილად ნათქვამია) თვით საკუთარ გუნდში ჰყავს ჩათესლილი, გადაცმული „ნაციონალების“ სახით, რომელთაც საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო ოდეოლოგიაც აერთიანებთ.

- ბევრი თვლის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მირღებით დღევანდელმა ხელისუფლებამ საზოგადოებაში ანტიოევროპული განწყობა გააღვივა და ამით რუსეთის საქმე გააკეთა... იმასაც ამბობენ, რომ ყველაფერი ისე შეიძლება აირიოს, რუსული კვალი არ გამოჩნდეს...

არ ვიცი, ვინ ვისი საქმე გააკეთა, მაგრამ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა რომ დაკარგა, ფაქტია. შემთხვევით არ უთქვამს პატრიარქს, რომ საქართველოს პარლამენტმა უკანონობა დააკანონა და ამ კანონს მართლმადიდებელი მრევლის არც ერთი წევრი არ მიიღებს. მეტი რა უნდა ეთქვა პატრიარქს - პირდაპირ მოეწოდებინა საზოგადოებისთვის ქუჩაში გამოდით და დაიცავით თქვენი უფლებებიო?

დარწმუნებული ვარ, ეს ისე იოლად არ ჩაივლის, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისს გეი-აღლუმს არ აანონსებენ, ეს დღე პროვოკაციის გარეშე ალბათ არ ჩაივლის. 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცის“ დღედ გამოცხადდა. ოჯახი მართლმადიდებლური გაგებით კაცისა და ქალის ერთობაა, რაც თავისთავად ლგბტ-ს მომხრეთა გაღიზიანებას იწვევს. რა მნშვნელობა აქვს, რა საბაბით გამოვა ქუჩაში 30-ათასიანი ლაშქარი... ასე რომ, მე პირადად პროვოკაციას არ გამოვრიცხავ. ვინ ისარგებლებს შემდგომ ამ პროვოკაციით და რით დასრულდება ყოველივე ეს, პროგნოზირება ძნელია...

თუმცა, ერთი ფრთიანი გამოთქმისა არ იყოს, დაუსრულებელ საშინელებას სჯობს საშინელი დასასრული - გამოსაშვები სისხლი უნდა გმოვიშვათ და ახლებური აზროვნება უნდა დავიწყოთ!

ახლებურ აზროვნებაში ცნობიერების მყისიერ მეტამორფოზას არ ვგულისხმობ - ყველაფერი ნულიდანაა დასაწყები და გზაც მერე გამოჩნდება! განსაცდელი რომ გველოდება ცხადია, მაგრამ ეს 17 მაისს იქნება თუ 17 ივნისს, მნიშვნელობა არა აქვს.

გავიხსენებ გაბრიელ ბერის (სალოსის) წინაწარმეტყველებას - იგი რუსთაველზე სისხლისღვრას წინასწარმეტყველებს და თავის სულიერ შვილებს ურჩევს - მოერიდონ რუსთაველის გამზირს. სხვათასორის, ამ გაფრთხილებაში წმინდანი რუსეთსაც ახსენებს...

არ მიყვარს სიტუაციის დრამატიზირება, მაგრამ... თუ უფალს სხვა გზას არ დავუტოვებთ, მძიმე განსაცდელი არ აგვცდება, რომ ამან მაინც გამოგვაფხიზლოს!

 

ესაუბრა ია ჯღარკავა