ვაჟა ბერიძე: „ლევან ვასაძის პოლიტიკური გააქტიურება საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაიყვანს!..“

ვაჟა ბერიძე: „ლევან ვასაძის პოლიტიკური გააქტიურება საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაიყვანს!..“

გვესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი ბ-ნი ვაჟა ბერიძე
- ბატონო ვაჟა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია ლევან ვასაძის ბოლოდროინდელმა მიმართვამ ხელისუფლებისადმი,  ბევრმა მისი აქტიურობა პოლიტიკაში ჩართვის მცდელობად აღიქვა. თქვენი აზრით, ეს მართლაც  აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის დემონსტრირებაა, თუ, უბრალოდ, ქართველი მოქალაქის ჭეშმარიტი გულისტკივილია?!
- ლევან ვასაძე უკვე დიდი ხანია აქტიურ პოლიტიკაშია, განსაკუთრებით მას  შემდეგ, რაც საზოგადოებაში გავრცელდა მისი ლექსი ,,ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ!“. 
ამ ლექსში ჩანს მისი მოქალაქეობრივი  თუ პოლიტიკური პოზიცია და პრინციპები, ხედვები და საქმიანობა.
ყველამ ვიცით, რომ ის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ჩვენს საზოგდოებრივ პოლიტიკაში აქტიურად ჩაება. მისი ასეთი მკვეთრი განცხადება ხელისუფლებისადმი, მე არც გამკვირვებია, რადგან მას შესანიშნავად შეუძლია მოვლენების განჭვრეტა.
ეს განცხადება ლოგიკურია იმ ჯაჭვში, რასაც ლევან ვასაძის ფენომენი ჰქვია. მიუხედავად მისი  კრიტიკისა, ის დღეს მაღალრეიტინგული ფიგურაა, რომელსაც ნებისმიერი არჩევნების მოგება შეუძლია!
- თქვენი პროგნოზიდან გამომდინარე, ხომ არ გეგმავს ლევან ვასაძე პოლიტიკური ალიანსის, ბლოკის ან კოალიციის ჩამოყალიბებას ახლა, როცა ქვეყანაში არსებული ვითარება ყველაზე მეტად შეიძლება ხელს აძლევდეს საამისოდ?
- მართალია, ის ამბობს, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმას არ აპირებს, მაგრამ ვასაძე უკვე  პოლიტიკაშია. აქედან გამომდინარე, შექმნის თუ არა ახალ პოლიტიკურ ძალას, მომავალი გვიჩვენებს. ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია. როგორც გითხარით, გამორიცხული არაფერია, რადგან არის მთელი რიგი პოლიტიკური ძალებისა, რომელთა პოლიტიჯურ და იდეურ მსოფლმხედველობას ლევან ვასაძე იზიარებს. ასე რომ, ნებისმიერ დროს შეიძლება მის გარშემო ჩამოყალიბდეს პოლიტიკური გაერთიანება. მნიშვნელობა არა აქვს, ეს რომელი ძალა იქნება - 1-ლი თუ 22-ე, მაგრამ იქნება ქართული საზოგადოების მიერ არჩეული.
- ბატონო ვაჟა, როგორ ფიქრობთ, რამ  შეიძლება  მისცეს  ლევან ვასაძეს ხალხის მხარდაჭერის იმედი?
- ყველას გვახსოვს საქართველოს განვლილი გზა - ედუარდ შევარდნაძის პერიოდი -  რადიკალიზმი - გაყალბებული არჩევნები; მხედრიონის პარპაში; კორუფციის აყვავება; სააკაშვილისდროინდელი ავტორიტარული რეჟიმი...  ასეთი მოქმედებები სახიფათოა სახელმწიფოსთვის. თუ გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება გვინდა, ხალხის ნების უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, რომელსაც დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება ახლავს თან. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მივიღებთ ავტორიტარიზმს, ან ნაციონალურ ექსტრემიზმს.  საქართველოს საზოგადოებას გამოცდა ელის როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისე საპარლამენტო არჩევნების მზადებისას, სადაც გამოიკვეთება - რამდენად რეალურია ჩვენი პროდასავლური არჩევანი. ერთი რამ არის ძალიან საყურადღებო, დღეს ჩვენ ხომ არ შემოვბრუნდით რუსეთისკენ და ხომ არ ვუახლოვდებით მის ორბიტას  ჩვენი პოზიციით?!  ლევან ვასაძის სამომავლო გეგმებს  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)   და მომავალ არჩევნებს  შეუძლია იმის გადაწყვეტა, რომელი პოლიტიკური სპექტრი ,,დაალაგებს“  ვითარებას საქართველოში.
- ლევან ვასაძე მიმართავს რა ხელისუფლებას, ესაუბრება რა ანტიდისკრიმინაციული კანონის ერივნულ-დამანგრეველ ხასიათზე, მოუწოდებს მას, რომ საჩქაროდ გააუქმოს ის, ან ,,მოარგოს“ ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებს. შეისმენს თუ არა ხელისუფლება მის მოწოდებას და, საერთოდ, რატომ უნდა გაუწიონ მას ანგარიში?
- ამის განცხადების უფლებას ლევან ვასაძეს აძლევს საზოგდოების მკვეთრად ნეგატიური განწყობა ანტიდოსკრიმინაციული კანონის მიმართ. საზოგადოებას ლევან ვასაძე წარმოუდგენია აქტიური ჯგუფის ლიდერად, რადგან  სასულიერო პირები ლიდერებად ვერ გამოდგებიან. ამას გრძნობს ვასაძე და ,ასე ვთქვათ,  ერთი ნაბიჯით უსწრებს მოვლენებს და მოითხოვს ამ კანონის გაუქმებას.  თუ ეს მისი პრინციპული მოთხოვნაა, მაშინ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შედეგებისთვისაც, რაც დასავლეთიდან მის გაუქმებას მოჰყვება და ქვეყანას თანდათან გადაიყვანს რუსულ ორბიტაზე!
ვასაძეს შეიძლება აზრადაც არ მოსდიოდეს, რომ ჩვენს რუსეთთან დაახლოებას უწყობს ხელს, მაგრამ, ფაქტობრივად, ასე გამოდის და ჩვენ ამას უნდა გავუსწოროთ თვალი.
თუ დასავლურ ღირებულებებს უარვყოფთ და გავემიჯნებით, არავინ დაგვიწყებს კალთის ჩამოხევას, თუ  პოლიტიკურად გადავდივართ რუსულ ორბიტაზე, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ!
შეიძლება ამას საქართველოს  მსხვილი გეოპოლიტიკური დაყოფა მოჰყვეს მესხეთ-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოშიც კი ამის დიდი საშიშროებაა.
- ბატონო ვაჟა,  ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან და როგორ აღიქვამს მას მოსახლეობა?
მინისტრს, რადგან მას სხვა შემოსავალი არა აქვს, მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოში  ევროპული დონის ბანკირი რომ ჩამოგყავს, 3000 ლარად არ იმუშავებს.  თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ბაჩიაშვილი რუსეთში უმსხვილეს ფირმას ხელმძღვანელობდა, ევროპული განათლების მისაღებად წელიწადში 80 ათას ევროს ხარჯავდა და, თქვენი აზრით, სწორი იქნება, რომ უთხრათ, იცით, საქართველოში ხალხი შიმშილობს და მათსავით იცხოვრეთო?!  ასე არ გამოვა! 
ახალ ხელისუფლებას ვერც ხალხზე ზრუნვას  დავუკარგავთ იმ მხრივ, რომ  შექმნა ,,ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა“, გაზარდა პენსიები... დუხჭირი ცხოვრება მაშინაც იყო, წინა მთავრობა შენობებს რომ  ,,აფერადებდა“.  მე ღარიბაშვილის  პოლიტიკის მიმართ დადებითად ვარ განწობილი და ,ვფიქრობ, ბევრი ნაკლის მიუხედავად, სოციალური პრობლემები გაუმჯობესდება.
ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: