დავით ნარმანია:-"დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" კანდიდატები მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ!"

დავით ნარმანია:-"დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" კანდიდატები მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ!"

   "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატიმა დავით ნარმანიამ ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მეორე ტურისთვის მზადყოფნა გამოაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურისთვის განსაკუთრებით გააქტიურდება ამომრჩეველი და ყველას დაანახებს, რომ არ აპირებს პასიურობის გამო თბილისი ადამიანების მცირე ჯგუფის პარტიულ ინტერესებს მორგებულ პირადი გამდიდრების წყაროდ დატოვოს. ნარმანიამ ოპონენტთან დაანონსებულ დებატებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია დებატებში კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი უპირატესობა. 

   -"ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში პირველად დააწესა უპრეცედენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი,  რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა არჩეული პირების ლეგიტიმაცია და რეალური თვითმმართველობა დაამყარა. ჩატარებული არჩევნები ჯეროვნად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ - უცხოურმა სადამკვირვებლო მისიებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა 15 ივნისის არჩევნებს დიპლომატიისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ საბოლოოდ ვთქვით უარი სიცრუესა და ძალადობაზე, რაც საარჩევნო პროცესშიც გამოჩნდა. არჩევნების დემოკრატიულ, მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კანდიდატებს სულ რაღაც 2-3% დაგვაკლდა, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა. ეს ერთ მხრივ კარგიცაა, რადგან მეტი საშუალება გვეძლევა ჩვენი სათქმელი საზოგადოების ყურამდე უკეთესად მივიტანოთ.  

   ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ და თქვენთან ერთად დავუბრუნებთ თბილისს მის მოქალაქეებს!  მე დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" კანდიდატები ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია დანიშნული, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, ვინაიდან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არის ქართული საზოგადოება"-განაცხადა დავით ნარმანიამ.

   გავრცელებული ინფორმაციით  დებატების გამართვის ტერიტორია და ცალკეული დეტალები ზუსტდება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: