Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
18-06-2014, 17:42
ნანახია: 1434

ზაურ ნაჭყებია: „ნაციონალური“ რეჟიმი რეანიმაციის ფაზაში გადავიდა და თუ რამე არ ვიღონეთ, ცოცხები მოსანატრი გაგვიხდება!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების ნდობის მანდატი კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

 

ეს თანაბრად ეხება მმართველ კოალიციასაც, რომლის მიმართ უნდობლობა და პროტესტი ამომრჩეველმა არჩევნებზე არმისვლით გამოხატა.

 

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში, როგორი სტარტი აქვს აღებული „ნაციონალურ“ მოძრაობას და მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ ნდობის მანდატის დაბრუნებას, გვესაუბრება საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ოვერიონის“ მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია.

 

_ ბატონო ზაურ, არჩევნების მეორე დღეს თქვენ „ივერიონში“ გამოაქვეყნეთ საკმაოდ გაბედული სტატია -„დროა პოლიტიკური პარტიები მოვხვეტოთ და ნაგავში მოვისროლოთ!“ თუ მკითხველთა კომენტარებით ვიმსჯელებთ, ამ სიტყვებს მძაფრი რეაქცია მოჰყვა - იგულისხმება, როგორც უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება, ასევე უკიდურესად პოზიტიურიც.

 მაინც რატომ გაწირეთ ასე უმოწყალოდ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები - ვინ უნდა მართოს სახელმწიფო, თუ  არა და გამარჯვებულმა პარტიებმა?

 

_ თქვენს მიერ მოყვანილი სიტყვები, რომელიც სტატიის სათაურში გამოვიყენე, შემთხვევით არ წამომისვრია - უკვე ყელში ამოვიდა საქართველოში სოკოებივით მომრავლებული ე.წ. პოლიტიკური პარტიების ტრიუკები, რომელსაც ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია და არც მომავალში მოიტანს.

 

საქართველოს ახსოვს ერთპარტიული საბჭოური სისტემა, რომელიც მკაცრ იდეოლოგიაზე - მარქსიზმ-ლენინიზმზე იყო დაფუძნებული. ქვეყანა პარტიული დოქტრინებით იმართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ძალადობაზე იყო დამყნობილი, 70 წელიწადს ძლივს გაუძლო - ძალით და ხელოვნურად შეკოწიწებული იმპერია დაიშალა (თუ დაინგრა), იმპერიის შემადგენელი ნაწილები კი მათთვის უჩვეულო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში აღმოჩნდნენ. ზოგმა აუღო ალღო და ქვეყანა სრულ ფიასკოს გადაარჩინა, ზოგი დღესაც ბუქსაობს.

 

მართალია, სახელმწიფოს მართვის იდეალური მოდელი არ არსებობს, მაგრამ ჩვენში დამკვიდრებულმა, მრავალპარტიულმა მოდელმა (დემოკრატიამ) არ გაამართლა - ქვეყანა ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფების ასპარეზად იქცა, რომელთა მიზანი ხელისუფლებაში მოსვლა და ხალხის ხარჯზე ხელისუფლებით ტკბობა უფროა, ვიდრე სახელმწიფოს მშენებლობა და ხალხის სამსახურში ჩადგომა - ეს ბოლო  ოცწლიანმა პერიოდმა სავსებით დაადასტურა...

 

_ თქვენ ერთპარტიული საბჭოთა სისტემა ახსენეთ, რომელიც საქართველოში ეროვნულმა ძალებმა ჩაანაცვლა, სამწუხაროდ, გამსახურდიას ხელისუფლება საკმაოდ უდღეური აღმოჩნდა... არადა, ისინი სწორედ მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში...

 

_ მართალია, ერთპარტიული სისტემიდან მრავალპარტიულ სისტემაზე გადავედით, მაგრამ პირველი ნაღმები სწორედ მაშინ ჩაიდო. აბა გაიხსენეთ, ეროვნული ძალები როგორ გაიხლიჩნენ - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საპირწონედ შეიქმნა ეროვნული კონგრესი გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსთვლისთანავე, მისი და მისი ხელისუფლების დაუძინებელი მტერი გახდა. დიახ, სწორედ მაშინ დაიწყო საზოგადოების გახლეჩის პროცესი, რომელიც დემოკრატიის ნიღბის ქვეშ სულ უფრო და უფრო კრიტიკულ ზღვარს აღწევს.

 

კიდევ ვიმეორებ: საზოგადოების პარტიულ ჯგუფებად დაყოფა უდიდესი ბოროტებაა, ეს მითუმეტეს საშიშია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენთან პოლიტიკა ბიზნესად იქცა - მიდის და მიდის ვაჭრობა!

ნიშანდობლივია ისიც, რომ არსებობს „კვალიფიციური პარტიის“ ცნება, რომელიც იმ პარტიას ენიჭება, ვინც საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასეთ პარტიებს, თუ არ ვცდები, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი ერიცხებათ. რატომ? რა დამსახურებისთვის? მთელი უბედურება იმაშია, რომ ე.წ. „ჭ“ კლასის პარტიების უკანაც დგას რაღაც ინტერესები და ეს „რაღაცა“ „ქართული ნამდვილად არ არის!..

 

_ საზოგადოდ გავრცელებულია აზრი, რომ მრავალპარტიულობა პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის მთავარი ატრიბუტია... თქვენ კი საპირისპიროს ამტკიცებთ!

 

_ ამ გაგებით ენჯეოებზეც ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ანარეკლიაო, მაგრამ მე მათი „გაზრდილი“ და დაცული საზოგადოება ჯერჯერობით საქართველოში ვერ ვნახე. პირიქით, მათი უმრავლესობა მათივე დამფინანსებლების ინტერესების გამტარებლები არიან და როგორც პოლიტიკური პარტიები, ისინიც საზოგადოების ზომბირებას უწყობენ ხელს. დაინტერესდით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, თან რა სახელწოდებებისა და შინაარსის მატარებლები. რას აკეთებენ ისინი ქვეყნის საკეთილდღეოდ? არც არაფერს. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში გააკეთებენ. ვიმეორებ: თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ფულით არ იქნება დაფინანსებული, ზიანს უფრო მოუტანს ქვეყანას, ვიდრე სიკეთეს!..

 

_ ბატონო ზაურ, თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობდით. ისიც აღნიშნეთ, რომ თუ ქართული ფულით არ დაფინანსდება, ქართულ საქმეს არ გააკეთებსო.

ამის პრეცედენტი უკვე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების (გაძლიერების) ვალდებულება აიღო და არასამთავრობოც ჩამოაყალიბა, თუმცა, „მოქალაქე“ მოქალაქეებს არ წყალობს...

 

_ ივანიშვილი რთული მოვლენაა. მან პოლიტიკაში შემოსვლისთანავე გააკეთა განცხადება, რომ 2-3 წელიწადში, როცა ქვეყანას დაალაგებდა, პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ისე წავიდა, ქვეყანა დაულაგებელი, შეიძლება ითქვას, აბურდულ-დაბურდული დატოვა.

 მრავალგზის ნათქვამს არ გავიმეორებ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ხალხმა მისი დაიჯერა, მაგრამ მოტყუებული და იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა, არიან ისეთებიც (სხვათაშორის, არც თუ ისე ცოტა), ვინც დღემდე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა გმირობა ჩაიდინა და მიშა მოგვაშორა. მიშა კი მოგვაშორა, მაგრამ რეჟიმი ისევ რეანიმაციის ფაზაში გადავიდა და თუ რამე არ ვიღონეთ, ცოცხები მოსანატრი გახდება!

 

ამის უტყუარი დასტური 15 ივნისის არჩევნების შედეგებია - რაც არ უნდა იძახოს „ქართულმა ოცნებამ“ -არჩევნები თითქმის ყველგან მოვიგეთო, ჩვენ ხომ ვიცით სინამდვილეში რა იყო და როგორ!..

 

ახლა ისევ ივანიშვილის „მოქალაქეს“ დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ, მისი მხრიდან სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე ზრუნვა იგივე ცრუ დაპირება გამოდგა, როგორიც მისი წინასაარჩევნო დაპირებები იყო. ეტყობა, ამ კაცს არა აქვს პოლიტიკური ნება, უფრო წინ წასწიოს ქვეყანა. რაც გააკეთა ამაზე დიდი მადლობა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვისგან ვიხსნათ.

სამწუხაროდ, მე არ მჯერა მისი სიტყვების: თუ საჭირო გახდება ოპოზიციაში ჩავუდგები ჩემს მიერ მოყვანილ მთავრობას და სიტუაციის გაფუჭების საშუალებას არ მივცემო!

ასე პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები იქცევიან, უახლოეს ისტორიას კი არ ახსოვს ვინმეს რამეზე აეღოს პასუხისმგებლობა...

 

_ როცა თქვენს სტატიაში პარტიების ნაგავში მოსროლაზე აკეთებდით აქცენტს, წერდით, რომ „სხვა რაღაცაა საჭირო“, რა არის ეს „სხვა რაღაცა“, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს და კატასტროფისგან იხსნის?

 

_ ამერიკის ხელახლა აღმოჩენის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რომ იმ გზით სიარული, რა გზითაც ბოლო 25 წელია მივდივართ, დამღუპველია საქართველოს მომავლისთვის.

 

ქვეყნის დაპირისპირებულ პარტიულ ჯგიფებად დაყოფის ნეგატივზე უკვე მოგახსენეთ, თუმცა, ამ თემაზე საუბრისას მთავარი გამომრჩა - ვინ მართავს ქვეყანას? ბუნებრივია, გამარჯვებული პარტიული კლანი (თუ კლანები), რომელიც სახელმწიფოს მართვის ფუნქციას სხვადასხვა დონეზე ანდობს არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინდივიდებს, არამედ, პარტიული და ნეპოტიზმის ნიშნით შერჩეულ არაპროფესიონალებს, რომელთათვისაც სკამი მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კარგი ცხოვრების მოწყობის გარანტიაა. კომუნისტური ეპოქის შემდეგ არც ერთი ხელისუფლება კადრებს პროფესიონალიზმის ნიშნით არ არჩევდა - მათთვის მთავარი იყო და არის ბრმა მორჩილება და ერთგულება.

 

რაც შეეხება „სხვა გზას“, რომელიც სწორი გზით წაიყვანს ქვეყანას, ჩემი აზრით, ამას ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებაში ვხედავ, სადაც პროფესიონალი და ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანები გაერთიანდებიან. ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც არცერთი ხელისუფლების დროს თავიანთი ნიჭის რეალიზების საშუალება არ მიეცათ და რომელნიც საკუთარ თავს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ.

 

ჩემი დაკვირვებით, ასეთ ადამიანები არც თუ ისე ცოტაა - უბრალოდ, ლიდერი სჭირდებათ, რომელსაც დრო გამოაჩენს! დანარჩენზე მომდევნო ინტერვიუში ვისაუბროთ!

 

ესაუბრა ია ჯღარკავა